გაგრძელება. დასაწყისი იხ. #4,5
2. იერუსალიმის მცირე ეკლესიური საზოგადოება
სიტყვები - ერთობა და სიყვარული ყველაზე ზუსტად ასახავენ ადამიანების ამ ახალი ერთსულოვნების მაცოცხლებელ შინაარსს. თანამედროვისათვის ძნელია ასეთი თანაცხოვრების ჭეშმარიტი ბუნების ბოლომდე შეცნობა. ერთობა და თანადგომა დღეს რაღაც "იდეოლოგიური" ან ყოფითი ამოცანების ერთობლივად გადაწყვეტის საშუალებად, ან ვიღაცის საწინააღმდეგო ქმედებად განიხილება. ადრეული ეკლესიისათვის კი ერთობა არის იესო ქრისტეს მიერ შემოთავაზებული ცხოვრების საბოლოო, უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა. ეკლესია ცოდვით, ანუ ამპარტავნებით ღვთისაგან განთვისებული ადამიანის კვლავდაბადების საშუალებაა. ნათლობით მოქცევით, პურის განტეხვითა და ზიარებით უფალთან მოსაგრეობის საშუალებაა.
ეკლესიური ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება, უწინარესად, მოყვასის არაფორმალურ, ქმედით სიყვარულში ვლინდება, ამ დროს ეკლესიის ყოველი წევრი საკუთარ თავს თანამოძმის შინაკაცად აღიქვამს. სიტყვები: "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მოსცა" (იოან. 3:16), ეკლესიაში მუდმივად შეიგრძნობა და ეკლესიურ ცხოვრებაში უშუალოდ მაცხოვრის ყოფნის შეგრძნებას აღძრავს. სიტყვები, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველმა ცხოვრების ბოლო წლებში წარმოთქვა: "საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს" (1 იოან. 4:11-12), მორწმუნე არა მხოლოდ რწმენასა და სწავლებაში ერთიანობას, არამედ ერთად მყოფობის შინაარსსაც ატარებს. ადრეულ ეკლესიაში მორწმუნეთა ყოველდღიურ თანასწრებასა და ჭეშმარიტ თანადგომას კი ლიტურგია აგვირგვინებს. ადრეულ საეკლესიო ცხოვრებაში ისე ხშირად, როგორც "ძმები", არც ერთი სიტყვა არ მეორდება, ამ სიტყვაში ყოველი ქრისტიანი ცხოვრების სრულ ქმედით შინაარსს გულისხმობს. ამ სიტყვაში მორწმუნეთა თანამოაზრეობა და თანამზრახველობაა გამოხატული: "ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან ვინ თქვას მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად" (საქმ. 4:32). ზოგადისაებრ სარწმუნეობის შვილებს (ტიტ. 1:4), სიხარულისა და თანამოაზრეობის მოფრთხილების შესახებ მუდმივად მიანიშნებს მოციქული პავლე, და ასე მიმართავს: "თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თვისთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთვისმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაი, და მშვიდობაი იგი ღმრთისაი განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ხორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით" (კოლ. 3:13-15). სხვაგან წმინდა მოციქული მორწმუნეებს მოუწოდებს არა მხოლოდ მატერიალური ურთიერთმხარდაჭერის, არამედ სულიერი მზრუნველობისა და თანადგომისაკენ. "ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. და დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის რაი უხმდა... ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან ვინ თქვას მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად. და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა, და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაი მათ და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაიცა ვის უხმდა" (საქმ. 2:44-45; 4:32-35). ამრიგად, პირველ ხანებში, რაოდენობრივი სიმცირის გამო, იერუსალიმში შესაძლებელი აღმოჩნდა სრულად განხორციელებულიყო ქრისტიანთა ქონებრივი ერთიანობისა და მორწმუნეთა ძმური თანაცხოვრების რადიკალური ფორმები. ამავე დროს, მოციქულ პავლეს ეპისტოლარულ წერილებში ვკითხულობთ: "კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა" (2 კორ. 9:7), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სხვა ქალაქებში ქრისტიანებს კერძო საკუთრება შენარჩუნებული ჰქონდათ. მაგრამ იერუსალიმის მცირე რელიგიური საზოგადოება, მოციქული პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, "ღატაკთა" ეს საძმო, როგორც ცხოვრების სრული გარდაქმნის და განახლების; ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობის, ჭეშმარიტი სიყვარულისა და მაქსიმალიზმის მაგალითი, სამუდამოდ დარჩება თვითშეგნებაში, როგორც დაუვიწყარი ანდერძი ქრისტიანული თანაცხოვრებისა. და ყველა მომდევნო ეპოქაში, საზოგადოებრივი ყოფიერების სხვადასხვა პირობებში, ცალკეულ ქრისტიანთა გულებში კვლავ გაიღვიძებს საოცარი სურვილი პირველ ქრისტიანთა მსგავსად, ეკლესიური "ახალი ცხოვრების", ცხოვრების იდეალად განხორციელებისა.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: ხომ არ დაიწყებს ყველა თაობა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ცხოვრების განახლებული საწყისი ნორმების მუდმივ ძიებას? რადგან სწორედ მას აქვს დაწვრილებით სახელმწიფოსადმი, ოჯახისადმი, შრომისა თუ ადამიანური ცხოვრების სხვა მხარეებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულების საკითხები განხილული. არ შეიძლება პირველი ქრისტიანული საზოგადოების ცხოვრება იმ უმთავრესი თავისებურების გარეშე განვიხილოთ, რასაც დადებითი იდეალი ჰქვია. მომავალი სასუფეველი, რომელზეც ქრისტიანები ლოცულობენ, განკითხვისაგან განუყოფელია, განკითხვა კი იმის მიხედვით მოხდება, თუ რწმენა და ცხოვრება ადამიანში რამდენად დაუკავშირდება ერთმანეთს, ამდენად, ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ნორმები თავიდანვე დადგენილია. მაცხოვარი ბრძანებს: "ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 22:40). მაცხოვრის მოსვლით ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანის განახლებისათვის ცათა სასუფეველი განხორციელდა. და თუ ამ ახალი სუფევის დამკვიდრებით "წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაი" (1 კორ. 7:31), ჟამთა აღსრულებით ქრისტიანთა ღვაწლს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, და ყველაფერი ამ მყოფობაში ასეთი ღვაწლის განხორციელებას ემსახურება. "სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა" (მარკ. 16:15) უნდა ექადაგოს.