- მსხვერპლის შეწირვით აბრამმა გამოხატა მადლიერება ღვთისადმი. რა დანიშნულება ჰქონდა ძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვას? ვიცით, რომ მსხვერპლს წარმართებიც სწირავდნენ...
- ღმერთს მსხვერპლს, ჩვეულებისამებრ, ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლები სწირავდნენ. წარმართთა მსხვერპლშეწირვა გარეგნულადაც განსხვავდებოდა მათგან - წარმართნი ამას აკეთებდნენ როკვით და სხვა მსგავსი ქმედებებით, რაც ადამიანური თვალითაც არ იყო სათნო. ეს კერპთაყვანისმცემლები მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკს და არა ღმერთს.
ნოემ და აბრაამმა მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. ეს მსხვერპლი თავად ღმერთს არ სჭირდებოდა: ჩემი არს ქვეყანა და სავსება მისი, - გვაუწყებს უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით. ისედაც ყველაფერი უფლისაა, ამ საქციელით მისგან მოცემულს ვიღებთ და მასვე ვწირავთ, მაგრამ ამით გამოვხატავთ მადლიერებას და მორჩილებას უფლის მიმართ. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა რომ საჭირო და ადამიანის სულისთვის სასარგებლო ყოფილიყო, ქრისტეს მოსვლის შემდგომაც გაგრძელდებოდა, მაგრამ მაცხოვარმა უსისხლო მსხვერპლი დააწესა, რომელიც საჭირო და აუცილებელია. ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა ემსახურებოდა არა ადამიანის სულის ცხონებას, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნებას კაცობრიობაში. ძველ აღთქმაში რომ ღმერთს მსხვერპლშეწირვა აეკრძალა, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები და რჩეული ერი უფრო ადვილად მოექცეოდნენ წარმართების ზეგავლენის ქვეშ, რადგან ადამიანებს ძალიან მოსწონთ რიტუალების შესრულება. ღვთისადმი მსხვერპლის შეწირვით მადლიერების გამოხატვა თავად ადამისგან მომდინარეობს. ეს საჭირო იყო, რომ განმტკიცებულიყო ადამიანის კავშირი უფალთან და ადამიანის უფლისადმი მორჩილება ამგვარად გამოხატულიყო.
- რატომ ეწოდებოდა ქვეყანას, სადაც უფალმა აბრამი მიიყვანა, ქანაანის ქვეყანა?
- იმ მიწაზე, სადაც უფალმა აბრამი მიიყვანა, ნოეს ვაჟის - ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ, მათ ქანანელები ეწოდებოდათ, ქვეყანას კი, სადაც მკვიდრობდნენ - ქანაანის ქვეყანა. ქანაანის ქვეყანა გამორჩეული იყო სილამაზითა და ნაყოფიერებით. ქანანელები განათლებულნი და მდიდარნი იყვნენ, ამ ტერიტორიებზე განვითარებული იყო ვაჭრობა. ფაქტობრივად, ტვიროსი და სიდონი იმდროინდელი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრები იყო. შემდგომში მათ თავიანთი კოლონიები დააარსეს აფრიკის ჩრდილოეთით, დღევანდელი ალჟირის ტერიტორიაზე, თუმცა ყველაზე მეტი უკეთურებანიც ქანანელთა შორის იყო გავრცელებული - ერთადერთი ხალხი, რომლებიც საკუთარ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად, ქანანელები იყვნენ. ამიტომაც, როდესაც ისრაელიანთა ერი შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, უფალმა ინება ქანანელთა მთლიანად განადგურება.
- აბრამის ქებრონში დასახლება ღვთის განგებულებითაც ხომ არ მომხდარა?
- ეს ტერიტორიები მთლიანად აღთქმული ჰქონდა აბრამს, მისი სახით კი მისგან წარმომდგარ რჩეულ ერს. სადაც აბრამი დასახლდა, შემდგომში სწორედ ეს ადგილები - ბეთლემი, ქებრონი იყო იუდას ტომის წილხვედრი, დავითის სამეფოს შტოს სახლი. შემდგომში აქ ცხოვრობდა დავით მეფე - მაცხოვრის მიწიერი წინაპრები სწორედ ამ ადგილიდან გამოვიდნენ. აქედან ჩაეყარა საფუძველი კაცობრიობის ხსნას.
აქიდან ისიც ჩანს, რომ ყველა ღვთის ჭეშმარიტი მადიდებელი ვალდებულია, შესაწირი გაიღოს თავისი შემოსავლიდან.
ამის შემდეგ ყოვლადწმინდა სამება სამი მგზავრის სახით ეცხადება აბრაამს მამრეს მუხასთან, სადაც მისი კარავი იდგა. აბრაამმა ისინი თავიდან ჩვეულებრივ სტუმრებად მიიღო. ჩვეულებისამებრ სტუმართმოყვრულად გაუმასპინძლდა. სტუმრებს პატივისცემის ნიშნად ფეხზე მდგომი ემსახურებოდა. ერთ-ერთმა სტუმარმა სარრა (უფალმა სარასაც, რაც ნიშნავს "უფალი ჩემი", უწოდა სარრა - "უფალი მრავალთა") მოიკითხა. "კარავშია", - მიუგო აბრაამმა. სტუმარმა აუწყა, სარას ძე ეყოლებაო. სარას ჩაეცინა, რადგან იმ დროს აბრაამი 99 წლის იყო და თვითონაც მოხუცი გახლდათ. სტუმარი კვლავ მიუგებს აბრაამს - განა შეუძლებელია უფლისთვის, რასაც ჩვენ ვამბობთ? აბრაამი მიხვდა, რომ მისი სტუმრები უბრალო მგზავრები არ იყვნენ... წლისთავზე მართლაც დაიბადა აღთქმული ძე, ისაკი, რაც ნიშნავს სიცილს. ასე იმის გამოც დაარქვეს, რომ მისი დაბადებით მშობლებმა მოხუცებულობის ჟამს გაიხარეს. შემდგომში სწორედ ისაკისგან გამრავლდა შთამომავლობა. აღთქმული შვილი იყო ისაკი, თორემ აბრაამს ისმაილის გარდაც ჰყავდა შვილები. მას სარას გარდაცვალების შემდეგაც ჰყავდა ცოლი, რომელმაც ექვსი შვილი უშვა.
- საინტერესოა, რატომ არ იყო განცხადებული ძველი აღთქმის პერიოდში კაცობრიობის წინაშე ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო.
- ძველ აღთქმაში არის მინიშნებები ყოვლადწმინდა სამების არსებობის შესახებ, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამგვამოვანი, სამპიროვანი. მაგალითად, "და ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა". "ჩვენდა" - აქ სწორედ ყოვლადწმინდა სამება იგულისხმება. თუმცა ზოგიერთი მწვალებელი ამტიცებს, ღმერთი ასე ანგელოზებს მიმართავსო. ანგელოზებს სამყაროს შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, ვიცით, რომ ანგელოზი ხატია ღვთისა, ანუ მას თავისუფალი ნება აქვს, მაგრამ არ არის მსგავსი მისი. მსგავსებაში უპირველესად შემოქმედების უნარი იგულისხმება. უფლის დარად, შემოქმედების უნარი ადამიანსაც აქვს. ამდენად, როდესაც უფალი ბრძანებს: "ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო", ანგელოზები კი არა, ყოვლადწმინდა სამება იგულისხმება. ბჭობა ყოვლადწმინდა სამების პირებს შორისაა. მინიშნებაა თუნდაც ის ადგილიც, როდესაც სამი მგზავრის სახით გამოეცხადა აბრაამს უფალი. ამით ღმერთმა განამზადა კაცობრიობა, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ადამიანებისთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო სამპიროვანი ღმერთის შესახებ სწავლება, ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო.
რატომ არ განეცხადა ძველი აღთქმის პერიოდში უფალი ადამიანებს სამპიროვანი სახით, რატომ იყო დაფარული სამების საიდუმლო? - ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანები იყვნენ მრავალღმერთიანობაში - ისრაელი იყო ერთადერთი ერი, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებდა, სხვანი კი მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ადამიანებს ყოვლადწმინდა სამება, წმინდა სამების ჰიპოსტასები, პირები მრავალ ღმერთში რომ არ არეოდათ და თვით ებრაელებიც ცდომილებაში არ ჩავარდნილიყვნენ, უფალმა გარკვეულ დრომდე დაფარა, ადამიანებს სრულყოფილად არ განუცხადა სამების საიდუმლო. ძველი აღთქმის დროს ადამიანები მზად არ იყვნენ ამ საიდუმლოს მისაღებად. ამიტომ განეცხადათ იმ დოზით, რა დოზითაც შეეძლოთ მისი მიღება და დატევნა.
- მამრეს მუხა დღესაც არსებობს...
- მამრეს მუხა პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე, ბეთლემის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰებრონის გარეუბანში დგას. აბრაამის დროიდან თუ ავითვლით, მამრეს მუხა 27-28 საუკუნეს ითვლის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მუხნარი უფრო ადრეც არსებობდა, წარღვნის შემდგომ უნდა იყოს აღმოცენებული. ეს ტერიტორია ამჟამად რუსეთის საპატრიარქოს ეკუთვნის (XIX საუკუნეში შეიძინეს).
მამრეს მუხა გამხმარი და გამოფიტულია, რომ არ დაიფშვნას, ღვედებითაა შეკრული, მაგრამ მის მახლობლად სამი ახალი ნერგია ამოსული...