გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
- რა გახდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მიზეზი? რატომ განიზრახეს ადამიანებმა კოშკის აშენება, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა?
- ვიცით, რომ წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს სამი შვილი ჰყავდა. წარღვნის შემდეგ მან კიდევ 350 წელიწადი იცოცხლა. როგორც ბიბლიაში წერია, კიდევ შვა ძენი და ასულნი მრავალნი. რა თქმა უნდა, ნოეს შვილებსაც შეეძინათ შვილები. როდესაც ბიბლიაში საუბარია სემის, იაფეტის, ან ქამის შთამომავლობის შესახებ, იქ მოხსენიებულია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ისევ ბიბლია მოგვითხრობს, რომ მათ ძალიან ბევრი შვილი ჰყავდათ.
როგორც ვთქვით, წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, სემმა წარღვნამდე 100, წარღვნის შემდეგ კი 500 წელი. სემის თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 600 წელი იყო. შემდეგ თაობებში მოიკლო და 400 წლამდე მივიდა. შემდგომ ხანებში კიდევ უფრო შემცირდა - ჯერ 300 წლამდე და ა.შ. როდესაც სემს შვილი შეეძინა, ის დაახლოებით 100 წლის იყო. ამის შემდეგ მას კიდევ მრავალი შვილი გაუჩნდა. ასევე მოხდა სემის თაობის სხვა ადამიანებშიც.
ბაბილონის კოშკის მშენებლობა დაიწყო წარღვნიდან 500 წლის შემდეგ. ანუ ხუთი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა 4-5 თაობა. თუკი ვიანგარიშებთ, რომ ერთ თაობაში თითო ოჯახს დაახლოებით 35 შვილი ჰყავდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან იმ პერიოდში შობადობა-შვილიერების ასაკი 200 წლამდე გრძელდებოდა, გამოდის, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დაწყებისას დედამიწაზე მილიონი კაცი მაინც უნდა ყოფილიყო.
კიდობანი არარატის მთასთან გაჩერდა. წარღვნის შემდგომდროინდელი ადამიანები ჯერ იქვე ცხოვრობდნენ, შემდეგ, როდესაც გამრავლება დაიწყეს, მოსახლეობამ მესოპოტამიაში - შუამდინარეთის ნაყოფიერ მიწაზე დაიწყო გადასვლა. მილიონი ადამიანისთვის ეს ტერიტორია საკმარისი იყო. ამ დროს უკვე ქალაქებიც არსებობდა. ზოგი მომთაბარე ცხოვრებასაც ეწეოდა. შემდგომში, როდესაც ხალხი თანდათან გამრავლდა, ადამიანებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთს დაშორებოდნენ და სხვადასხვა მხარეს წასულიყვნენ - ოჯახების, ტომების მიხედვით. ერთმანეთთან რომ კავშირი არ დაეკარგათ, გადაწყვიტეს, აღემართათ ისეთი გოდოლი-კოშკი, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა. თუკი ბაბილონის გოდოლში ღვთის სადიდებლად და ერთმანეთის სანახავად შეიკრიბებოდნენ, ეს ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ კოშკის მშენებლობის წამოწყებით ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი. ამით კაცობრიობა აუჯანყდა უფალს. ადამიანები, როგორც წარღვნამდე, ამ პერიოდშიც დაცილდნენ ღმერთს და თავად გოდოლი გახდებოდა თაყვანისცემის საგანი. ადამიანებს სურდათ ისეთი კოშკი აეგოთ, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა. იმ პერიოდში ადამიანები მეცნიერებაში არ იყვნენ გაცნობიერებულნი და ეგონათ, ხილულ ცას სასრული ჰქონდა და იმის იქეთ ღმერთს იხილავდნენ - ბაბილონის გოდოლის აგებით ადამიანებს მიწიერად სურდათ ღმერთთან მისვლა. თანაც, რადგან ძალიან გამრავლდნენ, ამიტომაც უფალმა ინება, რომ გამრავლებულ კაცობრიობას პირი არ შეეკრა ღვთის წინააღმდეგ. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კოშკის მშენებლებს უფალმა ენები აურია. მათ ერთმანეთის აღარ ესმოდათ და იძულებულნი გახდნენ, მშენებლობა შეეწყვიტათ. ამის შემდეგ დედამიწის სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ამ დრომდეც ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ რადგან უკვე ერთმანეთს ვეღარაფერს აგებინებდნენ, აუგებელ კოშკს ეწოდა "ბაბილონი", რაც ენათა აღრევას ნიშნავს.
ადამიანთა დაშორება და სხვადასხვა მხარეს გაფანტვა უფალმა ინება იმის გამოც, რომ თუკი კაცობრიობის რამდენიმე ნაწილი განუდგებოდა უფალს და ჩავარდებოდა მწვალებლობაში, ნაწილი მაინც შეინარჩუნებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ეს მართლაც ასე მოხდა. ებერის და შემდეგ აბრაამის შთამომავლობას შემორჩა ჭეშმარიტი სარწმუნოება - ძველი სჯული, რომელიც ებრაელებმა შემოინახეს და რომელშიც მოვიდა შემდეგ მაცხოვარი.
ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ ნებისმიერი სახის მასობრივი წინააღმდეგობა, გამოსვლა ღვთის წინააღმდეგ ბაბილონის ეპითეტით იმკობა. ე.ი. სიტყვა ბაბილონი ღვთის წინააღმდეგობის ეპითეტად იქცა, იმის გამო, რომ მასობრივად სწორედ აქ აუჯანყდა კაცობრიობა ღმერთს. ძველ აღთქმაში ყოველთვის სცოდავდნენ ადამიანები, მაგრამ ერთიანად, გაერთიანებულად ღმერთს სწორედ ბაბილონში აღუდგნენ.
თუ დაუკვირდებით ეგვიპტის პირამიდების ფორმას, ეს არის ცისკენ სწრაფვა. ყველაზე მაღალი, ხეოფსის პირამიდა, 150 მეტრია. ბაბილონის გოდოლის აგება გაცილებით დიდი, გრანდიოზულად იყო წარმოდგენილი. მეგალითური მშენებლობებიც გავიხსენოთ - უზარმაზარი ლოდებით ნაგები შენობები. ამგვარი გრანდიოზული მშენებლობები უძველეს ხანაში მიმდინარეობდა და ეს ყველაფერი თითქმის ერთ პერიოდს ემთხვევა. ადამიანები რაღაც გრანდიოზულს ესწრაფვოდნენ, თითქოს სურდათ ზეცაში ასულიყვნენ.
ზეცისკენ სწრაფვა ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ. უძველეს ხანაში ეს ვლინდებოდა გრანდიოზული ნაგებობების მშენებლობით. შუა საუკუნეების ზღაპრებს თუ დავუკვირდებით - ადამიანები მფრინავი ხალიჩებით ისწრაფვიან ზეცისკენ. შემდგომ საუკუნეებში, როდესაც ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა, თანდათან ღრმად მიდიან კოსმოსში, თუმცა არა იმ რწმენით, რომ ისინი ღმერთს მიადგებიან, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო.
დაახლოებით ამავე პერიოდში, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მამამთავარ ფალეგის დროს, მოხდა დედამიწის კონტინენტებად დაყოფა. ბიბლია გვაუწყებს, რომ ფალეგის დროს გაიყო ქვეყანა. ფალეგი იყო ებერის შვილი; ანუ დედამიწა კონტინენტებად დაიყო ნოედან მეხუთე თაობაში, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ.