მაცხოვარი მოციქულებსაც ეუბნება - იგავებით ვეტყვი მათო. რატომ საუბრობდა უფალი იგავებით? ის, ვინც ღვთის სიტყვის მიმღები იყო, იგავშიც ხედავდა ჭეშმარიტებას, ხვდებოდა, რას გულისხმობდა იგავური თქმა. ვინც ღვთის სიტყვის, ღვთის მცნებების მიმღები არ იყო, მათთან პირდაპირაც რომ ესაუბრა უფალს, კიდევ უფრო დაბრკოლდებოდნენ. ამდენად, მაცხოვარი იგავებით საუბრობდა ერთი მხრივ იმის გამო, რომ იგავურად საუბარი მისაღები ქადაგების სტილი იყო იმ დროში, მეორე მხრივ იმისათვის, რომ მისი სიტყვა ყოფილიყო სასარგებლო - მიმღები იგავითაც ღებულობდა, არმიმღები კიდევ უფრო მეტად არ ბრკოლდებოდა. ამდენად, საუკეთესო სახე სახალხო ქადაგებისა იგავური ქადაგება იყო.
იგავს აქვს კიდევ ერთი კარგი თვისება - მისი მცირე მონაკვეთიც კი უამრავ სათქმელს იტევს. ის რომ პირდაპირი თხრობის სტილით თქვა, რაც იგავურად ითქმება, მოცულობითაც გაცილებით დიდი იქნება და ვერც ვრცლად ჩავტევთ აზრს. იგავური თქმიდან უამრავი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს სწავლება. უფალი ამ მიზნითაც საუბრობდა იგავურად, რათა მისი სწავლება უფრო მეტის დამტევი, მრავლისმომცველი ყოფილიყო და შემდგომში ეკლესიის წევრებს ყველაფერზე ეპოვათ პასუხი საღმრთო სწავლებაში.
- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უფლის იგავების კითხვისას ვიხელმძღვანელოთ მამათა განმარტებებით?
- ეს აუცილებელია. სახარებაში მოთხრობილია, რომ თავად მოციქულებიც ითხოვდნენ უფლისგან იგავების განმარტებას, იგავის წარმოთქმის შემდეგ სთხოვდნენ განემარტა, რას გულისხმობდა. მათაც უჭირდათ მაცხოვრის იგავების გაგება. მცირედს ხვდებოდნენ, მაგრამ სრულად გაგება არ შეეძლოთ. ვინც მცირედს ხვდებოდა, ვისი გულიც ღვთისკენ მიიქცეოდა, მათ უკვე უფალი განუმარტავდა იგავურ სათქმელს, მეტს აძლევდა. ვინც ვერ ხვდებოდა, საერთოდ შორდებოდა უფალს. ანუ, მსმენელი იყოფოდა ორ კატეგორიად: ერთნი, რომლებიც ვერ გებულობდნენ იგავებს და საერთოდ სცილდებოდნენ მაცხოვარს; მეორენი, რომლებიც გაიგებდნენ მცირედს, სურვილი უჩნდებოდათ კიდევ უფრო მეტს ჩასწვდომოდნენ და ამის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად, განუყრელად მყოფობდნენ მაცხოვართან.
ძირითადი, უმთავრესი ახალაღთქმისეული სწავლება არის ის, რომ ადამიანი დაუბრუნდა სასუფეველს, შეურიგდა ღმერთს. ახალი აღთქმის უპირველესი დანიშნულება არის ადამიანის გამოხსნა, ცოდნის მიცემა, ანუ განსწავლა, რომ უფალმა გამომხსნელი მსხვერპლი შესწირა, გამოხსნილია თითოეული ადამიანი და მიმღები ამ გამოხსნისა თითოეული ადამიანი უნდა იყოს ცალ-ცალკე. ყველას აქვს ხსნის შესაძლებლობა. სწორედ ამ ამბის გავრცელებაა ახალი აღთქმა.
- ძველი აღთქმის სჯულის კანონები სიმკაცრითა და აკრძალვებით გამოირჩევა. მოსეს სჯული ადამიანებისგან არ ითხოვს ურთიერთმიტევებასა და შეურაცხყოფის დათმენას...
- ძველი აღთქმის ადამიანები არ იყვნენ სულიერად იმ დონეზე, რომ ჭეშმარიტი სწავლება მიეღოთ. მაგალითად ავიღოთ ძველი აღთქმის სწავლება - კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ. რა ზიანსაც მიაყენებდა ერთი ადამიანი მეორეს, მასაც იმავეთი უნდა გადაეხადა. ეს სწავლება საჭირო იყო იმისათვის, რომ ადამიანები არ მოქცეულიყვნენ თავგასულად და მათ შორის თანასწარობა ყოფილიყო. თუკი უფალი ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანებს მისცემდა სწავლებას - მიუტევეთ, ერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ, მეორეც მიუშვირეთო, ამას გარკვეული კატეგორია სხვათა დასაჩაგრად გამოიყენებდა, რადგან ადამიანები იმ სულიერ სიმაღლეზე არ იყვნენ, რომელსაც მოგვიანებით მიაღწიეს, როდესაც უფალმა თავისი ახალი სწავლება - ახალაღთქმისეული სწავლება მოგვცა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, როდის მისცა უფალმა ძველაღთქმისეული სწავლება, მოსეს სჯული ადამიანებს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელის ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ანუ ეს სწავლება უფალმა მისცა მონებს, რომლებიც ყველაფერს იტანდნენ. მათ არ შეეძლოთ, თავიანთი ბატონებისთვის სიტყვაც კი შეებრუნებინათ. სწორედ იმისათვის, რომ მონური ფსიქოლოგია მოესპო ადამიანებში, მისცა ეს სწავლება. მას შემდეგ, რაც უფალმა თავისი ღვთაებრივი მსხვერპლით გამოიხსნა კაცობრიობა და ყველა ადამიანი გახდა თავისუფალი სულიერად, იმის მიუხედავად, რომ მიწიერად იყვნენ მონები, სულიერად, შინაგანად თითოეული ადამიანი თავისუფალი გახდა. ამ თავისუფალ ადამიანებს მისცა უკვე ახალი სწავლება, ახალაღთქმისეული სწავლება, რომელიც ითხოვს თავმდაბლობას, მიტევებას, შეურაცხყოფის დათმენას... ძველი აღთქმის სჯული, მოსეს სჯული განკუთვნილი იყო ისრაელის ერისთვის. ამით უფალმა ისრაელში აღმოფხვრა მონური აზროვნება და მონური ფსიქოლოგია. ამის შემდეგ უფალი კაცობრიობას აძლევს ახალ, ჭეშმარიტ სწავლებას, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს თავისუფალი ადამიანი.
- რაც არ უნდა ქმნას ადამიანმა, მას არ შეუძლია თვითონ, თავისი საქმეებით ცხონდეს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ადამიანს თავისი საქმეებით დაემკვიდრებინა სასუფეველი, მაშინ უფლის გამომხსნელი მსხვერპლშეწირვა, მაცხოვრის მოსვლა და ჯვარცმა საჭირო აღარ იქნებოდა. ადამიანი ცხონდება არა საკუთარი საქმეებით, არამედ ღვთის გამომხსნელი მსხვერპლის ძალით, ანუ ღვთის წყალობით. წყალობის მომნიჭებელი მხოლოდ უფალია, მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოგვცეს წყალობა, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანებს შორის იყოს მშვიდობა და სიყვარული და ამ სიყვარულით სხვა ადამიანებში იქადაგონ ქრისტიანობა, ის სიყვარული, რომელიც უფალმა გამოაჩინა ადამიანებზე, მოგვცა სწავლებები იმის შესახებ, რომ არ შეიძლება მრისხანება, სიძულვილი... თუ ძველი აღთქმა კრძალავდა კაცისკვლას და კაცისმკვლელი სასტიკად ისჯებოდა, მოვიდა რა უფალი, გვეუბნება, რომ არათუ კაცისმკვლელი, არამედ ძმაზე, მოყვასზე ძვირისმთქმელი, მოყვასის მიმართ მრისხანეც კი იმავე სასჯელის ღირსია, რომელსაც მკვლელი იმსახურებს. შესაძლოა ადამიანმა ფიზიკურად არ აღასრულოს მკვლელობა, მაგრამ თუკი კაცი გულში დაბოღმილია მოყვასზე, ამ სიძულვილის გამო მის გულში არასოდეს დაიმკვიდრებს უფალი, რადგან ღვთისთვის, უზენაესი საღვთო სიყვარულისთვის ასეთ გულში ადაგილი არ არის. ძალით კი უფლის მიერ ადამიანის გულიდან სიძულვილის გამოდევნა არ მოხდება, რადგან ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. ის თავისი თავისუფალი ნებით ღებულობს ან უარყოფს უფალს, პასუხობს იმ სიყვარულზე, რომელიც მან შესთავაზა, ან არ პასუხობს. უფალი მრავალმოწყალეა, მაგრამ ამავდროულად მართლმსაჯულიც არის და არასოდეს არღვევს იმ წესებსა და კანონებს, რომლებიც თვითონ დააწესა და მისცა ადამიანებს. მისი ერთ-ერთი ნიშანი არის ისიც, რომ მან ზედმიწევნით აღასრულა ძველი აღთქმის სჯული, თავად ის სჯულიც აღასრულა უფალმა, რომელიც არ იყო მაცხოვნებელი. მოგვცა რა თავისუფალი ნება, არ ერევა ჩვენს თავისუფალ ნებაში. უფალი დაუცხრომლად, ყოველწამიერად ასწავლის ადამიანებს, ყოველწამიერად აძლევს იმის საშუალებას, რომ მოიქცნენ ღვთისკენ, მაგრამ იძულება დაუშვებელია. ამის გამო ზოგნი დააკლდებიან სასუფეველს, ზოგნი კი უფალთან ერთად დაიმკვიდრებენ მას. ზოგმა გულისკარი დაუხშო უფალს, ზოგმა კი უფლის სიყვარულს სიყვარულით უპასუხა. ხოლო იმისათვის, რომ ყველა ადამიანი თავად იყოს მიმღები უფლისა, თავად გაუღოს გულისკარი უფალს, გვასწავლის, რა გავაკეთოთ ამისათვის. ამის გამოა, რომ არ შეიძლება მრისხანება, არ შეიძლება სიძულვილი, მოყვასის არმიტევება... არათუ უკვე აღსრულებული ცოდვები, ბოროტი, უკეთური გულისზრახვებიც კი უნდა განდევნოს ადამიანმა გულიდან, რათა მისი გული ყოველთვის მზად იყოს უფლისთვის.