მათე იმდენად გახარებული იყო მაცხოვრის მოწოდებით, რომ გადაწყვიტა სახლში მიეწვია ქრისტე და საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმა მიიღო მისი მიპატიჟება და შინ ეწვია. მასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, უმეტესობა მეზვერე იყო. იქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველი, რომლებმაც იესოს მოწაფეებს უთხრეს: "რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!" უფალს მათი სიტყვები ესმა და მომართა: "არა უხმს ცოდვილთა მკურნალი, არამედ სნეულთა, ხოლო თქვენ წარვედით და ისწავლეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოველ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად".
მათეს ლევი, ანუ ლომი, მოციქულად გამორჩევის შემდეგ უწოდა უფალმა, თუმცა თვითონ მათე მახარებელი არასოდეს არ იხსენიებს თავის თავს ლევად, რათა თავის თავსაც და სხვებსაც შეახსენოს, თუ საიდან გამოიყვანა ის უფალმა - ისეთი შეურაცხმყოფელი პროფესიიდან, როგორიც მეზვერეობა იყო, ერთ-ერთ რჩეულ მოციქულობამდე აამაღლა. ამიტომაც მათე მოციქულს ყოველთვის სახალხოდ გამოაქვს თავისი წარსული.
- რაზე მიგვანიშნებს უფალი იმ დროს მათეს მოწოდებით, როდესაც ის მეზვერე, ცოდვილი იყო?
- უფალი უპირველესად ადამიანის გულს ხედავს, ღვთისთვის მთავარია, რა მდგომარეობაშია ადმიანის გული. მაცხოვრის მოწოდებისთანავე მათემაც ისევე მიატოვა ყველაფერი მიწიერი, როგორც ანდრიამ, პეტრემ, იაკობმა და იოანემ. მან მეყსეულად დატოვა საბაჟო და გაჰყვა მაცხოვარს, თან მაცხოვარი თავის სახლში მიიწვია და გაუმასპინძლდა. როგორც ვთქვით, მაცხოვრის საპატივცემულოდ გამართულ სუფრაზე მათემ თავის მეგობრებს - მეზვერეებს მოუყარა თავი. იქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. მაცხოვრის მათესთან სტუმრობამ დრტვინვა გამოიწვია იუდეველთა შორის, მწიგნობარნი და ფარისევლები მაცხოვრის მოწაფეებს აყვედრიან, ცოდვილებთან ერთად ჭამს თქვენი მოძღვარიო. მათ საპასუხოდ მაცხოვარი ამბობს თავის ცნობილ სიტყვას: "არა უხამს ცოდვილთა მკურნალი, არამედ სნეულთა... მოველ არა მართალთა წოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულადო" - ვინც ავად არ არის, მას მკურნალი არ სჭირდება, მკურნალი სნეულს სჭირდებაო. ღვთის წინაშე ყველა ცოდვილია. ის იუდეველებიც, მწიგნობარნი და ფარისეველნი ღვთის წინაშე უფრო ცოდვილები იყვნენ, ვიდრე მეზვერეები, რადგან თავიანთ თავს არ თვლიდნენ ცოდვილებად. ცოდვილთა ორი კატეგორია არსებობს: ერთნი თავიანთ თავს ცოდვილებად თვლიან, მეორენი კი თავს ცოდვილებად არ მიიჩნევენ. სწორედ ასეთი ადამიანების მიმართYამბობს უფალი, მართალთა წოდებად არ მოვსულვარ, ცოდვილთა სინანულად მოვედიო - იმ ადამიანებისთვის, ვინც აღიარებს, რომ ცოდვილია. ყველა მეზვერე აღიარებდა, რომ მეზვერეობა შეურაცხმყოფელი პროფესია იყო, თავს ცოდვილებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ არ იყვნენ ღვთის ღირსნი. სწორედ ამ სინანულმა მიიყვანა ბევრი მათგანი ჭეშმარიტებამდე, მიიღეს მაცხოვარი და ქრისტეს მიმდევრები გახდნენ. ფარისეველთაგან და მწიგნობართაგან კი ძალიან მცირე ნაწილი გახდა მაცხოვრის მიმდევარი, მათგან მხოლოდ იმათ მიიღეს ქრისტე, რომლებიც გულში მაინც ფიქრობდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ; იუდეველთა სჯულისმეცნიერებმა და ფარისევლებმა იცოდნენ, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თვლიდნენ, რომ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ და ამიტომაც თავიანთი თავი უცოდველებად მიაჩნდათ.
მოციქულად გამორჩევის შემდეგ ნათანაელი ყველგან მოხსენიებულია როგორც ბართლომე, რაც ნიშნავს თომას ძეს. იგი უფლის მოციქულთა შორის იმდენად პატივდებული იყო, რომ მამის სახელით მიმართავდნენ, რადგან განათლებული, წიგნიერი კაცი გახლდათ და ასაკითაც უფროსი იყო სხვა მოციქულებზე.
- სახარებიდან არ ჩანს, როგორ მოხდა უფლის თორმეტი მოციქულიდან დანარჩენი ხუთის მოწოდება და მისვლა მაცხოვართან. მათ შესახებაც ვისაუბროთ.
- იუდა ისკარიოტელი თვითონ მივიდა მაცხოვართან, მისთვის მაცხოვარს არ მოუწოდებია. ესეც ნიშანდობლივია. უფალმა უწყოდა, რომ სწორედ იუდა იქნებოდა მისი გამცემი, თუმცა ერთ-ერთ მოციქულად მაინც გამოირჩია. რატომ? - უფალი წინდაწინ არავის სჯის იმ ცოდვის გამო, რასაც მომავალში ჩაიდენს. ეკლესიის ისტორიაში არაერთი ფაქატია ცნობილი, როდესაც ადამიანები უდაბნოში გასულან სამოღვაწეოდ, აურაცხელ სასწაულს აღასრულებდნენ, თუმცა შემდგომში დაეცნენ და სასუფეველიც დაკარგეს, მაგრამ იმ დროს, როდესაც ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ, უფალი იმას აძლევდათ, რისი ღირსნიც იყვნენ. იუდას შესახებ უფალმა ისიც უწყოდა, რომ ვერცხლისმოყვარეობისკენ იყო მიდრეკილი, მოიპარავდა თანხას მოციქულთა სალაროდან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გამოარჩია თორმეტ მოციქულთა შორის და ჩააბარა მოციქულთა სალაროც...
მაცხოვრის ერთ-ერთი მოციქული იყო იაკობ ალფესი, მათე მახარებლის ძმა. ასევე თომა მოციქული. იგი მარჩბივად - ტყუპისცალადაც იწოდება. ერთ-ერთი ვარაუდით, მას მართლაც ჰყავდა ტყუპისცალი ძმა, თუმცა უფრო სარწმუნო მეორე ვარაუდია - წმინდა მამების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თომა მოციქული გარეგნულად საოცრად ჰგავდა მაცხოვარს და სწორედ ამის გამო იწოდება ტყუპისცალად. თომა მოციქულის ცხოვრებაში წერია, რომ როდესაც ინდოეთის მეფეს მაცხოვარი გამოეცხადა, თავიდან მას იგი თომა ეგონა (ვიცით, რომ თომა მოციქული ინდოეთში ქადაგებდა). თომას რომ ტყუპისცალი ჰყოლოდა და ის მაცხოვრის მოწაფე ყოფილიყო, აუცილებლად გამჟღავნდებოდა და ჩვენამდეც მოაღწევდა.
მეთერთმეტე მოციქულად უფალმა გამოარჩია სვიმონ კანანელი, მოშურნედ წოდებული. წმინდა მამათა ნაწილი ვარაუდობს, რომ სვიმონი იყო ის სიძე, რომლის ქორწილშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია. მან მიატოვა ქორწილი და მაცხოვარს გაჰყვაო. მაგრამ წმინდა მამათა ნაწილი, მაგალითად იოანე ოქროპირი, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, იგი ბრძანებს, რომ უფალმა თავისი მისვლით ქორწილი აკურთხა და იმას, რაც აკურთხა, მაშინვე არ დაანგრევდაო. თუკი სვიმონ კანანელი იყო სიძე იმ ქორწილისა, რომელშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია და იგი ქორწილის შემდეგ გაჰყვა მაცხოვარს, შესაძლოა მასთან ერთად მისი ცოლიც ავრცელებდა ღვთის სიტყვას, მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა, ისევე როგორც ვიცით, საეკლესიო გარდამოცემით, პეტრე მოციქულზე. წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს, რომ პეტრე მოციქულს ცოლიც თან ახლდა მისიონერული მოღვაწეობისას, თუმცა ისინი პეტრეს მაცხოვართან დამოწაფების შემდეგ და-ძმასავით ცხოვრობდნენ.
ერთ-ერთი მოსაზრებით, სვიმონ კანანელი კანონის მტკიცე დამცველი იყო და მისი ზედწოდება - კანანელი ანუ მოშურნე, ზილოტი (ასე უწოდებდნენ მოშურნეს ბერძნულად) აქედან მომდინარეობს.
მაცხოვრის რჩეულ მოციქულთა შორის ერთ-ერთი მაცხოვრის ხორციელი ძმა, იუდაც გახლდათ. იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, ის ასევე იწოდება - ლებეოსად, თადეოსად და ბარსაბად. ის მართალი იოსების, ღვთისმშობლის დამწინდველის ვაჟი იყო და ამიტომაც იწოდება მაცხოვრის ხორციელ ძმად, ხოლო იუდა იაკობისად იმის გამო მოიხსენიება, რომ ღვიძლი ძმა იყო იაკობისა. იაკობი - იერუსალიმის პირველი მწყემსმთავარი მართალი იოსების უფროსი ვაჟი იყო. იუდა მოციქული იაკობისად იწოდება იმიტომაც, რომ ამ ზედწოდებით განესხვავებინათ იუდა ისკარიოტელისაგან. იოსებს ოთხი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ იაკობი შეიქმნა ღირსი უფლის ძმად წოდებისა: გადმოცემის თანახმად, ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ მართალმა იოსებმა ვაჟებს შორის მიწების დანაწილება დაიწყო. სურდა, მისი ქონების წილი მარიამისგან შობილ იესოსაც რგებოდა, მაგრამ ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, მხოლოდ იაკობმა მიიღო მაცხოვარი თავისი მამულის თანამფლობელად - თავისი კუთვნილი წილიდან ნახევარი უწილადა. სწორედ ამის გამო იწოდა იგი უფლის ძმად.
შემდგომში იუდამაც მტკიცედ ირწმუნა იესო ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა, დაემოწაფა მას და აღარასოდეს განშორებია. იუდა მოციქული იმდენად თავმდაბალი იყო, რომ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ მიიჩნევდა - თავის ეპისტოლეში მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიებს თავს.
თავისი სახარების ბოლოს იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები". რაც დაიწერა ცხოვნებისთვის, ესეც საკმარისია, თორემ მაცხოვრის ყველა ქმედება რომ დაწერილიყო, მთელი ეს ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებსო. ამდენად, სახარებისეული სწავლების გადმოსაცემად და სულის საცხოვნებლად არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ სახარებაში ზოგიერთი მოციქულის მოწოდება წერია, ზოგის კი არა.