იმდენად ლამაზი და სათნო ყოფილა მეუფე პავლე, რომ, გასცდებოდა თუ არა სვეტიცხოვლის კარიბჭეს, მცხეთელები მაშინვე აედევნებოდნენ, ოღონდ კი მისთვის შეეხედათ. მაგრამ ადამიანებს სინამდვილეში მეუფის თვალით უხილავი სიწმინდე იზიდავდა...
19 წლისა ათონზე ისე გაიპარა, დედამისს არაფერი უეჭვია.
ათონის მთაზე ქართველი ბერები დახვდნენ. მალევე აღკვეცეს.
იმ დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ბერძენი ბერები დიდად ავიწროებდნენ ქართველ მამებს, რის გამოც მამა პავლეც, ბევრ ქართველ ბერთან ერთად, იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც უმძიმესი ცხოვრება ელოდა.
დიდი სულიერების გამო ახალგაზრდა აკურთხეს ეპისკოპოსად, მაგრამ მანამდე ბევრ ქართულ მონასტერში იღვაწა. ძალზე განათლებული და უზომოდ მოწყალე იყო, ამიტომ ყველას უყვარდა.
როცა კომუნისტებმა ტაძართა ნგრევა, მორწმუნეთა განადგურება და დევნა იწყეს, ქართველმა სამღვდელოებამ საეკლესიო საგანძური გადამალა. ერთი ნაწილი ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა, მეორე კი მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახლთან ჩაფლეს. ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცოდა. მათ შორის იყო მეუფე პავლეც, რომელმაც, ხანგრძლივი წამების მიუხედავად, მაინც არ გასცა საიდუმლო. მისი ნათესავი იგონებს: ერთ ღამეში რამდენჯერმე გაიყვანეს დასახვრეტად, - შეშინება უნდოდათ, - მაგრამ სიტყვა არ დასცდენიაო.
ციხეში მეუფე პავლეს ისეც სუსტი ჯანმრთელობა გაუუარესდა და მალე, 1929 წელს, გარდაიცვალა კიდეც.
ისე ძლიერ უყვარდათ თურმე მცხეთელებს თავიანთი ახალგაზრდა, ანგელოზივით კეთილი ეპისკოპოსი, რომ მიწის მისაყრელად ვერ გაიმეტეს, საკუთარი ხელით გაუკეთეს აკლდამა და მისი ნაწამები სხეული იქ ჩაასვენეს.