კლასში სიჩუმეა; ყველანი ამოცანას ჩაჰკირკიტებენ. ხანდახან მასწავლებელი ჩაახველებს ხოლმე და თანაც ისწორებს ცხვირზე წინ წამოქანებულ სათვალეს.
- არა, რა არის, რომ დღეს გათავებულიყო, ჰა? - შეეკითხა თავისდაუნებურად გიგო ამოცანაში გართულ ამხანაგს.
- რა გათავებულიყო? - გაიმეორა ამხანაგმა, რადგან ვერ მიუხვდა, რას ეკითხებოდა გიგო.
- წყნარად!.. სიჩუმე! - მოისმა მასწავლებლის ხმა და შეწყდა ჩურჩული.
"გათიბა ცხრა ურემი, გაყიდა მესამედი... რამდენი ურემი თივა..."
ებრძვის გიგო ამოცანას, მზის სხივიც ფანჯრიდან მის რვეულზე ათამაშდა.
ახლა კი მთლად დაავიწყდა გიგოს ამოცანა, კლასი, მასწავლებელი, სოფელი, მინდორი, ტყე, წყარო, ჩიტის ბუდე, ქათამი, ინდაური, პაპა, ბებია, მამიდა... აირიენ მის თვალწინ ერთმანეთში და ის რაღაც ცხრაც მათის სოფლის კუზიან დალაქივით ათამაშდა მათ შორის.
"წავალ თუ არა სოფელში, - ფიქრობს გიგო, - ჯერ ჩვენებიანთ ბიჭებს ჩამოვუვლი, მერე ერთად წყაროზე წავალთ, ვიბანავებთ, მერე, რასაკვირველია, ტყეში ჯოხებს გამოვჭრით... ისეთი ჯოხი ამოვარჩიო, ისეთი, რომ ჰა!.. მარწყვი! უჰ, შენ კი გენაცვალე მაგ თეთრ ყვავილში და ტკბილ ყელში!.. ეეე... სრულებით არ გადამავიწყდა კალო! კალოზე, აბა, კალოზე იქნება, აი, კევრს რომ შევუდგები... შრ... შრ... როგორ მიშრიალებს ძნა კევრს ქვეშ! კევრიც რა ლამაზად მილივლივებს... რა კარგი ცხენია ჩვენი ლურჯა!"
და გიგომ ერთი ისეთი დაიძახა კლასში, რომ შემკრთალი მასწავლებელი ფეხზე წამოიჭრა. ამხანაგებმა სიცილ-ხარხარი ასტეხეს.
- სადა გგონია შენ ამ წუთს შენი თავი, ჰა? - შეეკითხა მკაცრად ჯერ ისევ ფიქრებისაგან გამოურკვეველ გიგოს მასწავლებელი.
- კალოზე, ბატონო მასწავლებელო!
იროდიონ ევდოშვილი