სეფისკვერი ანუ "სეფე კვერი" - "რჩეული პური" არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა. წირვის შემდეგ სეფისკვერი ურიგდება მორწმუნეებს ნიშნად მათი ერთიანობისა და ურთიერთთანაზიარობისა ეკლესიის წიაღში. სეფისკვერი უზმოზე უნდა მივიღოთ. მისი მიღება შეგვიძლია როგორც ტაძარში, ასევე შინ. კარგია, თუკი საზრდელის მიღებამდე სწორედ სეფისკვერსა და ნაკურთ წყალს ვიხმევთ.
მდინარე იორდანეში (იერუსალიმშია) ჩასვლითა და ნათლისღებით უფალმა თავად წყლის ბუნება განწმინდა. ამიტომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წყალმა უდიდესი მნიშვნელობა და დანიშნულება შეიძინა: წყალში ინათლება ყოველი ქრისტიანი, წყლით იკურთხება ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.
ნაკურთხი წყლის მიღება სასიკეთოა როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვის (ჯანმრთელობისთვის). ამიტომ უნდა ვეცადოთ, ყოველი დღე სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებით დავიწყოთ.