ჩემო პატარავ, ყველაფერი ახლის დაწყება ალბათ რთულად გეჩვენება. შესაძლოა - ჩემი ნათქვამიც. ხომ ასეა? მაგრამ თუ ღვთის სიყვარულით ბეჯითად გამოგვყვები, მეორე ნაბიჯსაც გადადგამ და დიდ სულიერ სიხარულს იგრძნობ. რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით უფრო მიუახლოვდები ღმერთს. ღმერთი კი ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარულია.
ალბათ გაოცდი, ასე ხშირად რომ ვახსენებ ღმერთს და ვინ იცის, არც კი იცი, ვინ არის ღმერთი.
ღმერთმა შექმნა ყველაფერი, რაც შენს გარშემოა. თავიდან შექმნა ცა და ქვეყანა, მთელი სამყარო, შენც, მეც, დედიკო, მამიკო, შენი დები და ძმები. ღმერთმა ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია. შენ რომ ცუდად მოიქცე, იმასაც დაინახავს. დედიკოს და მამიკოს როცა აბრაზებ და არ უჯერებ, ამასაც კარგად ხედავს. თუმცა მარტო ცუდს კი არა, კარგ საქციელსაც ამჩნევს. ღმერთი ყველგან არის და ის არასოდეს წავა ჩვენგან.
თუ ეკლესიაში ჯერ არ შესულხარ, კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. მჯერა შენი, როცა ამბობ, ეკლესიაში მინდა შევიდე და არ ვიცი, როგორ მოვიქცეო. ყური მიგდე. იცი, რომ ეკლესიაში გოგონები შარვლით არ უნდა შედიოდნენ? ჰო, მართლა, თავსაფარიც თან იქონიე.
ეკლესიაში შესვლისას ჯვრის ნიშანს გამოვისახავთ. იცი, როგორ? სამ თითს - ცერს, საჩვენებელს და შუა თითს შევაერთებთ, დანარჩენ ორ მოხრილ თითს კი ხელისგულზე დავაწყობთ.
სამი თითი ყოვლადწმინდა სამებას - მამა ღმერთს, ძე ღმერთს და სულიწმინდას აღნიშნავს, მოხრილი ორი თითი კი ჩვენი მაცხოვრის ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და ადამიანურს.
ამ სამ თითს ჯერ შუბლთან მივიტანთ, მერე მუცელთან და მარჯვენა და მარცხენა მხრებთან.
ეკლესიაში უამრავი წმინდა ხატია დაბრძანებული (ამაზე შემდეგში ვისაუბროთ). კედლებიც წმინდანებითაა მოხატული. ჩვენ მათ წინაშე ვლოცულობთ და სანთელს ვანთებთ. სანთელი მცირეოდენი შესაწირია ეკლესიისთვის. შენც თუ დაანთებ, კარგი იქნება. მანამდე კი ეკლესიის შუაგულში დასვენებულ ხატს ემთხვიე და გულში ილოცე. ილოცე გულწრფელად და ღმერთი შენი პატარა გულიდან ამოსულ სიტყვებს აუცილებლად შეისმენს.


წმინდა ნინო წმინდა ანდრია მოციქული
წმინდა ნინოს ჰყავდა მშობლები - ზაბულონი და სოსანა. მისი სამშობლო კაბადოკია იყო. ის ჩვენგან შორსაა და მას უკვე თურქეთის ტერიტორიას ეძახიან. წმინდა ნინო ჩვენი მთავარი მნათობია, დედა ღვთისმშობლისგან გამოგზავნილი. თავისი თმით შეკრული ვაზის ჯვარი აიღო ხელში და ჩვენს სამშობლოში წამოვიდა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებელს უწოდებენ. შენ ამ წმინდანის სახელი გქვია. წმინდა ნინო კახეთში, ბოდბის დედათა მონასტერშია დაკრძალული.
შენ კი, ანდრია, იმ წმინდანის სახელს ატარებ, რომელსაც ქრისტეს მოციქულთა შორის პირველწოდებული დაერქვა. ჩვენმა მაცხოვარმა პირველად ანდრიას მოუწოდა, გაჰყოლოდა თან. ანდრიამ ქრისტეს სიყვარული ბევრ ადგილას იქადაგა. მერე საქართველოში გამოემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. ასე რომ, წმინდა ნინოს და წმინდა ანდრიას წყალობით ქართველებმა ჩვენი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა უფრო გააძლიერეს და ღვთის სიყვარული დაგვანახეს...