მსოფლიოში მრავალი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს, - როგორც ქრისტიანული, ასევე არაქრისტიანული, - და თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი. თუმცა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტ ღმერთამდე მიყვანა, ცხონება შეუძლია, არის მართლმადიდებლობა, რადგან რწმენას იმ სახით ინახავს, როგორი სახითაც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ, გადმოცემულია სულიწმიდის კარნახით დაწერილ წმინდა წერილში და გვიქადაგეს უფლის მოციქულებმა. მის სწავლა-მოძღვრებაში არაფერია ჩვეულებრივ მოკვდავთა მიერ მოგონილი და შეთხზული, რაც ნებისმიერ არამართლმადიდებლურ სარწმუნოებას ახასიათებს. ჩვენ რომ ნებისმიერი არამართლმადიდებლური სარწმუნოება, მისი სწავლა-მოძღვრება ავიღოთ, დავინახავთ, რომ ყოველი მათგანისთვის არსებობს დრო, როდესაც დაიწყო მათი სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრება და პიროვნება, რომელმაც დაიწყო ეს სწავლება, ანუ ჰყავთ ცრუმოძღვარი და მის მიერ მოგონილ ცრუ, მწვალებლურ მოძღვრებას იზიარებენ. სიცრუის მამა კი ეშმაკია და ცხადია, მას ადამიანის ცხონება, მარადიულ ნეტარ ცხოვრებამდე მიყვანა არ შეუძლია.
მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას ხილული ნიშნები - სასწაულებიც მოწმობს, რომელთა შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე, რომელიც ყოველწლიურად აღესრულება მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის წინადღეს, დიდ შაბათს. ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება, როდესაც კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის.
მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას მოწმობს უფლის ნათლისღების დღესასწაულის დღეს, 19 იანვარს, ყოველწლიურად აღსრულებული სასწაულიც: ნათლისღების დღესასწაულზე იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს; ჯვრის მესამედ შთაფლვისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წამის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება.
ასევე ყოველწლიურად მეორდება სასწაული თაბორის მთაზე: იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, თაბორის მთაზე, სადაც იესო ქრისტეს ფერისცვალება მოხდა, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი აუცილებლად გამოჩნდება ღრუბელი, რომელიც მთელი დღესასწაულის მანძილზე ადგას თაბორის მთას (სახარებიდან გვახსოვს, უფლის ფერისცვალების დროს, როდესაც მაცხოვარი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, მას ღრუბელი დაადგა თავზე, რადგან საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობს და იოანეს).
გვსურს კიდევ ერთი, ყოველწლიურად აღსრულებული უჩვეულო მოვლენის შესახებ მოგითხროთ, რომელიც საბერძნეთში, ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე მართლმადიდებლურ მონასტერში ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დღეს - ახალი სტილით 28 აგვისტოს. ამ დღესასწაულის დღეს კუნძულის ყველა კუთხიდან მოემართებიან ქვეწარმავლები - შავი გველები და მონასტერში დაბრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს გარს ეხვევიან. ამ დროს ისინი სრულიად უწყინარნი ხდებიან, სადღესასწაულო მსახურების ჟამს საერთოდ არ იძვრიან, საღვთო ძალით თვინიერყოფილნი, შემდეგ კი უკანვე ბრუნდებიან და საშიშნი ხდებიან. "ეს სასწაული უფლისგანაა მომადლებული ადამიანთა შესაგონებლად. ცოდვით დაცემულ კაცობრიობას მიეცა ღმერთის აღთქმა, რომ იგი დედაკაცისგან (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან) აღმოაცენებდა გველ-ეშმაკის მძლეველს და ცოდვისა და სიკვდილისგან ადამიანთა მხსნელს. და აი, ეს აღესრულა ქრისტეს ამქვეყნად მოსვლით, რომელიც იშვა ქალწულ მარიამისგან, განკაცდა, ღმერთად იქმნა და სძლია გველ-ეშმაკს... ამას, ღვთის განგებით, ადამიანებთან და ანგელოზებთან - გონიერ არსებებთან ერთად აღიარებენ არაგონიერი არსებებიც - გველები, რომლებიც, საზოგადოდ, ეშმაკის სიმბოლოდ გვევლინებიან, - აღიარებენ და თაყვანს სცემენ წმინდა ღვთისმშობელს, მარადის ქალწულ მარიამს, რომლის ხატსაც კრძალვით მიემთხვევიან სწორედ მართლმადიდებლურ ტაძარში ("მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი").
კანადაში კი ასეთი სასწაული აღესრულებოდა: იქ დაბრძანებული იყო ივერთა ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთი ასლი, სადაც ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს ხელიდან მირონი სდიოდათ. მირონდენა მხოლოდ ვნების შვიდეულში წყდებოდა, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კი მირონი კვლავ იწყებდა დენას. 1997 წელს საკვირველმოქმედი ხატის მცველი იოსებ მუნიოსი მოკლეს, ხოლო ხატი გაიტაცეს.
მოგითხრობთ კიდევ რამდენიმე სასწაულის შესახებ, რომლებიც, მართალია, ყოველწლიურად არ აღესრულება, მაგრამ მათი მეშვეობით ხილულად განცხადდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება.
ერთ დღეს მართლმადიდებელმა ბერმა სევერის მწვალებლობის მიმდევარს შეუთვალა - შენი ზიარების ნაწილი გამომიგზავნე, რათა მე, ცოდვილი, ვეზიაროო. მწვალებელმა იფიქრა, ჩემს აღმსარებლობაზე მოექცაო და თხოვნა სიხარულით შეუსრულა. როდესაც მართლმადიდებელმა ბერმა მწვალებლის ძღვენი მიიღო, იქ მყოფი ხალხის თანდასწრებით საკვირველი რამ ჩაიდინა: "ცეცხლზე რკინის ჭურჭელი შედგა და გაავარვარა. შემდეგ მასში მწვალებელი ბერის მიერ გამოგზავნილი ზიარების ნაწილი ჩადო. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ის დაიწვა და უკვალოდ გაქრა. ამის შემდეგ მართლმადიდებელმა ბერმა ხელახლა გაავარვარა ცეცხლზე რკინის ჭურჭელი და მასში მართლმადიდებლური წესით აღსრულებული ზიარების ნაწილი ჩადო. გავარვარებული ჭურჭელი გაცივდა, წმინდა ძღვენი კი მრთელი და დაუზიანებელი დარჩა. ამ სასწაულით უფალმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა ადამიანებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება.
კრება ქალაქ ქალკედონში, 451 წელს იქნა მოწვეული. მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის კამათი გაიმართა, თუმცა ვერაფრით შეთანხმდნენ. მართლმადიდებლობის მიმდევარმა წმინდა მამებმა ვერასგზით გადაარწმუნეს ცდომილებაში მყოფი ევტიქი და მისი თანამოაზრეები. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანატოლიმ მონოფიზიტებს შესთავაზა, რაკი კრება ქალკედონში მდებარე წმინდა ეფემიას სახელზე ნაკურთხ ტაძარში მიმდინარეობდა და მისი წმინდა ნაწილებიც ამავე ტაძარში იყო დაბრძანებული, ჭეშმარიტების დადგენაც სულიწმინდის უდავო მატარებლის, წმინდა ეფემიასათვის მიენდოთ: მართლმადიდებელმა მღვდელმთავრებმაც და მონოფიზიტობის მხარდამჭერმა სამღვდელო მსახურებმაც თავ-თავიანთი შეხედულებები ცალ-ცალკე გრაგნილზე დაწერეს და თავიანთი ბეჭდებიც დაუსვეს, შემდეგ წმინდა ეფემიას ლუსკუმა გახსნეს და წმინდა მოწამეს გრაგნილები გულზე დააწყვეს. იმპერატორ მარკიანეს თანდასწრებით ლუსკუმა კვლავ დახურეს, იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და მცველები დაუყენეს. ორივე მხარე მარხვასა და ლოცვას შეუდგა. მესამე დღეს სამარხი გახსნეს. წმინდა ეფემიას მართლმადიდებლური აღმსარებლობით აღბეჭდილი გრაგნილი მარჯვენა ხელში ეჭირა, მონოფიზიტთა ნაწერი კი ფეხებთან ედო. მოულოდნელად წმინდა ეფემიამ ხელი ასწია და მართლმადიდებელ პატრიარქს გრაგნილი გაუწოდა. ამ სასწაულის ხილვამ ევტიქის მოძღვრების მრავალი მომხრე დაუბრუნა მართლმადიდებლურ სჯულს, ისინი კი, ვინც კვლავ მონოფიზიტური შეხედულებების მომხრე დარჩა, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან განკვეთეს.