- თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს, ხოლო თუ არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება. ამის გამო არის დაწესებული აღსარებაც. მონანიეს და მიმტევებელს ღმერთი მიუტევებს. რამდენადაც აპატიებ სხვას, იმდენად გაპატიებს შენ უფალი. რამდენადაც მოწყალე იქნები სხვის მიმართ, ისეთივე კეთილმოწყალე იქნება უფალი შენდამი.
ზოგი კაცი სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევს. ასევეა ცოდვაც. შეიძლება სხვისი ცოდვა მეტად შესამჩნევი იყოს და თვალით დასანახი, თავად კი შეიძლება მეტად სცოდავდე. ადამიანმა უპირველესად საკუთარი ცოდვა უნდა დაინახოს. თუ საკუთარ თავში ცოდვას ეძიებს, აუცილებლად იპოვის და სინანულიც ექნება.
მთავარი ღვთის სიყვარულია. ადამიანს ღმერთთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ღმერთთან დამაკავშირებელი კი მხოლოდ სულიერი მოძღვარია. ადამიანი უნდა ეძიებდეს და პოულობდეს მოძღვარს, რომელიც მას ღმერთთან დააკავშირებს. ღმერთთან კავშირი მხოლოდ მოძღვრით არის შესაძლებლი. მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის, ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი მოძღვარია. მოძღვრის გარეშე შენს თავში ცოდვასაც ვერ დაინახავ. აღსარების სათქმელადაც მოძღვართან უნდა მიხვიდე. პატიება, შენდობა, ლოცვა-კურთხევა ზიარებისა მოძღვრისგან უნდა მიიღო.
უფალი მოწყალეა მაშინ, როცა ადამიანი აღიარებს ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვებს. მხოლოდ აღიარებული ცოდვა მიეტევება კაცს. ადამიანი, უპირველესად, საკუთარ უძლურებას უნდა აღიარებდეს და არა სხვისას. სხვისი ცოდვის აღიარება განკითხვაა, რომელიც ადამიანისთვის დამღუპველია.
საშველი მხოლოდ ღმერთშია, სწორედ ეს არის დედააზრი ცხონებისა. ცხონებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ღვთისგან პატიებას ვითხოვთ. თუკი საკუთარ თავში ცოდვას ვიპოვით. ადამიანს გადაარჩენს საკუთარ თავში ცოდვის პოვნა, ცოდვის მიმართ სინანული, როცა მოძღვართან შენდობას, პატიებას ითხოვს ღვთისგან. ჩვენთვის ეს არის მთავარი. ცოდვა სამ ნაწილად იყოფა: როდესაც ადამიანი მიდის მოძღვართან ერთ მესამედს ცოდვისას უფალი პატიობს, ერთი მესამედით მოძღვარი შეუნდობს და ერთი მესამედი კიდევ ადამიანზეა დამოკიდებული თუ როგორი სინანული ექნება საკუთარი ცოდვებისა.
ძველად მონასტრებში, მძიმე მარხვის წინ, მონასტრის წევრები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, პატიებას სთხოვდნენ და შემდეგ გადიოდნენ უდაბნოში, რადგან აღდგომის დღესასწაულზე შეიძლება ერთმანეთი ვერ ენახათ. ზოგი უკან ვეღარც ბრუნდებოდა. თუკი ადამიანი ემზადება იმისათვის, რომ ღირსულად შეინახოს მარხვა და ღირსეულად შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველას მიმართ მიტევება უნდა გამოხატოს. ვინც მიუტევებს, იმას მიეტევება, ვინც არ მიუტევებს, იმას არც მიეტევება, - ასე გვასწავლის სახარება. სახარება არის ღვთის სიტყვა, რომელიც თითოეულმა უნდა შეიმეცნოს და გაითავისოს. ჩვენთვის ეს არის მთავარი. მიუტევებთ? მოგვეტევება. არ მიუტევებთ? არ მიგვეტევება. ადამიანი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შეხვედრისთვის, უფალთან შეხვედრისთვის უნდა ემზადებოდეს. აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, ზეიმია და ამისთვის განსაკუთრებულად უნდა ვემზადებოდეთ.
მიტევების დღეს ადამიანები მიდიან ტაძარში და ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ტაძრიდან წასვლის შემდეგაც, თუკი ვინმემ გაწყენინა ან ვინმეს აწყენინე, მისგან პატიება უნდა ითხოვო. თუკი განსაკუთრებით გინდა მოემზადო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, უპირველესად ის ადამიანი უნდა ეძებო, ვისაც აწყენინე, მიხვიდე, პატიება სთხოვო. სულის სიღრმეში ვერასოდეს მოისვენებ, ვინმე შენზე თუ ნაწყენია ან ვიღაცაზე შენ ხარ ნაწყენი. თუკი ვინმე შენდობას გთხოვს და არ პატიობ, შენ როგორ გეპატიება?
ღმერთმა დაგლოცოთ.