მე ლტოლვილი ვარ და შემთხვევით მოვხვდი ამ ეკლესიაში წირვაზე. შემდეგ დავესწარი ნათლობას, რომელიც მამა აკაკიმ ჩაატარა. აღფრთოვანებული დავრჩი - ასეთი სათნო, კეთილი და თავმდაბალი მღვდლი ჯერ არ მინახავს. საუბარში გავიგე, რომ მამა აკაკი სულ ახალგაზრდა იკურთხა მღვდლად. ძალიან ბევრი დაბრკოლება, ნერვიულობა და ჩხუბიც მოსვლია, ეკლესიაში წესრიგი რომ აღედგინა, მაგრამ ის ძალიან უყვართ, რადგან ძალზე გამორჩეული პიროვნებაა.
როგორც გავიგე, 19 იანვარს მამა აკაკის 30 წელი შეუსრულდა. მინდა ვისარგებლო თქვენი ჟურნალით და ჩემი მოკრძალებული მილოცვა გადავცე, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი სიხარული ოჯახსა და საზოგადო მოღვაწეობაში.
27 იანვარს მამა აკაკის ძმა უძლურებაში მყოფი ირაკლი, 27 წლის გახდა. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და მალე თანატოლების გვერდით დგომას.
დაგლოცოთ ღმერთმა თქვენ და თქვენი ეკლესიის მრევლი!
რა არ გამოვიარე ამ ხნის განმავლობაში! ამ ასაკსაც უფლის წყალობით მოვაღწიე. დიდება და მადლობა ყველაფრისთვის! ვცხოვრობ ხელმოკლედ, ხორციელი ნათესავებისგან მიტოვებული. სამაგიეროდ, არ ვავიწყდები სულიერ დებს. ღმერთმა უშველოთ.
გავცქერი ფანჯრის სარკმლიდან ზეცას, აღვაპყრობ თვალებს და ვევედრები უფალს: "შემიწყალე, იესო ტკბილო!" თქვენი ბრწყინვალე ჟურნალი მშველის, სულიერად მასაზრდოებს. დაილოცა თქვენი გაჩენის დღე! ყველა ჟურნალის წევრს უღრმესი მადლობა. ვცდილობ, არც ერთი ნომერი არ გამოვტოვო.
თქვენ რომ გწერთ, თითქოს გულს ვიოხებ.
იოლი გვგონია საკუთარი ცოდვების დაუნახავად ცხოვრება, რთულად გვეჩვენება შედარებით მსუბუქი ცოდვების მონანიება და ძალიან ძნელად - მძიმე ცოდვებისგან დახსნა... ახალი შარვლით თავს მოვიწონებთ, მტვრით ოდნავ დასვრილს დავიბერტყავთ და ვიამპარტავნებთ, ცხიმიანი ლაქა კი ძნელად ამოსაწმენდია.
თუ სული სავსეა მადლით, ცოდვა ძნელად შეაღწევს მასში, მაგრამ თუ ცარიელია, ადვილად ივსება, თუმცა მცირე მადლს შეუძლია, დააცარიელოს კიდეც მისგან...
გალაკტიონმა თქვა:
"არ მიცხოვრია მე ქვეყანაზე,
მე გავიარე სიცოცხლის ახლოს".
მე ვერასოდეს გავხდები გალაკტიონი, ამოდენა თავმდაბლობისგან შორს ვარ, მაგრამ არ მინდა, სიცოცხლეს გავუარო, მინდა, სიცოცხლე დავიმკვიდრო... მე ჭკნობის პირას მისული ხე ვარ, რომელსაც მორწყვა სჭირდება და რომელმაც ნაყოფი უნდა გამოიღოს, რომ არ მოკვეთონ...
"კარიბჭის" მკითხველებს ვთხოვ, ლოცვებში მომიხსენიონ უღირსი შვილი და უხმარი მონა ღვთისა ლევანი...
პ.ს. თქვენი ჟურნალი მეგზურია, რომელიც, თუ გულდასმით მოუსმენ ადამიანი, ღვთის კარიბჭემდე მიგაცილებს.
გაიხარეთ მრავალჟამიერ!
ხორციელად ხუთი შვილის მშობელი თითოეული ჩვენგანის სულიერი მამაა. ამიტომ გვინდა, მისი ლოცვა, მადლი და თანადგომა არასდროს მოგვაკლოს ღმერთმა მის სულიერ შვილებს. გვსურს, ხმამაღლა ვუთხრათ: იდღეგრძელეთ, მამა გიორგი!
სახელობის ტაძრის მრევლი