ვბედავ და წარმოგიდგენთ ჩემს "ნაცოდვილარს" - ე.წ. ფიქრებს, რომლებიც იმდენი დამიგროვდა, რომ ათთაბახიან (170-გვერდიან) წიგნად შევაკოწიწე (თუმცა ფინანსური მხარდაჭერის უქონლობის გამო მისი გამოცემის იმედი არ მაქვს).
მაქვს თუ არა უფლება ერთ რიგით ცოდვილ ერისკაცს, ვწერო ასეთ თემებზე? ჩემს მოსაზრებებს თავს არ მოგახვევთ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კურთხევა ამის თაობაზე მაღალყოვლადუსამღვდელოესის, მიტროპოლიტ იობისგან მაქვს მიღებული.
(მრევლის აღსარება)
...თუ გგონია, რამეს წარმოადგენ, მაშასადამე, ზრდა და განკურნებაც აღარ გჭირდება და... ამ დროს განეშორები ღმერთს, განეშორები ღვთიურ მადლსაც და სულიერი კვდომაც ამ დროს იწყება და მთავრდება.
ნახევრად განწმენდილი - მაინც ჭუჭყიანია...
ისიც დაუჯერებელია, - ერში იცხოვრო და არ დაგესვაროს სული.
ამიტომაც, როგორც იტყვიან: "ცოცხი" არ უნდა გააგდო ხელიდან.
...და რაჟამს შემოყრის ქარბუქი ცოდვის ნაგავს, უმალვე გაგავე და გადაყარე.
ვისაც მადლის გემო გაუსინჯავს, იცის და არც იცის, რა ხდება მასში: შემოდის უხილავი ძალა, რომელიც ენერგიას სინერგიად აქცევს და აწესრიგებს სულსაც, გონსაც და სხეულსაც... საქმიანობასაც და ურთიერთობებსაც...
სამწუხაროდ, მადლს დიდი ხნით ვერ ვინარჩუნებთ და ესაა მიზეზი, რომ სრულყოფილ წესრიგს ვერ ვეღირსეთ ვერც შინ და ვერც გარეთ.
...სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ იდეალური გარემო, სადაც ყველა მადლმოსილია და როცა ყველაში წესრიგია. ასეთ გარემოს ალბათ სამოთხე ჰქვია, რასაც ვერ ვეღირსებით მიწიერ ყოფაში.
იქ, სადაც ვერ დამკვიდრდა ღმერთი - ადგილს დაიმკვიდრებს ეშმაკი.
უფასო მომსახურებისა, აბა, რა გითხრათ, მისიონერობა კი ყველა ჩვენგანის ვალია - ღვთის მსახურება გვმართებს ყველას, ყველგან და ყოველთვის: მინისტრსაც და გლეხსაც, იურისტსაც და ექიმსაც...
"მე მოველ არა იმისთვის, რომ მემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ვემსახურო" - ეს მაცხოვრის სიტყვებია. ჩვენ კი, თუ მისი ჭეშმარიტი გზის მიმდევრები ვართ, - უნდა შეგვეძლოს, იგივე სიტყვები გულში ჩავიგვირისტოთ, ვიტვირთოთ ჩვენი წილი ტვირთი და სასუფევლისაკენ იწრო გზით მავალთ მისხალმისხლობით შევიძინოთ: მადლი, სიყვარული და... ცხონება.
ხომ შეიძლება, სწორედ ის ჩათვალო უღირსად, ვინც ღვთისთვის ყველაზე ღირსეულია და სათნო.
ღმერთს კი ის უყვარს უწინარეს ყოვლისა და იმ ძეს მიიჩნევს ღირსეულად, ვინც თავის თავს იჩნევს უღირსად.
მერე, შე დალოცვილო, სულს აღარ სჭირდება ქოლგა?
ლოცვა-აღსარებით სული რომ დაივარცხნე და დაიკაპიწე, ტაძრიდან გასვლის წინ ხომ უნდა იფიქრო იმაზეც, რომ იქ ცოდვების წვიმა მოდის და მადლს ჩამოგირეცხს სულიდან, თუ არ გაიყოლე "ქოლგა"?
წმინდა მამათა რჩევა: გამუდმებულად თან გახლდეს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" - ეს იქნება ქოლგაც და ფარიც ცოდვათა თავსხმაში.
ხორციელი ადამიანი - პირიქით: მოვალეობებს გაურბის და მეტ უფლებებს ეპოტინება.
აქედანაა სწრაფვა პირველისა - ბერობისკენ, ხოლო მეორისა - ძალაუფლებისკენ.
შებორკილად ვგრძნობთ თავს ქრისტესმიერი თავისუფლებით და თავს უფლებას ვაძლევთ, - აღვირი ავხსნათ ცოდვით ტკბობის დემონურ სწრაფვას, რასაც აქაური - ერისკაცური თავისუფლება ჰქვია.
...იგივეა რწმენის საკითხშიც: თუ ეკლესიაში მხოლოდ სანთლის დასანთებად დადიხარ, ეს იგივეა, დაცემული წამოიმართო, ნაბიჯი წარდგა და ისევ ჩაიკეცო.
ნაბიჯის გადადგმის აზრი, მიზანი და სიხარული - სიარულია და თუ სიარულს ვერ ვისწავლით, ერთი კი არა, ასი ნაბიჯიც რომ გადავდგათ - უაზრობაა.
მე ვუთხარი: რა მოხდება, ეკლესიური რომ არ იყოს - მერე გავხდი-მეთქი.
მითხრა, სარისკოაო.
ვუთხარი, შევძლებ-მეთქი.
მითხრა...
თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს, რა მითხრა...
კურთხევის მისაღებად მივედი მოძღვართან. ფაქტობრივად კი გამოვიდა, რომ გამოვძალე საჩემო კურთხევა.
მოძღვარს ვემორჩილები-მეთქი, ვტრაბახობ. ისე კი გამოვიდა, რომ მოძღვარი დავუმორჩილე ჩემს ნებასა და ვნებას.
...
კისერს რომ მოიტეხ, მერე მიხვდები, რა არის კურთხევა და მორჩილება.
დიახ, ასეა: რაც ღრმად შედიხარ რწმენაში, მით უფრო რწმუნდები, რომ ცოდვილი ხარ და რომ ცოდვის სიტკბოებას ამჯობინებ ღმერთის სიყვარულს.
აი, ცოდვათა სიმძიმისაგან თავისუფალი ჩვენი მოყვასი თავისუფლად იტყვის, "ღმერთი მიყვარსო" და ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად უსათუოდ დასძენს: "ყოველწლიურად ცხვარსა ვკლავ ღმერთის პატივსაცემადო".
რახან მწუხარება დასაბამია სიხარულისა, სასოებით უნდა იყო აღვსილი, ოდეს განსაცდელში ჩავარდები.
მერე, შე დალოცვილო, ღმერთი ყოველდღე გჩუქნის სიცოცხლეს და რა მოხდება, ერთი სამადლობელო ლოცვა მაინც შეაწიო უფალს, ყოველდღე თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც.
რაც მეტს დაეძებ და პოულობ სულის სარეველას - ცოდვებს, მით განწმენდილია შენი ბაღნარი გულისა და მით მეტი სიხალისით ხარობენ ამ ბაღნარში ღვთიური სათნოებანი.
გამათავისუფლეს მოსამართლეობისგან, მაგრამ შეჩვეულს რაღა გადააჩვევს და... რაკი ამიკრძალეს სხვათა განსჯა, - საკუთარი თავის მოსამართლედ ვიქეცი.
ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა: სიცოცხლეში მძიმე ტვირთად დასწოლოდა მათ.
მოწყალებიდან მოწყალების გაცემას ასწავლიდა ამით.
მადლობა უფალს და მადლობა თქვენ იმ მასაზრდოებელი წყაროსათვის, რომელსაც თქვენი ჟურნალი გვაწვდის. მძიმე დროში ვცხოვრობთ, უამრავია ბოროტება, ძმათაკვლა, გაუტანლობა, შური. გასაკვირი და სამწუხაროა, რომ ცივილიზებული სამყაროს ბინადართ არ ძალგვიძს ამ სენისგან განკურნება. შური ხმალივით ძლიერია და ბევრი უბედურება მოაქვს. კარგს შენზე წინ რომ არ გაუშვებ, შენ და შენს შთამომავლობას არ დაგაკლდებათ?!
ბევრი ცდილობს ტრადიციულ, ქართულ-ქრისტიანულ ღირებულებებს ჩრდილი მიაყენოს, მაგრამ ბევრიც ცდილობს, აარიდოს ხალხს ასეთი მავნე შეხედულებები. თქვენც ასეთთა შორის მეგულებით. თუ არა თქვენ, რამდენ წმინდა მამაზე არაფერი გვეცოდინებოდა. საუბედუროდ, უმრავლესობა ხომ ვერ ვახერხებთ ლიტერატურის შეძენას. დიდი მადლობა, რომ წმინდა მამათა ნაწერებს გვაცნობთ.
მე მთაში გავიზარდე და მახსოვს, როგორი რწმენა ჰქონდა ხალხს, ზაფხულში აგროვებდნენ მინდვრის მხალს და ახმობდნენ მარხვისთვის. დღეს კი ლამის იეღოველებმა წალეკონ სოფელ-ქვეყანა.
ამას იმიტომ გწერთ, რომ მინდა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა წაიკითხოს ჩემი გულისტკივილი. ქვემო ალვანში, გორაზე დგას იოანე ნათლისმცემლის პატარა და ლამაზი ეკლესია, სადაც თავისუფლად აშენდება მონასტერი და სენაკები. იქვეა ცხრაკარას ნანგრევები, საიდანაც გვირაბი ჩადის ალაზანზე. ძალიან მინდა, ეს ეკლესია მუდმივმოქმედი გახდეს. ეს იოლი საქმე არ არის, მაგრამ მთავარი მონდომებაა და იქნებ სპონსორიც გამოჩენილიყო...