ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა.
ფსალმუნნი უსაფრთხოებაა ჩვილთათვის.
ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა.
ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის.
ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია.
ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის
თანამოსაუბრეებად ჰყოფს.
ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით
იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა".
ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს. მათ ხოტბას ასხამენ ეკლესიის დიდი მნათობები - წმინდა ათანასე დიდი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური... "არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი", - ბრძანებს ბასილი კესარიელი.
უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს სძლია. წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელისა თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული.
"ფსალმუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაუწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებს ეკლესიებს" (წმინდა იოანე ოქროპირი).
ამიტომ ფსალმუნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში. წმინდა ეკლესია გვირჩევს, ერთი დღეც არ გავატაროთ ფსალმუნთა წაუკითხავად.
IV ს-ში 150 ფსალმუნი 20 კანონად დაიყო, რომლებიც, თავის მხრივ, სამ დიდებას ქმნის. მათი კითხვა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით - მიცვალებულთათვის, სნეულთათვის, ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის (შესაბამის ლოცვებთან ერთად). ხშირად მორწმუნენი გუნდად იკრიბებიან ტაძრებში და ფსალმუნებს კითხულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საგალობლები ნებისმიერ ჟამს შეგვიძლია წარმოვთქვათ, მაინც არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ფსალმუნები. მაგალითად, მიცვალებულთათვის სასურველია XVII კანონის კითხვა, სინანულის ჟამს - 50-ე ფსალმუნისა, ხილულ და უხილავ მტერთა დასაძლევად - 90-ისა, ღვთისადმი მადლიერებისა და ქების აღსავლენად - 134-ისა და 135-ისა (საზოგადოდ, იმ ფსალმუნებისა, რომელთაც სათაურად "ალილუია" აქვთ).
ფსალმუნები, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, მოძღვრის კურთხევის თანახმად უნდა ვიკითხოთ.
გვანცა გოგოლაძემ