ეშმაკი გამუდმებით ეძიებს მსხვერპლს მოკვდავთა შორის. მასთან საბრძოლველად ადამიანმა ღვთის მიერ ნაბოძები ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.
რა საშუალებებია ესენი?
პირველი - მაცხოვრის სახელის ხსენება
"იესოს სახელის ხსენებაზე ჯოჯოხეთი თრთის და კანკალებს, ბნელეთის თავადი იმალება. ეს სახელი უძლეველი იარაღია მის დასამარცხებლად", - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. "იესოს სახელით შეებრძოლე მტერს. ამაზე ძლიერ იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც მიწაზე... იესო ქრისტეს ხსენებაზე ეშმაკები ახლაც ძრწიან. ძალა მისი სახელისა ჩვენთა ცოდვათა გამო არ დამცრობილა", - გვმოძღვრავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ამბა ილია კი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ ბერთან, რომელიც საკერპეში ცხოვრობდა, ეშმაკები მივიდნენ და საცხოვრისის დატოვება მოსთხოვეს - ეს ჩვენი ადგილიაო. ბერმა იქიდან წასვლა არ მოისურვა. მაშინ ერთ-ერთმა ეშმაკმა ხელი წაავლო და ძალით გაგდება დაუპირა. გასასვლელს რომ მიუახლოვდნენ, ბერი კარს ჩაებღაუჭა და შესძახა: "იესო, შემეწიე!" ეშმაკები მყისვე გაქრნენ.
უნებლიეთ თვით ეშმაკნიც კი აღიარებენ, რომ ჯვრის გარდასახვა "კრავს მათ, ცეცხლივით წვავს და შორს განდევნის" (იხ. "კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრება" (ხსენება 8 ოქტომბერს); "ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება" (ხსენება 19 ნოემბერს)).
ერთხელ ღირს მამას სვიმეონ მესვეტეს ნათელი ანგელოზის სახით ბრწყინვალე ეტლზე ამხედრებული ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: "ისმინე, სვიმეონ! ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რათა ილიასავით ცად აღგიტაცო - შენ ეს დაიმსახურე". სვიმეონი ცალი ფეხით უკვე ეტლში იდგა, რომ, ჩვეულებისამებრ, პირჯვარი გარდაისახა და... ეშმაკი თვალის დახამხამებაში გაქრა.
პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ულევმა, მიუწვდომელმა, ღვთიურმა ძალამ რომ არ დაგვტოვოს, ამისთვის ჯვარს მხოლოდ ჩვევის გამო, დაუდევრად კი არ უნდა გამოვისახავდეთ, როგორც ხშირად ვიქცევით, არამედ სრულიად უნდა ვაცნობიერებდეთ წმინდა ჯვრის ძალასა და მნიშვნელობას, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე ვნებით გვიხსნა და პირჯვარი შიშით, სასოებითა და გულიდან მომავალი მტკიცე რწმენით გადავიწეროთ. "ჯვარი მარტო გარეგნულად კი არ უნდა გამოვისახოთ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - არამედ ჯერ გონებაში უნდა გამოვატაროთ მთელი რწმენით... მთელი მისი ძალის, მთელი საქმის მოგონებით".
"ვინც მარხულობს და ლოცულობს, - გვასწავლის იოანე ოქროპირი, - მას ქარზე მსუბუქი ორი ფრთა აქვს; ის ცეცხლზე სწრაფია და მიწაზე მაღალი. ასეთი ადამიანი ყველაზე უკეთ ებრძვის დემონებს. ვინაიდან არავინაა გულწრფელად მლოცველ და მმარხველ კაცზე ძლიერი", - წმინდა ბასილი კი წერს: "მარხვა საიმედო ზღუდეა სულისთვის, იარაღია მებრძოლთათვის. ის განდევნის ცდუნებებს".
წმინდა იუსტინიას ეშმაკი ხშირად ესხმოდა თავს, მაგრამ ვერ ამარცხებდა. ერთხელ ღირსი დედა ლოცვად იდგა. ამ დროს არაწმინდა სურვილების მოზღვავება იგრძნო. იუცხოვა ნეტარმა საკუთარი სულის ეს ცოდვიანი ძვრა და უწმინდური აზრებისა შერცხვა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს საცთური ეშმაკმა მოუვლინა. წმინდანმა მარხვა დაიწყო და უფალს საცთურის განდევნას შეევედრა. საბოლოოდ, ლოცვითა და მარხვით, წმინდა დედამ სძლია ბოროტს და განაგდო იგი.
ერთ მეუდაბნოეს ეშმაკი ნათელი ანგელოზის სახით წარუდგა და უთხრა: "მე გაბრიელი ვარ და უფალმა გამომგზავნა შენთან". მეუდაბნოემ თავმდაბლად მიუგო: "ხომ არ გეშლება, სხვასთან ხომ არ ხარ წარგზავნილი; მე, ცოდვილი, რა ღირსი ვარ ანგელოზთა ხილვისა". ამ სიტყვებისთანავე მაცდური გაქრა.
მორჩილება ბოროტ ძალებს ყველაზე მეტად სძულთ, ვინაიდან ქრისტიანს იგი იმ გზაზე აყენებს, რომელსაც ჩვენი მხსნელი და უფალი, ძე ღვთისა იესო ქრისტე ადგა.
მეორე მეუდაბნოეს ბოროტმა აბრაამივით შვილის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. განდეგილმა დემონი ღვთის მოციქულად მიიჩნია და აღასრულებდა კიდეც ამ საშინელ ბრძანებას, ყრმა ყველაფერს რომ არ მიმხვდარიყო და თავისთვის არ ეშველა.
სულთა გარჩევის ნიჭი ქრისტიანს სულიწმიდის მადლით ეძლევა. ის მხოლოდ მორჩილებით მოიხვეჭება. მაგრამ სანამ ამ ნიჭის მიღების ღირსნი გავხდებით, არ უნდა ვენდოთ საკუთარი გულისა და გონების კარნახს და ყველაფერს სულიერად გამოცდილ მოძღვარს დავეკითხოთ.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ქრისტიანს სხვა საჭურველიც სჭირდება. პირველ ყოვლისა, "ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებელთა დაშრეტად". ეს იმას ნიშნავს, გვქონდეს მტკიცე და ურყევი რწმენა ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტებისა, რწმენა, რომელიც უძლეველია, რადგან იგი ღვთის მიერ მოქმედებს და რომლითაც იძლევა ყოველი შინაგანი და გარეშე ცთუნება; მეორე - "ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა", ესე იგი, უნდა დავეუფლოთ სულის ხსნის ხელოვნებას, ვიყოთ ფრთხილნი, წინდახედულნი და შეუჩერებლად მივიწევდეთ წინ ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, რაიც მხოლოდ ხშირი აღსარებითა და ზიარებით მიიღწევა; და მესამე - "მახვილი იგი სულისა, რომელი არს სიტყვა ღმრთისა" (ეფეს. 6:11, 14-17). "ამ მახვილის ქონა იმას ნიშნავს, გახსოვდეს უფლის დარიგებები... და საჭიროებისას გულით წარმოთქვა ისინი ბოროტის შეგონებათა საწინააღმდეგოდ, - ამბობს ეპისკოპოსი თეოფანე, - ხმამაღლა იმეორეთ უფლის სიტყვები ყოველგვარი ვნების შემოტევის ჟამს". წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მტერს ყველაზე სწრაფად 67-ე ფსალმუნის ეს სიტყვები განაგდებს: "აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი". დემონები ელვის უსწრაფესად გაურბიან მათ, ვინც ამ სიტყვებს რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს. წმინდა ბასილი დიდი მოგვითხრობს, რომ როცა წმინდა მამები ეშმაკებს ეკითხებოდნენ, ყველაზე მეტად რომელი ლოცვისა გეშინიათო, ისინი მიუგებდნენ, რომ არაფერი იყო მათთვის უფრო საშინელი და ძრწოლის მომგვრელი, ვიდრე დავითის 67-ე ფსალმუნის დასაწყისი. და მართლაც, როგორც კი მამები ამ ფსალმუნის პირველ ფრაზას წარმოთქვამდნენ, მაცდური საშინელი კივილით გარბოდა.
აი, ჩვენი მტრის, ამა სოფლის მბრძანებლის წინააღმდეგ ბრძოლის შვიდი მთავარი საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა ჩვენგანს შეუძლია და არამცთუ შეუძლია, მოვალეცაა. "დაემორჩილეთ ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა და ივლტოდეს თქუენგან" (იაკ. 4:7).
ნიკოლოზ ლანჩავამ