ბაბუაჩემი ანტონი, ღრმად მორწმუნე იმერელი კაცი, მარხვას არ გატეხდა თურმე. ვანის რაიონის ერთ მთაგორიან სოფელში ცხოვრობდა. მშრომელი კაცი იყო, შეძლებული ოჯახი ჰქონია, მაგრამ ბოლშევიკებს გაუკულაკებიათ. ამის მერე ცოლ-შვილი ერთი წლით დაუტოვებია და ბათუმში წასულა - ბოლშევიკების ყურება აღარ შემიძლიაო. იქ ხის დამამუშავებელ ქარხანაში დაუწყია მუშაობა. იქვე პატარა ადგილი შეუძენია და პატარა სახლი ჩაუდგამს. შემდეგ ცოლ-შვილიც წამოუყვანია. იქ გაიზარდა მამაჩემიც. 9 შვილი ჰყავდა, მათგან - 21 შვილიშვილი. ამათგან 4 ქალია. მე ნაბოლარა შვილიშვილი ვარ და ანტონი დამარქვეს. შემთხვევით არაფერი ხდება. ესეც ღვთის განგება იყო.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ამბავი. 19 წლისა ვიყავი, როდესაც სიონში მაკურთხეს. ასეთი წესი იყო: ვისაც აკურთხებდნენ, ის ღამე იმ ტაძარში უნდა გაეთია. მეც დავრჩი სიონში. კარგა გვიან კარზე კაკუნი გაისმა. გავაღე და რას ვხედავ - უწმინდესი შემობრძანდა ლარნაკით ხელდამშვენებული. ზედ მწვანილმოყრილი შემწვარი კარტოფილი ელაგა - შენ მოგიმზადეო. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში და არასოდეს დამავიწყდება. პატრიარქმა თავისი კაბა და დავითნიც მაჩუქა. მითხრა: - ყველაფერი ღვთის განგებით ხდება. შემთხვევითობა არ არსებობსო. ეს სიტყვები ღრმად ჩამრჩა გონებაში. სასულიერო პირი რომ ხდება კაცი, ამაში, რა თქმა უნდა, ღვთის ხელი ურევია.
მღვდლობა, ერთი მხრივ, არის მოწოდება, მადლი და წყალობა, მეორე მხირივ კი ურთულესი ბრძოლა საკუთარ თავთან. მინახავს ადამიანები, რომლებიც ერისკაცობაში კეთილშობილური თვისებებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მღვდლობაში თითქოს დაუკარგავთ ეს თვისებები.
შემდეგ დაგვატყდა თავს ომი, გაჭირვება, სიღარიბე... იმ წლებში, თბილისის ომის შემდეგ, "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტმა მკითხა, - რა გაამთლიანებს ამ ჩვენს დაქსაქსულ ერსო და ვუპასუხე: - ერის გამთლიანება მაშინ მოხდება, როცა აშენდება გრანდიოზული ტაძარი-მეთქი. მართლაც, ღმერთმა ისმინა და უწმინდესის კურთხევით ცოტა ხნის შემდეგ აშენდა სამების ტაძარი, რომელიც მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთი ულამაზესი და უძვირფასესი ნაგებობაა. ის არის სწორედ ჩვენი ერის გამთლიანების სათავე.
...ისევ იმ ავადსახსენებელ წლებს დავუბრუნდები. ომის შემდეგ საწვავი აღარ იშოვებოდა და ჯვრის მონასტერში ვეღარ ავდიოდი. პატრიარქმა - იქნებ წირვა-ლოცვის ჩატარება მაინც მოახერხოო. რაც შემეძლო, თუკი რამ შინ ოქროულობა მებადა, ყველაფერი საკომისიო მაღაზიაში მივიტანე გასაყიდად. სანაცვლოდ საწვავს ვყიდულობდი და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ავდიოდი. საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ შეგვიწყვეტია ტაძარში. ჩემს ოჯახს ყველა სახსარი ამოეწურა, მეტისმეტად გაგვიჭირდა, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა ღვთის შემწეობისა და მოწყალებისა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ გაჭირდებოდა ცხოვრება, ჯვრის მონასტერში ასე თუ ისე კარგი შემოსავალი გვქონდა. ყოველი თვის ბოლოს ან სამ კვირაში ერთხელ საავადმყოფოებში დავდიოდი. რაც თანხა გამაჩნდა, ავადმყოფებს ვურიგებდი. ამიტომ, როცა გაჭირვების წლები დადგა, არ შემშინებია - ღმერთი ყოვლისმხილველია და არ მიმატოვებს-მეთქი.
საშინელი დრო იყო - ქურდობა, განუკითხაობა. ვეღარავინ ამოდიოდა ჯვრის მონასტერში. თუკი ვინმე ჩემი ახლობელი ამოვიდოდა, მანქანებს სტაცებდნენ. მე კი მაინც ვერ მიბედავდნენ. მაშინ იყო, ყოფილი პიონერთა ბანაკი თავისი შემოგარენით (ტბით და ა.შ.) საპატრიარქოს რომ გადავეცით. დღეს იქ ეკლესიაა აშენებული. სამხედროები ცდილობდნენ ამ ტერიტორიის ჩამორთმევას. ერთხელ ტანკებითაც კი მოგვადგნენ, შეიარაღებულები იყვნენ. მათ ვუთხარი: "მე დავიცავ ჩემს ქვეყანას, სადაც მე ვარ, თქვენ კი გადადით იქ, სადაც სამხედრო ტერიტორია იყო-მეთქი". შემომთავაზეს: "შენზე გვითხრეს, ძალიან ძლიერიაო (მე სპორტსმენი გახლდით, ბავშვობაში ვჭიდაობდი და კარატეში ვვარჯიშობდი). მოდი, შევეჯიბროთ ხელის გადაწევაში, თუ მოგვიგებ, ახლავე დავტოვებთ აქაურობასო". ამ ხალხს რომ შევხედე, ისეთი ახმახები და ნავარჯიშები იყვნენ, ერთი პირობა ვიფიქრე, ამათთან რას გავხდები-მეთქი, მაგრამ შევეჯიბრე. შეიძლება წასვლა კიდევაც უნდოდათ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც გავიმარჯვე.
უფრო აგრესიულებიც ამოდიოდნენ და მემუქრებოდნენ, თუ აქაურობას არ დატოვებ, მოგკლავთო. მაგრამ მე უკან არ დამიხევია - ეს იყო ეკლესიის მიწა-წყალი და არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ-მეთქი. ასე რომ, სანამ შეგვეძლო, იქ ვიყავით.
მერე ამ ტაძარში გადმომიყვანეს. მოსვლის დღიდანვე შენებას შევუდექი - რომ გადმოვედი, წირვისას სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. ღვთის წყალობით და მრევლის თანადგომით ყველაფერი გაკეთდა. შეძლებისდაგვარად ვალამაზებთ ტაძარს, მალე ეზოში ქვაფენილს დავაგებთ. ამ უბანში ხშირად ხდებოდა დანაშაულობები, მკვლელობები, ახლა კი საგრძნობლად შემცირდა. მინდა სამრევლო სკოლა ავაშენო, ამ უბანში 10-20 ბავშვიც რომ აღიზარდოს მორწმუნე, მერე ისინი გავლენ უბანში და თავის ტოლ-ამხანაგებსა და ახლობლებს ეტყვიან, რომ უნდა ვიყოთ ახლოს ღმერთთან და არა ეშმაკთან. მერე სხვებიც მიბაძავენ. ასე გამრავლდება სიკეთე და უფლის მადლი. აქ რომ გადმოვედი, 10-15 კაცი თუ შემოდიოდა ტაძარში, ახლა კი სავსეა. ხალხსა და სამღვდელოებას შორის ურთიერთობა გათბა. ეს დიდი მადლია.
ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ რბილი ვარ. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ვცდილობ, მკაცრად და მრისხანედ კი არ მივუთითო ადამიანს თავის შეცოდებაზე, არამედ სითბოთი და სიყვარულით. მოძღვარს მწყემსს ადარებს ხშირად უფალი. სამწყსო კი მრევლია. მწყემსმა შეიძლება ჯოხით გადენოს ცხვარი საძოვარზე, მაგრამ ადამიანი ხომ განსხვავდება ცხვრისგან. ვცდილობ, ვასწავლო ჩემს სამწყსოს, თუ სად არის ეს საძოვარი. ეს ადგილი კი ეკლესია - უფლის სახლი გახლავთ. ჩემი აზრით, ამის გაკეთება სითბოთი და სიყვარულით უფრო შეიძლება. თითოეულ ადამიანს თავისი მოთხოვნისა და შესაძლებლობის მიხედვით უნდა მისცე ის, რაც მას სჭირდება.
რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ მრევლი გაიზარდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება. ქართველი ხალხი უფრო ღრმად შედის სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ღრმავდება მათი რელიგიური თვითშეგნება. 10-15 წლის წინ უმრავლესობამ არც იცოდა, რა იყო საერთოდ მარხვა, როდის იწყებოდა ის და როდის მთავრდებოდა. დღესდღეობით კი რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. უკვე ყველამ ყველაფერი იცის. უმრავლესობა ცდილობს ეკლესიურად ცხოვრებას. პირველ რიგში ეს უწმინდესის უდიდესი დამსახურებაა. ღრმად მწამს, თუ ამ გზით იარა ქართველმა ერმა, აუცილებლად გადავრჩებით.
ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ჟურნალ "კარიბჭეს", რომელიც, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა დღევანდელ მედიასივრცეში. ღმერთმა დაგლოცოთ, ბევრი კარგი საქმე გაკეთებინოთ!