- ჩემი წინაპრები უბისელი აბაშიძეები იყვნენ. ერთხანს უბისის ტაძარი აბაშიძეთა საგვარეულო ეკლესია იყო და, ბუნებრივია, აქ არის მათი საძვალეც. მამაჩემი ხარაგაულიდან გახლდათ. იგი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა (11 ძმა და ორი და ჰყავდა). კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი) ჩვენი ნათესავი და კარის მეზობელი გახლდათ. და-ძმები კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ხელით არიან მონათლულნი. იგი ხშირად გვსტუმრობდა.
მე ზესტაფონში გავიზარდე. სარწმუნოებისადმი მოწიწება ჩემი ოჯახისთვის უცხო არ იყო. რელიგიურ რიტუალებს უმეტესწილად დედაჩემი ასრულებდა. ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდა საკურთხის ხელუხლებელი სუფრა (სანამ სანთელი არ ჩაიწვებოდა, ბავშვებს გვიკრძალავდნენ სუფრასთან შეხებას). ეს აკრძალვა ჩემში რატომღაც შიშს და მოწიწებას იწვევდა. დედაჩემს ხშირად დავყავდი ტაძარში, მაგრამ ჩემი რწმენა მაშინ ჯერ კიდევ ზოგადი და აბსტრაქტული იყო.
თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთხანს სკოლაში ვასწავლიდი ხატვას, თან ვმუშაობდი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მხატვარ-გამფორმებლად.
კომუნისტურ დღესასწაულებზე მავალებდნენ პლაკატების დახატვას. ეს იყო 1983 წელს. საშვიდნოემბროდ უნდა დამეხატა ლენინის 6-7-მეტრიანი პორტრეტი ქალაქის ცენტრში გამოსაკრავად. ხატვა დავიწყე თუ არა, მზემ დამარტყა და გონი დავკარგე. იმხანად ზესტაფონში, თაბუკაშვილის ქუჩაზე პატარა სამლოცველო სახლი იყო, სადაც გალობდა ჩემი ნაცნობი, მაშინ მორჩილი მამა ზაქარია ფერაძე (ახლა იგი კვიპროსშია მოძღვრად). მამა ზაქარიამ მითხრა: დიდ ცოდვას სჩადი, რადგან ხატავ ადამიანს, რომელმაც მართლმადიდებელ სარწმუნოებას ავნოო და მირჩია, ეკლესიაში მევლო. მგალობელი აკლდათ ტაძარში. მე კი კარგი სმენა მქონდა, თანაც რამდენიმე საგალობელი, მათ შორის "შენ ხარ ვენახი", უკვე ვიცოდი. ამიტომ გალობა არ გამჭირვებია. სამლოცველოში სანთელი დავანთე და ღმერთს აღვუთქვი, რომ აღარასოდეს დავხატავდი მსგავს სურათებს. მაგრამ სწორედ იმ დროს ერთდროულად სკოლამ, პიონერთა სახლმა და ქარხანამ სამი პლაკატის დახატვა დამავალა. უნდა გამეფორმებინა კომკავშირის გადიდებული ნიშანი (ცეცხლში ჩახატული ლენინის თავი). დამეწყო ბრძოლა. შემოთავაზებული თანხა საკმაოდ სოლიდური იყო... დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც გადავჭიმე ტილო და დავიწყე ხატვისთვის მზადება. შემოვიდა მეზობლის ბავშვი (იგი შემდგომ მე მოვნათლე) და მითხრა (მან ჩემი განცდების შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა), - წინა ღამით სიზმარში გნახე. რაღაცას ხატავდი. ამ დროს მოვიდა სამონაზვნოსამოსიანი ქალი, რომლის მსგავსიც მანამდე მხოლოდ ფრესკებზე მინახავს. ქალმა გითხრა, - კობა, რამ გაგამათხოვრა, რას ხატავო. შენ მისთვის ყურადღება არ მიგიქცევია და ხატვა გააგრძელეო. ასეთი შეგონება სამჯერ გამეორდა თურმე. მე კი ჯიუტად ჩემსას არ ვიშლიდი. მერე აღარ დაუძალებია და წასულა. ამის გაგონებაზე, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. სიზმარმა ჩემზე ძლიერ იმოქმედა. გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა. თუმცა სამსახურში ამის გამო უსიამოვნება შემხვდა. ვფიქრობ, ის ქალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, რომელიც მუდამ რაღაც ნიშნებით მიმითითებდა შეცდომებზე. ამის შემდეგ დავიწყე ეკლესიაში სიარული.
ჭეშმარიტი სარწმუნოების უკეთ შესაცნობად ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. შემდეგ გავხდი თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მრევლის წევრი. ვგალობდი ამავე ტაძარში. მამა არჩილისგან ვისწავლე სარწმუნოების ანბანი, როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ჭეშმარიტი სჯული და სცეს თაყვანი ღმერთს. სემინარიაში სწავლის პერიოდში ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი მღვდლობაზე. უკვე დაოჯახებული გახლდით, ქალიშვილიც მყავდა. ცოდნის გასაღრმავებლად გადავწყვიტე, სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა. პირველი ბიძგი სარწმუნოების გზაზე მამა ზაქარიამ მომცა. მირჩია, ეპისკოპოსს ვხლებოდი და მორჩილის კაბა ჩამეცვა. როდესაც იპოდიაკვნის სამოსით შემმოსეს, მეგონა, ჩემი ოჯახის წევრები ამ ამბავს სიხარულით შეხვდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ამის მიუხედავად, ვცდილობ, რომ ღირსეულად ვატარო ის უღელი, რომელიც ღმერთმა დამაკისრა. 1995 წელს მღვდლად დამასხა ხელი მარგვეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კონსტანტინე მელიქიძემ და დავინიშნე ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ზესტაფონში პატარა ტაძარი ააშენა ზაგორსკის სასულიერო აკადემიადამთავრებულმა კეთილშობილმა ადამიანმა, ის უწმინდესის თანაკურსელი გახლდათ და მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახური. სწორედ მან ჩამაბარა ეს ტაძარი მოსავლელად. მაშინ ის ფარული ტაძარი იყო, წმინდა სამების სახელობისა. სწორედ აქ ვმოღვაწეობდი მეც. შემდეგ, როდესაც მეუფე დანიელი ბრძანდებოდა ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი, გავხდი დეკანოზი. მისივე კურთხევით გადავედი ფეროშენადნობთა ქარხანასთან არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში. შემდეგ ვიყავი ქალაქ ზესტაფონის მთავარხუცესი. თბილისში უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით გადმოვედი და უკვე რვა თვეა, სამების საკათედრო ტაძარში ვმსახურობ.
შემდეგ ხატების წერა დავიწყე. შევქმენი არაერთი ხატი. საეკლესიო ჭედურობითაც ვარ დაკავებული. ჩემი მოჭედილია ბალდახინი, რომელზეც ყოვლადწმინდა სამების ხატია დაბრძანებული.
როდესაც მოძღვარი ხდები, თავიდან აღფრთოვანებული ხარ, ვერ აცნობიერებ, რამხელა ტვირთი გადევს მხრებზე. მერე და მერე ეს ჯვარი მძიმდება. რა თქმა უნდა, თუ მოძღვარი ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გზას ადგას, ღვთის ნებითა და შეწევნით ეს ტვირთი უმსუბუქდება. თავადაც გაოცებული ვრჩებოდი, ხანდახან უჭმელი, ღამენათევი მთელი დღე ვიდექი ტაძარში, უამრავ აღსარებას ვიღებდი და არ ვიღლებოდი. ცხადია, უფლის შეწევნით ვახერხებდი თუნდაც ამდენი აღსარების მიღებას, ამდენი ცოდვის მოსმენას... ზოგიერთი ცოდვა გაგონილიც კი არ მქონდა. შეუძლებელი იყო, მღვდლობის მადლის გარეშე ეს ყველაფერი მეტვირთა და ამეტანა ან თუნდაც სიყვარულით შემეხედა იმ ადამიანისთვის, ვინც ასეთ მძიმე ცოდვებს აღიარებდა ჩემთან. უთუოდ მღვდლობის მადლი მაძლიერებდა და შემეწეოდა.
ოჯახშიც შემხვდა წინააღმდეგობა - მშობლები მეუბნებოდნენ, - მორწმუნე იყავი, მაგრამ აუცილებელი არ არის, მღვდელი გახდეო. მეუღლისთვისაც მძიმე აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი მოწოდება იყო მღვდლობა და უკან აღარ დავიხიე. ჩემი ქალიშვილები უკვე სტუდენტები არიან. უფროსი ქუთაისის კონსერვატორიაში სწავლობს, უმცროსი კი - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. ბაბუაც გავხდი.
გამოცდილება ბევრს ნიშნავს მოძღვრისთვის. სწორედ გამოცდილების წყალობით შევძელი, სხვადასხვა სექტაში მყოფი ადამიანები მომეყვანა ეკლესიამდე. გამოცდილებამ მიმახვედრა, რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა მეთქვა მათთვის სათქმელი ისე, რომ არ დამებრკოლებინა. თავიდანვე მხილებით როდი ვიწყებდი საუბარს, არამედ უპირველესად ყურადღებას ვამახვილებდი იმაზე, რაც საერთო გვქონდა. შემდეგ ვუსვამდი ისეთ კითხვებს, რაც მათთვის დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო. წმინდა მამები ამბობენ, რომ სექტანტებს უნდა ვესაუბროთ სიყვარულით, როგორც ავადმყოფს ექიმი, ისე უნდა მოეპყრას მოძღვარი თითოეულ გზასაცდენილს, რადგან ყველაში არის ღვთიური საწყისი.
დავლოცავ "კარიბჭის" მკითხველებსა და თანამშრომლებს. ღმერთმა ქნას, მკითხველი ჭეშმარიტი სჯულისა და სასუფევლის კარიბჭემდე მიგეყვანოთ.