მე-3 კლასში ვიყავი, მამაჩემს მანქანით ავარია მოუხდა და მის გვერდით მჯდომი ადამიანი დაიღუპა. დააპატიმრეს. დამთავრდა ჩვენთვის გერმანულიც, ცეკვაც, ფეხბურთიც... ცურვა კი არა, რადგან 149-ე საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი, ბატონი სოსო მაისურაძე (დღევანდელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წყალბურთში) ოთხი წელი წყალბურთში ფაქტობრივად უსასყიდლოდ მავარჯიშებდა თბილისის განათლების სამინისტროს გუნდ "ტონოში". დიდი მადლობელი ვარ მისი.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, ვერ მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში. ამან ძალიან გაახარა მამაჩემი, რომელიც საიმდროოდ ციხიდან გამოვიდა და დაჟინებით მთხოვდა, მესწავლა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მე უარზე ვიყავი. თავისი გაიტანა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაშინდელ რექტორს, მიტროპოლიტ გაიოზს შემახვედრა. მიტროპოლიტის ბინაში დამეუფლა პირველი დადებითი განწყობა სამღვდელოების მიმართ. სახლი სავსე იყო წიგნებით, არადა გვასწავლიდნენ, მღვდლები გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ხეპრე ადამიანები არიანო. მიტროპოლიტი დიდად განათლებული და ნაკითხი ადამიანი იყო, ძალიან მომეწონა. ჩანს, მასაც მოვეწონე. მკითხა, ნარკომანი ხომ არ ხარ ან მილიციასთან ხომ არ გაქვს პრობლემებიო. არა-მეთქი. ხვალვე მცხეთაში ჩამოხვალ, მიღებული ხარ I კურსზეო. ასე მოულოდნელად გავხდი სემინარისტი. მეორე დღეს, 1 ნოემბერს მამაჩემმა ჩამიყვანა მცხეთაში და დამტოვა სამთავროში, სადაც მოთავსებული იყო სასულიერო სემინარია. იქ პანსიონში უნდა მეცხოვრა. ვიფიქრე, ერთ-ორ კვირაში შინ დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ისეთ რამეებს ვიგებდი, რომ მივხვდი, ამას სხვაგან ვერსად ვისწავლიდი. სემინარიის ბიბლიოთეკაში წიგნებს დავეწაფე და ნელ-ნელა ჩემში შემოვიდა მტკიცე სარწმუნოება, სასოება, სიყვარული ღვთისა და დედაეკლესიისა.
პირველი აღსარება, პირველი ზიარება მცხეთის სვეტიცხოველში არქიმანდრიტ პართენ აფციაურისგან მივიღე. შემდეგ ჩემი მოძღვარი გახლდათ დეკანოზი ანტონი (დღევანდელი წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე), რომელთანაც ორი წელი ვიყავი წმინდა მამა დავითის ეკლესიაში, მთაწმინდაზე, სადაც ყოველ შაბათ საღამოს და კვირა დილით ვატარებდით წირვა-ლოცვას. მე იქ ვიყავი მნათეც, მგალობელიც და მედავითნეც. ხშირად, განსაკუთრებით ზამთარში, წირვას სულ სამი კაცი დავსწრებივართ: მამა ანტონი, როგორც მღვდელმსახური, მე, როგორც მედავითნე და მგალობელი, და ქალბატონი თამარი - ეკლესიის თავმჯდომარე და სანთლის გამყიდველი. 1980 წლის მაისში სემინარია წარჩინებით დავამთავრე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სწავლა გავაგრძელე ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში.
ილია II-ის აღსაყდრების ცერემონიაზე, 1977 წლის 25 დეკემბერს სტუდენტებს დაგვირიგეს მოსაწვევები. ძალიან გვიხაროდა. ქვეშეცნეულად ვგრძნობდით, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. შემდეგ ცოტა ხანს ვხვდებოდი მას, როგორც სტიქაროსანი, სიონის საკათედრო ტაძარში. უწმინდესი და უნეტარესი ილია II დიდ ყურადღებას იჩენდა მცხეთის სემინარიის მიმართ, ხშირად ჩამოდიოდა, განსაკუთრებით გამოცდების დროს.
მეორე დასამახსოვრებელი ფაქტი იყო, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში 1988 წლის აგვისტოში. ამ პერიოდში საბჭოთა მთავრობის წარომადგენლები უკვე აღარ ერიდებოდნენ სასულიერო პირებთან ურთიერთობას. მოგზაურობა დავიწყეთ ბორჯომის ხეობიდან, მოვიარეთ ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბოგდანოვკის (დღევანდელი ნინოწმინდის), ახალქალაქის რაიონები. ეს იყო საინტერესო, გულთბილი და დაუვიწყარი შეხვედრები, ხალხის და ხელისუფლების გამოცოცხლების დასაწყისი.
ერთი კვირის შემდეგ, 16 აპრილს, კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა მღვდლად მაკურთხა. დარწმუნებული ვარ, ჩემი კურთხევა რომ არ დამთხვეოდა ამ ავბედით 9 აპრილს, დღეს მე მამა ვლადიმერის სახელით ვიქნებოდი ცნობილი. მაგრამ ყველაფერი ღვთის განგებით ხდება. მე ვგრძნობ წმინდა დიდმოწამე გიორგის შემწეობას...
1990 წლის მარტის ბოლოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ბრძანებით დავინიშნე წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულენოვან ტაძარში, სადაც დღემდე ვმსახურობ.
მღვდელი საიდუმლოებებს პირადად თავისთვის კი არ ატარებს, არამედ მრევლისთვის, რომელთა შესრულების დროსაც მორწმუნე ქრისტიანებს მისგან უხილავად გადაეცემათ მადლი ღვთისა.
წმინდა მამა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "ყოველი, რომელიც გახდა მღვდელი, უნდა ემსახუროს მხოლოდ საკურთხეველს და მსხვერპლშეწირვას, ასრულებდეს ლოცვებსა და პარაკლისებს. არ უნდა ტოვებდეს ეკლესიას ქვეყნიური, მიწიერი საქმეებისთვის. დღისით თუ ღამით უნდა შრომობდეს ზეციური და სულიერი საქმეებისთვის".
წმინდა ამბროსი მედიოლანელის აზრით, მღვდელმსახური უნდა იყოს ბრძენი, სამართლიანი, მხნე, თავშეკავებული, არ უნდა მოიხიბლოს ქვეყნიერი სიამოვნებებით, უნდა ახასიათებდეს ის ზნეობრივი ღირსებები, რომლებსაც ითხოვს მოციქული პავლე (1 ტიმ. 3). მისი სათნოება და ზნეობა იმდენად თვალშისაცემი უნდა იყოს, რომ ყოველმა მისმა შემხედვარემ იწამოს და ადიდოს შემოქმედი ღმერთი, რომელსაც თავის ვენახში ასეთი მუშაკი ჰყავს.
ახალი აღთქმა იესო ქრისტეს წარმოგვიდგენს, როგორც ცხვართა მწყემსს (ებრ. 13,20), მწყემსმთავარს (1 პეტ. 5,4). იოანეს სახარებაში ეკლესია ცოცხლობს ერთი მწყემსის ხელმძღვანელობით (10,1-16). ქადაგება ერთი კეთილი მწყემსის შესახებ - ეს არის ეკლესიის დასაწყისი. მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მოციქულებმა მიიღეს მოძღვრობის ქარიზმა. მათ მოვალეობად იქცა სიფხიზლე და ზრუნვა ეკლესიასა და მრევლზე. შემდგომში მათ ეს მოვალეობა ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს გადასცეს.
მღვდლის განწყობა და მზადყოფნა ლოცვისთვის - ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პირობა, რათა მოძღვარმა მოიპოვოს სულიერი ავტორიტეტი მრევლის წინაშე. ასამაღლებლებისა და კვერექსების წარმოთქმისას მოძღვრის ხმაში უნდა იგრძნობოდეს წრფელი ლოცვის სული, ლოცვის მადლი კი მხოლოდ თავმდაბლობითა და მორჩილებით მიიღწევა. ჭეშმარიტი მოძღვარი უნდა იყოს არა მარტო მლოცველი, არამედ ლოცვის მასწავლებელი. ამისთვის კი მან სინანულისკენ უნდა მოუწოდოს მრევლს, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტი, გულწრფელი სინანული გვაძლევს საშუალებას, მივეახლოთ ღმერთს და ვიქონიოთ მასთან ცოცხალი ლოცვისმიერი კავშირი. წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამბობს: "თქვენი ლოცვა უნდა იყოს გაჟღენთილი სინანულის გრძნობით, გოდებასა და ტირილთან შეერთებული, - და ხიბლი ვერასოდეს იმოქმედებს თქვენზე". მოძღვარი უნდა ასწავლიდეს მრევლს, რომ ადგილი, სადაც იბადება ლოცვა, არის ადამიანის გული. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "იპოვე საკუთარი გულის კარი და დარწმუნდები, რომ ეს არის კარი ზეციური სასუფევლისა".
სასულიერო განათლების მიღება მოძღვრისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ ეზიარები სხვის ცოდვებს და წმინდად შეინახე თავი" (1 ტიმ. 5,22), ხანდახან გაიგონებთ, მომზადება ანუ ხანგრძლივი სწავლა სასულიერო სასწავლებლებში ხელს უშლის ღვთისმოსაობას, სიწმინდეს, მორჩილებას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ჯობია ისწავლო, ვინემ ასწავლო სწავლის გარეშე, ამიტომ ასწავლო, როცა თვითონ არ ხარ განსწავლული, არის დიდი უგუნურება და თავხედობა... ერთია მწყემსო ცხვრები და ხარები და მეორეა, მართო ადამიანის სულები". ერთი სიტყვით, მარტო ეკლესიურობა და ღვთისმოსაობა არ არის საკმარისი. საჭიროა დიდი თეორიული მომზადება.
ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნეებიდან დედამიწაზე მის ერთგულ შვილებს მიეცათ სიცოცხლის ორი გზა: წმინდა ქრისტიანული ქორწინება და წმინდა ქრისტიანული უბიწოება. ბერული გზა, კერძოდ, ნებაყოფლობითი უარის თქმა ქორწინებაზე, უმანკოება ღვთის სასუფევლის გამო, არის განსაკუთრებული მადლიანი საჩუქარი ზეციური მამისა ზოგიერთი გამორჩეული ადამიანისთვის, რათა ისინი მთელი გულით მხოლოდ ერთ ღმერთს მიეცნენ. ორივე გზა არის მშვენიერი, მაგრამ ღვთის უხილავი მადლის თანადგომის გარეშე შეუძლებელი. თითოეულისთვის საუკეთესოა ის, რაც უფრო ესადაგება მის პირად მოწოდებას, მის პირად ქარიზმას. ქორწინების ანუ გვირგვინობის საიდუმლოში იკურთხება ერთიანობა მამაკაცისა და დედაკაცისა ერთობლივ სიყვარულში და ეძლევათ მათ კურთხევა ბავშვების გაჩენისა. მეუღლეთა კავშირი, ანუ ოჯახი სახეა ერთობლივი სიყვარულისა ქრისტესი და ეკლესიისა, ამიტომ სიცოცხლის სრული ერთიანობა ქმრისა და ცოლისა არის პირველი ნაბიჯი საყოველთაო ერთობისა ღმერთთან. ამიტომაც ოჯახს ხშირად ეძახიან "პატარა ეკლესიას". წმინდა იოანე ოქროპირი მეუღლეთა ერთობლივ სიყვარულს საიდუმლოს ეძახის. გვირგვინობის საიდუმლო, ისევე, როგორც ევქარისტიული კავშირი, გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, ამიტომ საერთო ეკლესიური და საქორწინო ერთიანობა სამუდამოდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. როგორც კანას ქორწილში იყვნენ უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ასევე ეკლესიაშიც და ყველა ქრისტიანულ ოჯახშიც ისინი მუდამ უხილავად იმყოფებიან.
მღვდლობის მსურველმა უნდა იცოდეს იმ კანონიერი მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც სასულიერო დისციპლინა უყენებს მის მომავალ მეუღლეს. მომავალმა მღვდელმა არ შეიძლება იქორწინოს სხვა სჯულის ქალბატონზე (IV მსოფლიო საეკლესიო კრება, მე-14 წესი); მისი ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს მართლმადიდებელი (კართაგენის კრების 45-ე წესი); მისი შვილები არ უნდა დაქორწინდნენ არაეკლესიურ და ურწმუნო ადამიანებზე (ლაოდიკიის კრების მე-10 წესი, კართაგენის კრების 30-ე წესი); მომავალი მღვდლის საცოლემ, ისევე როგორც თვითონ მან, უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება ჯვრისწერამდე, ის არ შეიძლება იყოს ქვრივი, განქორწინებული ან მეძავი (მოციქულთა მე-18 კანონი, VI მსოფლიო საეკლესიო კრების მე-3 წესი); მღვდლის მეუღლეს მოეთხოვება განსაკუთრებული ტაქტი და მოთმინება. მღვდელი სულიერად არ ეკუთვნის ცოლს, სამაგიეროდ, ამ მხრივ ის ღრმად არის დაკავშირებული თავის აღმსარებელთან. მრევლი თანდათან დგება მღვდელსა და მის მეუღლეს შორის, ეს არის ფოფოდიასთვის მისი გულისხმიერების, სულიერი ტაქტის, სულიერი სიმაღლის მთავარი გამოცდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოძღვრის მოვალეობები არ ათავისუფლებს მას ოჯახის უფროსის თანამდებობისგან, რათა მოსიყვარულე მეუღლესთან ერთად იზრუნოს ოჯახის კეთილმოწყობასა და კეთილდღეობისთვის, შვილების აღზრდისთვის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად.
მღვდელმა და მისმა მეუღლემ უნდა იცხოვრონ ფორმულით: "იცხოვრე ისე, თითქოს უნდა მოკვდე დღეს, და ამავე დროს ისე, თითქოს შენ იყო უკვდავი... იმუშავე ისე, თითქოს ისტორია არასდროს დამთავრდება, ამავე დროს ისე, თითქოს ის ახლა მთავრდება".
ეკლესიაში მორჩილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნათქვამია, მორჩილება უფრო მეტია, ვიდრე მარხვა და ლოცვაო. ჩვენი საეკლესიო იერარქიის ლოცვა-კურთხევის შესრულება ბრძანების ტოლფასია.
ჩემს სულიერ შვილებს მინდა ჰქონდეთ ჯანისა და სულის სიმრთელე, არასოდეს გაჰქრობოდეთ სურვილი ლოცვისა, ხშირად იარონ ეკლესიაში, ხოლო როდესაც ამას ვერ მოახერხებენ, ილოცონ შინ, რადგან ღმერთი ჩვენს ლოცვას ყველგან ისმენს; დაე, მათი რწმენის მიხედვით უფალმა მიაგოს მათ წყალობა და კეთილდღეობა ყოველთვის, როდესაც ისინი ლოცვას არ დაიზარებენ.
მოძღვრის სიტყვას კი დიდი წონა და ძალა აქვს.
ჩვენს ირგვლივ ბევრია გაუტანლობა, უმადურობა, ღვარძლი და უსიყვარულობა. მოძღვარს შეუძლია ბავშვი ჩამოაშოროს ეზოს, უსაქმურობას. მაგრამ ეკლესიამდე ბავშვი ან მშობელმა უნდა მოიყვანოს, ან სკოლამ. სამწუხაროდ, დღეს სკოლების უმრავლესობაში აღარ ისწავლება რელიგია, ხოლო სადაც ისწავლება, იქაც მხოლოდ მე-5-6 კლასებში. განათლების სამინისტრომ უამრავი ახალი საგანი შეიტანა სკოლებში, რელიგია კი ისტორიის სახელმძღვანელოში მოაქცია.
თქვენი ჟურნალის არსებობა, უეჭველია, სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ერის სულიერი აღდგომისა და ამაღლების დიდ საქმეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!