ვიგრძენი, რომ ამ საუნჯეს უვლის ხელი და თვალი საოცრად გამრჯე, თავდაუზოგავი, უანგარო, თავაზიანი და მშვენიერი სულის ადამიანისა. აქვე შევხვდი ამ ადამიანს - დეკანოზ რევაზ ოთარაშვილს, რომელიც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლავთ.
სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უცხოეთში გაგზავნეს. იქიდან რომ დაბრუნდა, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ არ დაუმთავრებია. მისი თქმით, იქ სწავლა მაინცდამაინც არ იზიდავდა. 1982-83 წლებში სიონში რესტავრაცია მიმდინარეობდა. მუშად მოეწყო. პარალელურად დიდუბის ეკლესიაში მსახურობდა დარაჯად.
პირველი გზის გამკვალავი სულიერების გზაზე მისი მოძღვარი - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი გახლდათ, რომლის ნიჭიერებას, სულიერებას, მამაშვილური ურთიერთობისა და თანადგომის უნარს განსაკუთრებით აფასებს. სწორედ მამა არჩილის სულიერი ხელმძღვანელობით დაიწყო ეკლესიური ცხოვრება: მარხვა, ლიტურგიაზე დასწრება, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მონაწილეობა.
1983-85 წლებში დიდუბის ეკლესიაში მსახურობდა მნათედ, სტიქაროსნად, შემდეგ მამა არჩილმა რეკომენდაცია მისცა სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად, რომელიც იმ დროს მცხეთაში მდებარეობდა (მამა რევაზის თქმით, ამაში მისი ძმის, დიდუბის ეკლესიის მოძღვრის მამა მოსეს ლოცვასაც მიუძღვის წვლილი).
1988 წელს სასულიერო სემინარიამ თბილისში გადმოინაცვლა.
III კურსის სტუდენტი რომ გახდა (იმხანად სასწავლო კურსი სამწლიანი იყო), უწმინდესმა იხმო. ოჯახი იმ დროს უკვე ჰქონდა. მისი მეუღლე, იამზე ქანთარია, მამა არჩილის სულიერი შვილი, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მგალობელი გახლდათ.
იხმო უწმინდესმა და დიაკვნად აკურთხა, ხოლო შემდეგ, იმავე წლის 12 აპრილს, მღვდლად დაასხა ხელი. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე ამაღლებული და შთამბეჭდავი წუთები. "უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ახლაც ამასვე ვგრძნობ. მინდა, ღვთის ნებით, ქრისტეს უღელში შებმით მსუბუქად გადავიტანო ყველა განსაცდელი, - ამბობს მამა რევაზი, - უფლის უღელი ხომ, როგორც თვითონვე გვასწავლის, ტკბილია, ხოლო ტვირთი მისი - მსუბუქი".
მამა რევაზი და მისი მეუღლე პირველად რომ მოვიდნენ აქ, ტაძარს ხის კარი ება. იატაკი ფიცრისა ეგო. აგურით ნაგები შენობა შეულესავი გახლდათ. ობობებს ყველგან უზარმაზარი ქსელები გაებათ. მოსახლეობას საკურთხეველი საცეკვაო არენად ექცია... კარი რომ შეაღეს, შემზარავი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ. ვის არ უნახავს დანგრეული, მოუვლელი ტაძარი, მაგრამ განსაკუთრებით სავალალო იყო მისი ასეთ უპატიო მდგომარეობაში ხილვა. "აქედან იწყება ჩემი მოღვაწეობა", - ამბობს მამა რევაზი. იგი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. იმხანად არსებულ მერაბ კოსტავას საზოგადოებას სთხოვა, ტაძრის თუნუქით გადახურვაში დახმარებოდა - ჭერი ფიცრისა იყო და წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა. ტაძარი თუნუქით გადახურეს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ისევ ჩამოჟონა წყალმა... კიდევ ორჯერ მოუხდათ მისი გადახურვა. მადლობა უფალს, გულისხმიერი ადამიანებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მამა რევაზს ერთგულად ედგა გვერდით, მისი მრევლის წევრი ზურაბ ძიძიკაშვილი გახლდათ.
ჭერის გადახურვის შემდეგ საკურთხევლის გაწმენდა დაიწყეს. ტრაპეზი მიწით იყო დაფარული. გაასუფთავეს და აწ განსვენებული მიტროპოლიტის, მეუფე კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით მარმარილოთი ამოაშენეს. იატაკად ხის მაგიერ ბაზალტი დააგეს. ყველაფერი გაკეთდა, რათა ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება შესაძლებელი გამხდარიყო.
მამა რევაზი ფაქტობრივად მარტო უძღვებოდა საქმეს, რადგან მრევლი იმხანად კანტიკუნტად დადიოდა ტაძარში. უფლის წყალობითა და შეწევნით, ნელ-ნელა სძლევდა დაბრკოლებებს, დიდხანს ფიქრობდა, არქიტექტორებთან ათანხმებდა, როგორ სჯობდა ამა თუ იმ დეტალის გაკეთება. შემდეგ ტაძარი შელესეს. ხის ბოძები აიღეს და მათ ნაცვლად რკინისა ჩაყარეს. 1991 წლის 26 იანვარს კი ეკლესიაში თავად უწმინდესი მობრძანდა. მას მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც მოჰყვა. უწმინდესს ტაძარი ძალიან მოსწონებია. ეს მამა რევაზისა და მისი მრევლისთვის ენით გამოუთქმელი სიხარული იყო.
მას შემდეგ 15 წელი გავიდა. დღეს ტაძარი მოხატულიც არის და კეთილმოწყობილიც. უწმინდესიც ყოველწლიურად მობრძანდება ხოლმე და ლოცავს მას. აშენდა სატრაპეზო, სამრეკლო. ზარი საბერძნეთიდან ჩამოაბრძანეს. ის ეკლესიას ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა შესწირა.
მამა რევაზი მადლიერია ყველასი, ვინც ტაძარს შეეწევა და ზრუნავს, რომ ეკლესია და მისი შემოგარენი კიდევ უფრო გალამაზდეს.
ასეთი თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის მამა რევაზი უწმინდესმა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
მრევლთან მამა რევაზს საოცრად თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება აქვს. პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ღრმად არის გამჯდარი მის არსებაში, ავალებს, მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს. მიიჩნევს, რომ მოძღვარი უნდა იყოს მშვიდი, თავმდაბალი, მიმტევებელი, მოსიყვარულე. საოცრად მოწესრიგებულია და ამასვე მოითხოვს მრევლისგან, მაგრამ შენიშვნას მკაცრი ტონით არავის მისცემს - ამას სიყვარულით აკეთებს, ჩუმად, თავმდაბლურად, სურვილით, მიახვედროს, რა არის მათთვის უმჯობესი. მრევლთან ასეთი სათუთი ურთიერთობა მისი საოცრად მგრძნობიარე და ფაქიზი ბუნებიდან მომდინარეობს. "ვინმეს მკაცრად მხილებას და გამოაშკარავებას ვერიდები - გული ეტკინება. უფალი თუ მწყალობს და მპატიობს, მე რატომ არ უნდა მივუტევო სხვას, ჩემს მრევლსა თუ მოყვასს?" - ამბობს წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი.
არამცთუ ნაცნობები, ისინიც კი, ვინც ოდესმე მაინც შეხვედრია მამა რევაზს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის საოცრად თავმდაბალი და უანგარო ადამიანია. მნიშვნელობა არა აქვს, ნაცნობია თუ უცნობი - ყველას გულისხმიერად ეკიდება და უანგაროდ ემსახურება. უმთავრეს მიზნად სწორედ ღვთის, ეკლესიისა და მრევლის უანგარო მსახურებას მიიჩნევს. მართალია, როგორც სახარება ბრძანებს, "მუშაკი ღირსია სასყიდლისა თვისისა", მაგრამ მამა რევაზი სასყიდელს არასოდეს ითხოვს. "ამაზე საუბრისა ბავშვობიდანვე მრცხვენოდაო", - ამბობს მოკრძალებით. თუ ვინმეს სურს, საკუთარი ნებით შეეწიოს ეკლესიას, იქვეა შემოწირულობათა ყუთი. შეგროვილი თანხა ისევ და ისევ ტაძრის გამშვენებას ხმარდება (მომავალში მამა რევაზს ბაზალტის ქვით მოპირკეთებული იატაკის დაგებაც აქვს განზრახული, რისთვისაც უწმინდესისგან უკვე მიიღო ლოცვა-კურთხევა).
თანხას ქველმოქმედებისთვისაც იყენებენ. მოგეხსენებათ, როგორ უჭირს დღეს ქართველ ხალხს. "უფალი მოწყალეა და ჩვენც მოწყალენი უნდა ვიყოთო", - ამბობს მამა რევაზი, რომელსაც საოცრად შესტკივა გული თითოეული გაჭირვებულის გამო. "გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ ზოგიერთს პურის ფულიც არა აქვს. ბავშვები იჩაგრებიან. მოხუცებულებს სცივათ, შიათ. არაერთხელ მითქვამს მათთვის და დღესაც ვეუბნები: "ნუ გერიდებათ, მოდით, მთხოვეთ-მეთქი". ვერ შევპირდები, რომ ყველა პრობლემას მოვუგვარებ, მაგრამ რისი ძალაც შემწევს, დავეხმარები", - ამბობს მამა რევაზი და სჯერა, რომ ღვთის მადლით ესეც მოგვარდება.
ყოველთვის მზად არის, მრევლის თითოეულ წევრს გულდასმით ესაუბროს, მოუსმინოს. "ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ და მინდა, ყველასი ყველაფერი ვიცოდე. მაინტერესებს, რა უჭირთ, რა ულხინთ, რა შემთხვევიათ", - გვეუბნება მამა რევაზი.
ტაძარში კიდევ ერთი მღვდელმსახურია - მამა მალხაზ ყიფიანი. ის და მამა რევაზი ძმური სიყვარულით მსახურობენ.
"ვინც ჩემთან არ აგროვებს, იგი განაბნევსო", - უფალი ბრძანებს... როდესაც ადამიანი ღვთისთვის არ იხარჯება, მისი ცხოვრება ფუჭია, ამაო. იგი უფლის, ეკლესიის მოწინააღმდეგე ხდება. ადამიანის სული ხშირი აღსარებითა და ზიარებით განიწმინდება. როდესაც აღსარებაში ჩამოვთვლით ჩვენს ცოდვებს და ვინანიებთ, რა თქმა უნდა, ისინი უმალვე არ აღმოიფხვრება ჩვენი არსებიდან, მაგრამ უფლის მადლითა და ჩვენი მონდომებით, ავი განზრახვები იქნება თუ ჩვევები, დროთა განმავლობაში გვტოვებს. ასე კვდება ძველი ადამიანი და იბადება ახალი.
მზით განათებული ტაძრის ეზო გახალისებულმა დავტოვე და დაღმართს დავუყევი. დიდხანს მომაცილებდა ეზოში დარგული კვიპაროსების მზერა.