ერთი წლის თავზე ის აქვეყნებს ნაშრომს "დიანეტიკა - სულიერი სიჯანსაღის თანამედროვე მეცნიერება", ხოლო 1954 წ. ამკვიდრებს საკუთარ საინტოლოგიურ ეკლესიას, რომელშიც ერთმანეთს ფსიქოანალიზი, ბუდიზმი და ზოგიერთი სხვა მიმართულების ელემენტები ერწყმის. ეს მიმდინარეობა მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა რელიგიად, რომ აშშ-ში რელიგიური ორგანიზაციები არ იხდიდნენ გადასახადებს. თავიდანვე საინტოლოგია საკმაოდ სარფიან ბიზნესად იქცა. ყოველი ახალი წევრი განწმენდისა და თანაზიარების ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასვლისას პროგრესულად მზარდ გადასახადს იხდიდა. ამ ქმედებების შედეგად სექტის ზოგიერთ მიმდევართა ფსიქიკურმა აშლილობამ და სახელმწიფო სტრუქტურების არქივებში არსებულმა მასალებმა ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დაპატიმრების საფუძველი შექმნა. სექტის იდეოლოგია საკუთარ მიმდევრებს სულიერი და ფიზიკური პრობლემებიდან სრულ გათავისუფლებას პირდება. თავად ჰაბარდი სიცოცხლის ბოლომდე ვერ გათავისუფლდა ნიკოტინური და ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან (დღეში 80 ცალ სიგარეტს ეწეოდა) და დევნის მანიით იყო შეპყრობილი. დოკუმენტურად დადასტურებულია მისი გატაცება შავი მაგიით.
საინტოლოგები ცდილობენ სახელმწიფო მმართველობის აპარატის, პრესტიჟული სასწავლებლებისა და მსხვილი საწარმო დაწესებულებების მმართველობის ხელში ჩაგდებას. მასთან მებრძოლი ადამიანების გასანადგურებლად საინტოლოგები იყენებენ სხვადასხვა ბინძურ მეთოდებს, მათ შორის: ცრუ ჩვენებას, დევნას, დამამცირებელი ინფორმაციების შეგროვება-გავრცელებას, დასმენას და ა.შ. ცნობილია, საინტოლოგების რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის: "ნარკონონი" (ნარკომანების სარეაბილიტაციო ცენტრი), "კრიმინონი" (პატიმართა სარეაბილიტაციო ცენტრი), "ჰაბარდ-კოლეჯები" და ა.შ.
საინტოლოგიური პრაქტიკის ფსიქიკისათვის დამანგრეველი შედეგებისაგან განკურნება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბევრ ქვეყანაში ეს სექტა აკრძალულია. საინტოლოგების ტოტალური სექტა აღიარებულია საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მავნე, დესტრუქციულ სექტად.
ახალი კულტების უმრავლესობის ძირითადი მიზანია ახალბედა წევრების მოზიდვა, რომელიც სექტის ხელმძღვანელთა გაძლიერებასა და გამდიდრებას ემსახურება. სამწუხაროდ, ხშირად სექტაში გაწევრება ადამიანების პირად ტრაგედიად და ცხოვრებისეულ კატასტროფად იქცევა ხოლმე. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ადამიანები ვალდებულნი არიან, გულისყურით ჩაეძიონ ამგვარ სექტებში გაერთიანების პირველ მიზეზს და მაქსიმალურად დაიცვან თავი ახალი არატრადიციული კულტებისაგან.