- გზა არ იყო. სინათლე დღემდე არ გვაქვს, ვის არ მივმართეთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ზამთრობით 5-6 კომლი ვრჩებით, თითო ოჯახში ორი კაცი, ძალიან გვიჭირს ცხოვრება. ჩვენს სოფელში დედათა მონასტერი რომ არ იყოს, ალბათ გზას არავინ გაგვიკეთებდა. სოფლის სახელი საიდან მოდის? ჩვენი წინაპრებისგან მსმენია, წინათ აქ ბერებს უცხოვრიათო.
ბევრეთში ძირითადად ცხოვრობენ გოგიაშვილები, შუღლიაშვილები, თვაურები, ერთი ოჯახია უტარაშვილებისა.
სოფელს გარშემო ესაზღვრება ლომისას მთა. ლომისას სალოცავიდან წამოუღია აქური სოფლის მკვიდრს ქვის ნატეხი და დაუდგამს ბევრეთის მთაზე, ამიტომაც დაერქვა ლომისას მთა. ვიდრე ბევრეთამდე ამოხვალთ, არის წმიდა გიორგის ეკლესია. ეგეც დანგრეული იყო და ლისელმა კაცმა აღადგინა. სოფელში ნატაძრალია. ძალიან გვინდა მისი აღდგენა. მადლობა ღმერთს, რომ სოფელში დედათა მონასტერია და ყველანაირად გვერდით გვიდგას გაჭირვების დროს...
საქონელი გვყავს, რძის ნაწარმს ქალაქში ვყიდით, ამით ვსულდგმულობთ. არც ერთს პენსია არ გვაქვს, ასაკი არ დაგვდგომია ჯერ. ვნატრობ, რომ ჩვენი სოფელი იყოს განათებული. ბევრეთში დარჩენილებიც რომ წავიდნენ აქედან, სოფელი დაიცლება, კიდევ ჩვენ ვიჭერთ ამ სოფელს.

სავანის საცხოვრებელი შენობა იკურთხა 2004 წლის 14 (27) ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების მეორე დღეს. მონასტერს განაგებს იღუმენია, რომლის სრულ მორჩილებაშიც იმყოფებიან დები. სავანე მისდევს მონასტრული ცხოვრების ზოგადცხოვრებულთა (კინოვიურ) წესს. სავანეში დროის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება, და ამაზეა აგებული სავანის მთელი ტიპიკონი - მონასტრის საეკლესიო და ყოფითი ცხოვრება. სავანეს აქვს ხატწერის, მინანქრის, თექისა და ქარგვის სახელოსნოები. ღვთისმოყვარე ადამიანების შემოწირულობების გარდა, მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა ხატწერა, მინანქარი, თექა, ქარგვა და საგამომცემლო საქმე. ითარგმნება სასულიერო ლიტერატურა. ძველ ხელნაწერთა მიხედვით სწორდება საღვთისმეტყველო წიგნები. სავანეში არის ფურნე, აცხობენ პურს აღდგომის სასწაულებრივი საფუვრით.
საცხოვრებელი ნაგებობის არქიტექტურა მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მასში გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათა და ასევე სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხესიმაგრეების დეტალები (რაც დაკვირვებული თვალისა და არქიტექტურაში თუნდაც მცირედ გათვითცნობიერებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება). ასევე გათვალისწინებულია ათონის წმინდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიისა და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტითა და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისთვის ყველაზე შესაფერისია.
სავანის საღვთისმსახურო ტიპიკონი მწუხრით იწყება და შედგება მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნებისა და ლიტურგიისგან. ყოველდღიურად აღესრულება ლიტურგია, პარაკლისი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დებს აქვთ ლოცვის პირადი კანონი, რომელსაც სენაკებში აღასრულებენ. სავანე ლოცულობს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ყოველი მართლმადიდებელი სულისთვის, მართლმადიდებლობით შესვენებულთათვის, სამშობლოსათვის, შემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის.
- დედებს ძალიან უყვართ წმინდა თეკლა. ვიდრე მონასტერში მოვიდოდნენ, ლოცულობდნენ წმინდა თეკლას სახელზე, რათა დახმარებოდა ადგილის მოძებნაში და ერთად შესძლებოდათ მონასტრული ცხოვრება. იოანე ნათლისმცემელთან არის დაკავშირებული ჩემი საეკლესიო ცხოვრება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამ ხეობის შემოსასვლელში, ყველაზე მაღალი ნათლისმცემლის მთის ფერდობზე დავაფუძნეთ იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი. მონასტერში სულ ხუთნი ვცხოვრობთ - ორი ბერი და სამი მორჩილი.
- მამაო, რას გვეტყვით ბერმონაზვნური ცხოვრების შესახებ?
- ადამიანის სურვილიდან გამომდინარეობს ამ გზაზე შედგომა. ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის შექმნა, თავისი სიხარული რომ გაენაწილებინა მისთვის. რა სიხარულიც თვითონ გააჩნია ღმერთს, სურს, რომ ის გაუნაწილოს ყველას. ადამიანს უნდა უხაროდეს, სადაც ცხოვრობს, რასაც აკეთებს, ვისთვისაც აკეთებს, ყველაფერი უნდა უხაროდეს. ასე რომ, მიდიან ადამიანები მონასტრებში, ბევრ რამეს იკლებენ ამქვეყნიური ცხოვრებისაგან. მაგრამ მონასტერში ცხოვრება ვისაც სურს და უხარია, მისთვის დანაკლისი არაა. მონასტერში უფრო მეტის გაკეთების საშუალება ეძლევა, უფრო თავისუფალია მისი გონება და გული, რომ სარგებელი მოუტანოს საკუთარ თავს და სხვასაც. მისი გონება არ არის დაკავებული სხვა საზრუნავით.
- როგორ უნდა მიაღწიოს მონაზონმა სრულყოფილებას?
- სრულყოფილება არის ღმერთი. სრულყოფილება არის სასიარულო კიბე, რომელზეც მიემართება ადამიანი. ეს არის განწმენდის, ვნებებისგან გულის განწმენდის გზა. ადამიანს აქვს ვნებები, რომლისგანაც აღმოცენდებიან ცოდვები - დიდების სიყვარული, პატივის, სიმდიდრის სიყვარული, სხვადასხვაგვარი სიამოვნების სიყვარული, შიში საკუთარ სხეულზე ("რამე არ მომივიდეს") და უნდობლობა ღვთისა. ყველამ საკუთარ თავში უნდა მოიძიოს ეს. ამ ვნებებს ჰქვია ამაო სოფელი. ადამიანი შეიძლება ტყეში ცხოვრობდეს, მაგრამ თუ ამ ვნებებს არ მოიშორებს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობს სოფელში, ანუ სახლში, ერში და ამაოებითა და საკუთარ თავზე მზრუნველობით არის დაკავებული. მისგან უნდა განიწმინდოს კაცი. ეს არის ამაოება და არა ფიზიკური ადგილმდებარეობა. თავის გულში რასაც ხედავს შეუფერებელს ღვთისთვის, პატიებას ითხოვს ამისთვის და კვლავ ახლიდან იწყებს ღვთისაკენ სწრაფვას. სიმდაბლისა და სინანულის გამო ღმერთი ადამიანს აძლევს მადლს და ასე ნელ-ნელა საღვთო მადლით განიწმინდება მისი გული.Aადამიანმა რაც არ უნდა აკეთოს, საკუთარ თავს ვერ განწმენდს, მაგრამ თუკი ეცდება, რომ მოიძიოს თავის თავში ცოდვა, სხვა არ განიკითხოს, მხოლოდ საკუთარი თავი და შენდობა ითხოვოს ღვთისაგან, მაშინ საღვთო მადლით მოხდება ცვლილება ადამიანის გულისა და მისი ვნებებისაგან განწმენდა. ეს არის სრულყოფილების გზაზე სვლა, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რომ თვითონ ადამიანი ამას ვერ გრძნობს. ადამიანი რაც უფრო ახლოს მიდის ღმერთთან, უფრო მეტად ხედავს, რა დიდია ღმერთი და უფრო უღირსად მიაჩნია თავი. ძნელია იმის თქმა, თუ რა არის სრულყოფილება, ვინც მოინდობა ეს - ღვთისკენ სვლა, წავიდა მონასტერში, მაგრამ ვინც ერში ცხოვრობს, მათაც იგივე მოეთხოვებათ, ანუ ვნებებთან ბრძოლა, განწმენდა და სრულყოფილებისკენ სვლა. განსხვავება არ არის მათ შორის, უბრალოდ, იმათ აქვთ აუცილებელი ვალდებულება, რომ უამრავ ყოფით საზრუნავში იტრიალონ, რადგან ჰყავთ ოჯახი, ადამიანები, ვისზეც მუდამ უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ და თავისი მოვალეობა შეასრულონ ღვთის წინაშე, რაც ევალებათ როგორც მშობლებს, დას, ძმას, მეუღლეს, შვილს და ასე შემდეგ. ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა საკუთარი თავისთვის იცხოვროს მხოლოდ. რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა არის უმჯობესი, სასარგებლო, როგორია ღვთის მცნება, ამის გამოძიებით, ანუ გონივრულად უნდა იცხოვროს ადამიანმა, არა სურვილის, არამედ განსჯის მიხედვით. მცნებებით ცხოვრება ერის ადამიანს და მონაზონს, ყველას ერთნაირად მოეთხოვება. ცხოვრების წესია სხვადასხვა, თორემ მოთხოვნა ღვთისაგან ერთნაირია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ჯვარცმის გზაზე. მონაზვნობა არის ქრისტესთან ერთად ჯვარცმა. უბრალოდ, ერში მყოფი ადამიანები, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ტყუვდებიან, ეშმაკი ატყუებს და ფიქრობენ, რომ მათ არ მოეთხოვებათ ბევრი რამ, რაც სახარებაში წერია. გულგრილობა დაეუფლათ ადამიანებს და ფიქრობენ, რომ სხვა რამ მოეთხოვება ერის ადამიანს და სხვა - მონასტერში მცხოვრებს. სახარებაში რაც მცნებები წერია, მონაზვნებისთვისაც არის და ერისთვისაც. სახარებაში არც ერთი ადგილი არ არის, რომ ეწეროს, ეს მონაზვნებმა შეასრულონ და ეს - ერის ადამიანებმაო. მაცხოვარი ამბობს, სრულყოფილება თუ გინდა, მაშინ გაყიდე ყველაფერი, დაურიგე გლახაკებს და მე შემომიდექიო. ამას ერის კაცი ვერ გააკეთებს. ღმერთი ერის ხალხისგან არ მოითხოვს, აუცილებლად გაყიდოს ყველამ ყველაფერი, შეუდგეს ქრისტეს და გახდეს მონაზონი, მაგრამ მცნებების დაცვას მოითხოვს და მას გულში უნდა ჰქონდეს ასეთი განწყობა - თუ ღმერთი მოსთხოვს, ყოველივე დათმოს.
- მამაო, რა არის თანამედროვეობის სენი?
- ადამიანებს სურთ, რომ უფრო და უფრო გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. საჭიროა, ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ, მაგრამ მუდმივად მეტის მოპოვებით რომ იყოს კაცის გონება დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ სულიერისთვის ნაკლებად ზრუნავს. ეს პრაგმატიზმია თანამედროვეობის სენი. ადამიანი დაკავებულია ამქვეყნიური საგნების შეძენით, ფიქრობს, მეტად კომფორტული გახდეს მისი ცხოვრება. ეს ყველაფერი უკვე თავად ადამიანზე ბატონობს. ადამიანი კი აღარ მართავს ამას, არამედ ის მართავს. სულზე ზრუნვაში ხელს უშლის. მონასტერში ასე არ არის. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ამას ყურადღება სჭირდება. მონასტერში არის უპოვარების წესი, ანუ მონაზვნებს რაც აქვთ, მათი არ არის. მათ თავისი პირადი არაფერი გააჩნიათ, ყველაფერი საერთოა, მონასტრისაა. მონაზონმა ყველანაირი კომფორტი დათმო და არა აქვს იმის განცდა, რაიმე ნივთი დაკარგოს, თუმცა ყველაფერს, როგორც ღვთისას, ისე უფრთხილდება. სურვილი არ აქვს, რაიმეს მიაღწიოს, არც იმის შიში - ვინმემ სიმდიდრე წაართვას. მის სულში სიმშვიდეა. ადამიანი, რომელიც სულ იმის ძიებაშია, როგორმე გაიუმჯობესოს ცხოვრება, უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვოს და უკეთესს მიაღწიოს, სულ განცდებშია და მუდმივად დაძაბულია. ვერ იცლის ღმერთზე საფიქრალად.
ღმერთმა დაგლოცოთ. მოგვიხსენეთ ლოცვებში.