ყვარელი კრძალვით სახსენებელი ადგილია ქართველთათვის, რამეთუ აქ დაიბადა ჭავჭავაძეანთ დიდებული გვარის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, "ერის მამად" წოდებული, წმინდა ილია მართლად შერაცხული ილია ჭავჭავაძე.
ყვარელი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა განფენილი. ტერიტორიის ნახევარზე ცოტა მეტი მთიანია, დანარჩენი - დაბლობი. რაიონში ოცი სოფელია: შილდა, ახალსოფელი, გავაზი, ჭიკაანი, ენისელი, გრემი, საბუე, თივი, მთისძირი, ბალღოჯიანი, სარუსო, თხილისწყარო, გრძელჭალა, შაქრიანი, კუჭატანი, წიწკანაანთსერი, ოქტომბერი, სანავარდო, ალმატი, ჩანტლისყურე.
ყვარლის დაარსებისა და წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონებია მისი შემოგარენი, განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული - "ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო", - უბრძანებია. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
თუ ხალხურ გადმოცემას დავუჯერებთ: "ყვარელი გაშენებულია წინანდელ ნატბავარშია, ირგვლივ ლამაზი გორები, დურუჯი უდგას თავშია".
ისტორიულად დადასტურებულია, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან. ამ ნასოფლარის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი თიანეთის რაიონში. ყვარლიდან ჩამოსახლებულთ ყვარელები შეარქვეს. სახელწოდებაც აქედან წარმოდგება - ყვარელები. შემდგომში მას "ებ" ნაწილაკი ჩამოშორდა და დარჩა ყვარელი.
ამ მოსაზრებას იზიარებს ვაჟა-ფშაველაც: "თავდაპირველად მშობელი დედა და აკვანი მთისა ბარი იყო. დროთა ვითარებისა, ისტორიული მიზეზებისა გამო მთასაც ბევრჯერ ხვდა დედობა და აკვნობა გაეწია ბარისთვის. ჩვენ ვიცით კახეთში, სხვათა შორის, ბარისათვის ორი სოფელი, დამამტკიცებელი ჩვენი აზრისა - სოფელი ფშაველი და ყვარელი".
თელავიდან, გურჯაანიდან, ლაგოდეხიდან დაძრული გზატკეცილები მდინარე ბურსისა და დურუჯის გადაკვეთაზე სწორედ ყვარლის კართან ერთდებიან და სათავეს უდებენ გამზირს, რომელიც ილიას სახელს ატარებს. ყვარელში ყველაფერი ილიათი სუნთქავს. ყველაზე დიდი - პირველი საშუალო სკოლა მისი სახელობისაა, აქ არის კულტურისა და დასვენების ადგილი - ილიას გორა, საიდანაც მთელ ქალაქს გადმოჰყურებს მწერლის მონუმენტური ძეგლი, არის მისი სახელობის მოედანი, სახელმწიფო მუზეუმი, ჭავჭავაძიანთ კარის ეკლესია.
გულგრილი არც ყვარლის მაშინდელი ინტელიგენცია დარჩენილა - XX საუკუნის დასაწყისში სწორედ ყვარლის ახალგაზრდობის ინიციატივით გაიხსნა ყვარლის კოშკში პირველი სამკითხველო. იური ჭავჭავაძის (დაღესტნის გენერალ-გუბერნატორის, დიდი ნიკო ჭავჭავაძის ძმისშვილი) მეუღლე ელენე როსტომაშვილი ამ სამკითხველოს გახსნას ასე იგონებს: "მოვკრიფეთ ერთმანეთში შემოწირულობა და შევუდექით ილიას კოშკის შელამაზებას. ძალიან იყო ჩამონგრეული, შევალესინეთ, გავუკეთეთ შუშაბანდი - ყოველ 20 ივლისს ილიას ეზოში ვმართავდით ილიაობას".
1938 წლის 2 მაისს, გიორგი ლეონიძის ინიციატივით, საძირკველი ჩაეყარა ილიას სახლ-მუზეუმს, რომელიც 1943 წლიდან სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთდა.
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავის იუბილესთვის ყვარელში აშენდა საექსპოზიციო დარბაზი და აღდგა ილიას კარ-მიდამო მემორიალური სახით.
საკმაოდ გრძელი გამზირი დურუჯის ხეობასთან თავდება, დამბების ძირში. ეს ის დამბებია, ილიას თაოსნობით რომ აიგო საუკუნის დასაწყისში დურუჯის ღვარცოფისგან ყვარლის დასაცავად. შეშინებულმა ყვარლელებმა ილიას მიაკითხეს საშველად. მან ყველა ღონე იხმარა, სახელმწიფო საბჭოზეც დააყენა საკითხი, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო - მდინარეზე აიგო დამბები, რომელსაც ყვარლელები ილიას დამბებს უწოდებენ.
ყვარელს, სადაც მრავალი საგვარეულო კარის ეკლესიაა, სამრევლო ტაძარი არ ჰქონდა. ხალხმა გადაწყვიტა, შენაწირებით აეგოთ ამგვარი ტაძარი. როდესაც ნიკო ჭავჭავაძემ გაიგო ყვარლელთა ეს განზრახვა, სურვილი მოუწონა, საგანგებოდ ჩამოვიდა ყვარელში, გლეხები ბეგარა-შეწირულობისაგან გაათავისუფლა და თავისი ხარჯით თავის ეზოში ააშენა სამრევლო ტაძარი და შეამკო ძვირფასი ჭაღითა და ხატებით.
აი, რას წერს ამის შესახებ იური ჭავჭავაძის მეუღლე ელენე მოგონებებში: "ეკლესია მართლაც სამაგალითო იყო, განათებული დიდი ჭაღით, რომელშიც ასზე მეტი კელაპტარი ენთო და შუშის მძივები ელვარებდა. იატაკი ჰქონდა კაფელისა, კანკელი და თვით არქიტექტურა - ნამდვილი ქართული სტილის. ხატები ისეთი კარგი იყო, რომ არ გვინდოდა წმინდანებისათვის თვალი მოგვეშორებინა. ბევრი იყო შევერცხლილი, ძველებური და ახალი, მოსკოვიდან გამოწერილი ან შემოწირული".
ეკლესიის კურთხევის დღეს დიდ ნიკოს ხალხისათვის მიუმართავს: "მე მხედარი კაცი ვარ, სად მომიწევს სიკვდილი, არავინ იცის, სხვა ქვეყნის სამიწედ ნუ გამხდით, ამა ჩემს აშენებულ ტაძარში დაასვენეთ ჩემი ძვლები".
1988 წლის 2 აგვისტოს, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აქ განახლდა ღვთისმსახურება.
ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ჭავჭავაძიანთ საგვარეულო საძვალეცაა. თანახმად ანდერძისა, აქ განისვენებს მისი ამშენებელი, ნიკო ჭავჭავაძე-უფროსი. ტაძარში დაკრძალულნი არიან აგრეთვე მიხეილ ჭავჭავაძე, უმცროსი ნიკო ჭავჭავაძე, ყვარლის აღორძინებისათვის მაშვრალი - იური ჭავჭავაძე, მიხეილ და მარიამ ჭავჭავაძეები, ამ ეკლესიის აღმდგენელი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე და მამამისი, აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე.
ციხის კედლების შიგნით ბილიკებია. ერთ დროს ამ ნაგებობას გარს უვლიდა მეორე გალავანი და არხი, რისი კვალიც დღეს ქალაქის მჭიდრო განაშენიანებაში აღარ ჩანს.
ტაძრის ჩრდილოეთ კედლიდან გადმოდიოდა სასწაულმოქმედი წყალი "ღვთისმშობლის ცრემლები", რომელსაც კურნების მადლი ჰქონდა. ქვესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სამონასტრო კოლმპლექსის დიდი ნაწილი აუფეთქებიათ, რის შედეგადაც სასწაულთმოქმედი წყალი დამშრალა.
2000 წლის 4 დეკემბერს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი.
მონასტრის მთავარი სიწმინდეა წმინდანთა უხრწნელი ნაწილები: წმინდა პირველმოწამე სტეფანე პირველდიაკონისა, წმინდა დიდმოწამე პროკოფისა, წმინდა მოწამე ტრიფონისა, წმინდა პირველმოწამე თეკლასი, ღირსი ილარიონ დიდისა, ღირსი ეფრონია პოლოცკელისა, ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ თოთხმეტი ათას ყრმათაგანისა და დუბის ღვთისმშობლის ხატი.

მონასტერში ფუნქციონირებს ჭრა-კერვის, ქარგვისა და ძველი წიგნების სარესტავრაციო სახელოსნოები. დები ქსოვენ სკვნილებს, აცხობენ ეპარქიისთვის სეფისკვერს. დედათა მონასტერს აქვს დამხმარე მეურნეობა - ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი.
2006 წელს დუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარს ჩაუტარდა ნაწილობრივი რესტავრაცია ბატონ იოანე სამხარაულის დახმარებით. დუბის მონასტრის დობა მდუმარე, დაუშრეტელი მოსაგრეობით ცხოვრობს მონასტერში. მონასტრის წინამძღვარია მონაზონი თეკლა (კანანაძე).
ნეკრესის ჭალა - ნეკრესის მონასტრის შემოგარენში მდებარეობს. აქვეა "სასახლის წყაროდ" წოდებული წყაროც.
ფატმასურის წყარო - გადმოდის კლდიდან. არის ძალზე სუფთა და გემრიელი. ბუნებრივ სიგრილეს ინარჩუნებს ზაფხულის ხვატშიც კი.
უკუღმა წყარო - ნეკრესის ჭალაშია. აქ ყველა წყარო სამხრეთისკენ ან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიედინება, ის კი რატომღაც ჩრდილოეთით მიდის, შემდეგ დასავლეთისკენ უხვევს და კუს წყაროში ჩაედინება. ამიტომ ჰქვია ეს სახელი.
დედოფლის წყაროც ნეკრესის ჭალის ანსამბლში შედის. გადმოცემით, ამ წაყროსთან დასვენება უყვარდა ლევან მეფის მეუღლეს - თინათინს და წყაროს სახელწოდებაც აქედან მოდის.
კუს წყარო ყვარელ-თელავის გზატკეცილიდან 4-5 კმ-ზეა. ის საკმაოდ წყალუხვია. კუს წყარო ჰქვია იმიტომ, რომ ამ მიდამოებში ერთი მკურნალი დედაკაცი აგროვებდა კუს კვერცხებს და წარმატებით იყენებდა სიმსივნეების სამკურნალოდ.
მიმინოს წყარო - ყვარლიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით არის. ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილებში - დოლოჭოპის ტყეში ერთ-ერთი კახელი უფლისწული ნადირობდა. ხელზე, წესისამებრ, გაწვრთნილი მიმინო ესვა. უფლისწულს წყალი მოსწყურდა და მისთვის ამ მდინარის წყლით ავსებული თასი მიუწოდებიათ. ის-ის იყო, უნდა დასწაფებოდა წყალს, რომ მიმინოს ფრთა გაუკრავს თასისთვის და დაუღვრია. სასმისი ხელმეორედ შეუვსიათ, მაგრამ ფრინველს იგივე გაუმეორებია. გაბრაზებულ უფლისწულს მიმინო მოუკლავს. თურმე, უფლისწულს წყლით სავსე თასი ისევ მიაწოდეს. გონიერ ვეზირს ურჩევია, ჯერ ძაღლს დავალევინოთო. ცხოველი იქვე მომკვდარა. უფლისწულის მხლებლებმა წყაროს სათავე დაათვალიერეს და ნახეს, რომ იქ ვეებერთელა გველი იწვა და შხამს ანთხევდა. უფლისწულმა ბრძანა, სათავე დაეხურათ და კარგა ხანს, სანამ დაიწმინდებოდა, წყალს არავინ მიჰკარებოდა. მიმინოს კი იქვე სამარე გაუთხარეს და დამარხეს. წყაროს მას მერე მიმინოს წყარო ეწოდა.
ეს წყალსატევი მთაგორებზე 200 მეტრით მაღლა მდებარეობს. ამიტომ აქ ყოველთვის სასიამოვნო, სუფთა ჰაერი და ანკარა წყალია.
ყვარლის ზღვაზე ელექტროსადგურია აგებული.
დურუჯის ზღვა - მის სიახლოვეს ცნობილი ქინძმარაულის ზვრებია გადაჭიმული. ყოველ ზაფხულს ჩამოდგებოდა სიცხე და გაუჭირდებოდა შვილივით ნაზარდ ვაზს. საბედნიეროდ, მოუფიქრებია ვიღაცას - დურუჯს წყალი წავართვათ, ხელოვნური წყალსაცავი გავაკეთოთ და პრობლემაც გადაიჭრებაო. მოიძებნა მდინარესთან ახლოს დიდი ყურე - ლაფნიანი. გაწმინდეს, გააფართოეს და მიუშვეს დურუჯის წყალი. დღეს ზღვის სიგრძე - 800, სიგანე კი 400 მეტრია, მოცულობა - 32 ჰა. წყალსაცავმა მოაგვარა რაიონის მოსახლეობის ნაკვეთების სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა.
მიწისქვეშა მარანს უნიკალურს უწოდებენ. კლდეში გამოჭრილი ეს მართლაც საოცარი ნაგებობა ორი, თითოეული ნახევარი კილომეტრი სიგრძის პარალელური გვირაბისგან შეგდება. აქ ერთდროულად სამ მილიონამდე დეკალიტრი ღვინო შიძლება დაძველდეს. ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობაა მარნის სადეგუსტაციო დარბაზი. ფართო კომფორტული დარბაზის ფუნდამენტი კლდის ტინებზეა დაყრდნობილი. ლამაზ, მსუბუქ ინტერიერს საინტერესო მხატვრული ნამუშევრები ამშვენებს ცნობილი კახური სტუმარმასპინძლობის თემაზე.
მთას, რომელშიც მარანია გამოჭრილი, წინკლდეებს უწოდებენ. იგი ზღვის დონიდან 640 მ სიმაღლეზეა, რაც, ბუნებრივია, ღვინის დაძველებისთვის საჭირო დაბალ ტემპერატურას უზრუნველყოფს. წინკლდეების მარნით აღფრთოვანებულ ცნობილ ფრანგ სპეციალისტს პიერ ლერუას დაუჩოქია და ისე მთხვევია იმ მიწას, თან უნატრია, როცა მოვკვდები, ნეტავ ამ მიწას მიმაბარაო.
რკალს შუა მდინარე არეში მოკამკამებს, რომლის აქეთ-იქით კოხტა სოფელია შეფენილი.
არეში ანუ არიში სტრატეგიული პუნქტი ყოფილა ძველ ჰერეთში, სავაჭრო გზაზე, რომლითაც ადრეულ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიგა რაიონებს უკავშირდებოდა. არეშზე გადიოდა და დღესაც გადის ცხვრის გზა, რომლითაც ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ. "მატიანე ქართლისაის" ცნობით, X საუკუნის დასაწყისში კონსტანტი აფხაზთა მეფისა და კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსის შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და დადებული ზავის თანახმად ადარნასე ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტის - გავაზნი და არეში.
ძველი დიდების მატერიალური ნაშთები - ძველისძველი ციხე-ბურჯები თუ ეკლესიათა ნანგრევები ამ ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი. ხოლო სახელის სადიდებლად ისიც კმარა, რომ არეშელებს, ჰერეთის სხვა დიდებულებთან ერთად უღვაწიათ საქართველოს გაერთიანებისთვის.