ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით ვესტუმრე შილდას და შევეცადე, სოფლის წარსული და დღევანდელობა "კარიბჭის" მკითხველამდე მომეტანა.
სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ფერდობები და დაღესტანი. ამ ქედის მაღალი მწვერვალებია: ხუბერა, ასაკიდისთავისწვერი, ჩელთისთავისწვერი, ნინიკას ციხე. აქვეა ციცაბოკალთებიანი ქედები: ბურიანისწვერი, სათიბიგორი, ფოხალისთავი, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოჭიგორის და უძიროს ტყეები მდინარე უჭარით, დასავლეთიდან - იბუჯის ტყე და მდინარე ჩელთი, სამხრეთიდან - კონცხისგორა და ალაზნის ველი.
სოფელში ჩამოდის სამი რუ, რომლებიც უერთდება მდინარე ალაზანს.
სოფელი შედგება უბნებისგან, სადაც ძირითადად ერთი გვარის ხალხი ცხოვრობს. ესენია: აღნიაანთ უბანი, ხაბარაანთ უბანი, ბურდიაანთ უბანი, გულიაანთ უბანი, კიკოლაანთ უბანი, მირიაანთ უბანი, ცეცხლაანთ უბანი, მამუკიანთ უბანი, ხახუტაანთ უბანი, მჭედლიაანთ უბანი, კევლიაანთ უბანი, ნიკოლოზიანთ უბანი, იმერლიანთ უბანი, ზუბიტაანთ უბანი, უტურაანთ უბანი, ელოაანთ უბანი, გიოაანთ უბანი, ახალსოფელი, ბექური, ტურისციხე, ვეძისხევი, კონცხის უბანი... სოფელში ყველაზე მეტი ასაბაშვილი და მირინაშვილი ცხოვრობს.
შილდა ოთხი ნასოფლარისგან შედგება, ესენია: ვეძისხევი, ტურისციხე, ფაშაანი და ზეგაანი.
შილდის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს (ვკითხულობთ ციური გულიაშვილის წიგნში "შილდა - კურთხეული სოფელი"). ხევში, სოფელ სნოს მახლობლად, სამი ნასოფლარია: საბუე, შინო და ყორელი. ერთ წელიწადს, დიდთოვლობას, ისეთი ზვავები წამოსულა, ეს სოფლები თან წაუღია. მოსახლეობა აყრილა და კახეთისთვის მოუშურებია. ახალდაარსებული სოფლისთვის ძველი, სამკვიდრო სახელები დაურქმევიათ: საბუელებს - საბუე, ყორელებს - ყვარელი, ხოლო შინოელებს შინო, რომელსაც დროთა განმავლობაში სახელი უცვლია და შილდად ქცეულა.
სახელწოდება "შილდის" წარმომავლობის თაობაზე რამდენიმე თქმულებაა:
"სოფელს ნუ გვიშლი, ჩელთო, შენ გადმოგვხედე, ღმერთო", - თურმე ასე ევედრებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჩელთის ჭალაში დასახლებული გლეხები უფალს. მოგვიანებით მოსახლეობამ მდინარის ნაპირები დამბებით გაამაგრა და სოფელს "შლიდა" უწოდა. თითქოს ამ სიტყვის სახეცვლილებაა შილდა. მაგრამ საგულისხმოა, რომ მდინარე ჩელთი როგორც არ უნდა ადიდდეს, სოფელს წალეკვით არ ემუქრება...
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: ქართლოსის შთამომავალთა მიერ აშენებულ ციხე-ქალაქთაგან ძველ მატიანეში მოხსენიებულია ქალაქი ჩელეთი. სავარაუდოა, რომ ეს ქალაქი მდებარეობდა ან იქ, სადაც ახლა სოფელი შილდაა გაშენებული, ან მახლობლად, მდინარე ჩელთის პირას.
ლეონტი მროველი ამბობს: "კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი", მას ციხე ჰქონდა და "ზღუდენი ქალაქისა ნეკრესისანი"... ახლა იქ სოფელიღაა და შილდას უწოდებენო.
შილდის მდიდარ ისტორიულ წარსულზე მეტყველებს სოფელში არსებული ტაძრები. 1945 წელს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სამეცნიერო ექსპედიციამ შილდის ტერიტორიაზე აღმოაჩინა 35 ისტორიული ძეგლი. დღეისათვის კი აღრიცხულია 60-მდე ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობა.
ყველაზე უტყუარი ფაქტი, რომ შილდაში ხალხი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, არის სოფლის ტერიტორიაზე არსებული სამლოცველო. "შილდის სამლოცველო, ანუ "ბეჟიაანთ ნავენახარი" მდებარეობს ენისელი-ყვარლის გზის მარჯვენა მხარეს, "ქალიაყვანის" მთის სამხრეთით, ნელქარის ნაქალაქარის მახლობლად.

ბარცანა - სოფლის ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩელთსა და სეფორას შორის გაშლილ ულამაზეს ადგილზეა. აშენებულია X-XI საუკუნეებში. ეკლესიის შემოგარენი ტყითაა დაფარული, ერთ დროს იქ სოფელი ვეძისხევი ყოფილა.
ეკლესია ნაშენია რიყის ქვით და აგურით. ტაძრის შიგნით დღესაც ჩანს ფრესკების ნაკვალევი. ბარცანის მიდამოებში უამრავი ძეგლია, რომელთა უმრავლესობაც XVI საუკუნეშია აშენებული. ესენია: უსანეთი - ამაღლების წმინდა გიორგი, აბულას მარანი, შალიაანთ ღვთისმშობელი. XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული ორსაყდრები - მცირე ზომის ბაზილიკის ტიპის ორი ეკლესია. ერთ ეკლესიას ჯერ კიდევ ემჩნევა ფრესკების კვალი, შემორჩენილია კვერნაანთ, გლახაანთ და ომანაანთ კოშკები.
ერთი ისტორიული საბუთით, "განთავისუფლების წიგნის" მიხედვით, დავით აღმაშენებელს ნიანია არიშიანი და მისი ოჯახი დაუსახლებია სოფელ ვეძისხევს და უწყალობებია მამული, რაც სოფლის არსებობის უდავო დასტურია.
XV საუკუნის ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე დიდის მიერ გაცემულ "შეწირულობის სიგელში" ვკითხულობთ, რომ მეფეს მცხეთის სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს: "საგარეჯო, ბერთუბანი, გიორგიწმინდა, აკურა, ვანთა, კალაური, ვეძისხევი, ჯიმითი, ხოდაშენი სრულიად და უკლებლივ მზღვრითა, მთითა და ბარითა".
ამ ცნობის მიხედვით, სოფელი ვეძისხევი საეკლესიო საკუთრება ხდება და შედის მცხეთის გამგებლობაში. ამას ადასტურებს 1569 წელს კახეთის მეფის, ალექსანდრესგან გაცემული საბუთ-გუჯარი: "მობრძანდა ჩვენთან ჩვენი ძმა, კათალიკოზი ნიკოლოზ და სხვა მცხეთის მკვიდრი შვილნი. მოვიტანეთ ძველი სიგელ-გუჯარნი, გავსინჯეთ და შევწირეთ ვეძისხევის მონასტერი ბაცანისა და სოფელი ვეძისხევი, გიორგიწმინდა, მთითა და ბარითა, ჩელთის გამოღმა დაბლა თეთრკლდესთან სოფელი ფაშაანივე".
მიუხედავად უძველესი ტრადიციებისა და ხელშემწყობი გარემო პირობებისა, სოფელი თანდათან კნინდება და ძლიერი მეზობლის - შილდის გავლენაში ექცევა. ვეძისხეველები ჩივიან მეფე ერეკლე II-სთან. არსებობს მეფის ბრძანების წიგნი, სადაც იგი აფრთხილებს მოურავ გრიგოლს, მოსახლეობას დაწესებულზე მეტი გადასახადი არ გამოართვას.
უკვე XIX საუკუნის 80-იანი წლებისათვის ვეძისხევი აღარ ჩანს ლეკიანობის გამო. თავდასხმებმა აიძულა სოფელი, აყრილიყო და ჩასახლებულიყო შილდაში, რომელიც უფრო ხალხმრავალი და უკეთესად დაცული იყო.
ვეძისხეველები შილდის ბოლოს კომპაქტურად დასახლებულან. ამ უბანს დღესაც ვეძისხევი ჰქვია.
მოგვიანებით, 1758-1794 წლებში, დოსითეოზ ნეკრესელმა აკურთხა ერეკლე II-ის მიერ დაარსებული საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, სადაც მოზარდებთან ერთად ცოდნას ეკლესიის და სახელმწიფოს აღიარებული მსახურნიც იძენდნენ. დოსითეოზი თავის ეპარქიაში ხსნის დაწყებით სკოლებს, რის გამოც ერეკლე II კმაყოფილებით სწერდა მას: "მეტად სასიამოვნოდ დამრჩება, თუ თქვენ ბეჯითად იზრუნებთ ამისათვისო".
დოსითეოზის აღზრდილმა, ეპისკოპოსმა, ამბროსი მიქაძემ ნეკრესში შექმნა მჭევრმეტყველების სკოლა, სადაც ამზადებდნენ შეგირდებს თელავისა და თბილისის სემინარიებისთვის. ლეკების ხშირი შემოსევების გამო ამბროსიმ ეს სკოლა შილდაში გადმოიტანა. ამბროსი მიქაძე ქართული სასულიერო მქადაგებლობის გამორჩეული ოსტატია. მისი შთამაგონებელი ხმა 15 წლის განმავლობაში გაისმოდა ნეკრესის ტაძრის ამბიონიდან. ამბროსის მიერ შილდაში გადმოტანილი სკოლა, რომელიც ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო მოთავსებული, 1812 წელს რუსეთის მთავრობამ დახურა.
ცოტა ხანს იცოცხლა ლადო აღნიაშვილმა, მაგრამ შილდელების საამაყოდ მაინც ბევრი რამ დატოვა. მაგალითისთვის მის მიერ 1885 წელს "ქართული საერო ხოროს" დაარსებაც კმარა. ამ გუნდმა დიდი როლი შეასრულა ახალი ქართული მუსიკის განვითარებაში. გუნდში ძირითადად სემინარიის მოსწავლეები მღეროდნენ, მაგრამ ლადოს შილდიდანაც ჩაუყვანია გლეხი მომღერლები. შემდეგ ამ გუნდში უმღერიათ ზაქარია და ივანე ფალიაშვილებს, ია კარგარეთელს და თვით ვანო სარაჯიშვილსაც.
"ლადო აღნიაშვილს პოეტი ბინაზე მიუპატიჟია და სადილი გაუმართავს. ლადოს ჯერ ჩონგურზე მარტოს უმღერია, შემდეგ გლეხებთან ერთად "სუფრული" შემოუძახია. აღფრთოვანებულ მგოსანს უთქვამს: "ძვირფასო შილდელებო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. მასპინძლის, ლადო აღნიაშვილის სახელი, როგორც შესანიშნავი მომღერლისა, მთელ საქართველოშია ცნობილი. მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქართული სიმღერა იხსნა გადაგვარებისგან, შეუნარჩუნა ძველებური ჟღერადობა. ღმერთმა ადღეგრძელოს ხმატკბილი აღნიაშვილი".
სადღეგრძელო ტაშმა დაფარა და როცა ხმაური შენელდა, აკაკიმ დაუმატა: "აქ, თქვენთან რომ მოვდიოდი, მეგონა, მარტო ლადოს სიმღერას მოვისმენდი, მაგრამ შევცდი, თურმე ყველა შილდელი მომღერალი ყოფილხართ. ღმერთსა ვთხოვ, რომ სულ სასიმღეროდ გქონდეთ საქმე, გაშოროთ მწუხარება, მოწყენილობა".
ტყეები: იბუჯა, უძირო, ბაგინი, ტევატი, სარბელა, ქედურები, ქორიბუდე, ბაგინის ტყე, მაჟალოს ცერი და სხვა.
მინდვრები: დუბეები, ჭყანტები, ფაშაანი, ზეგაანი, ნაკალოვარი, ნადარბაზევი, დიდბექის მინდორი.
ხევები: სავანის ხევი, ზოკო ხევი, ბრმა ღელე, უჭარა, ჩუხჩუხა, სეფორა, ლოდოვანი და სხვა.