1892 წლის "ივერიაში" კი ვკითხულობთ: "როგორც შევიტყვეთ, მისი მაღალ ყოვლად-უსამღვდელოესობა ეგზარხოსი საქართველოს პალადი დიდად მოწადინებულია, რომ განახლდეს ძველი ტაძარი წრომისა, აშენებული პირველი წამებულის წმინდა რაჟდენის სახელობაზე. ეს ტაძარი ამჟამად ძლიერ დაზიანებულია, გუმბათი სულ აღარა აქვს და ცალი კედელიც ნახევრად დარღვეულია. მის აღდგენას სრულად სავსებით დიდი ფული მოუნდება. მით უმეტეს, რომ საკურთხეველი, როგორც დღესაც ეტყობა, საკვირველის ხელოვნებით ყოფილა შემკული აია-სოფიის მრავალ-ფერადოვანის კენჭებით, იატაკიც დაგებული ყოფილა მარმარილოს ქვით. სვეტები მარმარილოსი დღესაც რამდენიმეა ეკლესიაში, ყოველ ამის აღდგენა ძნელია. ეგზარხოსს აღუთქვამს სამასი თუმანი მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების ფულიდან ამ ტაძრის განსაახლებლად. ხოლო თვით სოფელს უკისრნია სამასი თუმანი. ეგზარხოსს უკვე შეუდგენია კომიტეტი და დაუვალებია მისთვის ამ საქმის ხელმძღვანელობა. თუ არა ვცდებით, ეს მეშვიდე ტაძარი იქნება მარტო ქართლში მათ შორის, რომელიც ამ ორ-სამ წელიწადს განახლდა ან ახლდება დღეს მის მაღალ უსამღვდელოესობის პალადის ეგზარხოსობაში. უკვე განახლდა: ნიქოზისა, კიდევ წუნარისა, თიღვის ტაძრის განახლებას უნდა შეუდგნენ".
ახალშენში პირველად ზუბაშვილები დასახლებულან. ამ სოფელს ასი წლის ისტორია აქვს, ამიტომაც დაერქვა ახალშენი. ხავლეთი წრომის სამხრეთით, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. წინათ აქ სოფელი ყოფილა, ამჟამად ნასოფლარია. გარს ტყე არტყია. ძველად აქ ტურები ბინადრობდნენ და ხაოდნენ. იმერლიანთკარში ადრე დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულთ უცხოვრიათ. ნადარბაზევი კი ხალხის თავშეყრის ადგილია. გადმოცემით, ამ ადგილას თამარ დედოფალს აუშენებია საბჭო - დარბაზი. ამჟამად აქ ციციშვილები და სხილაძეები ცხოვრობენ.
ზემო უბანს ქოთოლაანთ უბანს უწოდებენ, რადგან აქ პირველი ვინმე ციცა ქოთოლაშვილი დამკვიდრებულა. შემდეგ სხვა გვარებიც დასახლებულან. ამჟამად იმათგან აღარავინაა ცოცხალი და აღარც უბანია, თუმცა ადგილს მაინც შემორჩა სახელი "ქოთოლაანთ უბანი".
მახლობლად თოფურიანთ წყაროა. წინათ აქ ყოფილა დიდი ტყე. მისი პატრონი ვინმე თოფურია ყოფილა.
- ჩემი მამამთილი იტყოდა ხოლმე, - ამბობს ქალბატონი ნელი, - ჩემი პაპის პაპა ყოფილა ამ თოფურიას ცხენის მომვლელი. ერთხელ, ტყეში ყოფნისას, თურმე წყალი მოსწყურდათ, საქონლის ნაჩლიქარში ჩამდგარი წყალი დაულევიათ. წყალი ცივი ყოფილა. პაპას უთქვამს, - აქ წყაროსთვალი უნდა იყოს, ამოვთხაროთო. ასე მოქცეულან. ეს პატარა წყარო დღესაც 15 ოჯახს ჰყოფნის.
მიწობს სამხრეთ-დასავლეთით, თრიალეთის ქედზე, ნასოფლარი სოფელი თხილნარა ესაზღვრება. წინათ თურმე კავკასიონზე მშიერი ოსები გადმოდიოდნენ და სოფელ-სოფელ სარჩოს საშოვნელად დადიოდნენ. მემამულეებს დაუქირავებიათ ეს ოსები და მათთვის სამოსახლოებიც მიუციათ. ისინი ძალიან გათამამებულან და მოსახლეობას თავს ესხმოდნენ. ერთხელაც ჩხუბი ყოფილა სოფელში. პაპაჩემის პაპას ვერ მოუთმენია, უცემია ბატონი და გაქცეულა, - მიამბობს ქალბატონი ნელი, - თან გაჰყოლია ერთი მეგობარი, გვარად ხარებაშვილი და მისი ძმა.Aამოსულან ამ სოფელში. იმას ოსური სცოდნია, პაპას - არა, მას არ ჰყვარებია ოსები. ხარებაშვილისთვის მიუციათ დიდი მამული და სოფლის დასავლეთით საბასიანოს ველი. ხარებაშვილს თავისი ძმა იქ დაუტოვებია. თვითონ წასულა თრიალეთის ქედის ამ პატარა მაღლობზე. თხილის ტყე გაუკაფავს, დასახლებულა და აღორძინებულა პატარა სოფელი. ამჟამად იქ ნასოფლარია.
მიწობს დასავლეთით ესაზღვრება ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც ხცისის ნათლისმცემლის ეკლესიიდან წამოღებული ქვებით არის აშენებული.
საგვერდწითელოს ბოლოს ბასიაანთველია. ეს სახნავ-სათესი ადრე ბასიშვილებს ეკუთვნოდათ. იქ იდგა კვირაცხოვლის უძველესი ეკლესია. ამჟამად დანგრეულია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა არ ივიწყებს კვირაცხოველს და დღესასწაულზე მოილოცავს ხოლმე ტაძარს.
წინათ ამ სოფლის ხალხი მიწურ სახლებში ცხოვრობდა. სოფელი მთის ფერდობზეა გაშენებული და იოლი იქნებოდა მიწური სახლების აშენება. ამიტომ დაერქვა ამ ადგილს მიწობი. წინათ სოფელი უფრო ზევით, საყდრის ახლოს იყო,Lლეკების შემოსევას გაუნადგურებია და ბარში ჩამოსულა, ნაწილი სოფლისა კი ახლაც ფერდობზე სახლობს. სოფელს მდინარე მიწობურა კვეთს.
ამ პატარა, ჩქარ მდინარეზე წისქვილები იყო. მერე თანდათან გაუქმდა ნიკალას, ნეკერაშვილების, გუცას, ბასიაანთ, რაჟდენის, გორას წისქვილები.
სოფელ მიწობს თავზე ყურაქედი დაჰყურებს.

XVIII საუკუნეში ლეკიანობის გამო ეს სოფლები განადგურდა, XIX საუკუნის დასაწყისში აქ დასახლებულან ეთნიკური ოსები, XX საუკუნის 90-იან წლებში ეს სოფლებიც აყრილა.
ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველს უკავშირდება. ბიბლიიდან ცნობილია მისი წინასწარმეტყველება, რომ უფალი ქვეყანას უდიდესი გვალვით დასჯიდა. ელია ერთხანს ქერითის ხევში იმალებოდა და ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხევი დაშრა, სიდონის სარეფთაში გადავიდა. ქარმელის მთაზე შედგა ბაალის და ელიას პაექრობა, სადაც ღმერთმა ელიას ცეცხლი გარდმოუვლინა. როცა ელიამ ამქვეყნიური მისია ამოწურა, იგი ცეცხლის ეტლით ამაღლდა ცად.
სავარაუდოდ, ყურაქედის ადრინდელი სახელი იყო ყორნის ქედი, იმის ხსოვნის აღსანიშნავად, რომ ელია წინასწარმეტყველს ყორნები ასაზრდოებდნენ.
ამ წმინდა ადგილას იდგა წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი.
2008 წელს, ღვთის წყალობით, სოფელ ხცისის მკვიდრმა, მალხაზ ბერიძემ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის ლოცვა-კურთხევით, ნანგრევების ადგილას ააშენა შედარებით მცირე ბაზილიკური ტიპის ეკლესია ძველი ტაძრის შემორჩენილი ქვებით. 2009 წლის ზაფხულში აქ გაიხსნა მამათა მონასტერი, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს (გიორგობას) მეუფე იობმა ტაძარი წმიდა გიორგის სახელზე აკურთხა. მონასტრის წინამძღვარია სქემიღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი). ამჟამად იწყება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა. ყურაქედობას 13 მაისს აღნიშნავენ. ამ დროს ყორანქედის მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

- თბილისში სასულიერო აკადემიაში რომ ჩავაბარე და გაიგეს, სოფელ წრომიდან ვიყავი, მეკითხებოდნენ, ტაძარში მრევლი თუ დადისო, - ამბობს თინათინი, -Mმერიდებოდა იმის თქმა, რომ მაცხოვრის ამაღლების უძველესი და მადლიანი ტაძარი, სადაც წმინდა რაჟდენი აწამეს, მრევლის სიმცირეს განიცდიდა. მადლობა ღმერთს, დღეს ახალგაზრდები მოდიან ტაძარში, იმატა სტიქაროსნების, მგალობლების რაოდენობამ. მამა არტემის დახმარებით, გვინდა სკოლაში მოვაწყოთ სალოცავი კუთხე, პარაკლისი ჩავატაროთ წმინდა პირველმოწამე რაჟდენის სახელზე.
აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით ბევრი ხალხი ესწრებოდა ღვთისმსახურებას. განსაცდელებმა უფრო დაგვაახლოვა უფალს. წრომელი ბიჭებიც იცავდნენ სამშობლოს. ღვთის წყალობით, შინ ყველა უვნებელი დაბრუნდა. უფალმა, წრომის ტაძარმა და წმინდა რაჟდენმა დაიფარეს ჩვენი ბიჭები.Uმჯერა, რომ უფლის ნებით დაუბრუნდებიან წრომელები დედაეკლესიას.
წრომის სკოლაში ხელოვნებას ვასწავლი. ბედნიერი ვარ იმით, რომ უწმინდესის რექტორობის დროს ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში. დაუვიწყარია ჩემი კურსის გამოსაშვებ საღამოზე პატრიარქის ნათქვამი სიტყვა: ის, რაც მე გასწავლეთ, გადაეცით ხალხს და გაამრავლეთ გარშემო მყოფებშიო. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ჩავუნერგო ის ცოდნა, რაც სასულიერო აკადემიამ ღვთის წყალობით მომცა.
მადლობა ღმერთს, რომ ასეთი კარგი მოძღვარი გვყავს. ყველანაირად გვერდით გვიდგას, ზრუნავს თითოეულზე. ვუსურვებ, მღვდლობის ჯვარი მსუბუქად ეტარებინოს.

ადამიანი ჩასახვიდანვე უნდა იზრდებოდეს ღვთის სიყვარულით. როგორც მოიქცევა ღვთის წინაშე, უფალიც ყოველივეს ისე მიაგებეს. ბევრს მოგვცემს უფალი? ბევრს მოგვთხოვს. რაში მდგომარეობს ეს ბევრის მოცემა და ბევრის გაცემა? მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულში.
სტუდენტობის პერიოდში ძირითადი ურთიერთობა მეუფე კალისტრატესთან მქონდა. მეუფე ქუთაისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი გახლდათ. აკადემიაში ძირითად საგნებთან ერთად ვსწავლობდით მორალს, კულტურას. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, უკვე ოთხი წელია, წრომის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ვმსახურობ (ამ ტაძარში მოღვაწეობდნენAმეუფე გერასიმე, მეუფე ილარიონი, მამა მიქაელი, მამა იობი, მამა ექვთიმე), ასევე ყელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში და პარაკლისებს ვატარებ ოსიაურის სამხედრო ნაწილში. უფლის წყალობით, აქ ვფიქრობთ ეკლესიის აშენებას, ამ კეთილ საქმეში სამინისტრო გვერდით გვიდგას. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გაზაფხულზე საძირკველს ვაკურთხებთ.
სოფელ წრომს აუცილებლად სჭირდება სულიერი თანადგომა. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ერთია - ცოტა ეკლესიაში სიარული უჭირთ. უფალს ვთხოვ, შემაძლებინოს ამ სოფლის დამწყემსვა ხალხის გვერდით დგომით. ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და გააძლიეროს სოფელი წრომი. ძალიან დიდი მადლობა მეუფე იობს იმისთვის, რომ ზრუნავს და ლოცულობს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოებისთვის, მთელი საქართველოსთვის. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ჩემი პირველი მოძღვარი მამა გიორგი ხარაბაძე. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მამა ილია კობალაძე, რომელსაც დღეს აღსარებას ვაბარებ. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი საქართველო, ყველა სამხედრო განწესება, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე დგას და თავს არ ზოგავს ქვეყნისთვის. ღმერთმა დამილოცოს ოსიაურის სამხედრო ბაზის ბიჭები. ინებოს უფალმა, რომ მალე იქ ღვთის სახლი აგვეშენებინოს. ჩვენთან არს ღმერთი!