ღია ცის ქვეშ მხოლოდ სანთლებით და მთვარის შუქით ვინათებდით სავალს. წმინდა გრიგოლმა კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო და ქართველები.
ტაო-კლარჯეთის წარსულის გასახსენებლად "კარიბჭის" მკითხველს მცირე ისტორიას შევთავაზებთ.
ძვ.წ. I ათასწლეულში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოში, IV-III ს.ს-ში იბერიის ორგანული ნაწილი იყო, II ს-ში სომხეთი დაეუფლა. ახ.წ. I-II ს.ს-ში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, IV-VII ს.ს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. VIII ს-ში ტაო პოლიტიკურად ქართლის სამეფოს შეუერთდა, აქ გაიშალა ფართო სამონასტრო მშენებლობა, დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
XII-XIII ს.ს-ში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII ს-ის II ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოშია, XIV ს-დან - კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა შეიერთა.
ვახტანგის ბრძანებით, მისმა ძუძუმტემ, კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა განაახლა ახიზა და ააშენა კიდევ ერთი ციხე არტანუჯში, დააარსა პირველი ქართული მონასტერი ოპიზაში და ააშენა სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.
ტრადიცია ვახტანგ მეფეს უკავშირებს თუხარისის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენებას, თუმცა ისტორიული ცნობებით, ის 350 წლის მიჯნაზე ააშენა ვარაზ-ბაქარის მამამ, მირდატ მეფემ.
მოგვიანებით ვახტანგმა ახიზაში დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრაც.
ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, VI-VII ს.ს-ს უკავშირდება მხარეში სომხური მიგრაციის მოძალება, რომელსაც ნ. მარი და კ. კეკელიძე მხარის "არმენიზაციადაც" კი მიიჩნევენ. VII ს-ის II ნახევრიდან კი საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. 654 წელს ქართლის ერისმთავრები, კლარჯეთის ჩათვლით, წინააღმდეგობის გაუწევლად დამორჩილდნენ არაბებს, რომელთა ბატონობა განსაკუთრებით დამძიმდა VIII ს-ის I ნახევარში მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ, რასაც დაერთო ქოლერა ("სლვა სატლობისა"), რომელმაც თითქმის დააცარიელა და გაავერანა ეს მხარე.
ასეთი იყო ვითარება VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, როცა აქ დაახლოებით ერთდროულად გამოჩნდა ორი დიდი პიროვნება, სასულიერო და საერო წინამძღოლები: წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მეფე აშოტ ბაგრატიონი.

აშოტ კურაპალატმა შექმნა "ქართველთა სამეფო". აშოტ I-ს მიიჩნევენ ქრისტიან ხალხთა გამაერთიანებლად და კავკასიაში ანტიარაბული ფრონტის შემქმნელად. სომეხთა ისტორიკოსის, ვარდან დიდის ცნობით, აშოტ I ერეოდა სომხეთის საქმეებშიც და როდესაც მუსლიმანმა მფლობელმა ჯამასპმა დაიკავა სომხეთის დედაქალაქი დვინი, აშოტმა სომხებისათვის დახმარება სთხოვა ბიზანტიის იმპერატორს ლეონ V-ს. აშოტ I-ის დროს უკვე არსებული სამი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს (დასავლეთ საქართველოს, კახეთისა და ჰერეთის) გვერდით შეიქმნა მეოთხე ქართული სახელმწიფო საქართველოს იმ ნაწილში, სადაც საუკუნე-ნახევარზე მეტხანს იყვნენ გამაგრებული არაბები.
აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" მნიშვნელოვან მისიას შეასრულებს ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ადრეულ შუა საუკუნეებში. აშოტ I-ის ზეობაში ბრძოლა არაბებთან არ დასრულებულა, იგი არანაკლები სიმწვავით გაგრძელდა შემდეგაც, მაგრამ აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" უძღვებოდა ამ ბრძოლას და ბოლომდე შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ვიდრე იმ დრომდე, როდესაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოები გაერთიანდნენ ერთ მთლიან ფეოდალურ მონარქიად. X-XI ს.ს-ის საზღვარზე შეიქმნა ეს ახალი მთლიანი საქართველოს სახელმწიფო. მთავარი წვლილი გაერთიანების საქმეში ქართველთა სამეფოს მოღვაწეებმა შეიტანეს. გაერთიანებულ საქართველოს სათავეში ჩაუდგა იგივე დინასტია, რომელიც მანამდე, აშოტ I-ის დროიდან მოყოლებული, ქართველთა სამეფოს მეთაურობდა. "სწორედ სამხრეთ საქართველოს პროვინციის - სპერის (ისპირი) მფლობელებმა, ბაგრატიონებმა, რომელთა საკუთარი მამული მდინარე ჭოროხის ზემო წელში, ქალაქ ბაიბურთის რაიონში იყო, საფუძველი დაუდეს საერთოეროვნულ დინასტიას, რომლის წარმომადგენლებიც ჯერ მხოლოდ საქართველოს ერთი ნაწილის - ტაო-კლარჯეთის მმართველები იყვნენ, მათ ბრძოლით დაიბრუნეს სამხრეთ საქართველოს მიწა-წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, მეფე დავით III-მ 979 წელს აიძულა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი, დაეთმო საქართველოსათვის წინათ წართმეული მისი ოლქები: კარინი (ქალაქ არზრუმის ოლქი), ჰარქი და აპაჰუნიქი (იმ დროს უკვე სომხებით დასახლებული, ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით), უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე ხალდოი არიჭი (რაც ნიშნავს ხალდთა სოფელს) და კლისური (ზეკარი) არზრუმიდან ტრაპეზუნტს მიმავალ მაგისტრალურ გზაზე, ჩორმაირი - მდინარე ჭოროხის ზემო წელში და სხვა.
80-იან წლებში დავითმა საზღვრები გააფართოვა სამხრეთ-დასავლეთით, დაიბრუნა ოლქები: დერჯანი (ამჟამად ტერჯანი) და ტარონი, ხოლო 997 წელს აიღო ქალაქი მანასკერტი (მელიაზგერდი). ამრიგად, საქართველოს სამხრეთი საზღვრის ხაზი გადაჭიმულ იქნა ვანის ტბიდან ერზინჯანამდე". არტანუჯს მას შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, რაც აშოტის სახლი ორად - კლარჯეთისა და ტაოს სამეფოებად გაიყო. IX საუკუნეში ის რჩება "ქართველთა სამეფოს" დედაქალაქად. აქ არის რეზიდენცია როგორც აშოტ I-ისა, ისე მის მემკვიდრეთა. ბიზანტიის იმპერატორი პორფიროგენეტი არტანუჯის შესახებ წერს: "არტანუჯის ციხე დიდად გამაგრებულია და აქვს დიდი "რაბათი", როგორც მხარის მთავარ ქალაქს შეშვენის. აქ თავს იყრის საქონელი ტრაპეზუნდიდან, იბერიიდან, აბაზგიიდან (დასავლეთ საქართველოდან), სომხეთიდან და სირიის ყველა ქვეყნიდან და ქალაქს დიდი ვაჭრობა აქვს. არტანუჯის მხარე, ესე იგი არზენი, დიდია და მდიდარი, იგი არის გასაღები იბერიისა, აბაზგიისა და მესხეთისა". ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი გუმბათიანი ეკლესიის ნაშთები, რომელსაც ვახუშტიც მოიხსენიებს. ეკლესია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, როდესაც ის ნ. მარმა დააფიქსირა. გეგმით "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ვარიაციაა; ნაგებია დიდი ზომის ქვის ბლოკებით. ტაძარი IX ს-ს I ნახევრით თარიღდება. IX საუკუნის II ნახევარში იმავე ჭოროხის ხეობაში, ამიერ ტაოს პროვინციაში დაარსდა მეორე სახელმწიფოებრივი ცენტრი "ქართველთა სამეფოსი" - ბანა. უფრო გვიან, ბაგრატ III-ის დროიდან, გაერთიანებული საქართველოს ცენტრი ხდება ქუთაისი, ხოლო დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს სახელმწიფოს მეტროპოლია ისევ თბილისში იქნა გადმოტანილი. აშოტ I-მა დიდი მშენებლობა ჩაატარა ოპიზაში, კლარჯეთის მხარის ამ უძველესსა და უმნიშვნელოვანეს სავანეში მან მეორედ ააშენა მთავარი ტაძარი და მთელი წყება სამონასტრო ნაგებობათა. აშოტ I-ს 809-813 წლებში მიუღია მეფის ტიტული, ხოლო მოგვიანებით, არა უადრეს 818 წლისა - კურაპალატისა.
როგორც ექ. თაყაიშვილი აღნიშნავს: "აშოტ დიდის და მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლების დროს ტაო-კლარჯეთი აღივსო ეკლესია-მონასტრებით, რომელნიც იმავე დროს შეადგენდნენ კერას ქართული განათლებისა. უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები ტაო-კლარჯეთმა შემოგვინახა. ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, ბიბლიოთეკა, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატიურისტები და ოქრომჭედელნი". უძველესი ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევია და გადაწერილია საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთის ქართულ კერებში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს.
იბერიის განთავისუფლებისათვის დაუღალავი მებრძოლი, ქართველთა სამეფოს აღდგენის დიდი მოამაგე მეფე აშოტ I კურაპალატი დაიღუპა არაბებთან ბრძოლაში (არაბთა მხედართმთავრის ხალილ იეზდის ძის კავკასიაში ლაშქრობის დროს) 826 წელს, 26 იანვარს. იგი ღალატით მოკლა არაბთაგან მოსყიდულ ნიგალისხეველთა ერთმა ჯგუფმა. ამას ადასტურებენ როგორც სუმბატ დავითის-ძის მატიანე, ასევე გიორგი მერჩულე. აშოტ I დასაფლავებულია არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე, მის მიერვე აგებული პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევები.
ქართლელი დიდებულების შთამომავალი, ნერსე ერისთავის ოჯახში აღზრდილი გრიგოლი ახალგაზრდობაშივე ეკურთხა მღვდლად. მან ფარულად დატოვა ქართლი და 780 წლის ახლო ხანებში კლარჯეთში გაემგზავრა, დააარსა იქ "ათორმეტ სავანედ" ცნობილი სასულიერო კერები და 830-იანი წლებიდან მათ არქიმანდრიტად მოიხსენიება. მთელი ქართლის მასშტაბით მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა მარტო სამონასტრო საქმეებში, არამედ საერო ხელისუფალთა და მეფეთა წინაშეც, რისი დასტურიც იყო არსენ ქართლის კათალიკოსთან დაკავშირებული ცნობილი ინცინდენტი. დღესაც ჩვენი ცნობიერის ყველაზე დაბინდულ-დახავსებულ კუნჭულში სუსტად, მაგრამ მაინც გაისმის 102 წლის წმინდა მამის, "უდაბნოთა ქალაქმყოფელის", გრიგოლ ხანძთელის მიერ გარდაცვალების წინ (861 წელს) წარმოთქმული სიტყვები: "შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილითა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებიან გონება თქუენი, რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არა დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას... და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რათა დაიმარხონ წმიდა ესე მოძღვრებაი. და უკუეთი ჟამმან ჭირისამან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა". სრულიად საქართველოს სატკივარიც საუკუნეებით ადრე წარმოთქვა ხანძთასა და შატბერდთან, "გარემო მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზა და ფრთენი მისნი, ბერთა და მახლობელნი მისნი, მიძნაძორო და წყაროსთავი თანამკვიდრით მათითურთ" გამომშვიდობებისას "ზეცისა კაცმა და ქუეყნისა ანგელოზმა" – გრიგოლ ხანძთელმა: "აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა შენთანა ვარ შეწევნად შენდა"...
...გიორგი მერჩულეს აღწერილი აქვს, თუ როგორ იმოგზაურეს კლარჯეთის "ათორმეტ" სავანეთა მხარეში IX ს-ის 30-იან წლებში აშოტის მემკვიდრეებმა - მეფე-კურაპალატმა ბაგრატ I-მა და მისმა ძმებმა ადარნესემ და გვარამ მამფალმა წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების თანხლებით. ამ მოგზაურობიდან 11 საუკუნის შემდეგ ჩვენ საშუალება მოგვეცა მივყოლოდით "ჩუენთა დიდთა წინაპართა" ნაკვალევს და არტანუჯიდან იმავე მარშრუტით მოგვენახულებინა: 1. შატბერდი; 2-6. "ბერთა და მახლობელნი მისნი" (დოლისყანა-ჯმერკი-დაბა-ბერთა, პარეხი); 7. ოპიზა; 8. ხანძთა; 9. მერე; 10. მიძნაძორი; 11. წყაროსთავი; 12. ბარეთელთა (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნახსენები არ არის პარეხი და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განეკუთვნება "სინათა" რიცხვს).