ადგილის დედასავით დარაჯობენ სოფლად შემორჩენილი სვანები აქაურობას. ენანებათ მიტოვება - კერიას ვერ გავაცივებთო...
გზიდან ლამარიას (ასე ეძახიან სვანები ღვთისმშობელს) ტაძარიც გამოჩნდა. გადაბიბინებული მინდვრები ათასფერი ყვავილებითაა მოჩითული. გარშემო მთები ბაბუაწვერასავით გადათეთრებულა... თითქოს ზამთარი და ზაფხული ერთდროულად დამდგარა.
უშგულის მუზეუმში, ერთ მაღალ კოშკში თავმოყრილი სიწმინდეების ნახვა-მოლოცვამ კი განსაკუთრებული სიხარული მომგვარა.
ქალბატონ რუსუდან ყენიას წიგნში "ზემო სვანეთი" ვკითხულობთ, რომ უშგული - ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლებაა საქართველოში (2400 მ), თავისუფალი სვანეთის განაპირა თემი, შხარას ძირში, მდინარე ენგურის სათავის ვიწრო ხეობაშია გაწოლილი. უშგული გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით - როგორც საზღვარი, იგი განსაკუთრებულად იყო გამაგრებული. უშგულში შემორჩა ციხე-სახლი, საცხოვრებელი სახლის ყველაზე ადრინდელი ტიპი, აქვეა სახლი კოშკი, ცალკეული კოშკები, რომლებიც მეცნიერთა მიერ IX-XI საუკუნეებითაა დათარიღებული.
ერთმანეთის მიყოლებით ჩარიგებულა უშგულის თემის სოფლები: მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი, ჟიბიანი - ყველაზე მაღალი სოფელი მთელ სვანეთში. მაღალ ბორცვზე აღმართულა კოშკიანი გალავნით მოზღუდული ლამარიას ეკლესია.

ეკლესია მოხატული იყო (უშგულის შვიდი ეკლესიიდან კიდევ ორია მოხატული - ჩაჟაშის და მურყმელის მაცხოვრისა). ეკლესიის აშენებისთანავე მხოლოდ კანკელი მოუხატავთ. წმინდა მარიამის გამოსახვისას სვანმა ოსტატმა გადაუხვია ტრადიციულ იკონოგრაფიას. ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული, რითაც გადმოცემულია მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი. ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული ამგვარი დეტალები სხვაგანაც გვხვდება სვანეთში.
კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმინდა მხედართა - გიორგისა და თევდორეს გამოსახულებები (XIIს.).
უკანასკნელად ეკლესია XIII საუკუნეში მოუხატავთ. აქ უხვადაა ნაკაწრი წარწერები - გრიფიტები, რომელთაც დიდი ისტორიული ღირებულება აქვს. ეს წარწერები ეკლესიებში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული და შეწყალების ტექსტებს წარმოადგენს. გრიფიტები შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულით და მხედრულით.
XI საუკუნისეულ გიორგი მამასახლისის ასომთავრული წარწერა მამასახლისის ინსტიტუტის დადასტურებაა. ის უფრო ადრე გვხვდება ჩვაბიანის კედლის მხატვრობის წარწერებში. აქვეა XII საუკუნის იოვანე სუანის ასომთავრული და XI-XII საუკუნეების როგან ნატიანის ნუსხურით შესრულებული წარწერები. ლამარიას ტაძარში უზარმაზარი სანათლავი დგას. ჩანს, ტაძარი მას გადააშენეს.

ჩვიბიანის ფუსდი (ხოშა-ფუსდ) პატარა ქვის ეკლესიაა, მის ინტერიერს სამმალიანი ქვის კანდელი ამკობს. აქ დღემდე შემორჩენილია წმინდა ნიკოლოზის პატარა ვერცხლის ხატი, ჩარჩოზე სხვადასხვა დროის ცალკეული გამოსახულებებითა და სადა ნახევარსფეროებით. ქვედა ჩარჩოზე გაკრული ხელით შესრულებული ოთხსტრიქონიან ნუსხურ წარწერაში ოსტატი მოხსენიებულია, როგორც მწერალი გაბრიელი. აქვე ინახება ხის ფერწერული წმინდა გიორგის ხატი.
უშგულის ეკლესიები უხვად ყოფილა შემკული ჭედური და ფერწერული ხატებითა და ჯვრებით. ბოლო დრომდე მათი განძეულობის უმეტესობა თავმოყრილი იყო ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიაში. ამჟამად ნაწილი გადატანილია ეკლესიის მახლობლად კოშკში, სადაც მოწყობილია ექსპოზიცია.
ჩაჟაში უშგულის მთავარი სოფელია. იგი ამაღლებულ ადგილას, ენგურისა და მისი შენაკადის - შავწყალას - შესაყარზეა გაშლილი. ჩაჟაში გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით და ძველი საცხოვრებელი ანსამბლებით. სოფლის ცენტრში, მაღლობზე, დგას ქვის გალავნიანი მაცხოვრის სახელობის მცირე ეკლესია. იგი სამი მხრით შემოსაზღვრულია კოშკებიანი სახლებით, აღმოსავლეთით - ხეობის თვალწარმტაცი სურათი იშლება. ეკლესიის წინ თემის თავკაცები იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ საჭირბოროტო საკითხებს, აქვე წყდებოდა მოსისხლე მტრების შერიგება და დაზარალებულთათვის გადასახადის დადგენა. ყველა დადგენილება ხატზე დაფიცებით მტკიცდებოდა. ფიცის გატეხა დანაშაულის ტოლფასი იყო.

დიდი ოსტატობითა და მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა ვერცხლის ჩარჩოთი შემკული XIII საუკუნის ხატი სვანეთში გავრცელებული ლურსმული ორნამენტით. ჩარჩოს ქვედა ზოლზე ერთსტრიქონიანი წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ხატის შემმკობი ხადუმი.

სოფელს გარშემო მთები აკრავს. თავს დაჰყურებს შხარა - სვანურად გაპობილს, გახეთქილს ნიშნავს. მდინარე ენგურის სათავე უშგულიდან მოდის.
ჭირს ცხოვრება. შვიდი თვე ზამთარია... სოფელი ძირითადად მესაქონლეობას მისდევს, ამით ვარსებობთ. ხილი აქ არ მოდის.
ჩარქსელიანების ძველი გვარი მურყმელში ცხოვრობს. სტიქიამ ისე გაანადგურა იქაურობა, რომ 11 კომლიდან რვა დავრჩით. ერთმანეთის გატანა და დახმარება არ გვეშლება. მომხედავი მთავრობიდან გვინდა... არავინ მოსულა და არავის უკითხავს, - რა გიჭირთ, რა გილხინთო... ტურისტების სიმრავლით კი დავიკვეხნით აქაურები.
პირადად მე მაბარია ლამარიას ტაძრის პატრონობა. ზამთარში გადმოთოვლა უნდა. მომსვლელებს და მომლოცველებს ტაძრის კარს ვუღებ და როგორც შემიძლია, ვაცნობ წარსულს. უფალმა თავის სახლში მიმიყვანა და ეკლესიური ცხოვრება დამაწყებინა.
- გადმოცემით ვიცი, რომ ლამარიას ტაძარში მოღვაწე მამა მიხეილ ნიჟარაძე ყველა საკითხს წყვეტდა სოფელში, - საუბარში ჩაგვერთო ბატონი ლონგულ ნიჟარაძე, - შემრიგებელი იყო და დიდ პატივს სცემდნენ აქაურები. ძალიან გვინდა, უშგულში მოძღვარი გვყავდეს. ტაძრის ამოქმედებით და მოძღვრის მოსვლით უფრო შემოვბრუნდებით სარწმუნოებისკენ, ღვთისკენ.
დაიცალა უშგული, ახალგაზრდას აღარ უნდა აქ დარჩენა. ზამთარში იცლება სოფელი. უგზოობა ყველაზე მეტად გვაწუხებს. ზვიად გამსახურდიას დროს კვირაში ორჯერ შვეულმფრენი დაფრინავდა თბილისიდან და სოფელი ნაკლებად უჩიოდა მიგრაციას. ახლა ყოველ შემოდგომას თითო ოჯახი მიდის. ასე თუ გაგრძელდა, უშგული დაიცლება.
გვახარებს, რომ ჩვენს მიწა-წყალზე თამარ მეფეს დაუდგამს ფეხი.

- ჩვენი მუზეუმ-კოშკი 1989 წლის 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. მუზეუმის დაარსება იმან განაპირობა, რომ უფრო მეტად დაცული ყოფილიყო ეს საგანძური. წინათ ეკლესიების კარებს ყველას არ უღებდნენ... მუზეუმი საკმაოდ კარგადაა დაცული. დამთვალიერებლებიც არ გვაკლია. მახარებს ის, რომ ქართველებმაც დაიწყეს მოსვლა.
თავადაც ხედავთ, რა პირობებში გვიწევს მუშაობა და რა პირობებშია განთავსებული ეს უნიკალური საუნჯე. ველოდებით განახლებას. შარშან ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერა ყველაფერი... ვიტრინების უქონლობის გამო სეიფებში გვაქვს შენახული მრავალი სიწმინდე. სკივრებში საეკლესიო დანიშნულების წიგნებს ვინახავთ.
უშგულმა ძალიან ბევრი სიწმინდე შემოგვინახა და დღეს მისი მოსახლეობა უმძიმეს დღეშია. ხშირად მხოლოდ ღმერთის ანაბარა ვართ დარჩენილები. თითქმის 15 წელია ექიმი არ ჰყოლია უშგულს. ერთი წელია, რაც დაინიშნა ექიმი. ჯერ მოსამზადებელ კურსებს გადის და ველოდებით მის ჩამოსვლას.
- განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს, - შემოგვიერთდა ბატონი ჯონი ჩარქსელიანი, - ყურადღება სჭირდება სოფელს. ზემდგომი ორგანოები თუ მოგვხედავენ, მადლობლები ვიქნებით. ოჯახის რჩენა და მტერ-მოყვარესთან დახვედრა გვიჭირს.
მურყმელში ორი ეკლესიაა - წმინდა ბარბარესი და მაცხოვრისა. მესამე, ღვთისმშობლის ეკლესია, დრო-ჟამს მიწასთან გაუსწორებია. სოფლის სახელი, მურყმელი, კოშკებს ნიშნავს.

მეორე გადმოცემით, ადრე უშგულში გზა არ ყოფილა. მარტო ლატფარის უღელტეხილთან, ქვემო სვანეთთან დამაკავშირებელი იყო. ძველად თამარ მეფეს მიჰყავდა ამ გზაზე ჯარი. რამდენი კაციც მიდიოდა, იმდენ ქვას აიღებდნენ თურმე და გზის ქვევით აწყობდნენ. უკან დაბრუნებისას გადარჩენილებს მიჰქონდათ თავიანთი ქვა... ამიტომ ამ ადგილის დედას დარა შეარქვეს.
აქაური კოშკები თამარ მეფის დროინდელია.
- ძველი სვანური სახლები სტიქიამ დაგვინგრია. ამის გამო ორი წელი ვცხოვრობდი გარდაბანში, მაგრამ ვეღარ შევეგუე და უკან დავბრუნდი. ჩვენს სოფელში რამდენიმე გვარი ცხოვრობს - ჭელიძეები, კაკრიაშვილები, ღვაჩლიანები, ჩარქსელიანები. ძირითადად მესაქონლეობით ვირჩენთ თავს - სულგუნს ვყიდით, კარტოფილს... ყველაზე მეტად მშვიდობას ვისურვებდი. თქვენთვის, მომავლისთვის ცა იყოს მოწმენდილი, - მეუბნება ბატონი ბეჟან ღვარჩლიანი.
- ქალს ძალიან უჭირს სვანეთში, დიდ შრომასა და გარჯაში ვართ, - ამბობს ქალბატონი მარო ღვარჩლიანი, - საქართველოში მშვიდობა თუ იქნება, ცხოვრებაც უკეთ წავა. უფალს ვთხოვ ქვეყნის კეთილდღეობას. ლამარია ფარავდეს ჩვენს სამშობლოს.
დავემშვიდობე აქაურებს კეთილი სურვილებით და სოფელ კალაში წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრისკენ გავწიე. რას ვიფიქრებდი, წინ კიდევ რამდენი საოცრება მელოდა...
ამის შესახებ მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.