ჭერემი აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა (ხორნაბუჯი, ველისციხე, ჭერემი, უჯარმა), ჭერემზე გადიოდა აგრეთვე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა - ველისციხე-ჭერემი-ჩაილური. ჭერემი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სიმაგრე იყო ქართლთან პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ პოლიტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ჭერემმა დაკარგა სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. V საუკუნის ბოლოს, ირანის ჯარის მიერ დარბევის შემდეგ, უფრო დაქვეითდა, შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიური ცენტრის სტატუსი. 1757 წლიდან ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის მხარე, ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს გადაეცა. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე, შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი - საეპისკოპოსო ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, III-VII საუკუნეების ქვის სამარხები და კიდევ ერთი ნაგებობის ნანგრევები. ძველ სასაფლაოზე დგას ძლიერ დაზიანებული მამა დავითის სამეკლესიიანი ბაზილიკა. წმინდა ბარბარეს დარბაზული ტიპის ეკლესიისა და წვეროდაბლის სამეკლესიანი ბაზილიკის ახლოს გამოვლინდა გალავნიანი ციტადელი, ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე, დარბაზები, სამეურნეო ნაგებობები, ციხე-დარბაზი.
ჭერემის სხვადასხვა დროის ნაქალაქარი სამ დიდ ბორცვზეა განლაგებული. პირველი ბორცვი სამი მხრიდან ღრმა ხევებითაა შემოსაზღვრული. დასავლეთით კი დადაბლებული ბრტყელი ველით მეორე მაღალ ბორცვს უერთდება. ბორცვი სამხრეთიდან ჭერემის ღრმა ხევით ისაზღვრება და ჩრდილოეთით ტბაწვერის სამხრეთ ფერდს უერთდება. მესამე ბორცვი უკიდურესი დასავლეთი ნაწილია ჭერემის ნაქალაქარისა. მას აღმოსავლეთიდან ღრმა კლდოვანი ხევი ჩამოუდის. ასევე ხევებითაა იგი ყველა მხრიდან დაცული. ამ ბორცვის უმაღლეს ადგილზე დგას წვეროდაბლის ცნობილი ტაძარი.
ამავე მიდამოებში აღმოჩნდა წარწერიანი სტელის ფრაგმენტი.

ჭერემის სამაროვნებში მიკვლეულია კოლექტიური ქვის სამარხები. მათში აღმოჩნდა კერამიკა, ბალთები, აბზინდები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები, მონეტები... ჩანს, რომ მოსახლეობა აქ უკვე ახალი წელთაღრიცხვის III საუკუნეში არსებულა.
მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო წმინდა ბარბარეს და წმინდა გიორგის (იგივე "წვეროდაბალი") სახელობის ეკლესიების მახლობელმა ბორცვმა, რომლის ტყით დაფარული თხემი და დასავლეთით ღრმა ხევებით შემოზღუდული კლდოვანი კონცხი ნანგრევებით იყო მოფენილი. ალაგ-ალაგ ნანგრევებში მოჩანდა ე.წ. უჯარმული კედლის წყობა. ამ აღმოჩენამდე ჭერემის წარსულს მხოლოდ წერილობითი წყაროებით ვიცნობდით, რომელთა მიხედვითაც (ჯუანშერი, XI ს.) ვახტანგ გორგასალმა "დასუა ერთი ეპისკოპოსად ჭერემს, მისსავე აღშენებულსა და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი იგი მანვე აღაშენა". კვლევა-ძიებამ გორგასლისეული სასახლის სრული კომპლექსი გამოავლინა დარბაზებით, სამეურნეო ნაგებობებით, კარის ეკლესიითა და ციხე-დარბაზით. თუ გავითვალისწინებთ ჯუანშერის ცნობას, რომლის მიხედვითაც ვახტანგ გორგასალმა "ძესა მისსა დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვნისა, რომელ არს ხორნაბუჯი, და ყოველი ქვეყანა მტკუარსა აღმოსავლით და თვით ვახტანგ დაჯდა უჯარმას და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა", უნდა ვიფიქროთ, რომ აქ უფლისწულის რეზიდენციასთან გვაქვს საქმე.
ციხე-დარბაზი შემაღლებულ კლდოვან კონცხზე, გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ადგილზე მდგარა. გამოვლენილია ექვსი ოთახი, ორი დერეფანი და კოშკი.
ჯუანშერი გორგასლის ცხოვრების აღწერისას მოგვითხრობს: "და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოვანი და ჭერმის ციხე და ველის ციხე".
502 წელს (ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების წელს) სპარსთა მიერ ჭერემის "შემუსვრის" შემდეგ დასახელებული ნაგებობები აღარ ჩანს განახლებული.
ამ ნაგებობათა შორიახლოს დგას წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, მოშორებით - წვეროდაბლის წმინდა გიორგის ეკლესია.
წმინდა ბარბარეს ეკლესია დარბაზული ტიპისაა. უფრო პატარაა, ვიდრე განხუტის ქვედა და ზედა ეკლესიები და უფრო დიდია, ვიდრე უჯარმა და კაცხის სვეტი.
წმინდა ბარბარეს ეკლესიის სივრცე უჯარმასა და კაცხის სვეტზე დიდია. ეს ტაძარი V-VII საუკუნეებით თარიღდება.
ის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. ნაგებობის ჭერი მთლიანად ჩაქცეულია. შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ცენტრალური ნაწილი, საკურთხევლის მთელი სიმაღლით. ეკლესია VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკის ჯგუფს მიეკუთვნება.

მთავარი ტაძრის გვერდითი კედლები რიყის ქვისაა. ეკლესია განათებული იყო საკურთხევლის სარკმლით და სამხრეთ და ჩრდილოეთით 3-3 სარკმლით. ყველა ფანჯარა შიგნიდან ფართოვდება. კარები კი სამი მხრიდან ჰქონდა. შემონახულია მხოლოდ ორი კარი.
ეპისკოპოსის სასახლესთან შემორჩენილია ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლის ნანგრევების ერთი კედელი. გალავნის შიგნით კიდევ ერთი რიყის ქვით ნაშენი, თაღებიანი ნაგებობა მდგარა, რომლის ქვედა, მიწისქვეშა სართული საძვალეს წარმოადგენდა. დღეს ეს ნაგებობა აღარ არსებობს.
მართლაც ჭერემი ისევ აყვავდა... გადმოცემით, ჭერემში პირველი დასახლებულა საწერეთლოდან ბატონს გამოქცეული ყმა დიომიდე აბესაძე იყო. ეს მოხდა XVIII საუკუნის II მეოთხედში, როდესაც აოხრებულ და უკაცრიელ ჭერემ-ქალაქში ეპისკოპოსის კათედრა გააუქმეს.

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს თურმე დედოზარი შეუწირავს ჭერემის საყდრისთვის - ჩვენი ძველი დედაქალაქი მანდ იყო და მისთვის არაფერი გვიჩუქებიაო. გახარებულ სოფლელებს ვეება ზარი ღვთისმშობლის მიძინების წინაღამეს სამრეკლოზე დაუკიდიათ. როდესაც პირველად ააჟღერეს, მისი გუგუნის ხმა იორსა და ალაზანში გაუგიათ.
შეფიქრებულან ჭერემელები, - ამ ზარმა ქვეყანა არ შეგვიყაროსო. ამიტომ დედო-ზარს ათასში ერთხელ თუ შემოჰკრავდნენ, როცა ხმა დაირხეოდა, ლეკის თარეში ალაზანზე გადმოვიდაო.
სანამ საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა, აქაურობას მეტწილად იმერლები ეტანებოდნენ. კახეთის აჯანყების შემდეგ კი, როცა დამარცხებული ვაჩნაძეები, ანდრონიკაშვილები, ვარაზაშვილები და ჯიღაურები გააციმბირეს, ვინც ციხეს და გადასახლებას გადაურჩა, ჭერემს კახელებმაც მოაშურეს. ასე ჭაპანწყვეტაში, ომსა და ბრძოლაში შენდებოდა სოფელი ჭერემი, კახეთის ეს პატარა ლამაზი მთიანეთი. პირველი მსოფლიო ომის წინ ჭერემში უკვე სამასამდე კომლი ცხოვრობდა.


სოფელი მდიდარი იყო. აქაურებს ყველაზე მეტად ძველი ხალხური თამაშობა - ბერიკაობა უყვარდათ. ყველიერის კვირაში ორად იყოფოდა ჭერემი - ზედა უბანი და ქვედა უბანი. ნიღბების წარმოდგენას რომ მოათავებდნენ, მერე ბერიკები მოედანზე დადგებოდნენ, წრეს შეკრავდნენ წმინდა მარინეს თელის ძირში. დოლი საჭიდაოს დაიძახებდა. ქვედა უბნის ბერიკა ზედა უბნისას ეძგერებოდა, მეხურჯინე - მეხურჯინეს, მედროშე - მედროშეს, მეზურნე - მეზურნეს... ბერიკაობაზე თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ. შემდეგ სუფრა გაიშლებოდა და ხარობდა მთელი სოფელი.
ძველად ჭერემელ კაცს ყველასგან გამოარჩევდიო, - ამბობენ ჭერემელები. ტანად მაღალი, ტყავკაბაში ლამაზად მოსხლეტილი მთიელი ქუჩაში მსუბუქად და ჩუმად მოაბიჯებდა.
დრო გადიოდა. უკაცური ჭერემი ნელ-ნელა დაინგრა, გაუდაბრუდა. ძველი საურმე გზაც ზვავმა და მეწყერმა წაიღო. სახურავჩამოშლილ ნასახლარებში ჭოტები კიოდნენ, მოგზაური უკვე აღარ ეტანებოდა ამ ნაზრახ ადგილს.
1978 წლიდან კი ჭერემელების ოცნება ასრულდა - გამარჯვებიდან კვლავ ჭერემში გადასახლდნენ...
- ღმერთო, მომკალი, ეს რა მიქნა ამ საძაგელმა! - შეჰკივლა ქალმა და ქაფქირს დაავლო ხელი.
გული კინაღამ შეუღონდა - ქაფქირს ყაურმაში ჩახარშული გველი ამოჰყვა. ხალხმა დაუფასა სიკეთე ენაგატლეკილ ფრინველს და საყდარს მისი სახელი შეარქვა.
წლების წინ ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო და მისი გამკეთებელი არ ჩანს. დედაქალაქში მშენებლობის ბუმია, ჩვენი ძირძველი სოფლების ყოფნა-არყოფნა კი მართლაც ბეწვზე კიდია...
უგზოობას უშუქობა, ულუკმაპურობა და "უყველაფრობა" ემატება. აქაურები ქვეყნის ამბის გასაგებად თითო-ოროლა შეძლებულ ოჯახში იკრიბებიან და გენერატორით ამუშავებულ ტელევიზორს მისჩერებიან...
თამარ გაბახაძე წარმოშობით ჭერემელია. იმდენად უყვარს თავისი სოფელი, რომ, ზაფხული არ გავა, იქაურობას თვალი არ შეავლოს. ძალიან აწუხებს მისი ბედი. "დღეს თუ არ მივხედეთ, ხვალ გვიანი იქნება. ჭერემი საუკუნეების წინათაც დაიცალა, მაგრამ ფუძე ვერ მიატოვეს და კვლავ მთაში იწყეს ამობარგება. მაშინდელი ხელისუფლების დახმარებით საცხოვრებელ სახლებთან ერთად აშენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობები, სკოლა... ყველაფერი, რაც კი ჭირდებოდა სოფელს..."
ქალბატონი ნანული ჩაფიძე კი იხსენებს 1980 წელს საშუალო სკოლის გახსნას: "თავიდან ბევრი ბავშვი იყო. ახლა ყველა უკან გარბის. ვეღარ უძლებენ აქაურ პირობებს. ზამთარში გზა იკეტება, დენი არ არის. დიდთოვლობაში შეუძლებელია სოფლიდან გამოსვლა. გაზაფხულზე კი გზა წყლით იტბორება. სოფელს თითო-ოროლა მოხუცი შემორჩა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უგზოობაა, რომელიც სოფელს შლის და აცარიელებს. სარეისო ავტობუსიც არ არის. პროდუქტების შესაძენად ველისციხის ბაზარში დავდივართ..."
"სოფლის განაპირას, წმინდა მარინეს გორაზე დიდი თელის ხე დგას, რომელიც ჭერმის ხეობას გადაჰყურებს, - საუბარს აგრძელებს თამარი, - წინათ აქ მთელი სოფელი ლხინს მართავდა. ამ ადგილას ეკლესია მდგარა".
სოფელი აღნიშნავს წმინდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს - კვირიკობას, სამებობას, წმინდა მარინეობას, ღვთისმშობლობას, წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენებას - კოზმანობას. გიორგობას აღნიშნავენ წვეროდაბლის ეკლესიაში, მთავარანგელოზობას - ახალაშენებულ ტაძარში. ამ დღესასწაულებზე წირვა-ლოცვა არ აღევლინება, მაგრამ ხალხი სანთლებს ანთებს, ლოცულობს, გალობს. მთავარანგელოზის ტაძარი ამირეჯიბებს აუშენებიათ. ტაძრები გვაქვს, მაგრამ მოძღვარი არ გვყავს, - დაიჩივლეს ჭერემელებმა, - არადა, საუკეთესო ადგილია სამონასტროდო. უწმინდესმა თქვა, უჯარმის მერე ჭერემშიც აღდგება სამონასტრო ცხოვრებაო.
ხალხი ითხოვს მოძღვარს, - ჩვენ შევინახავთ სულიერ მწყემსსო. ეკლესიის ეზოში სასულიერო პირების საფლავებია შემორჩნილი. ბევრი ტაძარი დაიხურა. საეკლესიო ნივთებთან ერთად დაიკარგა ღვთისმშობლის ტაძრის უძველესი დედოზარიც.
ჭერემელები ფიქრობენ, რომ ეკლესიების ამოქმედებით სოფელში სულიერება გამოცოცხლდება და ხალხს იმედი გაუჩნდება...