ახალქალაქი XII-XIII საუკუნეებში დაარსებულა. იქ ყოფილა კახა ერისთავთერისთავის რეზიდენცია. კახა ერისთავთერისთავს, მეჭურჭლეთუხუცესს, 1259 წელს რკონის მონასტრისთვის სოფელი ხოვლე შეუწირავს.
თეძმის ხეობა მონღოლთა ბატონობის პერიოდშიც მის შთამომავლებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნიდან ისინი ჯავახიშვილებად იწოდებოდნენ. მათ ნამოსახლარს დღესაც ჯავახიანთ ციხეს ეძახიან.
XVI საუკუნიდან თეძმის ხეობაში გაბატონდა სააკაძის გვარი. როგორც ცნობილია, სააკაძეები ქართლის მეფე სვიმონ I-ისა და გიორგი X-ის დროს დაწინაურდნენ. 22 წლის გიორგი სააკაძემ თურქებთან ბრძოლაში ისახელა თავი, რისთვისაც გიორგი X-მ მას აზნაურობასთან ერთად თარხნობაც უბოძა, აჩუქა მამულები და ყმები, 1607 წელს კი თავადად დაამტკიცა. ამის შემდეგ მოურავის შთამომავალნი თარხან-მოურავის გვარს ატარებდნენ (მათი ჩამომავლები არიან თარხნიშვილები).
სააკაძეს ნოსტეში ციხე-გალავნით გამაგრებული სასახლე ჰქონდა.
ლუარსაბ II-ის მეფობისას გიორგი სააკაძე ისე გაძლიერდა, რომ თანდათანობით დაეუფლა თეძმის ხეობის ქვემო ნაწილს, დაწყებულს სასურეთიდან ერთაწმინდამდე (ეგრეთ წოდებული სათარხნო). თეძმის ზემოთა მხარე კი ჯავახიშვილების მფლობელობაში დარჩა.
როსტომ მეფეს (1632-1658წ.წ.) აღუდგენია ძველი ნაქალაქევი - ახალქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებია. ღვთისმშობლის ტაძრის კედლის წარწერა გვაუწყებს: "თეძმის პირას აღვაშენე ქალაქი, სახელი უწოდეთ მეფის ქალაქი, დავასახლე სომეხი ვაჭარნიო".
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ახალქალაქის ზემოთა მხარე დაუსახლებელი იყო. შემდეგში თეძმის მარჯვენა მხარეს მთიულები დასახლდნენ, მარცხენა მხარეს კი ოსები.
სოფლის შუაგულში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დგას. "მეტეხი" ბერძნულად მეტოქეს, ქვემონასტერს ნიშნავს. მეტეხის ტაძარი ქართლის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა. მეტეხში რამდენიმე ძველი ეკლესიაა: ღვთისმშობლის, ამაღლების, კვირაცხოვლობის. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XI-XII საუკუნეებშია აგებული. ვახუშტი ბატონიშვილი მის აგებას ვახტანგ გორგასალს მიაწერს. მეტეხში იჯდა არქიმანდრიტი, რომელიც ემორჩილებოდა კათოლიკოსს. ჩოჩეთში კი სამი მომცრო ტაძარია: წმინდა მარინეს, სამების და წმინდა გიორგის. აქაურ გვარებში ყველაზე მეტია თოიძე და ნუგზარაშვილი.
ახალქალაქში ყოფილა ღვთისმშობლის ძველი ეკლესია, რომელიც სიძველის გამო დაუნგრევიათ და მის ნაცვლად გალავნის გარეთ აუშენებიათ სომხური ტიპის ტაძარი (XVIIIს.). ტაძრის ერთ მხარეს ჩაუშენებიათ ძველი ეკლესიიდან წამოღებული წარწერიანი ქვა. წარწერა მხედრულია, XVII საუკუნის პირველი ნახევრისა. წარწერიდან ირკვევა, რომ ამ უბნელი სომხები აქ როსტომ მეფის დროს გადმოსახლებულან.
ახალქალაქის ცენტრში შემორჩენილია ქვიტკირით ნაგები ძველი ციხე-გალავანი. აქვს ოთხი კოშკი. ერთ მათგანზე სახლია მიშენებული. ვარაუდობენ, რომ ეს ციხე-გალავანი ქალაქის დასაცავად როსტომ მეფის დროს არის აშენებული.

აქაური მებატონეები ნოსტედან გადმოსული თარხნიშვილები იყვნენ. მთელი ნოსტე, გარიყულა, ახალქალაქი ძველად მათ ეკუთვნოდათ.
თავდაპირველად ნოსტედან აქ გადმოსულა დავით თარხნიშვილი, რომელსაც სახლი აუშენებია. შემდეგ ამ სახლზე მის შვილებს - ალექსანდრეს და კონსტანტინეს დაუშენებიათ სპარსული სტილის სასახლე, ეგრეთ წოდებული მარშლიაანთ სასახლე (დავითი გორის მაზრის თავადაზნაურთა მარშალი ყოფილა).
კონსტანტინეს, შემახიის და ბაქოს გენერალ-გუბერნატორს, ურთიერთობა ჰქონდა ირანის შაჰთან, რომლის რჩევით და დახმარებით წამოუწყია სასახლის მშენებლობა. ხელოსნები სპარსეთიდან მოუწვევია. ათი წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ თურმე და სასახლის კედლებს ხატავდნენ. მარშლიაანთ სასახლის ზედა სართულის სამი ოთახი და აივანი სპარსული სტილისაა. ჭერი სარკით არის მოჭიქული. კედლები მოხატულია ვარდის კონებით და ბულბულებით.
ამჟამად სასახლე ძლიერ არის დაზიანებული და ყურადღებას მოითხოვს.


თარხნიშვილების მფარველი წმინდა ესტატე პლაკიდაა. მათ გერბზე გამოსახულია ირემი, რაც წმინდანის ცხოვრების ერთ ეპიზოდთან არის დაკავშირებული: ერთხელ ესტატე ირემს გაჰკიდებია, უეცრად მის რქებს შორის ნათება და ხატი დაუნახავს. სწორედ მაშინ მოქცეულა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე".
ბატონ გიას მაია სურვილაძის ოჯახში შევხვდი. ახალქალაქზე მათგან ბევრი რამ შევიტყვე. მაიაც თარხნიშვილების ერთ-ერთი შტოს ჩამომავალია. "თარხნიშვილების შთამომავლები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები, - მითხრა მაიამ, - ზაფხულობით კი ყველანი გარიყულაში ვიკრიბებით. არ ვივიწყებთ წინაპრებს. ვცდილობთ, საგვარეულო სასახლეს მზრუნველობა არ მოაკლდეს".
მარშლიაანთ სასახლეში ომიანობისას ჯარი მდგარა, ერთხანს აქ ძაღლებსაც წვრთნიდნენ თურმე. იატაკი აუყრიათ და შეშად უხმარიათ. საბჭოთა პერიოდში ფერმის მოწყობაც უცდიათ. დიდედა ეკატერინეს ძალისხმევით, კულტურის სამინისტრომ სასახლე სამხატვრო აკადემიას გადასცა და წლების განმავლობაში ის სამხატვრო აკადემიის საზაფხულო ბაზა გახლდათ.
"ალექსანდრე ყაზბეგის დედა თარხან-მოურავი იყო. თავად ალექსანდრე ხშირად სტუმრობდა ამ სასახლეს", - გვითხრა მაია სურვილაძემ.
თარხნიშვილების შთამომავლების დიდი სურვილია, წინაპართა სასახლემ კულტურის კერის ფუნქცია დაიბრუნოს.
მაიამ ისიც გვიამბო, ეკლესიის დანგრევის შემდეგ როგორ გადაურჩა ხატები დაკარგვას. "სასახლესთან წმინდა დავითის სახელობის ტაძარი იყო, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს. ხატები ნათესავებმა გადამალეს. ჩვენს ოჯახში ინახება ღვთისმშობლის, წმინდა ბარბარეს, მაცხოვრის ხატები. 1978 წელს მე და ბებია, მარინე მაჩაბელი, ბელგიაში ბებიას დეიდაშვილებთან ვიყავით სტუმრად. მათი დედა თარხან-მოურავის ქალია. მათთან ინახებოდა ტაძრიდან წამოღებული წმინდა ბარბარეს ხატი. საქართველოში დაბრუნებისას ხატი გამოგვატანეს და დღეს ჩემთან არის, ესტატეს წმინდა ნაწილები კი გია მაჩაბლის ძმის, ერეკლეს ოჯახშია".
- როგორ დაიბადა კულტურის ცენტრის დაფუძნების იდეა?
- ამ სოფელში გავიზარდე. აქ სამხატვრო აკადემიის ბაზა იყო. მამას, აპოლონ ქუთათელაძეს ჩამოჰყავდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და მეც ჩამოვდიოდი. გარკვეული პერიოდი უცხოეთში ვცხოვრობდი. მერე დავბრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად დამეარსებინა ეს ცენტრი. მიყვარს აქაური მოსახლეობა, ვმეგობრობთ და საერთო საქმესაც ვაკეთებთ. მიხარია, რომ ამ პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც ამ სოფლის, ასევე მეზობელი სოფლების მოსახლეობაც.
პლატონ იოსელიანის გადმოცემით, ნოსტეს სტუმრებია შაჰ-აბასიც. გიორგი სააკაძეს შაჰისთვის უთხოვია, მისი ნოსტეში ყოფნის აღსანიშნავად მარმარილოს სვეტი აღემართა. აბასს ნება მიუცია და გიორგი სააკაძეს ათ დღეში დაუდგამს ეს სვეტი.
დღეს მისი სასახლის ერთი კოშკიღაა შემორჩენილი.

გიორგი სააკაძის ამალიდან გამოსულა ერთი ერთაწმინდელი მოხუცი და შეშინებული შაჰისთვის მოუხსენებია: თუ გნებავთ, თვალის სინათლე დაიბრუნოთ, უბრძანეთ, შეწყვიტონ ტაძრის ნგრევაო. თან განუმარტავს, ის გოლიათი, რომელიც ძილში იხილეთ, სასწაულმოქმედი წმინდა ესტატეაო. ტაძრის ნგრევა შეუწყვეტიათ. შაჰისთვის წმინდა ესტატეს ხატი უჩვენებიათ. უცვნია სიზმრად ნანახი გოლიათი, წამოუძახია: დიდ არს თქვენი წინასწარმეტყველიო და თავისი ხმალი ტაძრისთვის შეუწირავს.
ეკლესიის დასავლეთით მიშენებულ თაღიან სათავსს მთავარანგელოზისას უწოდებენ. მის კედელში გამოჭრილია ოთხკუთხა ხვრელი, რომელშიც გაყრილი ყოფილა ჯაჭვი "დადიანური". ერთაწმინდობას აქ მოჰყავდათ სულით ავადმყოფები. ჯაჭვით შეკრავდნენ, სკამზე დასვამდნენ და ჯაჭვის ორივე ბოლოს კედელში გაუყრიდნენ. მეორე დღეს ავადმყოფს აუშვებდნენ და ისიც განკურნებული მიდიოდაო.
მის შთამომავლებს თბილისში ვესტუმრე. ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი ბებიის სეხნიაა. ასაკოვან ქალბატონს კარგად ახსოვს ბებიასთან გატარებული წლები, კაკლის ხე, რომელზეც გაბაშვილმა "ჩემი კაკლის ხე" დაწერა. ისიც შევიტყვე, რომ მათი ოჯახის წევრი ყოფილა წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი.
ეკატერინეს და ალექსანდრეს ხუთი შვილი დარჩათ - თამარი, ნინო, რეზო, გოგლა (გიორგი) და ელენე. "ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთი ილია ჭავჭავაძის ოჯახში გაიცნეს, დამეგობრდნენ და მერე შეუღლდნენ. ყველაზე უფროსი მამიდა თამარი გახლდათ. მისი მეუღლე, კოტე მაყაშვილი, ბანკის მმართველი და მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე იყო. მათი შვილები არიან შალვა, მარო და ნუგეშა. ბიძაჩემი რეზო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საფრანგეთში დასახლდა. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ინახავდა საქართველოს საგანძურს. ექვთიმე მამაჩემის, გოგლას ბიძაშვილის, ნინო პოლტარაცკაიას მეუღლე იყო. ახალქალაქში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. ბებია ადრე მიდიოდა და სოფელში გვხვდებოდა. ყოველ აღდგომას შვილიშვილებს ტილოს კაბებს გვიკერავდა. თბილისში, საკუთარი სახლის პირველ სართულზე, ჭრა-კერვის სკოლა ჰქონდა გახსნილი გასათხოვარი ქალებისთვის. ჰყავდა დამხმარეები: ოლღა ჭავჭავაძე, ანასტასია წერეთელი, ეკატერინე მესხი, მაშო თუხარელი. ხელს უმართავდნენ ჟურნალ "ჯეჯილს" და "ნაკადულს".
ბებიასთან ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი".


წირვაზე სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მრევლი გავიცანი - ზოგი თეძმის ხევიდან, ზოგიც ახალციხიდან. ლელა ალიმბარაშვილის დახმარებით თითქმის მთელი სოფელი შემოვიარეთ და აქაურების გულისნადები გავიგეთ.
ვახტანგ ბარნოვი სოფელ ახალციხის მკვიდრია და წირვა-ლოცვაზე ახალქალაქში ჩამოდის. "როგორც ვიცი, ჩვენი გვარი - ბარნაველები მესხეთში ცხოვრობდნენ. იქ სამღვდელო პირები ყოფილან. ბარნოვებად რუსებმა გვაქციეს. ჩვენს სოფელში არის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია, მაგრამ წირვა-ლოცვა ჯერ არ აღესრულება, - აგრძელებს საუბარს ბატონი ვახტანგი, - ჩვენი მოძღვარი მამა ილია კვირაში ერთხელ ამოდის, პარაკლისს იხდის და სოფელიც ამით სუნთქავს. თუ არ იქნება წირვა-ლოცვა, ხალხი სხვა რწმენაზე გადავა. იეღოველთა სექტა რაღაც ძალიან მომრავლდა ჩვენში. გიორგობის დღესასწაულზე ორბეთის ეკლესიაში ავდივართ. კარგი იქნება, თუ მუდმივი მსახურება იქაც აღდგება.
სოფლად გასაჭირს თუ იკითხავთ, ახალს ვერაფერს გეტყვით. როგორც ყველგან, ჩვენშიც ისეთივე მდგომარეობაა. ხალხს გული უტყდება, სოფლიდან გარბიან. სკოლები იხურება. თუ ადრე საშუალო სკოლაში პარალელური კლასები იყო, ახლა თითო კლასიც სანატრელია. საერთო გაჭირვების გამო ახალგაზრდები ვეღარ ოჯახდებიან. იმედს მაინც არ ვკარგავთ და ღვთის იმედად ვცხოვრობთ".
დავით მალაციძე სოფელ თეძმის ხევიდან მოდის და ახალქალაქში წირვა-ლოცვას ესწრება. მისი თქმით, "აქ თავიდან ორი გვარი დასახლებულა - მალაციძეები და გერმისაშვილები. ამ სოფელში აზერბაიჯანელები მომრავლებულან. თავის დროზე მწყემსებად ჩამოუყვანიათ და ახლა მგონი პირიქით ხდება - მწყემსებად ქართველებს ქირაობენ. სოფელში სალოცავი გვაქვს - კალობანს ვეძახით. ჩვენი სოფელი პატარაა, სკოლა არ გვაქვს, არც გზა. მდინარე რომ ადიდდება, ქვეყნიერებას ვწყდებით. მამა ილიას მოსვლით ჩვენს მხარეში სულიერი გამოცოცხლება დაიწყო".
"მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, გამოცოცხლდა ჩვენი კუთხე. ხალხს რწმენა დაუბრუნდა. ჯერ ორი წელიწადიც არ არის, რაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ეკურთხა, მამა ილიას ორი სულიერი შვილი კი სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლობს", - მეუბნება ახალქალაქელი ირმა მამასახლისი. ირმამ თვითონაც სასულიერო აკადემია დაამთავრა და ახლა თბილისის წმინდა ილია მართლის მართლმადიდებლური გიმნაზიის პედაგოგია. კარგად იცნობს ახალქალაქს, იცის მისი კულტურული მემკვიდრეობის ფასი.
ღვთისმშობლის ტაძრის ახლოს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიაა (XVIII საუკუნის II ნახ.), რომელიც ნგრევის პირასაა.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენას და მის კურთხევას ირმა ასე იხსენებს: "ეს ეკლესია სომხებს მიეთვისებინათ და გადაეკეთებინათ. რამდენიმე წლის წინ, ღვთის შეწევნით, უშანგი მეზურნიშვილის დახმარებით მოხერხდა მისი აღდგენა. ტაძარი გაიწმინდა, დადაბლდა იატაკი და გამოჩნდა უფრო ადრინდელი ფენა. მოიხსნა სომხური საკურთხეველი და სანათლავი. როდესაც ცემენტის ფენის მოხსნა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ თავიდან აქ მცირე ზომის ტაძარი ყოფილა, რომლისთვისაც აღმოსავლეთიდან ახლანდელი ტაძარი მიუშენებიათ. ეს როსტომ მეფის დროს მომხდარა.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის! მადლობა მეუფე ანდრიას და მამა ილიას. ორიოდე წლის წინ ხალხი შორიდან უვლიდა ტაძარს, ახლა კი მოდიან და ეზიარებიან ღვთის მადლს".
- ერთაწმინდაში არის ვისუაანთ უბანი, ნავროზაანთ უბანი, ოქროაანთ უბანი, ელისაბედიანთ, თათხიაანთ უბანი. ცხოვრობენ ელისაბედაშვილები, ალიმბარაშვილები, სულუაშვილები, ნავროზაშვილები. კორკოტაშვილებიც ბლომად არიან. ჭეჭელაანთ უბანი პატარაა. შავლუხაშვილები ოსეთიდან ჩამოსახლებულან.
ახალქალაქში ძირითადად ვარდოშვილები, მამასახლისები, იმაძეები, გოზალიშვილები, ჯლანტიაშვილები, მამაცაშვილები, ალავიძეები, თარხნიშვილები, მაჩაბლები, თათხაშვილები, თოიძები, ჯავრიშვილები, ნაზარიშვილები, ნონეშვილები, ბეგლარიშვილები, მეზურნიშვლები, ელისაბედაშვილები, სულაშვილები ცხოვრობენ.

- ძველი, კარგი ამბები თუ გახსოვთ?
- წინათ კარგი ბიჭი ვიყავ, შვილო, სულ ვთამაშობდი. ახლა რაღა დროს ჩემი შალახო და ლეკურია... ბირჟაზე ხალხთან საუბარში ვიკლავ დარდს.
- რაზე საუბრობთ?
- ყველაფერზე, მაგრამ, აბა, ვინ გვისმენს...
- ეკლესიაში თუ დადიხართ?
- როგორ არა, დაილოცოს მისი ძალა! ადრე ერთაწმინდაში, რკონში ავდიოდი... საღამოობით, როცა ტაძარში ვერ მივდივარ, სანთელს ვანთებ ხოლმე. სანთელს რომ ავანთებ, იმ ღამით კარგად მძინავს.

ახალქალაქი ჩემი მოძღვრის სოფელია. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ამ ეკლესიის აღდგენაში. მამა ილია ერთი წლის განმავლობაში პარაკლისებს ატარებდა ამ ტაძარში. მეც მედავითნეობას ვუწევდი. აქედან მიცნობდა მეუფე ანდრია. მეუფის ლოცვა-კურთხევით, 2005 წლის 24 ივნისს გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს. მისი უწმინდესობისგანაც ავიღე ლოცვა-კურთხევა, რომ ამ კუთხეში მემსახურა. 11 დეკემბერს მეუფე ანდრიამ მღვდლად მაკურთხა. მას შემდეგ აქ ვმსახურობ.
- თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს ქალაქის დატოვება არ გაგიჭირდათ?
- როცა იმ გზას შეუდგები, საითაც ღმერთი მოგიწოდებს, გაჭირვებაზე აღარ უნდა იფიქრო. უფალს უნდა მიენდო. მისი წყალობით ყველაფერს ვუძლებ. მომავალშიც ღმერთის სასოება გვაქვს.
- რამდენიმე ტაძარში მსახურობთ...
- წირვა-ლოცვას ვასრულებ ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა ესტატეს, ევსტათი პლაკიდას და ნიაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში. მეუფის კურთხევით, ჯანმრთელობის პარაკლისს ვატარებ სოფელ ახალციხის კვირაცხოვლობის ეკლესიაში, რომელიც მალე ეკურთხება. ასევე - სოფელ ზემო ჩოჩეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მალე ორბეთის წმინდა გიორგის ეკლესიაშიც გადავიხდით პარაკლისებს.
ჩემს მოსვლამდე პარაკლისებს მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნოდარ ბერიაშვილი ატარებდა, ასევე, გორიდან მობრძანდებოდა მღვდელმონაზონი კოზმა...
მრევლი დღითიდღე იზრდება. მეუფე ანდრიას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეპარქიის აღორძინებაში, ყოველი თვის ბოლო ორშაბათს მეუფის ჩამობრძანებას ველით. ეპარქიის ყველა სასულიერო პირს შეგვკრებს და ერთობლივ წირვას ვატარებთ ხან ერთ, ხან მეორე სოფლის ეკლესიაში. ეს ერთმანეთთანაც გვაახლოებს და მრევლთანაც.
- სოციალური პრობლემები მრევლის სულიერ ცხოვრებას ხელს ხომ არ უშლის?
- ბევრი სწორედ გასაჭირს მოჰყავს ეკლესიაში. უფალი მოგვიწოდებს: "ნუ ზრუნავთ, რა ჭამოთ, რა ჩაიცვათ"; ჩვენ სულზე ვიზრუნოთ, დანარჩენს კი ღმერთი მოგვცემს.