რუისში საეპისკოპოსო კათედრა საქართველოს გაქრისტიანების პირველი საუკუნეებიდანვე ყოფილა. 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე მროველი ეპისკოპოსიც გახლდათ მიწვეული.
რუისში დიდი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ, მათ შორის - ანტონი მროველი (IX-Xს.ს.), ლეონტი მროველი (XIს.). სოფელ თრეხში 1957 წელს აღმოჩენილ ქვაბებში იპოვეს ქვაჯვარი, რომელზეც ასეთი წარწერაა: "მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქვაბი ხატისათვის ღმრთეებისა და დღეს ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათვის ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისა". ქვაჯვარი 1066 წელს გაუკეთებიათ.
რუისის სამღვდელმთავრო კათედრაზე მსხდარან გიორგი (XII-XIII ს.ს.), ტიმოთე (XII-XIII ს.ს.), გედეონი, ფილიპე თაქთაქიძე, დიონისე ლარაძე. იგი ერუშნელი ეპისკოპოსი ყოფილა (XVI საუკუნეში), მაგრამ ერუშეთის გამაჰმადიანების შემდეგ იქიდან გაქცეულა და რუისში ჩასულა, სადაც მროველობა უბოძებიათ. მრავალი სიწმინდე ჩაუტანია თან მეუფე დიონისეს. მათ შორის - შავ მთაზე დაწერილი XI საუკუნის სახარება და მოოქრული ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი. რუისში მას აღუდგენია ღვთისმშობლის ეკლესია, აუშენებია სამრეკლო.
XVI-XVII საუკუნეებში მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი გახლდათ. ეს ის დომენტი ავალიშვილია, მარაბდის ომში რომ იბრძოდა ერისკაცთა გვერდით. ბრძოლის დაწყების წინ, როცა წმინდა ბარძიმით ხელში ჯარის საზიარებლად მისულა, ლაშქარს უთქვამს, თუ მახვილს აიღებ დღეს ხელში, მაშინ ბრძანე, სხვამ გვაზიაროს, თუ არა და, უმჯობესია, წმინდა ძღვენი შენი ხელიდან მივიღოთო. მროველი ჩაფიქრებულა და მიუგია: "დღეს უნდა ვიბრძოლო არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქრისტეს მცნებებისა და სარწმუნოებისთვის... ავიღებ მახვილს და თქვენზე უწინ დავანთხევ სისხლსო". დალოცა მხედრობა და თვითონაც აბჯრით შეჭურვილი მეწინავე რაზმში ჩადგა...
მროველი მიტროპოლიტი ყოფილა ნიკოლოზ ორბელიშვილი (+1728 წ.), რომელსაც მრავალი სიწმინდე შეუწირავს რუისის ტაძრისთვის. მასვე განუახლებია 1728 წელს დიონისე ლარაძის მიერ ერუშეთიდან ჩამოტანილი ჯვარი ("ფრიად გახსნილი" იყო და "ვერცხლი მიუმატაო", ნათქვამია წყაროებში), ჯვარზე წარწერილია მეუფე ნიკოლოზის ანდერძი: "ვინც იხილვიდეთ, პირველად დიონისე მროველს მოიხსენებდეთ და შემდგომაც მეცა ღვთისთვის მომიხსენებდეთ".
1740 წელს ათანასე მროველს დომენტი კათოლიკოსისთვის ერთგულების წიგნი მიუცია. "ძველთაგან რუისის ღმრთაების საყდარსა მიტროპოლიტი არ კურთხეულიყო, საეფისკოპოზო იყო, და მოვედით და მიტროპოლიტობის კურთხევას დაგეაჯენით", - წერს მეუფე ათანასე. კათოლიკოსს მისთვის მიტროპოლიტობა უბოძებია და რუისის საყდარი "სამიტროპოლიტოდ გაუხდია", მადლიერ ათანასეს კი მორჩილების ფიცი დაუდვია.
1748 წელს გამართულ საეკლესიო კრებაში მონაწილეობა მიუღია იოსებს, ეპისკოპოსს "რუისისა და სრულიად ქართლისა".
მროველი გახლდათ ნიკოლოზ ხერხეულიძეც, რომელიც 1741 წელს კათოლიკოსად აკურთხეს. 1752 წელს, როცა თეიმურაზმა და ერეკლემ ტფილელი მიტროპოლიტი ათანასე რუსეთში ელჩად მიავლინეს, მას თავისი სამწყსო ქრისტეფორე მროველისთვის ჩაუბარებია: "საყდრისა მამულთ შემოსავალი თუ საყდრით და ან სამწყსოთი - ყველა შენ დაგიგდე და მოგაბარეო", - წერს იგი.
1768 წელს მროველ მიტროპოლიტს გერმანე წინამძღვრიშვილს რუისის საყდრისთვის ფერისცვალების საკითხავი შეუწირავს.
1775 წელს მროველ ეპისკოპოსად იონა გედევანიშვილი უკურთხებიათ.
1781 წელს მროველ მიტროპოლიტს ნიკოლოზ ყიფიანის ძეს რუისის ეკლესიისთვის კანკელი შეუწირავს, ხოლო 1803 წელს მროველ მიტროპოლიტს იუსტინე მაღალაშვილს - ზარი.
ამ წმინდა მღვდელმთავართა ღირსეული მემკვიდრეა მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რუისისა და ურბნისის ეპარქიის დღევანდელი მმართველი. მისი ლოცვა-კურთხევით ამ ეპარქიაში უკვე ოცდაათი მონასტერი ამოქმედდა, ხოლო სამოცდაცხრა მოქმედ ტაძარში ოთხმოცზე მეტი ღვთისმსახური მოღვაწეობს.
რაღა მაინცდამაინც რუისისა და ურბნისის სანახები აირჩია მეფემ?
ამ კითხვაზე რუისელები ასე გიპასუხებენ: როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში თურქ-სელჯუკები ბატონობდნენ, თბილისს არაბი ამირა მართავდა, კახეთი გამდგარი იყო, ხოლო სამეფოს დასავლეთ საზღვარი მცირე ლიხის მთა გახლდათ, მაშინ რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1072 წელს გიორგი II რუისის ღვთაების ეკლესიაში აკურთხეს მეფედ და აქედანვე მართავდა საქართველოს. მისი ძე, 1073 წელს დაბადებული პატარა დავითიც (შემდგომში აღმაშენებლად წოდებული), რუისმა შეიფარა. მტერი ყველაფერს იღონებდა, რომ მეფეს მემკვიდრე არ დარჩენოდა, ამიტომ უფლისწულს რუისელები მალულად ზრდიდნენ.
ამ ხალხური თქმულების დასტურად ალბათ ერთი ძველი წერილიც გამოდგება. იგი 1885 წლის მაისში გამოაქვეყნა გაზეთმა "დროებამ". მასალა ეძღვნება წარმოშობით რუისელი კონსტანტინე მამაცაშვილის ნადიმს, რომელიც თბილისში გაიმართა. ნადიმზე სიტყვა წარმოუთქვამს ვახტანგ ორბელიანს, რომელსაც წმინდა ილია მართალი უწოდებს საქართველოს წარსულის დიდ მცოდნეს, კაცს, რომელსაც უყვარდა გარდასულ დროთა გახსენება, იმიტომ, რომ მასში "ბრწყინავდნენ დიდნი გმირნი, დიდნი მამულიშვილნი".
აი რა უთქვამს ვახტანგ ორბელიანს: "ბატონებო! კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი... არ არის მამაცაშვილების გვარში პირველი, რომელმაც არ დაზოგა ღვაწლი და შრომა და შესწირა თავისი სიმთელე თვის მემამულეს ძეთ. მამაცაშვილების გვარი არის დიდად ძველი და ისტორიული გვარი. ამ გრძელს ჩემს ცხოვრებაში მიცვნია, ვინც ყოფილან მამაცაშვილები და ზოგნი მათგანი მიცვნია ახლოდ - ყველანი ყოფილან სიქველის და კეთილშობილურის გრძნობით აღსავსენი; და თუ მოვიგონებთ ძველთა დროთ და ძველთა საუკუნეთ, მაშინ თვალწინ წარმოგვიდგება მამაცაშვილების გვარში დიდი ისტორიული ფაქტი. როდესაც ორასი წლის არაბთ მფლობელობის ქვეშ საქართველო იყო დანგრეული და უკანასკნელს განწირულებაში, მაშინ რუისში, მამაცაშვილების უბრალო ქოხში, არაბთაგან უცნობად, მიმალულად იზრდებოდა ერთი ბალღი; მამაცაშვილებმა გაზარდეს ის ბალღი, შთაუბეჭდეს თავიანთი მხურვალე სიყვარული მამულისა და ქრისტეს სარწმუნოების გრძნობა, თავიანთი მამაცობა და ქველობა; რაკი სიჭაბუკეში შევიდა, ის ბალღი გაიყვანეს ჩერქეზეთში, გარს შემოახვიეს მთელი ჩერქეზნი, ოსნი და მთლად შუა კავკაზის ხალხნი, იმ დიდის ლაშქრით და მამაცაშვილების წინამძღოლობით მომართა იმ ჭაბუკმა საქართველოს, დაეცა არაბებს, დაამარცხა პირველს ბრძოლაშივე. მამაცაშვილებმა აღძრეს მთელი საქართველო, ჭაბუკი მიესია არაბებს, განდევნა იგინი საქართველოდამ და საქართველო გაათავისუფლა, ახლად აღადგინა. ის ბალღი, რომელიც გაზარდეს მამაცაშვილებმა თავის ქოხში, იყო დიდი დავით აღმაშენებელი. ღვთის მადლი იყო, რომ არაბებმა ვერ შეიტყვეს, ვისა ზრდიდნენ მამაცაშვილები თავის ქოხში; თუ შეეტყოთ, აღარ იქნებოდნენ აღარც აღმაშენებელი და არც მამაცაშვილები".
ალბათ, ამიტომაც უყვარდა წმინდა დავითს ასე სოფელი რუისი.