ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციამ გადაწყვიტა, თავის მკითხველებთან ერთად იმოგზაუროს ქართულ სოფლებში, შეიტყოს მათი ისტორია, წარსული და აწმყო, პრობლემები და მათი მოგვარების გზები, გაიცნოს ის თავდადებული ქართველები, მამულს წყლულზე მალამოდ რომ ედებიან, ის სამღვდელო პირნი თუ მართალი და უბრალო გლეხკაცები, რომელთა სულიერი და ფიზიკური ღვაწლით ჯერ კიდევ ფეხზე დგას ქართული სოფელი.
ჩვენო ერთგულო მკითხველო, გვაკურთხე ამ კეთილ საქმეში...
თუ კაცი გონიერია, სოფელიც ღონიერიაო...
ეს თქმა თანამედროვეობას ნაკლებ შეეფერება, მაგრამ გონიერება ყოველთვის გვმართებს.
გლეხკაცის დღენი მუდამ გარჯაში ილეოდა, დიდი და პატარა, ქალი თუ კაცი დიდი სიყვარულით შრომობდა და ბეღელს მოსავლით ავსებდა. გონიერებაც და ღონიერებაც ამაში ჩანდა.
სოფლად ყოველი დღე დიდი ჯაფით იწყება და მთავრდება... ამ გასაჭირს გამოქცეული ახალგაზრდობა შვებას თითქოს ქალაქში ეძებს. ვინც მამა-პაპათა კერას არ აცივებს, მათაც ქალაქისკენ უჭირავთ თვალი.
ზაფხულობით აჟრიამულებული ეზო-კარმიდამო ზამთრობით ისე გამოიკეტება დიდი ურდულიანი გასაღებით, რომ საკვამურიდან კანტიკუნტად ამომავალი კვამლით თუ გაიგებ ვინმე სულიერის არსებობას.
არადა სოფელმა შემოგვინახა ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთგატანა, სამშობლოს არდათმობა და სარწმუნოების სიყვარული.
ჰოდა, ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რომ სოფლის მიტოვება არავის ეგების...
მახსენდება წმინდა ილია მართლის ნათქვამი: "ჩვენი ხალხი თავისის ბინადრობის დიდი და მკვიდრი მოყვარეა. იგი სოფელი, საცა მის მამა-პაპას უცხოვრია, საცა მამა-პაპის ძვლები უმარხია, საცა მამა-პაპის სალოცავია, ჩვენის გლეხისათვის მეტად ძვირფასი რამ არის. დღესაც თუ ბედის ბრუნვას ერთი ადგილიდამ მეორეში გადმოუსახლებია ვინმე, იმის შვილიშვილნი და უფრო შორეული შთამომავლობა თითქმის ყოველ-წლივ უწინდელის ბინის დასახედად მიდის, მამა-პაპის ხატისა და სალოცავის თაყვანის-საცემლად დაიარება. ამისთვის არც ხარჯს, არც დროს და არც გზაზედ სიარულის შიშს არა ზოგავს. თუნდ ეგეც არ იყოს, ყველასაგან და ყველგან ცნობილია, რომ მუშაკაცი ყოველთვის იმის ნატვრაშია, სადმე ბინა მოიკიდოს, სადმე თავისი საკუთრება იქონიოს, და მიწისმოქმედი მუშა ისე არა ქონებას არ ეტანება, როგორც უძრავსა, ესე იგი მიწასა, ადგილ-მამულსა. ამგვარებში ნამეტნავად ჩვენი გლეხია ღირსშესანიშნავი".
ჩვენს გლეხკაცს ღვთის შიში და სიყვარული აშკარად თუ ფარულად მაინც ჰქონდა. სწამდა, რომ ღმერთი კეთილი საქმეების გამო მის ოჯახს შეეწეოდა. ამის გამო მრავალმა ღვთის სახლმა მოაღწია დღემდე და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინება. მათ შორის არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი ხაშურის რაიონის სოფელ სავანლის უბანში. სოფელი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შედის. "კარიბჭის" მკითხველს სწორედ მის საერო და სასულიერო ცხოვრებას გავაცნობთ.
წმინდა ილიას სახელობის ტაძარს 2 აგვისტოს 150 წელი უსრულდება. სოფელი ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება. სხვა სტუმრებთან ერთად უწმინდესსა და უნეტარესსაც ელიან. ამ დღისათვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. იქაურები ფიქრობენ, რომ წლევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული უნდა იყოს.
ხაშურის რაიონიდან სოფლამდე ავტობუსი დადის. გზას არა უშავს.
ჩემი მეგზურები ავტობუსშივე გავიცანი. პირველად მათგან გავიგე იქაური ხალხის სტუმარმართმოყვარეობის და კარგი ადამიანობის შესახებ. სავანლის უბანი სოფელ ტეზრის ერთ-ერთი უბანია (დანარჩენებია: ყიფიაანთ უბანი, კოშკის უბანი, ხახუთის უბანი). აქ გურამ ელისაშვილის ოჯახმა მიმასპინძლა. ამ ოჯახმა თბილისი დატოვა და სოფელში დამკვიდრდა. ინგა მშობლებს საქმეში ყველანაირად ეხმარება. სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხელსაქმეც ჩინებულად იცის. ეკლესიური ცხოვრება ქარგვაში, გობელენისა თუ გამშვენებული სანთლების ჩამოქნაში უწყობს ხელს. გარკვეულწილად ოჯახი ამ საქმითაც ირჩენს თავს. ვაჟი თბილისში კერამიკულ ნაწარმს, ღვინის ჭურჭელს ქმნის. ბევრი მათგანი უცხოეთში გადის, ბევრიც ეკლესიაში იყიდება.

მამა იოანე ტაძრის წინ ცხოვრობს. ტაძრის გარშემო სასაფლაოა.
ტაძარში წირვა შაბათობით აღესრულება, კვირაობით მამა იოანე ტეზრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირავს. იქ მრევლის აქტიურობას არ უჩივის. ცოტა სავანლის უბნის მკვიდრნი მოიკოჭლებენო, - ამბობს იგი.
საისტორიო წყაროებში სავანლის უბანი XIV საუკუნიდან მოიხსენიება. XVI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ იმერთა მეფემ დაიპყრო ქართლის სოფლები,
მათ შორის სავანლის უბანი. მაშინ აქ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოფილა. მეფე ბაგრატის ხელმოწერილი 1534 წლის 10 დეკემბრის შეწირულობის სიგელით ჩანს, რომ გვარი სუმბაძე (ზუმბაძე) ერთ-ერთი უძველესი გვარია ამ სოფელში ("შეუწირავს თვისი სახასო ვენახი სუმბაძის საზღვრამდის... ხელმოწერილ არს მეფისა ბაგრატისა და მეუღლისა მისისა დედოფლისა ელენესი..."). 1715 წლის "რუისის სამწყოისის დავთარში" სავანლის უბანი მეორე სახუცო ტეზრად არის აღწერილი. იგი რუისის საეპისკოპოსოში შედიოდა. ამ დავთრის შემდგენელი ნიკოლოზ მროველი (ორბელიშვილი ანუ ყაფლანიშვილი) წერს:
მე ეს სოფლები აღვწერე იმისათვის, რათა საყდარს მოსავლის ანგარიში არ დაეკარგოს. ღვთის სიყვარულისთვის ამ სამწყსოს მატიანეს ნურას მეფის მოსაქმეს ნუ აჩვენებთ, თუ ქრისტე გწამთ: ქრისტეს აქეთ ჩღიე წელსა, აპრილისა ერთსა, თვით მკვდრეთით აღდგომასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა (აღიწერა მატიანე ესე).
ქართველთა მეფეთ მეფისა დიდისა გიორგისა და ძმისა მათისა იმერთა და კახთ მეფედ-მეფისა... და ძმისა მათისა სრულიად სპარსეთის მოსამართლეთ უხუცესისა ლევანისა. ამა მეფეთა დედის ძმისწულმა და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესისა ძემან ორბელისძემან ნიკოლოზ ეპისკოპოსმა... და აღვწერე ხელითა... გლეხი და მამული სადაც ვის... განწესებული რიგი და სალოცავი ქირა... მღვდლისა მათისა... მეორე სახუცო ტეზერს (სავანლის უბანი):
ქ. სავანელი პაატა - საწირავი არს
ქ. სავანელი მამუკა - საწირავი არს
ქ. სავანელი დათუნა - საწირავი არს
ქ. სავანელი ელიზბარი - საწირავი არს
ქ. რუსაშვილი იესე
ქ. მაჭავარიანი ფარემუზ
ქ. რევაზიშვილი რევაზა
ქ. რევაზიშვილი დათუნა
ქ. ციხელაშვილი ფოცხვერი
ქ. ელიაშვილი თამაზ
ქ. მაჩხაშვილი პაპუნა
ქ. მჭედლიშვილი ბერუა
ქ. მერაბიშვილი ზაქარა
ქ. სუმბაძე ბეჟუა
ქ. გარსიაშვილი პაატა
ქ. რუამაშვილი გიორგი
ქ. განუტაშვილი პაპუნა
ქ. ნასყიდაშვილი ბიძინა
ქ. ელისაშვილი ზურაბა
ქ. ნოზაძე დათუნა
ქ. ფშოტიძე გიორგი
ქ. რუფაქიძე სტეფანე
ქ. ბოხაძე გოჩა
ქ. რუსაშვილი ზაალი
ქ. ბადრიაშვილი დოგელა
ქ. მარგველაშვილი ბერუკა
ქ. ბლიაძე ბერუკა
ქ. მაჭავარიანი ბუში თამაზა
ქ. ქაცხაძე თევდორე - მღვდელი

1754 წელს ორ-სამ პირად შემოესია ლეკის ჯარი, 20 ტყვე იშოვეს. ერეკლე II-ის მეთაურობით შეუტიეს ქართველთა გულსრულად, გააქციეს ჯარი ლეკისა, დაერივნენ შიგ, ვითა კატა, ეგრე ხოცდნენ ლეკთა". ეს ბრძოლა 14 აგვისტოს მოხდა. 16 აგვისტოს ისევ დაესხნენ თავს ლეკები სოფელს. იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცვა და ტყვეთა წასხმა. ასევე მოხდა 1759 წელს. ლიხის მთამდე ყველა სოფელს მოედვნენ, "აოხრებდნენ და მიჰქონდათ ურიცხვი. ხოლო წელსა ჩღნთ ქ(ორონი)კ(ონს) მოვიდნენ ლეკნი ტეზერს, მუნ სძლო მეფემან თეიმურაზ. გარნა ბრძოლასა შინა მოიკლა ციციშვილი გლახა, გერი მეფისა თეიმურაზისა".
სოფელი ოდითგანვე მევენახეობას მისდევდა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ადგილნი ესენი არიან მოსავლიანნი ვენახითა, ხილითა და ყოვლითა მარცვლითა. ჰავითა მშვენიერი და ამო სასმელი და საჭმელი უმეტეს გემოიანი სხვათა ადგილთაგან. კაცნი არიან ჰაეროვანნი, ამაყნი, მხნენი, შემმართებელნი, მხიარულნი, უხვნი, სტუმართმოყვარენი". მაგრამ "არს სამ თვე თოვლი და ზაფხულს ვერ სთიბვენ თივას, სახნავი გამო მიწათა და მთათა შინა მცირეთა არა საკმაოთ".
1924 წელს ტეზერში შეიქმნა პირველი მიწის საზოგადოებრივი დამმუშავებელი ამხანაგობა. მასში სავანლის უბნის 3 კომლი შევიდა. 1930 წელს სავანლის სახნავ მიწებზე გამოჩნდა ამერიკული ტიპის პირველი ტრაქტორი "ჰოლტი".
1900 წელს ეკლესიის შენობაში მღვდლის თაოსნობით პირველი წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლა გაიხსნა. მან მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება.
სავანლის უბნის ეკლესია, როგორც ჩანს, მეორედ აუგიათ. გასულ საუკუნეებში ამ ადგილებში ხშირად იყო მიწისძვრები, რაც დიდ ზიანს აყენებდა ყველა ქვითკირის შენობას. ეკლესია რიყის ქვითაა ნაშენი. თურმე ხალხი გაბაწრული იდგა მტკვრიდან ეკლესიამდე და ხელიდან ხელში გადასცემდა ქვას...
ტაძრის წარწერიდან ჩანს, რომ სავანლის უბნის ეკლესია 1856 წელს შვიდ გვარს აუშენებია - სავანელს, ელისაშვილს, მარგველაშვილს, რომაშვილს, რევაზაშვილს, ციხელაშვილს, ორთოიძეს. ტაძარში ორი საფლავია - ერთი მოზრდილი, ერთიც მომცრო, სადაც მხოლოდ სახელი - გიორგი ამოვიკითხე. მოზრდილი საფლავის ქვა გვამცნობს: "საფლავსა ამას შინა განისვენებს ზაქარია ივანეს ძე სავანელი. გარდაიცვალა 1890წ. იანვრის 10, შობიდან 25წ."

მამა იოანესთან საუბარი ტაძრის საიუბილეო მზადებით დავიწყე.
- საიუბილეო წელია და გვინდა, მოვაწესრიგოთ ტაძრის შემოგარენი, ეზოს უკეთესი ღობე შემოვავლოთ. სოფლის ახლოს ისეთი ჯვრის დადგმასაც ვაპირებთ, ღამით რომ ანათებდეს. ამ დღესასწაულზე სამეუფო წირვა ყოველთვის სრულდება - მეუფე იობი აღავლენს ხოლმე. პატრიარქი თუ ისურვებს, შეიძლება ჩამობრძანდეს კიდეც. მისი ანგელოზის დღეს მიდის იქ, სადაც უხარია, ამიტომ არ გაგვიკვირდება, თუ აქაც მობრძანდება.
- მამაო, თქვენ ამ სოფლის სულიერად მოქცევა დაგეკისრათ. არ გიჭირთ ხალხის შემობრუნება ღმერთისკენ? ამ საქმეში მოძღვრის პიროვნულ თვისებებსაც ხომ მნიშვნელობა აქვს?
- შეიძლება ჰქონდეს ცოტა მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად ადამიანი სიმართლეს, ჭეშმარიტებას უნდა ეძებდეს. თუ ამის ინტერესს მოძღვარი ხალხში დაინახავს, დაინტერესდება მათი მოქცევით, მაგრამ როცა არ უყვართ სიმართლე და ჭეშმარიტება, საუბარი ჭირს.
- მამა იოანე, თქვენ მეუფე იობს მარტყოფის მამათა მონასტრიდან მოჰყვებით. მეუფე მაშინ მხოლოდ ბერი იყო...
- როდესაც საპატრიარქოში მიწევდა ყოფნა, მე და მამა იობი ერთად ვლოცულობდით, გვქონდა ახლო ურთიერთობა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ორივენი მარტყოფში წავედით, პატრიარქის რეზიდენციაში. ამჟამად იქ დედათა მონასტერია. შემდეგ ნორიოს თავზე, წმინდა ანტონ მარტომყოფელის მამათა მონასტერში რამდენიმე წელს მოგვიწია ერთად ყოფნა. თუ ცხინვალში შესვლის უფლება დაგვრთეს, ალბათ მეც იქ გადავალ.
- მამაო, სად დადეთ ბერობის აღთქმა?
- 1989 წელს შიომღვიმის მამათა მონასტერში აღვიკვეცე ბერად. მაშინ მარტყოფის მონასტერში ვიყავი. პატრიარქმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე შიომღვიმეში წამოსვლა მითხრა. ოთხწელიწად-ნახევარი ვიმსახურე მანგლისში, შემდეგ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, იქიდან გადავედი ქარელში, ახლა ვარ აქ, სავანის უბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის და სოფელ ტეზრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოძღვრად.
ვიდრე ამ გზას დავადგებოდი, წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში ვესწრებოდი. იქ დავუახლოვდი ერთ ადამიანს, ახლა მეუფე სერგის. ის მაშინ ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და არდადეგებზე თბილისში ჩამოდიოდა. საქართველოში მონასტრების მოლოცვის შემდეგ გავყევი ზაგორსკში. იქ დაახლოებით რვა თვე დავყავი. შემდეგ სასწავლებლად გამგზავნეს იაროსლავლში. პატრიარქი ჩვენთან მონასტრებს ხსნიდა. მისი კურთხევით, სწავლა შევწყვიტე და დავბრუნდი.
როცა ბერად აღვიკვეცე, არც ისე პატარა ვიყავი, სულიერად ვიყავი პატარა, ახალმოქცეული. ჩემს ცხოვრებაში მცირე სასწაულიც მოხდა, რაც ჩემთვის საკმარისი იყო, სხვა გზით წავსულიყავი. ღვთის არსებობაში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული. რატომღაც მინდოდა, მისი არსებობა ჩემი თვალით მენახა. ამ დროს სასწაული მოხდა. ერთხელ სიონში ლიტანიობას ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. ტაძარს გარს ვუვლიდით. ჩემ წინ ორი ადამიანი იდგა. ერთ-ერთმა ჯიბიდან ამოიღო მონეტა, ეტყობა, რაღაც შესთხოვა ღმერთს და მაგნიტივით მიაკრა სიონის ტაძრის ქვას. შემდეგ ჩამოხსნა ფული და მეგობრის დასანახად ისევ მიადო ქვას. აღარ მიეკრა. აღფრთოვანებული დავრჩი. ჩემთვის რწმენის განსამტკიცებლად ესეც საკმარისი იყო. ასეთივე სასწაული ხდებოდა თელავის ჯვარი პატიოსნის ეკლესიაშიც. დღესასწაულზე ხალხი ტაძარს კენჭებს აკრავდა ხოლმე გარედან. სასწაულები აუცილებელია ადამიანების მოსაქცევად და მათი სულების საცხოვნებლად. დავტოვე საერო ცხოვრება და მონასტერში წამოვედი.
- როგორ უნდა შეიძინოს ადამიანმა ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება?
- ერისკაცი უფრო მეტად უნდა იყოს მონდომებული. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მოვა. ადამიანი ყოველთვის ღვთის ნების ძიებაში უნდა იყოს. ამ წესს თავისი ძალებისამებრ უნდა მისდევდეს, დანარჩენი კი ღვთის შეწევნით მიეცემა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა ბერად აღვიკვეცე.
- როგორ შეხვდნენ სავანლის უბნელები მოძღვარს?
- ჩემამდე აქ მამა ტარიელი მსახურობდა. როდესაც მეუფე იობმა მკითხა, გადახვალ სოფელშიო, მაშინვე დავთანხმდი. მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო. ტაძარში მსახურობს აქაური სტიქაროსანი ჯიმშერ გელაშვილი. ირინე მედავითნეობას და მგალობლობას ერთად ტვირთულობს, გორიდან დადის. ინგა ელისაშვილი წიგნის კითხვაში გვეხმარება. არის კიდევ რამდენიმე სტიქაროსანი და მგალობელიც. დიაკვანი და სხვა მღვდელი არ გვყავს.
- ჯვრისწერა, ნათლობები ხშირად არის თქვენს ტაძარში?
- მონათლულები არიან, მაგრამ მეუფის კურთხევით ვასრულებთ გადანათვლას, რადგან იქ სრულყოფილი ნათლობა არ იყო შესრულებული. ვინც დადის ტაძარში და უნდა სრულყოფილი იყოს ნათლობა, მათ აქვთ უფლება, ხელმეორედ მოინათლონ. ჯვრისწერებიც არის ხოლმე. მონათვლა და ჯვრისწერა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების, წმინდა საიდუმლოებების გარეშე ადამიანი სრულყოფილი ვერასოდეს იქნება.
- მამაო, სოფელში როგორ ირჩენთ თავს, ფიზიკურადაც შრომობთ?
- რაკი სოფელში ვცხოვრობ, სოფლური საქმეც ბევრია. მიწა გვაქვს. მრევლი სანახევროდ ამუშავებს და მოსავლის დაბინავება მე მიწევს ხოლმე. მოგვყავს ლობიო, სიმინდი, გვაქვს ბოსტანი.
- ძირითადად რა პრობლემებით მოდიან თქვენთან ადამიანები?
- ალბათ მაინც გაჭირვება აიძულებთ ტაძარში მოსვლას, ავადმყოფობაც, ურთიერთდაპირისპირებაც. შეწევნას ღმერთს სთხოვენ. ეს ქვეყანა გაჭირვებისაა, ადამის და ევას სახით ყველა გამოძევებულია სამოთხიდან. ცოტა უნდა მოვითმინოთ. გაჭირვება ადამიანმა შეიძლება სულის საცხოვნებლად გადააქციოს. ამიტომ ძალიან ნუ შეგვეშინდება, თუ გაჭირვება თავს დაგვატყდება. მხოლოდ უფალი გაგვაძლიერებს და გაგვაძლებინებს ასეთ დროს.
- მამაო, გთხოვთ დალოცოთ ჩვენი ჟურნალი სავანის უბნის სალოცავიდან.
- თქვენი ჟურნალი ძალიან კარგი და სწორი მიმართულებით მიდის. როგორც ვკითხულობთ წმინდა წიგნებს, ასევე შეიძლება წაიკითხო "კარიბჭე". ვურჩევ ყველას, იკითხონ ეს სულისთვის სასარგებლო ჟურნალი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ამ ჟურნალის დამაარსებელნი და ყველა, ვინც იღვწის.
მამა იოანეს ტაძრის მახლობლად მდგარ ერთ ძველ ხის სახლში ვესაუბრე, მას აქაურები "საქალებოს" ეძახიან. მისი მნიშვნელობა კი სოფლის სანახშოზე გავიგე.

ჩვენს სოფელში უმეტესად ელისაშვილები ცხოვრობენ. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის აშენებაშიც მეტი წვლილი ჩვენი გვარის ხალხს მიუძღვის. ბებიაჩემი იხსენებდა, რომ ეკლესიის მშენებლობის დროს, პონტიკის წყალი მთიდან ხის ქერქის ღარებით გამოვიყვანეთო.
ერთხელ ურმით ტაძრის ასაშენებლად ქვა მოჰქონდათ. ზედ ბავშვი მჯდარა. უეცრად გადმოვარდნილა და ურემს ფეხზე გადაუვლია. ამის დამნახავებს ყვირილი დაუწყიათ. ბიჭი თურმე ამდგარა და ისე გაუვლია, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არც ფეხი მოუტეხია და თითიც არ სტკენია, - ესეც ტრისტან ელისაშვილმა მიამბო.
"ჩვენს სოფელს თავიდან სავანე რქმევია, წიგნებში ასე წერია. სავანე დამრეც, მზიან, ჰაეროვან ადგილს ნიშნავს. ურბნის-რუისის ეპარქია ორად დაიყო - ტეზერი და ყიფიაანთ უბანი (აქ დიმიტრი ყიფიანს ჰქონდა მამულები) ერთად იყო, ხახუთი, ტეზერი და სავანე - ერთად. ტეზერი "მტერზე მზვერავიდან" მოდის. როცა მტერი შემოდიოდა, სოფლის სათვალთვალო კოშკზე ცეცხლს ანთებდნენ და ასე აცნობებდნენ მთელ ქართლს გასაჭირს. ამ ადგილას სავანელები ცხოვრობდნენ - მებატონეები. ადრე აქ ქვითკირის ტაძარი მდგარა, რომელიც ლეკებს დაუნგრევიათ. სოფელს დროებით ხის ტაძარი აუშენებია, რომელიც დამწვარა. ეს ტაძარი შვიდმა გვარმა ააშენა. ჩვენი ტაძარი არასოდეს დაკეტილა. ბევრი ტაძარი დაანგრიეს, ბევრიც საწყობად აქციეს, ეს კი ყოველ შაბათ-კვირას იღებოდა. სანთლებს ვანთებდით. ტაძარს ამ შვიდი გვარის შთამომავლები პატრონობდნენ. ახლა ქეთევან რევაზიშვილი აქცევს ყურადღებას".
რევაზიშვილები - რევაზისგან მოდის. თავიდან რევაზიშვილები და ელისაშვილები ერთნი ყოფილან. ვინმე რევაზ ელისაშვილი ათვალწუნებული ჰყოლია სოფელს. რევაზი გვარს გამოეყო. ხანდახან დღესაც გაჰკრავენ ხოლმე კბილს ელისაშვილები რევაზიშვილებს.

ღმერთისთვის
ღმერთისთვის თავსაც გავწირავ,
დავთრგუნავ ჩემსა ვნებასა,
დავფერფლავ, დავასამარებ
ბოროტ გულისთქმა, ნებასა.
ბევრიც რომ სურდეს სატანას,
მე მაინც დავძლევ ჩვევასა,
ის ურჩევნია, დანებდეს
უფლისა მოქმედებასა.
ცოდვა ვერ დამიმორჩილებს,
არ ავდევ ბედისწერასა,
თუ მას ავყევი, მაშინვე
ბნელი მთხოვს მორჩილებასა.
ცოდვილი კი ვარ, მაგრამ ეს
როდი ჰგავს მით დაცემასა,
სულის კანკალით ვინანებ,
ვთხოვ შემოქმედსა შველასა.
ვილოცებ სულში გალობით,
დავუთმობ გულსა რწმენასა,
მივბაძავ ღვთის კრავს და შევძლებ
სიმშვიდის მოპოვებასა.
ბატონების წყალი კი უძრავადაა, მას არავინ ეხება.