დღის ლოცვა
დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მარკოზის
ტროპარი: თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერებაი, ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა; ამისთვის შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოანიჭოს სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მაღლით მოიღე მადლი სულისა და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე, დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ, მარკოზ ყოვლადქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღუანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაი.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 8: 26-39 (დას. 20). ინ. 6: 40-44 (დას. 22).
მოც.: 1 პეტ. 5: 6-14 (დას. 63). მკ. 6: 7-13 (დას. 23).
საქმ. 8,26-39
26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.
27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,
28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.
30. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?
31. მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
32. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: "კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.
33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი".
34. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?
35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.
36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?
37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.
38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.
39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.
ინ. 6,40-44
40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს.
41. ხოლო იუდევეღესი დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;
42. და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო?
43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
44. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
1 პეტ. 5: 6-14
6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.
13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.
14. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.
მკ. 6: 7-13
მკ. 6,7-13
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:
9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.
10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.
11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.