სიტყვა "ეკლესია" პირველად მათეს სახარებაშია გამოყენებული. აქ უფალი თავის მოწაფეს - პეტრეს მიმართავს და ეუბნება: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათ. 16:18). ქრისტიანული ცხოვრების პირველივე დღიდან გაირკვა, რომ სწორედ ეკლესიაა ის ადგილი, სადაც ღმერთსა და ადამიანს შორის ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ერთობა უნდა აღძრულიყო და სამუდამოდ დამკვიდრებულიყო. ამ ერთობის მარადიული მთლიანობის საფუძველს იესო ქრისტეს მამა ღმერთთან ერთიანობა წარმოადგენს. "მარტო მათთვის როდი გევედრები, - მიმართავს ძე ღმერთი მამა ღმერთს, - არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით, რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე" (იოან. 17:20-23).
არ შეიძლება ერთობის შენარჩუნების სანაცვლოდ ჭეშმარიტება დავთმოთ.
პავლე მოციქული წერს: "ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო" (საქ. 15:1). ამგვარად, როგორც ერთობის წევრებმა, ისე ახალმოსულებმა საცდურის წინაშე დააყენეს მოციქულები. ნეტარი თეოფილაქტე წერს: ამ აზრის მომხრეები აქ უბრალოდ წინადაცვეთის შესახებ კი არ საუბრობდნენ, არამედ ამტკიცებდნენ, ვინც წინადაცვეთის წესს არ შეასრულებს, ქრისტეს გარეშე აღმოჩნდება და, შესაბამისად, ვერ გადარჩებაო. იყო რადიკალურად საპირისპირო პოზიციაც, რომელიც ამტკიცებდა, ვინც წინადაცვეთის რიტუალს აღასრულებს, ქრისტეს რწმენა არ აქვს და ამიტომ სწორედ ის ვერ გადარჩებაო. საკითხის მოსაგვარებლად პავლე მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა. მისი ღრმა რწმენით, ასეთ შემთხვევაში კომპრომისის ძიება კი არ იყო საჭირო, არამედ ერთმნიშვნელოვნად დამტკიცება იმისა, რომ ორივე პოზიცია მცდარია, რადგან ქრისტეს მორწმუნისთვის არც წინადაცვეთა და არც დაუცვეთლობა სრულიადაც არ არის აუცილებელი. ეს კი სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან საკუთარი აზრის მართებულებაში ეჭვი არც ერთ მხარეს არ ეპარებოდა, დავაში ნებისმიერი კომპრომისი კი ერთსულოვნების საწინააღმდეგოდ მოტრიალდებოდა.
სხვაგან მოციქული წერს: "როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?" (გალ. 2:14). თეოფილაქტე ბულგარელი ასე განმარტავს მომხდარს: მან წმინდა პეტრე იმისთვის გაამტყუნა, რათა ყველას დაენახა, თუ ასეთი დიდი ადამიანი სხვათათვის დაშვებული კომპრომისის გამო გაკიცხვას ისმენდა, მაშინ რაღა უნდა თქმულიყო მათზე, ვინც ერთობის შენარჩუნებისთვის მღვდელმთავრისგან კომპრომისს მოითხოვდა.
არც დათმობით და არც სიმკაცრით ქრისტიანობის საფუძველი არ უნდა შევარყიოთ. "მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი" (ეფეს. 4:2). თუ მდაბალნი და დიდსულოვანნი ვიქნებით, ადვილად მივხვდებით, რანი ვართ და ღვთის ნების აღსრულება არ გაგვიჭირდება. ჩვენს თავმდაბლობაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ნეტარება, რომელიც გვასწავლის: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი". ეს არის სათნოების მთავარი მზრდელი. ჩვენი თვინიერება მხოლოდ სიტყვებში კი არა, საქმეში, გარეგნობასა და ხმაშიც უნდა ვლინდებოდეს, და არა მხოლოდ რჩეულთა მიმართ, არამედ ყველასადმი, როგორც უხუცესის, ისე უმრწემესის მიმართ თავშეკავებულებაში. სხვაგვარად მრისხანე, უსარგებლოა ასეთი თვინიერება. უფალი გვასწავლის: "თუ შენი ძმა შესცოდავს შენ მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათ. 18:15-17).
"ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა, - ბრძანებს პავლე მოციქული, - ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული" (ეფეს. 4:3-6). როგორც ადამიანის სხეული მოიცავს და აერთიანებს ყველა ნაწილს, ისე სულიწმინდა ამთლიანებს ეკლესიას, - წერს თეოფილაქტე ბულგარელი, - ჩვენ სხვადასხვა მოდგმის, ხასიათის, სხვადასხვა საქმეში გამობრძმედილი ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენი გამაერთიანებელი სულიწმინდაა. ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენი მოვალეობაა და არა ნება-სურვილი. ერთად ყოფნისთვის თუ სიყვარულით არ გავერთიანდით, დაგვერღვევა ღმერთის სულით ნაბოძები წმინდა ერთობა. ჩვენც ისევე გავნადგურდებით, როგორც სხეული, რომლის ხელ-ფეხიც ტანს აუჯანყდა და ტანმა დაკარგა ერთიანობა. მშვიდობა ჩვენი მყარი და ნებაყოფლობითი ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს. უმთავრეს საკითხებში ჩვენი ნება საერთო ნებელობას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ერთობის ძალა სწორედ ესაა.
"ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული" (რომ. 14:5). ერთნი საკუთარ სხეულს გვემენ და ერთხანს ხორცის ჭამისგან თავს იკვებენ, სხვანი კი ნებადართულ დროს იღებენ ნებისმიერ საკვებს და, ვინც თავს იკავებს, იმათ კიცხავენ, "იმიტომ რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენ შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?" (1 კორ. 3:3). არ შეიძლება ახალშემოერთებულ ძმებზე თავდასხმა, რადგან ისინი რწმენაში ჯერ კიდევ არ არიან განმტკიცებულნი. ყოველმა ისე განსაჯოს, როგორც მისი გონი შესწვდება რწმენას. სხვა საკითხია, როდესაც საქმე დოგმატს ეხება; ამ შემთხვევაში ჩვენი პიროვნული ცოდნა მრჩევლად არ გამოგვადგება. აქ იმის აღსრულება გვმართებს, რაც მივიღეთ, ის უნდა აღვასრულოთ, რაც გვიწერია.
ერთმანეთის მიმართ ძმური სიყვარული და მოთმინება უნდა გამოვავლინოთ. არიან ისეთებიც, რომლებსაც საჭირო ცოდნა არ გააჩნიათ, ამიტომ "ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და ამით მათი უძლური სინიდისი იბღალება. მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა. მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის" (1 კორ. 8:7-9). ყველას როდი აქვს გააზრებული, რას ნიშნავს ერთი ღმერთი და ის, რომ ამ ერთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთი არ არსებობს. ზოგიერთი, ვისაც სათანადო ცოდნა აქვს, ხანდახან თავს უფლებას აძლევს და ფაქტობრივად მსხვერპლად შეწირულ ხორცს ჭამს. ასეთ ადამიანს თავისი უღონო სულიერება უფრო მეტი უძლურებისკენ მიჰყავს.
ზოგიერთი ახალგაქრისტიანებული ცალკეულ კერპთაყვანისმცემლურ წესს ისევ ემორჩილება. ამ ადამიანებს კვლავაც ძველი წესების შიში ამოძრავებთ და ცდილობენ, "ახალი ღვინო ძველ ტიკებში მოათავსონ", ანუ ახალი რწმენა ძველ წესებში ჩატიონ. ზოგჯერ ალბათ არც კი შეასრულებდნენ ძველ წესებს და არ დაესწრებოდნენ ძველ დღეობებს, მაგრამ რადგან სხვები აკეთებენ ამას, თვითონაც იძულებულნი არიან, არ განცალკევდნენ და მოყვასთა ნებას დაემორჩილონ. თავად საკვები ადამიანის სულიერებას ვერც ვერაფერს შემატებს და ვერც დააკლებს, არც მიგვაახლოებს ღმერთთან და არც დაგვაშორებს მას; მთავარი ის არის, რა რწმენით ვმონაწილეობთ ამ წესებში. თუ ნამდვილი ქრისტიანისთვის შეუფერებელ დღესასწაულზე იმის გამო მივდივართ, რათა მოყვასი არ გავანაწყენოთ, ამან შესაძლოა არც არაფერი შეგვმატოს და არც არაფერი დაგვაკარგვინოს, მაგრამ მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან ჩვენს ცოდნასა და რწმენაზე აგებულ თავისუფალ - ლაღ ქმედებას შეიძლება ახალმოქცეული უძლური ძმის ცდუნება მოჰყვეს და იგი შეგნებულ კერპმსახურებას დაუბრუნდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში არავინ იცის ჩვენი ქრისტიანული კომპრომისის ნამდვილი შინაარსი, ამიტომ იქნებ ჯობდეს, ასეთ საქციელს შეძლებისდაგვარად ავარიდოთ თავი და ეს ჩვენი თავისუფლება უძლურთათვის საცდურად არ გადავაქციოთ.
არ შეიძლება მოძღვრის სიყვარულმა ეკლესია დააქუცმაცოს. მოკამათე ჯგუფებს კორინთოში პავლე მოციქული ასე მიმართავს: "ძმანო ჩემნო, დავა ყოფილა თქვენ შორის. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?" (1 კორ. 1:11-13). თავიდან დაყოფის საფუძველს შეიძლება მხოლოდ მქადაგებლის სიყვარულით გამოწვეული კეთილი გრძნობა წარმოადგენდეს, მაგრამ შემდგომში ასეთმა დაყოფამ შესაძლოა ეკლესიის ერთობასა და სარწმუნოების სიწმინდეს სერიოზული ზიანი მიაყენოს. დაყოფა შეიძლება გახდეს ეკლესიურ ცხოვრებაში ზნეობრივი დაცემისა და ეკლესიაში არეულობის შეტანის მიზეზი. მრევლზე ზემოქმედების მოსახდენად ზოგიერთმა მოძღვარმა შესაძლოა მეტისმეტი პატრიოტიზმი და იდეოლოგიური მჭევრმეტყველება გამოიჩინოს. რატომ იყოფით ჯგუფებად? რატომ ყოფთ ქრისტეს? რატომ ანაწევრებთ მის სხეულს? განა იესო ქრისტე გაიყო? განა ქრისტემ დანაწევრებული დაგვიტოვა ეკლესია? თქვენთვის ჯვარს განა რომელიმე მოძღვარი ეცვა? თუ რომელიმე მოძღვრის სახელით მიიღეთ ნათელი? - ასეთ შეკითხვებს სვამს ნეტარი თეოფილაქტე.
ეკლესიის წევრებს მაცხოვრის მსხვერპლი არა მხოლოდ ერთსულად, ერთხორცადაც გარდააქცევს: "კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით" (1 კორ. 10:16-17). მორწმუნეთა ქრისტეში გაერთიანებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რასაც ღმერთის დახმარების გარეშე ადამიანი ვერასოდეს მიაღწევდა: "მე უკვე აღარა ვარ ამქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი" (იოან. 17:11). ციტატიდან ჩანს, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ადამიანი მარტო არ დარჩენილა. ადამიანებს არა მხოლოდ ძე ღმერთის თხოვნით გამოგზავნილი სულიწმინდა ანუგეშებს, არამედ მამა ღმერთის ნებაც ეხმარება. წმინდა სამებით ძლიერდება და ღვთიური უანგარო ბუნების გავლენით მკვიდრდება ადამიანში სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისგან ბოძებულ ყველა ამ წყალობას თავისი ყალბი მიწიერი ანარეკლები აქვს, ერთსულობაში გადმოსული მადლი ხორცს ისხამს და, ამქვეყნიური შინაარსის ნაცვლად, ეს ყველაფერი სულიწმინდის ცხრა ნაყოფის ხარისხში მაღლდება, ეს კი ის თვისებებია, რომლებიც იესო ქრისტეს ახასიათებდა. ისინი, ერთი მხრივ, ადამიანური ერთიანობისა და, მეორე მხრივ, ღმერთთან შერწყმული ჭეშმარიტი ერთსულოვნების საფუძველი ხდება.
"ამრიგად, - ბრძანებს პავლე მოციქული, - თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა, აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თითოეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო... მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე" (ფილიპ. 2:1-8). პავლე მოციქული წერს, რომ ერთ სხეულად გამთლიანებული ეკლესიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე მოქმედებს, მაგრამ ყველა ჰარმონიული ერთობის განუყოფელი ნაწილია. ამის საშუალებას კი მხოლოდ წმინდა სამებასთან სიახლოვე იძლევა. სამების წევრთა შორის ადამიანისთვის თვალნათლივი მხოლოდ იესო ქრისტეა. მაგრამ ის იმდენად ღრმაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური თვალსაზრისი ღმერთის არსს ვერ შესწვდება - იესო ქრისტეს ვერავინ უწოდებს უფალს (ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით), თუ მასში სულიწმინდამ არ იმოქმედა.
"ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. სხვადასხვაა მოქმედებაც, მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში. ხოლო თითოეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენისა. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი" (1 კორ. 12:4-13).
ცალკეული პიროვნების ერთადერთობა და განუმეორებლობა ამ მთლიანობაში არ იკარგება. ღმერთისთვის ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად ფასეულია. ეს სახარებაში წარმოდგენილი რამდენიმე იგავითაც დასტურდება. უფალი ბრძანებს: "ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნელად, ვიდრე არ იპოვის მას? და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე; შინ მოსული დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე. გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული" (ლუკ. 15:3-7). ყოველი მორწმუნის მიმართ უდიდეს ყურადღებაზე მეტყველებს იესო ქრისტეს ეს სიტყვებიც: "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს, წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მათ. 18:6).
დაბოლოს, ყოველ ღვთისმორწმუნესა და ადამის მთელ მოდგმას უფალი მიმართავს: "ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება... და - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია" (მარკ. 12:29-33).
მორწმუნეები ერთი გულით და ერთი სულით უნდა ცხოვრობდნენ (საქმ. 4:32) - ეს იქნება ამა ქვეყნის მკვიდრთათვის მამისა და ძის რეალური ერთიანობის (იოან. 17:23) მიწიერი გამოვლინება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოყვასის გადარჩენისთვის. სწორედ ამიტომ მორწმუნე ქრისტიანის მოღვაწეობის უმაღლესი მიზანი, აღსრულებული ერთსულოვნებით, ღვთის დიდების დადასტურებაა (მათ. 23:8-10).
დიოკლიის ეპისკოპოს კალისტესა და მამა სერაფიმე როუზის წერილები.