უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედების არჩევანი ყველთვის ჩვენს ხელთაა. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ და არცთუ იშვიათად, ჩვენს ამა თუ იმ მოქმედებას შეაჩერებს ან არ დაუშვებს ხოლმე რაღაც საგანგებო ზემოქმედება საღმრთო განგებულებისა.
აქედან გამომდინარე, არაგონიერი არსებანი არ არიან თავისუფალნი, რადგან მათ ბუნება წარმართავს და არა პირიქით. ამიტომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ბუნებრივ ნდომა-სურვილთ და როგორც კი ისურვებენ რაიმეს, უმალ მოქმედებას ესწრაფვიან. ადამიანი კი, როგორც გონიერი არსება, თვით წარმართავს ბუნებას, ვიდრე პირიქით. ამიტომ, როცა რაიმეს მოისურვებს, თავისუფალი ნებისდა მიხედვით, შესაძლებლობა აქვს ჩაიკლას ეს სურვილიც, ანდა დაემორჩილოს. ამავე მიზეზის გამო არაგონიერი არსებანი არ იმსახურებენ არც გაკიცხვას და არც შექებას თავიანთი მოქმედებებისათვის; ადამიანს კი აქებენ ან კიცხავენ და პასუხს აგებინებენ ამა თუ იმ საქციელისთვის. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ანგელოზები, როგორც გონიერი არსებანი, თავისუფალნი არიან და როგორც ქმნილებანი - ცვალებას დაქვემდებარებულნი. ეს კარგად ჩანს ეშმაკის მაგალითზე, რომელიც შემოქმედმა კეთილ ანგელოზად შექმა. აგრეთვე მასთან ერთად დაცემულ ძალთა ანუ დემონთა მაგალითზე, რომელნიც ასევე კეთილად შეიქმნენ და შედმეგ იცვალნენ ბოროტისაკენ, მაშინ როცა სხვა წოდებანი ანგელოზებისა სიკეთესი ჰგიებენ.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სათნოება ჩვენს (ადამიანურ) ბუნებასთან ერთად მოგვეცა ღმერთისგან და ამიტომ თვით ღმერთია დასაბამი და მიზეზი ყოველი სიკეთისა, მისი თანადგომისა და შეწევნის გარეშე არ ძალგვიძს არც მოსურვება და არც ქმნა სიკეთისა. მაგრამ ჩვენს ხელთა, ანუ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ან ამ სათნოებაში დავრჩეთ და ღმერთს მივდიოთ, რომელიც სწორედ ამას მოგვიწოდებს, ანდა მოვშორდეთ სათნოებას, ანუ მანკიერად ვიცხოვროთ და ეშმაკს შევუდგეთ, რომელიც იძულების გარეშე სწორედ ამისკენ ანუ ბიწიერი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს. ბიწიერება სხვა არაფერია, თუ არა სათნოების მოკლება, მსგავსად იმისა, როგორც სიბნელე სხვა არაფერია, თუ არა სინათლის მოკლება.
სინანული არის ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობიდან ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება ანუ ეშმაკისაგან ღმერთთან დაბრუნება, რაც მოსაგრე ცხოვრებითა და გულმოდგინე შრომით აღესრულება.
ადამიანი ღმერთმა (პირველად) მამაკაცად შექმნა, მიანიჭა რა მას თავისი საღმრთო მადლი და ამ მადლის ძალით განუჩინა თავისთან ერთობა და თანაზიარობა. სწორედ ამ მადლის მიერ ადამიანმა, როგორც მეუფემ, სახელები მისცა ცხოველებს, რომელებიც ღმერთმა მას დაუქვემდებარა, რამეთუ შეიქმნა ხატად და მსგავსად ღმრთისა, შემოსილი გონიერებით, აზრით და თავისუფალი ნებით და ამის გამო, ბუნებრივია, მიიღო ხელმწიფება ამქვეყნიურ არსებებზე და სხვა დანარჩენზეც ამქვეყნად ყველასთვის საერთო შემოქმედისა და მეუფისაგან.
რადგან ყოველთა წინათმცნობელმა ღმერთმა უწყოდა, რომ ადამიანი შესცოდავდა და ხრწნილებას ეწეოდა, ამიტომ თვით ამ ადამიანისგან მისთვის ცოლიც შექმნა - დედაკაცი, შემწე და მსგავსი მამაკაცისა. მამაკაცის შემწე ცოლი იმაში უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანის მოდგმა შეცოდების შემდგომ შობის გზით მემკვიდრეობითად გაგრძელებულიყო და შენარჩუნებულიყო. აკი ვიცით, რომ თავდაპირველი გაჩენა ადამიანისა ქმნად იწოდება, და არა - შობად. რამეთუ ქმნა არის თავდაპირველი გაჩენა ადამიანისა ღმრთისაგან, შობა კი მემკვიდრეობითი წარმოშობა ერთი ადამიანისა სხვისაგან და იმ დროიდან მოყოლებული, როცა ადამიანი დაისაჯა და სიკვდილს ეწია შეცოდებისათვის.
ღმერთმა ადამიანი სამოთხეში დაასახლა, რომელიც ერთდროულად სულისმიერიც იყო და გრძნობისმიერიც. ხორციელად ადამიანი გრძნობისმიერ სამოთხეში იმყოფებოდა, მიწაზე, სულიერად კი ანგელოზებს ესაუბრებოდა, საღმრთო საქმეთ მოიმოქმედებდა და ამით საზრდოობდა.
ხოლო რადგანაც ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებით შემოსა, ამიტომ მცნებად დაუდო - არ ეჭამა ხისგან შემეცნებისა. ღმერთმა ეს მცნება დაუდო ადამიანს და აღუთქვა, რომ თუკი ის დაიმარხავდა სულიერ ღირსებას და შეასრულებდა მის ნებას, მაშინ საუკუნო ნეტარებას ეზიარებოდა და სიკვდილზე აღმატებული დაუსრულებლად იცხოვრებდა. თუკი ის სულს დაუქვემდებარებდა სხეულს და სულიერი სიამეების ნაცვლად ხორციელ ტკბობას აირჩევდა, მაშინ გახრწნას დაქვემდებარებული სიკვდილს ეწეოდა და იძულებული გახდებოდა, ოფლითა და შრომით მოეპოვებინა პური არსობისა. მართლაც, ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან სხვაგვარად იგი ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის გმობას მიემთხვეოდა. ვიცით, რომ ნებაყოფლობითი დაცემის შემდგომ მოუნანიებელი დარჩა და უცვლელად დამკვიდრდა ბოროტებაში. ამის შესაბამისადვე, ანგელოზებიც, ნებაყოფლობით აირჩიეს რა სათნოება, საღმრთო მადლის შემწეობით შეურყვნელად დაემკვიდრნენ სიკეთეში... როცა შეცოდების (მცნების დარღვევის) შედეგად ადამიანი უფრო ნივთიერებისკენ მიიდრიკა და როცა გონება განეშორა თავის მიზეზს, ე.ი. ღმერთს, მაშინ გაიხრწნა, უვნებო არსებისაგან ვნებებს დაქვემდებარებულ არსებად შეიქმნა, უკვდავისაგან - მოკვდავად, შეიძინა საჭიროება ქორწინებისა და ხორციელი (წარმავალი) შობისა, სიცოცხლის წყურვილის გამო დაემონა ხორციელ სიამეთ, როგორც რაღაც უცილებელს სიცოცხლისათვის, და ვინც ეცდებოდა მოეკლო იგი ამგვარ სიამეთაგან, შეუპოვარი სიძულვილი შეაგება; ყოველივე ამის გამო ადამიანის სიყვარული ღმერთის სანაცვლოდ ნივთიერს (ამქვეყნიურს) მიექცა, ხოლო თავისი რისხვა მან ნამდვილი მტრის ნაცვლად, ადამიანის ხსნის მოწინააღმდეგის ნაცვლად თავისივე მსგავს ადამიანებს შეაგება. ასე იძლია ადამიანი ეშმაკის შურით, რამეთუ შურით აღვსებული მოძულე სიკეთისა - ეშმაკი - თვით საკუთარი თავის ამპარტავნებით ამაღლებისათვის ქვე დამხობილი ვერ ითმენდა იმას, რომ ჩვენ (ადამიანებს) უზენაეს სიკეთეთათვის მიგვეღწია. ამიტომ ამ მტყუვარმა აცდუნა საწყალობელი ადამი იმით, რომ იმედი შთაუნერგა, შენც ღმერთის მსგავსი შეიქმნებიო და ასე აღიყვანა საკუთარი (ეშმაკისებრი) ამპარტავნებით სიმაღლემდე, დასცა და ისეთივე უფსკრულში შთააგდო დაცემისა, როგორშიც თვით არის გადავარდნილი.
მართლმადიდებელი სარწმუნოებისა" მიხედვით