ძველი აღთქმის ეკლესიაშიც არსებობდა მიცვალებულთათვის ლოცვის წესი. ამას წმინდა ისტორია ადასტურებს: იუდეველთა კეთილმსახური მეთაურის, იუდა მაკაბელის დროს, როდესაც ბრძოლის ველზე დაცემულთ ათვალიერებდნენ, მათ სამოსში იპოვეს საკერპო ძღვენი. მაშინ იუდეველებმა განადიდეს უფალი, "რომელმაც დაფარული განუცხადა მათ", დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულიად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო იუდა მაკაბელმა გაგზავნა კაცი იერუსალიმში, რათა "ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. ის მოიქცა მეტად ღირსეულად და პატივისცემით, რამეთუ აღდგომაზე ფიქრობდა" (2 მაკ. 12,39-45).
შემცოდეს შეიძლება მიეტევოს არასასიკვდილო ცოდვები როგორც ამ ცხოვრებაში, ისე სიკვდილის შემდგომაც. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ უფალ იესოს აქვს კლიტენი "სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი" (გამოცხ. 1,18) და, მაშასადამე, ეკლესიის ლოცვითა და შეწირული უსისხლო მსხვერპლის ძალით მას შეუძლია მიცვალებულთათვის ჯოჯოხეთის დახშული კარის გახსნა.
როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ძველი ქრისტიანული ეკლესიის ყველა ლიტურგია ადასტურებს, რომ ეკლესიაში არსებობს ხსოვნითი ლოცვა მიცვალებულთათვის. ასეთებია: უფლის ძმის, წმინდა იაკობ მოციქულის, წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის სახელებით ცნობილი ლიტურგიები; აგრეთვე რომაული, ესპანური, გალიური და მართლმადიდებლობიდან განხეთქილებაში გასული სექტების: იაკობინელების, კოპტების, სომხების, ეთიოპიელების, სირიელებისა და სხვათა ძველი ლიტურგიები. მთელი ამ სიმრავლის მიუხედავად, ერთიც არ მოიძებნება, სადაც არ იყოს მიცვალებულთათვის ლოცვები. ამასვე ამოწმებენ ეკლესიის მამები.
ეკლესია ლოცულობს მიცვალებულებზეც და ცოცხლებზეც, იგი მათზე შუამდგომლობს არა საკუთარი, არამედ უფალი იესო ქრისტეს სახელით (ინ. 14,13-14) და მის მიერ ყველას გამოსახსნელად ჯვარზე გაღებული მსხვერპლის ძალით. ამ ცხოველი ლოცვებისა და საღვთო მოწყალების შემწეობით ჩვენს ამ ქვეყნიდან გასულ მოყვასში ჩათესილი "ახალი ცხოვრების" თესლი, რომელმაც ამსოფლად აღმოცენება ვერ მოასწრო, თანდათანობით ღვივდება და იზრდება... უკეთურ და მოუნანიებელ გარდაცვლილთათვის ლოცვას ძალა არ გააჩნია; ზუსტად ამგვარ ცოდვილებს ეხება მაცხოვრის სიტყვები მდიდრისა და ლაზარეს იგავიდან: ისინი ვერ დააღწევენ თავს ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ნაწილს და ვერ გადავლენ აბრაამის წიაღში (ლკ. 16,27).
რასაკვირველია, ამქვეყნად ჩვენთვის უცნობია, თუ რა ხვედრი ელის თითოეულს სიკვდილის შემდგომ, მაგრამ სიყვარულით ლოცვა ფუჭი არასოდეს იქნება. თუ ჩვენი მიცვალებული მოყვასნი ღირსნი შეიქნენ ზეციური სასუფევლისა, მაშინ მათთვის ლოცვებს ჩვენზე ლოცვითვე უპასუხებენ. თუკი ჩვენი ლოცვები უძლური იქნება მათ შეეწიოთ, ყოველ შემთხვევაში, ისინი არც ჩვენ გვავნებენ რაიმეს. ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს" (ფს. 34,13); მაგრამ ისინი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან.
პროსკომიდიის გარდა, ღვთისმსახური ცოცხლებსა და გარდაცვლილებს კვერექსებში მოიხსენიებს (კვერექსი - მხურვალე, განგრძობილი ლოცვაა, რომელიც მოკლე მუხლებისაგან შედგება), ასევე პარაკლისებსა (ცოცხალთათვის) და პანაშვიდებზე (მიცვალებულთათვის).
ახალშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი: პირველ დღეს, როცა გარდაიცვლება; მესამე დღეს, როდესაც პირველად წარდგება უფალთან; მეცხრე დღეს, როდესაც მეორედ წარდგება უფალთან; მეორმოცე დღეს, როცა ის პირად სამსჯავროზეა და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე. გარდა ამისა, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში), რომელთაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი. კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისთვის მიცვალებულის სახელზე შევუკვეთთ წირვას, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმინდა ზიარებას შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ სასურველია, დროდადრო კვლავ შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით, მიცვალებულისათვის შვიდი წირვა სრულდება.
მიცვალებულის მოხსენიების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ტაძარში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით.
ზოგჯერ პარაკლისებში ჩაერთვის აკათისტო (დაუჯდომელი - საგანგებოდ შედგენილი ლოცვა, რომლის დროსაც დაჯდომა არ შეიძლება) ან მცირე აიაზმა.
სავედრებელი პარაკლისის გარდა არსებობს განსაკუთრებული პარაკლისები: უფლის მიერ გარდამოვლენილი წყალობისათვის - სამადლობელი პარაკლისი, პარაკლისი სნეულისთვის, პარაკლისი მოგზაურისთვის, გვალვისაგან დასახსნელად, ხანგრძლივი ავდრის გამო, მიწის ნაყოფიერებისათვის, ბავშვების სწავლის დაწყების წინ.
თუ პანაშვიდი ან პარაკლისი შეუკვეთეთ, აუცილებელია, თავად ესწრებოდეთ მას და ღვთისმსახურთან ერთად მხურვალედ ლოცულობდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი კითხულობს თქვენს მიერ შედგენილ მოსახსენებელს.