მამა მაკარი (აბესაძე):
- ორივე შემთხვევაში გადმოცემულია ერთი და იგივე მოვლენა - ლოცვა, რასაც განუწყვეტლივ მიმართავდა მაცხოვარი. სამწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მაცხოვარი მუდმივად ასწავლიდა მოწაფეებსა და ადამიანებს, შემდეგ ლოცულობდა, შემდეგ კიდევ ასწავლიდა... უბრალოდ, აქ გადმოცემულია სხვადასხვა მნახველის მიერ სხვადასხვა დროს მომხდარი ფაქტი მაცხოვრის ლოცვისა. როგორც იოანე მახარებელი გვეუბნება, ყველაფერი, რაც მაცხოვარმა თქვა და აღასრულა, რომ დაწერილიყო, მთელი ხილული სამყაროც ვერ დაიტევდა აღწერილ წიგნებსო. ყველა მოციქული ყველაფერს ვერ დაწერდა. ამ შემთხვევაშიც ერთ მოციქულს რაღაც მომენტი აქვს მოთხრობილი, მეორეს კი მოთხრობილი აქვს სხვა მომენტი, თორემ, ცხადია, ლოცვის არსი და მნიშვნელობა აბსოლუტურად ერთია...
"პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს", - რაც დღეს გვჭირდება, რაც აუცილებელია, ის მომეცი, უფალოო. ადამიანმა უფალს მიწიერი უნდა სთხოვოს - ის, რაც აუცილებელია.
"და მიგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა", - უფალო, ისე მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს ცოდვებს, შეცოდებებსო; "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები" - ეს არის უმოკლესი გზა სასუფევლისკენო, - ბრძანებენ წმინდა მამები. იგივეა "მიუტევე და მოგეტევება". შეიძლება ადამიანმა განიკითხოს, მაგრამ ეს განკითხვა მივიდეს მიტევებამდე. არ არსებობს ცოდვა ქრისტიანისთვის, გარდა თვითმკვლელობისა და ღვთის გმობისა, რომ ღვთისგან არ მიეტევოს, თუ თვითონაც მიუტევებს მოყვასს.Lთუ ადამიანი არ განიკითხავს, მას მისატევებელიც არაფერი აქვს.
"და ნუ შეგვიყვანებ ჩუენ განსაცედელსა, არამედ გვიხსენ ჩუენ ბორორტისაგან" - განსაცდელში ნუ შეგვიყვან და გვიხსენ, დაგვიფარე ბოროტისგანო.
ფაქტობრივად, ყველა მუხლი ლოცვისა არის თხოვნა, სათხოვარი უფლისადმი. მხოლოდ ერთი მუხლი არის მოვალეობა ადამიანისა, სადაც მართალია, უფალს შევთხოვთ, ჩვენი ცოდვები, ბრალეულობები მოგვიტევოს, მაგრამ შემდეგ მივმართავთ - ისე მოგვიტევოს, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს. სწორედ ეს არის მოვალეობა ადამიანისა. თუკი შევთხოვთ, ყველაფერს მოგვცემს უფალი, ოღონდ ცოდვებს არ მოგვიტევებს, თუკი ჩვენც არ მივუტევებთ სხვებს მათ შეცოდებებს. ე.ი. შესასრულებლად ერთი რამ დაგვავალა - მიტევება სხავათა ცოდვებისა.
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მაცხოვარი მოწაფეებს ასწავლის "მამაო ჩვენოს" და შემდეგ წარმოთქვამს იგავს "მეგობრისადმი თხოვნა", სადაც ამბობს: "მეგობარი რომ მოგადგეს კარზე და პური გთხოვოს, შენ კი შინიდან გამოსძახებ - კარი დაკეტილია..." - ანუ მიწიერ მიზეზებს დაასახელებ, რომელთა გამოც დახმარება არ შეგიძლია, შემდეგ მომაბეზრებელი თხოვნის გამო მაინც ადგები და მისცემ პურსო... უფალი ამით გვასწავლის დაუცხრომელ ლოცვას. როდესაც უფალს რაიმეს შევთხოვთ, ვევედრებით, მაგრამ არ გვისრულდება სათხოვარი, არ უნდა დავცხრეთ, თავი არ უნდა დავანებოთ ლოცვა-ვედრებას. უფალმა შესაძლოა თხოვნა არ აგვისრულოს სხვადასხავა მიზეზის გამო; შესაძლოა ის, რასაც ვითხოვთ, საზიანო იყოს ჩვენი სულისთვის ან სხვა ადამიანებისთვის. მამები ამბობენ - უფალს რომ ადამიანებისთვის ყველა თხოვნა აესრულებინა, სამყარო დიდი ხანია აღარ იარსებებდაო. თხოვნის შეუსრულებლობით ზოგჯერ უფალი სარწმუნოებაში, რწმენაში განგვამტკიცებს. თუკი თხოვნა მსწრაფლ არ გვისრულდება, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაგრძელებთ თხოვნა-ვედრებას უფლის მიმართ, ჩვენი სარწმუნოება განმტკიცდება; რაც მეტად დაუცხრომლად ვილოცებთ და შემდეგ მოგვეცემა აღსრულება თხოვნისა, მით უფრო მადლიერნი ვიქნებით უფლისა.
ამ იგავის სათქმელიც იგივეა. აქ უფალს მოჰყავს თვალცხადი მაგალითი, მამის მაგალითი: რომელი მამა იქნება, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს, კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს? ე.ი. თუკი უფალს ვთხოვთ სიკეთეს, ყოველივეს აგვისრულებს, მაგრამ თუ ჩვენი სათხოვარი ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, თხოვნა არ აგვისრულდება. სწორედ ამის შესახებ მიგვანიშნებს უფალი, როდესაც ბრძანებს - თუ ხორციელმა მამამ იცის, რომ სიკეთის მაგიერ ბოროტება არ მისცეს შვილს, გაცილებით ზეაღმატებულად უწყის ზეციურმა მამამ. ადამიანს წარმოდგენაც კი არ შეუძლია, რა აღმატებულია ღვთაებრივი ცოდნა ადამიანის ცოდნასთან შედარებით და როგორ შეიძლება, უფალმა ადამიანს მისცეს ის, რაც მისთვის საზიანოა.
მათეს სახარების თანახმად, როდესაც უფალი მამისადმი თხოვნის იგავს წარმოთქვამს, ამბობს - როგორც გსურთ თქვენ მოგექცნენ ადამიანები, ისე მოექეცით თქვენც, ვინაიდან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველება. ეს არის "მამო ჩვენოს" იმ მონაკვეთის განმარტება, სადაც წარმოვთქვამთ: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა". ადამიანს არასოდეს უნდა, რომ ცუდად მოექცნენ. როგორც ჩვენ გვსურს მოგვექცნენ და მოგვიტევონ ცოდვები, ისევე უნდა მიუტევოთ სხვებს მათი ცოდვები, ჩვენს წინაშე ჩადენილი შეცოდებები.
"მამაო ჩვენო" არის ერთადერთი ლოცვა, რომელიც თავად უფალმა ასწავლა ადამიანებს, თავად ღვთის პირიდან მოისმინეს მოციქულებმა, როდესაც ხილულად უყურებდნენ განკაცებულ უფალს, ამიტომაც იწოდება საუფლო ლოცვად. ყველა დანარჩენი ლოცვა, ფსალმუნები იქნება თუ ახალაღთქმისეული ლოცვები, სულიწმინდის მადლითაა დაწერილი წინასწარმეტყველთა, მოციქულთა ან წმინდა მამათა მიერ.
ზოგიერთი სექტის მიმდევრები ამბობენ, რადგან უფალმა მხოლოდ "მამაო ჩვენო" ასწავლა მოციქულებს, ჩვენც მხოლოდ ეს უნდა ვილოცოთო. უფალს არ უთქვამს, მარტო ეს ლოცვა წარმოთქვითო, არამედ "მამაო ჩვენოს" სახით მოგვცა ლოცვის ფორმულა, გვასწავლა, როგორ უნდა ვილოცოთ - რა უნდა იყოს ჩვენი სათხოვარი ღვთის წინაშე და როგორ ვიცხოვროთ. ამავე დროს "მამაო ჩვენო" არის ქრისტიანული სწავლება და ქრიტიანული ცხოვრების წესი - რომ უნდა გვქონდეს ღვთის იმედი, არ უნდა ვიზრუნოთ ბევრის მოპოვებაზე, კმაყოფილნი ვიყოთ მხოლოდ იმით და გვინდოდეს მხოლოდ ის, რაც ამ წუთში გვაქვს. ასევე მიგვანიშნებს, რომ უნდა ვიყოთ მოწყალენი, ყველას მივუტევოთ შეცოდებები, ყველგან და ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი და ვევედროთ უფალს, დაგვიფაროს, განგვარიდოს განსაცდელისგან. განსაცდელში უფალს კი არ შეჰყავს ადამიანი, არამედ ჩვენვე ვვარდებით ჩვენივე ქმედებით, მაგრამ როდესაც უფალს მივმართავთ - "ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა", ვევედრებით, ვთხოვთ, გზა დაგვიკეტოს, ნუ გაგვიშვებს ცოდვისკენ, რათა განრიდებულნი ვიყოთ განსაცდელში ჩავარდნას.