გვესაუბრება ვანის ქვაბთა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე).
- თანამედროვე ადამანებს ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მოჭარბდა უსიყვარულობა, უნდობლობა, გულგრილობა, ნიჰილისტური დამოკიდებულება. ეს არის აპოკალიფსური პერიოდი, რომელიც ზუსტად იმით არის რთული, რომ ადამიანებში სიყვარული გრილდება. მიზეზი ამ ყველაფრისა არის ის, რომ ადამიანმა დაკარგა ადგილი ღმერთთან და დაირღვა წონასწორობა. ადამიანი არის ღვთის ქმნილება და მისი ბედნიერება, მისი სიხარული თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის შემოქმედზე. თუ ადამიანი უფალთან მუდმივ კავშირში, მასთან ახლოს არ იმყოფება, სულიერად ღარიბდება, ირღვევა წონასწორობა მის სულიერებაში, ფსიქიკაში და რჩება ადამიანური ძალების იმედად, გულგრილდება. უსიყვარულობა ისეთი სენია, რომლითაც დაავადებულია დღეს მთელი სამყარო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტექნიკური პროგრესი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რამაც გამოიწვია თანაფარდობის დარღვევა. რადგან ადამიანში ვერ ხდება სულიერი განვითარება, მატერიალურმა გადაწონა სულიერი ფასეულობა. ადამიანები დამოკიდებულნი გახდნენ ტექნიკაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ახალგაზრდობა ცდილობს, მეტი დრო გაატაროს კომპიუტერთან, გასართობ თამაშებთან. ასეთი შვილები მშობლების ურჩები ხდებიან. სულიერი დეგრადაცია შეიძლება დავარქვათ ამ სავალალო პროცესს. გამოსავალი იმაშია, რომ ადამიანმა უნდა აღადგინოს წონასწორობა, დაკარგული კავშირი ღმერთთან ლოცვისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით უნდა მოხდეს. ამის გარეშე ადამიანის წონასწორობის აღდგენა არ მოხდება, პირიქით, გაგრძელდება ეს დეგრადაცია. ალბათ მშობლები უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდნენ ბავშვების აღზრდას, რადგან პირდაპირი მნიშვნებლობით ბავშვები არიან ჩვენი მომავალი. მშობლების საქციელი, მათი ნებისმიერი სიტყვა ძალიან მგრძნობიარედ აღიბეჭდება ბავშვის ფსიქიკაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განვითარდება ოჯახური ცხოვრება. რაც მეტი კავშირი ექნება მშობელს საკუთარ შვილთან და რაც მეტი იქნება პირადი მაგალითი მშობლის მხრიდან, დადებითად აისახება ბავშვის ცხოვრებაზე.
- მამაო, ალბათ გულის განწმენდაა საჭირო, რათა სუფთა გულით ამოუშვას ადამიანმა ბაგიდან ტკბილი სიტყვა...
- რა თქმა უნდა. წყაროს სათავე, შეიძლება ითქვას, რომ არის გული. გულიდან გამოსული გადმოედინება ბაგეებიდან. გული არის ადგილი, სადაც მუდმივად სისუფთავე უნდა სუფევდეს. გულიდან ბაგის მეშვეობით მოდის მეტყველება. უნდა ვეცადოთ, ჩვენი გული სუფთად დავიცვათ. თუ არ გვაქვს სუფთა გული, მაშინ შევეცადოთ განვიწმინდოთ. ჩვენი გული უნდა იყოს უფლის ჭურჭელი, სადაც მადლი თავის ადგილს დაიმკვიდრებს. მადლი ისეთი რამ არის, რომელიც უსუფთაო ადგილას ვერ გაჩერდება. ამიტომ არის აუცილებელი ჩვენი გული სუფთა იყოს, რათა უფლის მადლი მოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენ შორის. ზუსტად ამას ვევედრებით, ლოცვაში: "მეუფეო ზეცათაო", როდესაც ვლოცულობთ სულიწმინდის მიმართ, "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა". ანუ სიბილწე, რომელიც გროვდება ჩვენს ცხოვრებაში ადამიანის ფსიქიკაში, მის გულში, მის სულში, მუდმივად ითხოვს განწმენდას, განახლებას. ეკლესიური ცხოვრება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სულიერი განწმენდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წიაღში, სულიწმინდის მადლის წიაღშია შესაძლებელი და არა ადამიანური ძალებით - აღსარებით, ზიარებით, რაც შეიძლება მეტი ჩაღრმავებით საკუთარ თავში. შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნაკლი ვიპოვოთ საკუთარ თავში. ჩვენ არ გვინდა ხოლმე გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, რომ ესა თუ ის ვნება ჩვენში ბობოქრობს და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სულიერად განვიწმინდოთ. შინაგანი ჩაღრმავება, თვითკრიტიკა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ. თვითკრიტიკის გარეშე ადამიანი ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ ვითარდება, ვერ იწმინდება. მუდმივად დაკვირვება საკუთარ თავზე იძლევა ძალიან ეფექტურ შედეგს. ყოველდღიურად განვიხილოთ საკუთარი თავი, რაში შევცოდეთ უფალს, რაში ვემსახურეთ. სწორედ ეს იძლევა სულიერი განწმენდის საფუძველს და ნიადაგს.
მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სახარებაში ბრძანებს: "მოვედით ჩემდა ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ". რას ნიშნავს ეს სიტყვები? ადამიანი, თავისი სისუსტიდან გამომდინარე, იტვირთება უარყოფითი ენერგიით, ცოდვებით. მაცხოვარი ძალიან თვალნათლივ და მაღალი ხმით მოუწოდებს ყველას, ვინც ხართ ტვირთმძიმენი ანუ ვისაც ცხოვრებისეული ტვირთი დაგიმძიმდათ, მოდით ჩემთან და მე განგისვენებთ თქვენო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში და განთავისუფლდეს ცოდვებისგან. ამიტომ დაადგინა მაცხოვარმა შვიდი საიდუმლო, რომ ადამიანმა გამოააშკარავოს თავისი ცოდვილი მიდრეკილებები თუ უარყოფითი მდგომარეობა და ეძებოს გამოსავალი ღმერთში. უფალი ასეთ ადამიანებს ჰპირდება სულიერ სიმშვიდეს, რისგანაც მართლაც გაღარიბდა თანამედროვე ადამიანი. დღეს ადამიანები მუდმივად დაძაბულ რიტმში ცხოვრობენ. მუდმივად სადღაც ეჩქარებათ. ადამიანის ფსიქიკა არის ძალიან დაძაბული და ვეღარ იცლის ღვთისმსახურებისთვის. არ ახსენდება უფალი. არადა უფალი ბრძანებს, "მოიცალეთ და გულისხმაყავთ". ფსალმუნში წერია: "რამეთუ მე ვარ უფალი". ადამიანს უნდა ახსოვდეს უფალი, რომ მან სულიერად კარგად იგრძნოს თავი. ადამიანის ხსნა ერთადერთია უფლის წიაღში.
ლოცვა - ეს არის უფალთან კავშირი, უფალთან საუბარი. ამიტომაც დააწესა ეკლესიამ დილისა და საღამოს ლოცვები, რომლითაც ვუკავშირდებით უფალს და გამოვითხოვთ წყალობას ღვთისგან, თუმცა ეკლესიის მიერ დაწესებული ლოცვების გარდა მორწმუნე ადამიანს თავისი სიტყვებითაც შეუძლია ესაუბროს, ილოცოს თავისი სიტყვებით. უფალი არის მამა მოწყალე, რომელიც ყველა ადამიანის ლოცვას ისმენს, მისი ფიქრიც კი იცის უფალმა. ამიტომ ადამიანი, რომელსაც უჭირს, პრობლემები აქვს ცხოვრებაში ან სასოწარკვეთილებისკენ აქვს მისწრაფება, უნდა ესაუბროს ხშირად უფალს. ილოცოს თავისი სიტყვებით, რადგან უფალი არასდროს ნუგეშის გარეშე არ ტოვებს თავის ქმნილებას. ყველაფერი წარმავალია ამ ქვეყანაზე, ადამიანის სული არის უკვდავი. უფალს ძალიან უნდა, რომ ჩვენი ნებით დავუბრუნდეთ მას და მამა-შვილური სიყვარული აღდგეს ადამიანსა და ღმერთს შორის.
- რა უნდა დაითმინო და რა არა?
- მაცხოვარი სახარებაში ამბობს, "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი". მოპოვება ნიშნავს იმას, რომ არ არის ადვილი, უნდა იბრძოლო, უნდა გეტკინოს გული. ტკივილის გარეშე შეუძლებელია ცხონება. რომ გეტკინება და ამას მოითმენ, ეს არის უდიდესი სათნოება. ღმერთს მინდობილმა მოყვასისგან ყველანაირი შეურაცხყოფა, დამცირება უნდა აიტანო. არსებობს ისეთი რამ, რაც არ უნდა მოითმინო. მაგალითად, საკუთარი ერის შეურაცხყოფა, სხვა ისეთი ფასეულის, რაც პირადად შენ არ გეკუთვნის და შენი ერის საგანძურია. როდესაც სხვა ერის ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი შენს სარწმუნოებას ან შენს ერს შეურაცხყოფს, ამის მოთმენა ნამდვილად არ შეიძლება. ამას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რა თქმა უნდა, არა იმგვარად, რომ ჩვენ მოგვაყენოს ზიანი, არამედ თავმდაბლობით, ღვთის შიშით და სიყვარულით. რაც ჩვენს პირადულს ეხება, რაც ჩვენ პირადად შეურაცხგვყოფს, ეს ყველაფერი მოთმინებას და პატიებას ექვემდებარება. პეტრე მოციქული ეკითხება მაცხოვარს, რამდენჯერ შემცოდოს ჩემმა ძმამ და რამდენჯერ ვაპატიო მასო. მაცხოვარი პასუხობს: სამეოცდაათჯერ შვიდ გზისო. ანუ განსაზღვრელი რაოდენობით. რამდენჯერაც არ უნდა შეგცოდოს შენმა ძმამ, აპატიეო, - ამბობს მაცხოვარი. ამაშია იდეა ქრისტიანული სარწმუნოებისა.
დღეს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა, ეს არის ტექნიკური განვითარება, რომელიც არასრულფასოვანი და მცირე რწმენის შედეგად შეიძლება ბოროტებას მოხმარდეს. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ ძალიან ბევრი იარაღია მსოფლიოში დაგროვილი, რომლის აფეთქების შემთხვევაში შეიძლება განადგურდეს მთელი დედამიწაო. ადამიანმა შეიძლება ეს ტექნოლოგიური განვითარება ბოროტებას მოახმაროს და ბოროტებაში გამოიყენოს. დღეს სხვა დროსთან შედარებით ცოდვა მოდაში შემოვიდა, ცოდვის რეკლამირება ხდება ტელევიზიით, რადიოთი, ჟურნალ-გაზეთებით და ასე შემდეგ. ადამიანის სულიერი დეგრადაციისაკენ არის ყველაფერი მიმართული. ამიტომ არის დღეს უფრო რთული ცხოვრება და უფრო რთული ქრისტიანობის შენარჩუნება. ღმერთი მოწყალეა, ამ ყველაფერს ითვალისწინებს და გვიგზავნის ნუგეშებს.
ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ რთულ დროში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიის წიაღში. ღმერთმა ინებოს, რომ ყველას საკითარი სული გადაერჩინოს.