მკაცრი სიტყვით მიმართავს მწყემსი იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა.
რამდენადაც მოძღვარი თავის თავში ხედავს როგორც მორჩილთა, ასევე საერო ადამიანების რწმენას, იმდენად ის მოვალეა სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს იმას, რასაც აკეთებს ან ამბობს, რადგან იცის, რომ ყველა მას უყურებს, როგორც მაგალითს, და მისგან ყველაფერს იღებს, როგორც წესსა და ჭეშმარიტებას.
ღვთის სამსაჯავროზე მოძღვრის ფიქრში გავლილი ცოდვა მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მორჩილის მიერ საქმით ჩადენილი ცოდვა, მებრძოლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტმზრახველობა.
ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა.
ვინც თავის მოძღვარს დღეს ემორჩილება და ხვალ არა, მსგავსია იმ ადამიანისა, რომელიც თავის სნეულ თვალს ხან საკურნებელ მალამოს უსვამს, ხან კირს.
წმინდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერც ერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.
როცა მოძღვარი გამუდმებით გამხელს და შენ შეიგრძნობ, რომ მეტად გიყვარდება და მეტი რწმენა გიჩნდება მისდამი, იცოდე, სულიწმინდა შეუცნობლად დამკვიდრდა შენში და ძალი მაღლისა გეწვია.
ეშმაკი ხშირად შთაგვაგონებს, ან არ ჩავაბაროთ აღსარება სულიერ მამას, ან საკუთარი ცოდვა სხვას გადავაბრალოთ.
ვინც თავის მოძღვარს გულახდილად განუცხადებს ყველა ცოდვას, ის მის მიმართ ჭეშმარიტ რწმენას ავლენს, ხოლო ვინც რაიმეს ფარავს, ის ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაეხეტება.
ვინც სინდისი განიწმინდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილის არ ეშინია და ყოველდღე, როგორც ძილს ან, უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი. ეს კარგადაა ცნობილი მათთვის, ვინც გადაუხვია ამ მორჩილების გზას და მოგვიანებით მიხვდა, სად იმყოფებოდა.
- შინაგანი მორჩილება მოძღვრისადმი ხდება სწორედ ის საშუალება, რომლითაც უფალმა შეიძლება ადამიანი არასწორი გზიდან სწორ გზაზე გადაიყვანოს. მოძღვრისადმი მორჩილებას შეუძლია ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს და ადამიანმა ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს. მოძღვარს ძალიან დიდი როლი აკისრია. მეგობარი გვყავდა სქემარქიმანდრიტი ანტონი (რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა). როცა სასულიერო საემინარიისა და აკადემიის სტუდენტები ვიყავით, დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი მაკარი გახლდათ. მამაოს საუბრიდან მნიშვნელოვანი სიტყვები დამამახსოვრდა - უფალი ცდილობს, რომ გზასაცდენილები ეკლესიას დაუბრუნოს. უფალს არავინ ემეტება დასაღუპავად, ამიტომ ადამიანს არასწორ გზაზე სიარულის ჟამს უფალი უქმნის წინააღმდეგობას და თუკი ეყო გულისხმიერება და გამოიცნო ღვთის განგება, ის აუცილებლად ეკლესიაში მოხვდება, არ ასცდება ეკლესიის გზას. აქაც მოძღვრის სიტყვას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. უანგაროდ, სიყვარულით ნათქვამი სიტყვა მადლის მატარებელია. ის ღვთის ნებასთან არის თანაზიარი. ადამიანის გულში მოხვედრილი სიტყვა აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. უპირველესია, მოძღვარმა სწორი მიმართულება მისცეს მრევლს, ყველაზე უმთავრესი რამ ასწავლოს - უფალთან ურთიერთობა და რომ ადამიანი ღვთისგან არა ამქვეყნიურ კეთილდღეობას ელოდოს, არამედ მოთმინებითა და ღვთის ნების ძიებით, მარხვით, ლოცვით ცდილობდეს სულიერ სრულყოფას. სრულყოფილებისკენ სვლა კი ქრისტიანისთვის ნიშნავს ვნებებისგან განკურნებას და მადლის მიღებას.
იგივე მამა ანტონის სიტყვები მახსენდება, რომ მოძღვრის მისია გახლავთ, რომ ეკლესიის წიაღში მოსული ადამიანი ეკლესიის წიაღში უნდა შეინარჩუნო, რადგან შემთხვევით არ ჩაგიგდო ღმერთმა ეს ადამაინი და მოძღვარმა ბოლომდე უნდა მიხედო, აღსარებისა და ზიარებისკენ წარმართო მისი შემდგომი ეკლესიური ცხოვრება. როცა ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, უნდა შეეცადოს განთავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან, ვნებებისგან.
- მომავალი თაობის აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვარს...
- მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი მოძღვრობა დაიწყო ინტენსიური მუშაობით ნარკოტიკების და ალკოჰოლის, აზარტული თამაშებით დაზიანებული ადამიანების მოჭარბებული მოსვლით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში დავიწყეთ ღვთისმშობლის შეუსმელი ბარძიმის ხატის პარაკლისის შესრულება. ვფიქრობ, ადამიანის შველა, რომელიც ჩაძირული არის რაღაც მანკიერ ვნებებში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმითაც, რომ მისი მიბაძვით სხვები არ დაზიანდნენ. კარგად აღზრდილი ბავშვიც შეიძლება მოხვდეს ამ საცდურში. ჩვენ ვნახეთ რეალურად ეს ყოველივე. ამ კერების აღმოფხვრა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. შეიძლება უფრო მეტი ინტენსიურობით.
მოძღვრის როლი სწორედ ის არის, რომ უნდა განკურნოს ადამიანის სული და ადამიანის ცხოვრება ისე უნდა წარმართოს, რომ ღმერთმა განკურნოს მისი დაზიანებული სული. მოძღვარი ამ შემთხვევაში ერთგვარი შემსრულებელი და ღვთის ნებისა და მადლის გამტარებელია.
ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ხარიტონი (არეშიძე):
მოძღვარი არის მრევლის მწყემსი, რომელიც მათ მიუყვება ღვთის გზაზე. მრევლს ნდობა და რწემა აქვს მოძღვრის მიმართ. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც არ ჰქონდათ ასეთი დამოკიდებულება, ღმერთის სწამდათ, სჯეროდათ, მაგრამ მოძღვართან ყოველთვის პრობლემა ჰქონდათ. როგორც მოძღვარს, მიმაჩნია, რომ ჭირშიც და ლხინშიც ჩემი მრევლის გვერდით უნდა ვიყო. ვცდილობ, ბობოქარი ზღვიდან მშვიდ ზღვაში გადავიყვანო. მოსახლეობაში მოძღვრის სახით სიახლე შემოვიდა. მათში ახალი ცხოვრება დაიბადა და ახალი ცხოვრება დაიწყეს. ნებისმიერი ასაკის, რჯულის წარმომადგენლებთან მიწევს ურთიერთობა. ადამიანებს ბევრი რაღაცები გვაქვს ისეთი, რითიც მოგვაქვს თავი. როდესაც მოგვაქვს თავი, ნაკლებად ვხედავთ საკუთარ პრობლემებს და საკუთარ მდგომარეობას. ბევრ სისუსტეს ვხედავ საკუთარ თავში. მადლობა მინდა შევწირო ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა ჩვენს მრევლს, სოფელს, თვითოეულისგან ცხოვრებას ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიძენ.
ლოცვა მიყვარს და ვცდილობ, მრევლსაც შევაყვარო. ლოცვიდან უკვე სულიწმინდის მადლი, სიყვარული შემოდის. ღვთის თესლი ქვასაც კი გაადნობს და გაალღვობს. ამის მწამს და მჯერა და მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ხელით, მწირი ცოდნით ამხელა პასუხისმგებლობაც დამაკისრა ღმერთმა და ამხელა ნდობა გამოამჟღავნა ჩემ მიმართ. მადლობა მინდა გადავუხადო მამა დიონისეს (გვიმრაძე), რადგან ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. მადლობა თქვენ, რომ ჩამობრძანდით, ძალიან დიდი შრომაა და ღმერთმა შეგიწიროთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.