I ნაწილი
ამ დრტვინვაში, წუწუნში წყევლა იმალება. მოწუწუნე მეამბოხე კაცი თითქოს თავს იწყევლის და ღვთის რისხვაც არ დააყოვნებს. ეპირში ორი გლეხი ცხოვრობდა. ერთს მცირე მიწის ნაკვეთი ჰქონდა და ყველაფერში ღმერთს სასოებდა. რამდენიც შეეძლო, შრომობდა, არ შფოთავდა და თავს არ იტანჯავდა. ზოგჯერ თივის აღებასაც ვერ ასწრებდა და წვიმა ულპობდა. ხშირად მისი ზვინები ქარს გაჰქონდა, ის კი ღმერთს ადიდებდა და კარგადაც მისდიოდა საქმეები. მეორეს კი ბევრი მიწა ჰქონდა, ჰყავდა უამრავი ძროხა და სხვა საქონელი. უშვილო იყო. თუ შეეკითხებოდი, - როგორ ხარო, გიპასუხებდა: - ეჰ, ცუდად, სჯობს არ მკითხოო. არც ღმერთი ახსოვდა, სულ ბუზღუნებდა და შფოთავდა. სწორედ მას უკოჭლდებოდა ძროხა და სხვა არაერთი უსიამოვნება შეემთხვეოდა ხოლმე... ამ კაცს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ სულიერად მაინც ვერ წარემატებოდა.
ამიტომაც ვამბობ, ღვთის დიდებისმეტყველება უდიდესი რამეა-მეთქი. ღმერთი გვაძლევს, მაგრამ მას ვიგემებთ თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ან კი როგორ ვიგემებთ, როცა ღმერთი, მაგალითად, ბანანს გვაძლევს, ამ დროს კი ჩვენ ვინმე მილიონერის ტკბილეულზე ვფიქრობთ. იცით, რამდენია, ვინც დაობებული ორცხობილასთვისაც კი დღედაღამ ღმერთს ადიდებს და ზეციური სიტკბოებით აღივსება! ასეთი ადამიანები იძენენ სულიერ სიფაქიზეს და გრძნობენ, როდის ეფერება მათ ღვთის ხელი. ჩვენ კი ეს არ გვესმის, რადგან გული გაგვეზინთა, გაგვექონა და არაფერი გვაკმაყოფილებს. არ გვესმის, რომ ბედნიერება მარადიულობასთან კავშირშია და არა ამაოების ძიებაში.
- მამაო, როგორ უნდა ვიგრძნოთ ის, რაზეც წმინდა სახარება ბრძანებს: "აჰა, ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს".
- მისმინე, დალოცვილო ადამიანო, როცა ჩვენს სულში ზეციური სიხარულია, მაშინ სასუფეველი ღმრთისა ჩვენს შორისაა. მაგრამ, საპირისპიროდ ამისა, თუ სულში შფოთია, ცოდვებით შელანძღული გვაქვს სინდისი, მაშინ ჩვენს შიგნით ჯოჯოხეთური ტანჯვის ნაწილია.
თუ კაცი ცდილობს, რომ მის ცხოვრებას ღმერთი მართავდეს, ვითარცა კეთილი მამა, მაშინ შეუძლია ცხოვრება სამოთხედ იქციოს. უნდა გვჯეროდეს ღმერთის, მისი იმედით გავაკეთოთ ყოველივე და ვადიდოთ უფალი ყველაფრისთვის. სულიერად არ უნდა ვშფოთავდეთ, რადგან ეს შფოთი ამსხვრევს და ადამბლავებს სულს. თუ კაცი ღვთის სასუფეველს ეძიებს, მას ყოველივე დანარჩენიც მიეცემა. წმინდა სახარება ბრძანებს: "ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა". და კიდევ: "სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი". დღეს ადამიანებმა გაირთულეს ცხოვრება, მატერიალურ სიკეთეებს გამოკიდებულნი მცირედით არ კმაყოფილდებიან. მაგრამ ვისაც ჭეშმარიტად წრფელი სულიერი ცხოვრებით ცხოვრება სურს, უპირველესად მცირედით დაკმაყოფილება უნდა ისწავლოს. თუ ადამიანებმა გაიუბრალოეს ცხოვრება, არ დატვირთეს იგი ზედმეტი ფუსფუსით, ეს მათ ამ სოფლის სულისგან განათავისუფლებს და სულიერი მოღვაწეობისთვის დროს მისცემს. ვინც ცდილობს მოდას არ ჩამორჩეს, იქანცება, კარგავს სიმშვიდეს, მყუდროებას და უდიდესი სულიერი შფოთით აღივსება. ხშირად კაცნი ცხოვრებას სატანჯველად თვითონვე აქცევენ...
იცით, როგორ უჭირთ რუსეთში საცოდავ მორწმუნეებს (ეს წარმოთქვა 1992 წელს, - კ.კ.)? ერთხელ რუს მღვდელს ერთი კოლოფი საკმეველი მივეცი - მიიღე ჩემგან ეს უბრალო საჩუქარი-მეთქი. განა ეს უბრალო საჩუქარია? ჩვენთან ხომ ასეთ საკმეველს ვერსად იშოვიო, - მითხრა. იცით, როგორ იტანჯებიან ჩვენთან, საბერძნეთში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილნი? ქალკედონში გავიცანი რუსეთიდან ჩამოსული ერთი კაცი, რომელსაც 1მ2 ქვის ფილების დაგებაში სამას დრაქმას (დაახლოებით 1 დოლარს) აძლევდნენ. ის ამბობდა ხოლმე:
- დიდება შენდა, ღმერთო, რომ პური მოგვეციო. ამიტომაც, როცა ერთმა ბრიგადირმა შემომჩივლა, - მუშაობისას ძალიან ვმძიმდები ცოდვებითო, ვუთხარი, - შენ თუ ამ ლტოლვილებს სამუშაოს შეუმსუბუქებ და დაეხმარები, ამით ცოდვები შეგიმსუბუქდება. ამ საბრალოებს თავშესაფარიც არა აქვთ, შენ მათთან შედარებით ონასისი ხარ-მეთქი.
სათნოებათა მოსაღვაწებლად ღმერთი ჩვენზე უშვებს სიღარიბეს, ავადმყოფობას და სხვა ამგვარს. განა უფალს არ შეუძლია განკურნოს ავადმყოფი, გაამდიდროს ღარიბი და აღაშენოს ყოველი? მაგრამ მაშინ საკუთარ თავზე ტყუილად ვიფიქრებდით, კეთილნი ვართო; ვიტყოდით, რომ ვართ მოწყალენი. თუმცა ეს არ იქნებოდა მართალი. ახლა კი ჩვენს სათნოებას ჩვენს საქმეთაგან ვხედავთ. დიდება უფალს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს შესწირავენ მოყვასს. მე ვიცნობდი ასეთ კაცს. ის უსამართლოდ დააპატიმრეს და დიდი ხნით ციხეში ჩასვეს. ის შეგნებულად წავიდა ამაზე ერთი ოჯახის გადასარჩენად. მას არც კარიერაზე უფიქრია და არც თავისი სახელის გატეხვაზე.
- მამაო, როგორ უნდა მოიღვაწოს სათნოებები კაცმა, რომელსაც ოჯახი აქვს?
- ღმერთი ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ ბევრი მაშინაც კი შფოთავს, როდესაც მოღვაწებისთვის ღვთისაგან ასეთ შემთხვევას გამოითხოვს. მაგალითად, სახიერ ღმერთს, თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო, სურს, რომ კაცი წარემატოს თავმდაბლობასა და მოთმინებაში, მაშინ მისი ცოლისგან აიღებს თავის მადლს. ქალიც ჭირვეულობს და ქმარს უხეშად ექცევა. ამ შემთხვევაში კაცმა კი არ უნდა იწუწუნოს, არამედ უნდა უხაროდეს და მადლობას უხდიდეს ღმერთს, რომელმაც ღვაწლისთვის ხელსაყრელი შემთხვევა მისცა. ანდა, მაგალითად, დედა ღმერთს მოთმინების მიცემას სთხოვს. ერთხელაც გადააფარებს მაგიდას სუფრას, გააწყობს. ამ დროს მიდის ბავშვი მაგიდასთან, მოსწევს სუფრას და ჭურჭელი იატაკზე გადმოცვივდება. პატარა თითქოს ეუბნება მშობელს: "დედიკო, დაითმინე".
ის სიძნელეები, რაც დღევანდელ სამყაროშია, აიძულებს სულიერად ცხოვრების მსურველებს, არ მოეშვან, არ ჩაიძინონ. ღმერთმა დაგვიფაროს და, როცა ომი იწყება, ხალხი ფხიზლადაა, მობილიზებულია. რაღაც ამის მსგავსს ვხედავ იმ ადამიანთა საქციელში, ვინც ცდილობს სულიერად ცხოვრებას. თუნდაც იმ ახალგაზრდებს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, რამხელა სიძნელეების გადატანა უხდებათ. მაგრამ ის ბრძოლები, რომელთაც ისინი იმ ბინძურ სამყაროში განიცდიან, რომელშიც ცხოვრობენ, რაღაცნაირად ეხმარება მათ, არ მოეშვან სულიერად. მშვიდობიან დროს, როცა სიძნელეები არ არის, ბევრი გულგრილია რწმენისა და ზნეობის მიმართ, არადა უნდა ცდილობდნენ, მოიკვეთონ ნაკლოვანებები და მოიღვაწონ სათნოებები.
სულიერ ცხოვრებაში ძალზე გვეხმარება მყუდროება, კარგია, თუ დღის განაწესს ისე შევადგენთ, რომ მყუდროებისთვის დრო იქნება გამოყოფილი. დაე, ამ დროს კაცმა ჩაიხედოს საკუთარ სულში, შეიცნოს თავისი ვნებები, აღიღოს ღვაწლი, რათა მოიკვეთოს ისინი და განიწმინდოს გული. კარგია, თუ სახლში არის მყუდრო ოთახი, მონაზვნის სენაკს რომ მოგაგონებთ. იქ "დაფარულად" შეგიძლიათ შეასრულოთ სულიერი მოვალეობა: იკითხოთ სულიერო შინაარსის წიგნები, ილოცოთ. კარგია, თუ ლოცვას წინ უსწრებს სულიერ წიგნთა კითხვა, ეს მას ძალიან ეხმარება, რადგანაც კითხვისას სული თბება და სულიერ სამყაროში გადასახლდება. ამიტომ, როცა მთელი დღის ნაშრომ კაცს ათი წუთი აქვს დარჩენილი ლოცვისთვის, უკეთესია, თუ აქედან ორი წუთის განმავლობაში ისეთ შთამბეჭდავ რაიმეს წაიკითხავს, რომელიც გონებას მოუკრებს.
- მამაო, ხომ არ გეჩვენებათ, რომ როგორც აღწერთ, ასე ცხოვრება ამ სამყაროში ადვილი არ არის.
- არსებობენ ადამიანები, ძალზე სულიერად რომ ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ, როგორც მოსაგრენი: იცავენ მარხვებს, აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ილოცვენ სკვნილზე, მოიდრეკენ მუხლს, კვირაობით მიდიან ტაძარში, ეზიარებიან და კვლავ თავიანთ "სენაკში" ბრუნდებიან. ვიცნობ ერთი ოჯახის თავს, რომელიც ყველგან კითხულობს იესოს ლოცვას. ამ კაცს ყოველთვის ცრემლიანი ლოცვა აქვს. ცრემლები, უტკბილესი მისი ცრემლები ღვთაებრივი სიხარულის ნაყოფია. მახსოვს, ათონზე ერთი ერისკაცი შრომობდა. მას იანისს ეძახდნენ. ძალზე მძიმე, ორი კაცის სამუშაოს ასრულებდა. ვასწავლე, მუშაობისას იესოს ლოცვა წარმოთქვი-მეთქი. ნელ-ნელა მიეჩვია ლოცვას. ერთხელ მითხრა, - იესოს ლოცვისას დიდ სიხარულს ვგრძნობო. ირიჟრაჟა უკვე, - ვუპასუხე მას. მცირე ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ იანისი ორ მთვრალ ხულიგანს მოეკლა. დავმწუხრდი. რამდენიმე დღის შემდეგ ერთი ბერი ეძებდა იარაღს, რომელიც იანისს სადღაც შეენახა. მას თვით იანისი გამოეცხადა ძილში და აუწყა, თუ სად დადო იარაღი. ამ ადამიანმა ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწია, რომ უკვე შეეძლო, იმ სამყაროდან სხვებსაც დახმარებოდა.
რარიგ იოლია სულიერი ცხოვრება! შეიყვარებს რა კაცი ღმერთს, პატივს მიაგებს მის უდიდეს მსხვერპლშეწირვას და გულმოწყალებას, განსჯით მიბაძავს წმინდანებს და ამ სათნოებებით მალევე განიწმინდება. მხოლოდ უნდა დაიმდაბლოს თავი, იგრძნოს თავისი უსულგულობა და ღვთისადმი დიდი უმადურობა...