მაინც რით უნდა გავცეთ მოწყალება, ხშირად ხომ ჩვენ თვითონაც არა გვაბადია? - იკითხავს მავანი. მაგრამ არის ის, რის მიცემაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია. ეს არის თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა.
მსგავსი მრავალი მაგალითია. შესაძლოა, ხშირად ჩვენივე სულის საცხოვნებლად თვით უფალი, ანგელოზი ან რომელიმე წმინდანიც მოგვევლინოს გაჭირვებულის, მშიერის, დავრდომილის, მათხოვრის ან თუნდაც მგზავრის სახით და ჩვენ ჩვენივე ნებით ვღებულობთ ან უარვყოფთ ღვთის ასეთ დიდ მაცხოვნებელ წყალობას.
მათხოვრები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გასაჭირმა მათი რიცხვი ძალიან გაზარდა. შესაძლოა, თითოეულ მათგანს დღეში ასობით ადამიანმა რომ ჩაუაროს და მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიღოს მოწყალება. თუ ფული არა გაქვს, შესაძლოა ერთი ვაშლი მიაწოდო, პური მოუტეხო ან რითაც შეგიძლია, იმით დაეხმარო. თუ არაფერი გაქვს, შეცოდება ხომ შეგიძლია, გულით თქვა: ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულსო და ესეც შენგან გაღებული მოწყალება იქნება.
კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმე არ არის, ვინ რისთვის მათხოვრობს. თუ შეგვიძლია, მათი დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს, დაცინვა. უნდა გვწამდეს, რომ ღვთის განგებით მათხოვრებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვთის მართლმსაჯულების აღსრულებაში, თუ ვინ დადგინდეს განკითხვის დღეს უფლის მარჯვნივ და სამუდამოდ ლხინებისათვის და ვინ მარცხნივ - სამუდამო ტანჯვისათვის. უფალმა მოგვმადლოს განცდა, რომ სხვათა შეწყალებით ჩვენც შეწყალებულ ვიქნეთ.
მიხარია, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ცოტა ხნის წინ გავიცანი ავჭალის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერში სტუმრობისას. "კარიბჭესთან" საუბარი მისი სულიერი მოძღვრის, ამავე მონასტრის წინამძღვრის, იღუმენ იოანეს (გვაჯაია) თხოვნით შედგა. ბატონმა ჯემალ ბაღათურიამ კარგად უწყის, რომ ღვთისთვის კეთილი საქმეების კეთებას არ სჭირდება საჯაროდ აღიარება, რადგან თავად უფალია ამის ფარულად დამნახავი.
როცა მამა იოანემ მას უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გაუმხილა მამათა მონასტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, გაიხარა და მატერიალური დახმარებაც არ დააყოვნა. მოძღვარს დაუდგა გვერდით და ავჭალის ნათლისღების მონასტრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში. მამა იოანემ საუბარში ახსენა, თუ როგორ გახარებია, როცა მისთვის დახმარება შეუთავაზებია. თითქოს ამ დღეს გულმოდგინედ ელოდა, რათა თავისი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან წვლილი შეეტანა მონასტრის მშენებლობაში.
მართლაც ასეა, საქმის მკეთებელი ადამიანები ნაკლებად საუბრობენ საკუთარ თავზე და იმ საქმეზეც, რასაც შესჭიდებიან. არადა კეთილისმყოფელი ადამიანების გაცნობა მკითხველისთვის არცთუ ისე ურიგო იქნება.
- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობა ამ ულამაზეს კუთხეში გავატარე. დღემდე მენატრება იქაურობა. აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების, სიწმინდეების მოლოცვამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, რათა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება, - მიამბობს ბატონი ჯემალი, - მადლობა ღმერთს, რომ ცხოვრების მეგზურად ჩემი მეუღლის სახით ისეთი ადამიანი შემხვდა, რომ ეკლესიასთან კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა, გამიღვივა ღვთის სიყვარული და უფლის სამსახურში ჩამაყენა. სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ მოსკოვში ვცხოვრობდით. იქაურ ტაძარში მსახურობდა მამა შიო - დღეს უკვე მღვდელმთავარი გახლავთ. ოჯახთან ერთად დავდიოდი ტაძარში მამა შიოსთან. ვეზიარებოდით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. როცა საქართველოში ჩამოვედით, ღვთის წყალობით გავიცანი მამა იოანე და მისი სულიერი შვილები გავხდით. როცა მან დახმარება შემომთავაზა, ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. ვერც წარმომედგინა, თუ ოდესმე მომეცემოდა საშუალება, ახლოს ვყოფილიყავი ეკლესიასთან, სამღვდელოებასთან და მცირე წვლილი შემეტანა მონასტრის მშენებლობაში.
- როცა უწმინდესს გავაცანი ბატონი ჯემალის კეთილი ნება, აკურთხა, დალოცა და დიდი სიხარულით ჯვარი გადასახა, - მიამბობს მამა იოანე, - უკუნითი უკუნისამდე მოიხსენებიან ღვთის საქმეში წვლილის გამღებნი. ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს: ყოველ ადამიანს მიეცემა ის ტალანტი, რომლითაც ის უნდა ცხონდესო. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ მიეცემა საცხოვნებელი ტალანტი. ქართველობა ხომ ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთანაა გაიგივებული. მისთვის აუცილებელია, რომ მისი შვილები საქართველოში იყვნენ, აქ მიიღონ განათლება და აღიზარდონ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად. როგორც უწმინდესი ბრძანებს, ოჯახი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც მისი ყველა წევრი აღმოსავლეთით ანუ ღვთისკენ იხედება და ერთ ენაზე საუბრობსო. მართლაცდა, ამგვარი შეფასება ეკუთვნის ბატონი ჯემალის ოჯახს, რომლის თითოეული წევრი თავისი ცხოვრების წესით ემსახურება ერს და დედაეკლესიას. საოცარი ის არის, რომ მეუღლემ, მანანა ანჯაფარიძემ, ძალიან მოინდომა, მონასტრის მშენებლობაში წილი დაედო ბატონ ჯემალს. მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, მორალურად ამხნევებდა და ტაძრის მშენებლობის გაგრძელებაში სტიმულს აძლევდა. ანუგეშებდა, რომ ღვთისთვის სათნო საქმეში ყოველთვისაა დაბრკოლებები, მაგრამ ამით არ უნდა შეეჩერებინა მშენებლობა. ღვთის წყალობით ყველაფერი მოგვარდა. ეს კეთილი ადამიანები ამჟამად ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მონასტერში დადიან. როცა ამ მონასტრის მშენებლობას დავასრულებთ, ღვთისმსახურებას აქ დაესწრებიან. ღმერთმა დალოცოს კეთილი ადამიანები. სახარებაში ვკითხულობთ: ილოცეთ დაფარულში მამის წინაშე და მოგეცემათ ცხადში ანუ სასუფეველში. ვისურვებდი, ვისაც შეუძლია, ყველამ იფიქროს მოწყალების გაღებაზე. ამგვარად ავაშენებთ ძლიერ მართლმადიდებლურ საქართველოს. მსგავსი ადამიანების თანადგომაზე დგას ეკლესია, რომელზეც არის ნათქვამი, "კლდესა ზედა აღვაშენე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ეკლესია მხოლოდ ქვა კი არ არის, ააშენო და ამით დამთავრდეს ყველაფერი. იქ მადლმა უნდა დაივანოს, რომელიც ღვთისგან არასდროს დაყოვნდება, თუ თავად ხარ მისი მიმღები. სახარებაში წერია: - მოგიწოდა უფალმა? მიიღე. ბატონმა ჯემალმა ერთი სიტყვით მიიღო მოწოდება და ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული.
მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ არაფრის შეგვეშინდეს, ჩვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომელთა თანადგომით კეთილი საქმე არასდროს გადაიდება. ამ კეთილი საქმეების აღსრულებაში კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევა შეგვეწევა.