გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე).
- "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" - ეს არის ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთი მცნება და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. სინანული არის ადამიანის განმაახლებელი. როცა კაცს სინანული ეუფლება, მასში ხდება სულიერი ფერისცვალება. ეფრემ ასურის ლოცვებში ვკითხულობთ: "მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". როდესაც ადამიანი შინაგანად მგლოვარეა და თან სინანულშია, დაზღვეულია განკითხვისაგან, სხვადასხვა ცოდვისაგან და მხოლოდ საკუთარი თავის გამოსწორებაზე ფიქრობს. სწორედ ამას გულისხმობს "მგლოვარენი გულითა". ადამიანი ხვდება, რომ იგი ცოდვილია და ამას მთელი სულითა და გულით განიცდის, თან უფალს ევედრება, მიუტევოს ცოდვები. თითოეული მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეს. უფალი ამგვარ გულმტკივან მონანულთ, შინაგანად განწმენდილთ აუცილებლად ნუგეშს მიაგებს. ნუგეშინისცემა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში როდია მოსალოდნელი. ჭეშმარიტად მონანული ადამიანები ამ ქვეყანაზევე იღებენ ნუგეშს და ბედნიერებას განიცდიან. მონანული შინაგან სიმშვიდეს გრძნობს და მასზე უდიდესი მადლი მოდის.
მგლოვარებას ორგვარი სახე აქვს. გამოვყოფდი იმას, რაც დღეს ბევრს ახასიათებს. ადამიანი სულიერად გაღარიბდა, დაკარგა ნუგეში, სასოება და უფლის სიყვარულს განეშორა. ამგვარ მგლოვარესა და ნეტარებაში მყოფის მგლოვარე გულს შორის განსხვავებაა. თუნდაც იმაში, რომ ცოდვების განცდის შემდეგ გულით მგლოვარე ადამიანს საოცარი სიმშვიდე და სიტკბოება ეუფლება. ასეთ ადამიანს აქვს უფლის რწმენა და იმედი. იცის, რომ უფალი მიუტევებს ცოდვებს. ურწმუნო ადამიანი კი მუდამ უიმედოდაა და უფალს განეშორება, სასოწარკვეთილებას ეძლევა. ამგვარი გლოვა, რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე არასასურველია. გლოვა, განცდა თვისთა ცოდვათა, უდიდესი მადლის მომნიჭებელია. იყო ერთი წმინდა მამა, რომელიც ჩამოთვლიდა ისეთ ცოდვებს, რაც არ ჩაუდენია... როდესაც ამღვრეულია მდინარე, იქ დიდი ლოდებიც არ ჩანს, თუკი დაიწმინდება, წვრილი კენჭებიც გამოჩნდება. ამღვრეული მდინარე წააგავს ცოდვილ ადამიანს, რომელსაც არ აქვს განცდა საკუთარი ცოდვებისა. ასეთი ლოდებსაც ვერ ხედავს საკუთარ თავში. როდესაც ადამიანი განიცდის საკუთარ ცოდვას, მისი სული, გული, გონება იწმინდება. შინაგანად მგლოვარე და მონანული ადამიანის სული ცოდვებისგან იწმინდება და მეტად მგრძნობიარე ხდება. ასეთი ადამიანი თანაუგრძნობს ცოდვაში მყოფ მოყვასს და არ განიკითხავს. ლოცულობს მისი კეთილდღეობისთვის. წარმოიდგინეთ მგლოვარე დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გულით გლოვობს. უკვე ვეღარ იცლის სხვისთვის და მხოლოდ საკუთარს გლოვობს. მისთვის მიუღებელია მოყვასის განკითხვა. როდესაც ადამიანი საკუთარ ცოდვებს გლოვობს, ის წააგავს შვილმკვდარ დედას, რომელიც გლოვობს ცოდვილ სულს და ცდილობს სულის გადარჩენას, ცხონებას და სასუფევლის დამკვიდრებას.
ცხოვრებაში უამრავი განსაცდელი მოდის. ჭეშმარიტად მონანულისთვის განსაცდელი ძალას კარგავს. ასეთი ადამიანი, რაც არ უნდა შეემთხვეს, მუდამ ურყევია, რადგან მის ცხოვრებაში ყველაფერი მეორეხარისხოვანია, გარდა იმისა, რომ უყვარდეს ღმერთი და მის გვერდით იყოს. ასეთი ადამიანი, გნებავთ მივაყენოთ შეურაცხყოფა, დავამციროთ, მაინც იტყვის, რომ ბედნიერია და წუთისოფლისგან კი არა, უფლისგან მოელის ნუგეშს.
ჩემთვის ცოდვათა განცდა ერისკაცობიდან დაიწყო.
მოკრძალებით ვურჩევდი მრევლს, რომ უფრო მეტად განიცადონ საკუთარი ცოდვები და მეტად მიაქციონ ყურადღება საკუთარი თავის გამოსწორებას. რამდენადაც უფრო კრიტიკულები ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ, წარმატებულები ვიქნებით სულიერ ცხოვრებაში და ლამაზად წარიმართება ცხოვრება. მომთხოვნი გავხდეთ საკუთარი თავისა და დამთმობნი - მოყვასის მიმართ. ქრისტიანისთვის ეს საუკეთესო თვისებაა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.