ჩვილებსა და ყრმებს, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ რწმენისა და სინანულის გამოხატვა, ამიტომ მშობლისა და ნათლიის რწმენით ინათლებიან. ჩვილის ნაცვლად მრწამსს ისინი ამბობენ, ეშმაკისგან განშორების აღთქმასაც დებენ და ამიტომ ვალდებულნი არიან, ყრმა რწმენითა და კეთილკრძალულებით აღზარდონ.
ნათლია ნათელღებულის სულიერი მშობელია. მას ევალება, მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთოს, ზრდასრული კაცი ნათლობისთვის მოამზადოს, რწმენა უქადაგოს, ქრისტიანული ცხოვრების წესი გააცნოს. ნათლობას ნათლია იმისთვის ესწრება, რომ ნათლად გამზადებულის რწმენა ეკლესიის წინაშე დაამოწმოს. ეშმაკისგან და მის საქმეთაგან განშორების აღთქმის შესრულება და ნათლულზე ზრუნვა ახლა მისი საღმრთო ვალია და უნდა იცოდეს, რომ ამ ვალის უგულებელყოფა ღმრთისგან მკაცრად მოეკითხება.
ნათლიამ, გონიერი მშობლის მსგავსად, თვალყური უნდა ადევნოს ნათლულის სულიერ ზრდას - დაეხმაროს მას ლოცვით, შეგონებით და თუ საჭიროა, მხილებითაც. ეს რომ შეძლოს, თავად უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანულად. ამიტომ ნათლიად უნდა მოვიძიოთ არა მდიდარი და პატივდებული ადამიანი, არამედ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
წმინდა პიროს ბრეთელის დედათა მონასტრისა და ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტრის არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი): - ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე.
წმინდა მამების თქმით, ნათლისღების დროს უფალმა განწმინდა მსოფლიო წყლები, რათა ხალხს ნათელი ეღო წყლით. ძველი სამყარო, შეიძლება ითქვას, წყლიდან აღმოცენდა, პირველი სიცოცხლე სამყაროს შექმნისას, ღმერთის ნებით, ზღვებსა და მდინარეებში ჩაისახა. როდესაც ცოდვამ ისე გაიდგა ფესვი დედამიწაზე, რომ მონანიება შეუძლებელი გახდა, მსოფლიო წარღვნამ გაანადგურა კაცობრიობა. ნოეს ოჯახის გარდა, წყალმა თითქოს განბანა და თავის სტიქიაში ჩამარხა დედამიწის ცოდვები. როგორც მიწისქვეშა წყლები კვებავენ მცენარეთა ფესვებს და ეს წყლები არასდროს დაშრება სამყაროს აღსრულებამდე, ისე ნათლობის დროს მიღებული სულიწმინდის მადლი არასდროს დაკნინდება. რაც უნდა დიდი ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, მადლი მაინც მოუწოდებს სინანულისკენ, სიკეთისკენ.
კართაგენის წმინდა მამები წერენ, - ჩვენ მადლის გარეშე კეთილი საქმის არათუ კეთება, გაფიქრებაც არ ძალგვიძსო.
ნათლისღების დღეს დადგინდა ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი საიდუმლო - ნათლობა.
სულის ცხონებისთვის ნათლისღების აუცილებლობას შეგვაგონებენ ღმერთის რჩეული მოციქულები: ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე ცოდვები და მოუხმე უფლის სახელსო. წმინდა მოციქული მოგვმართავს, შეინანეთ და ნათელი იღეთ ყოველმა კაცმა ცოდვათა მოსატევებლადო, ხოლო პავლე გვირჩევს, განვიბანოთ, განვიწმინდოთ და განვმართლდეთ ნათლისღების წყალობით.
იესო ქრისტე 30 წლისა მოინათლა, რადგან ებრაული კანონის მიხედვით, არ შეიძლებოდა მანამდე ვინმეს ექადაგა, ამიტომ მან რჯული აღასრულა.
მაინც რისთვის მოინათლა ყველაზე წმინდა და სპეტაკი სულის მქონე უფალი? რისთვის ჩადგა რიგში, რისთვის დაუღუნა თავი თვის მონასა და ქმნილებას? წმინდა წერილში ვკითხულობთ: "რათა ყოველი სიმართლე შეესრულებინა".
ნათლისღების დღესასწაულს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგან ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ნათლისღების დროს ქვეყნიერებას ყოვლადწმინდა სამება, ერთარსება განუყოფელი გამოეცხადა. რისთვის გადმოვიდა სულიწმინდა მტრედის სახით და გაისმა ხმა: - "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ"? უფალმა იმიტომ კი არ იღო ნათელი, რომ უცოდველი ცოდვათაგან განწმენდას საჭიროებდა, არამედ რათა წყლით წარეხოცა კაცთა ცოდვები.
ჩემი ნათლია ჩემი ძმის მეგობარია, რომელთანაც ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს. მე სკოლის დამთავრების შემდეგ მოვინათლე. ჩემი ძმის დაოჯახებას მოჰყვა ჩემი გაქრისტიანება. მას შემდეგ საოცრად შეიცვალა ჩემი შინაგანი სამყარო. დიდუბის ეკლესიაში მომნათლა აწ განსვენებულმა მამა გრიგოლმა. სიმშვიდე ვიგრძენი ამ საიდუმლოს შესრულების შემდეგ.
- მამაო, ნათლისღებამდე დადიოდით ეკლესიაში?
- ძალიან მიყვარდა ჩემი სოფლის, ყვიბისის ტაძარში სიარული. ვასუფთავებდი კიდეც ეკლესიას. უმოქმედო ტაძრის სახურავი მთლიანად დაფარული იყო ბალახებით და ვცდილობდი მის გასუფთავებას. როცა დედა მიდიოდა ტაძარში, ყოველთვის თან მივყვებოდი.
ნათლობის შემდეგ ეკლესიას კიდევ უფრო დავუახლოვდი. ცოტა ხანი რუსეთში ვცხოვრობდი. ტაძარში იქაც დავდიოდი. მაშინ 17 წლის ვიყავი. ერთ დღესაც ტაძარში შევედი და იქ მყოფი მამები ფეხზე წამომიდგნენ. მომერიდა და გარეთ გამოვედი. ჩემს დასაბრუნებლად სტიქაროსანი გამოგზავნეს, მაგრამ მორიდებულმა შინ დაბრუნება გადავწყვიტე.
ნათელმირონობა რვა თაობაზე გადადის. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა არ მოხდეს სისხლის აღრევა და ნათესაური კავშირის დარღვევა.

- მეუფე იობის ნათლია ვარ, - ვენაცვალე იმასა. 1963 წლის 5 ოქტომბერს მყავს მონათლული ვლადიკავკაზში სამწელ-ნახევრისა. მაშინ ოცი წლისა ვიყავი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი ნათლული მყავსო, - მითხრა ქალბატონმა მზიამ.
- იფიქრებდით, რომ თქვენი ნათლული ეპისკოპოსი გახდებოდა?
- არა, რას წარმოვიდგენდი! ისე, თავიდანვე ჭკვიანი ბავშვი იყო. ნათლობისას ახალგაზრდა მღვდელმა მკითხა, - რას დაანათლავო. მე არაფერი გამაჩნია და ჩემს ნიჭს დავანათლავ-მეთქი. რას ვიფიქრებდი, ელგუჯაი მაგას მიაღწევდა. დიდად ნასიამოვნები ვარ, რომ ჩემი ნათლული უფალს და ხალხს ემსახურება.

მეუფე გრიგოლის ერთ-ერთი მორჩილის (დღეს ის მღვდელია) მონათხრობიდან ასეთი ამბავი მახსოვს: მეუფე ალავერდის ტაძარში ანალოგიას რომ აკეთებდა, გამვლელმა ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. მეუფეს მათთვის პასუხი არ გაუცია და ისევ თავისი საქმე გაუგრძელებია თავდახრილს. მორჩილისთვის კი უთქვამს, - მოთმინებით ბევრი ცოდვა მიგვეტევება, ხოლო თუ ტაძარს შეურაცხყოფენ, მაშინ მოთმინება შეუძლებელიაო. ამის თქმა იყო თურმე და ეს ახალგაზრდები ანალოგიისკენ წასულან და შეურაცხუყვიათ.Mმეუფე გაბრაზებულა და ორივე ხელით ტაძრიდან გამოუყრია. მათ მეუფისთვის შენდობა უთხოვიათ და წასულან.
რომ წამოვიზარდე, უკეთ გავაცნობიერე, თუ ვინ იყო ჩემი ნათლია და მეამაყებოდა კიდეც. ლოცვებში სულ ვიხსენიებ მეუფეს. ვცდილობ, ამით მეტი სულიერი ურთიერთობა მქონდეს მასთან. როგორც ვატყობ, მეუფემ ბერობა დამანათლა.
მეუფე გრიგოლს მეუფე იობს შევადარებდი.
მუხლმოყრილს ბევრი რამ შემითხოვია ჩემი ნათლიის, მეუფე გრიგოლის საფლავზე და ასრულებულა კიდეც. თუ არ ასრულებულა, მივუხვედრებივარ, რომ ეს თხოვნა არ ყოფილა ჩემი სულისთვის სასარგებლო.

- ნათელღებული ხდება ქრისტეს სხეული, ეკლესიის ნაწილი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრე.
ყოველი ადამიანი იბადება თანდაყოლილი ცოდვით, რომელიც ადამისა და ევას შეცოდებიდან მომდინარეობს. ამ ცოდვის გამოსყიდვა კი ნათლისღების საიდუმლოთია შესაძლებელი.
2004 წლის 18 იანვარს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად დამადგინა. მეორე დღეს, ნათლისღების დღესასწაულზე, პირველი წირვა შევასრულე სოფელ ლატალში, შვიდი ადამიანი მოინათლა. ეს დღე ძალზე მადლიანი და სასიხარულო გახლდათ.
ზემო სვანეთს ხშირად სტუმრობდა უწმინდესი, რომელიც სამღვდელოებასთან ერთად თავად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს. ზემო სვანეთში ბევრი ჩვენი პატრიარქის ნათლულია. ადრე მისიონერული ჯგუფებიც არსებობდა, რომლებმაც თითქმის ყველა სოფელში შეასრულეს მდინარეში საყოველთაო ნათლობა. საბჭოთა პერიოდში სვანეთში დამკვიდრდა თვითნებური ნათლობა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც გრძელდება. ირჩევდნენ ნათლიას, ტაძართან მივიდოდნენ და მხოლოდ დაასახელებდნენ მის სახელს. შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ. თუ ადამიანი არ არის მღვდლის მიერ მონათლული, ან არ ახსოვს, შესრულებულია თუ არა ნათლობა, აუცილებლად უნდა მოინათლოს. "ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს" (ინ. 3,5-6).
როდესაც ადამიანი ნათლია ხდება, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამასთანავე, დიდ მადლს ღებულობს. ნათლიის მოვალეობაა, თავისი ნათლული ქრისტიანულად აღზარდოს და მისი სულისათვის იზრუნოს და ილოცოს. ყოველივე ეს რომ შეძლოს, თავად უნდა აღასრულებდეს ქრისტეს მცნებებს. მე 33 ნათლული მყავს და მათი უმეტესობა მაზიარებელია და ქრისტეს სჯულის დაცვის სურვილი აქვს.
ღვთის მადლით და წყალობით, სოფელში მოინათლნენ ორმოცდაათიანელები, ასევე რამდენიმე იეღოველიც.
საუბრის ბოლოს მინდა მადლიერებით მოვიხსენიო ჟურნალი "კარიბჭე". ერთხელ, საპყრობილეში შესვლისას, რამდენიმე პატიმარმა მიცნო და გამიკვირდა კიდეც. გაირკვა, რომ ჩემი ინტერვიუ "კარიბჭეში" წაუკითხავთ. თქვენმა ჟურნალმა საქართველოს ყველა კუთხე მოიცვა და საპყრობილეშიც შეაღწია. ღვთის სიტყვის ქადაგება ყველაზე დიდი მადლია და ღმერთმა უხვად მოგცეთ.