ეს სოფელი ახალგაზრდობას ანდამატივით იზიდავს. ახალმოქცეულის სულზე, რომელმაც ცხოვრების მიზანი და მოვალეობა ახლახან დაინახა, ყოველივე ამქვეყნიურს დიდი ძალა აქვს.
ჩვენი სული, როგორც ღმერთი, მარადიულია. ამქვეყნიური სიხარულის შედარება ღვთის წმინდა და უბიწო სიხარულთან შეუძლებელია.
შვილო, სიცოცხლის დრო ფულივით მოგვეცა, რომ თითოეულმა ჩვენი ცხოვრება ვიყიდოთ და ამ ვაჭრობით ან გავმდიდრდეთ, ან გავკოტრდეთ. თუ დროის ფულს სულიერი სიმდიდრის მოსახვეჭად მოვიხმართ, მართლაც გამოცდილი ვაჭრები ვიქნებით და ნეტარ ხმას გავიგონებთ: "კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა".
ცხოვრების ბოლოს თითოეულ ჩვენგანს ზუსტი ანგარიში მოეთხოვება - როგორ და სად დახარჯოს დროის ფული. და ვაი ჩვენ, თუ იგი გართობაში, გარყვნილებაში, ამაო ოცნებებსა და ხორციელ სიამოვნებებში გავფლანგეთ. სანამ დრო გვაქვს, სანამ ფული მთლიანად არ დაგვიხარჯავს, საღი გონებით დავფიქრდეთ სოფელზე, რომელიც ჩვენს გაძარცვას ცდილობს... და ამ ფულით ძვირფასი საქმეები შევიძინოთ, რომელიც ცეცხლში გამოცდისას კიდევ უფრო გაბრწყინდება და ღვთისთვის შესაფერის საჩუქრებად იქცევა ზეციური იერუსალიმის შესამკობად. თივას კი, ანუ იმ საქმეებს, რომლებითაც წყვდიადსა და სატანჯველს მოვიწევთ, ნუ ვიყიდით, რადგან მათთან ერთად ჩვენც ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლში დავინთქმებით, სადაც ღვთის ნიჭის ბოროტად გამფლანგველი თავის დათესილს იმკის!
შენ კი ცრემლით თესე კეთილი საქმეები და როცა ღმერთი მოგიხილავს, საუკუნო ცხოვრებაში განცხრომის მოსავალს მოიმკი!
ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი. საქმე საუკუნო მემკვიდრეობას - ღვთის მემკვიდრეობას ეხება. "რამეთუ ყოველივე მოგვეც ჩვენ". ჰოი, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე! განა რა მივეცით ღმერთს, რომ მის სანაცვლოდ თავის უკიდეგანო სასუფეველი მოგვმადლოს? ჩვენი ბოროტება, უღმერთობა და განუზომლად დიდი და დანაშაულებრივი დაცემები? "აღვიარებთ მადლსა, არა დავჰფარავთ წყალობასა".
დაე, ვიბრძოლოთ. მებრძოლებს საუკუნო ჯილდო ელით. დაიცავი ცხოვრების სიწმინდე. შეეცადე, გონებიდან სოფელი განდევნო და გული ზეშთა სოფელს მიუახლოვო, სადაც საუკუნო სიხარული, მშვიდობა და ნეტარება სუფევს.
მეუფე იესო ქრისტე მათ განამტკიცებდა, ვისაც სწამდა და ვინც შეუდგა მას. იგი ამბობდა: რას არგებს ადამიანს, თუ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს შეიძენს და ამის გამო თავის უკვდავ სულს დააზარალებს? ეს სოფელი და მისი სიამენი წარმავალია, ხოლო ადამიანის სული - გონიერი არსება - უკვდავია და ღმერთში მარადიული ცხოვრებისთვისაა მოწოდებული.
სიამოვნება მათთან ერთად ქრება, ვინც ამით ტკბება, რადგან სიზმარი და ძილისშორისია ყოველივე კაცობრივი. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ცივ სამარეში წვებიან. იქ, ღრმად დამარხულნი, მდუმარედ ღაღადებენ, რომ ყოველივე კაცობრივი ჭეშმარიტად ამაო და ხიბლია...
ადამიანის სიცოცხლე ძაფზე კიდია, ჩვენი ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეწყდეს. რამდენმა გაიღვიძა და საღამო ვეღარ იხილა? რამდენმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა? მართლაც, ადამიანის ცხოვრება სიზმარია. კაცი არარსებულ სიზმრებს ხედავს, ხანდახან - თითქოს მეფედ აკურთხეს და როცა იღვიძებს, ხვდება, ერთი გლახაკი ვინმეა. ამ ცხოვრებაში ადამიანი შრომობს, რომ გამდიდრდეს, ისწავლოს, გაერთოს, დაწინაურდეს, მაგრამ, საუბედუროდ, სიკვდილი მოდის და ყველაფერს არარაობად აქცევს. ის, რისთვისაც კაცი მთელი ცხოვრება ირჯებოდა, სხვას რჩება, თვითონ კი დამნაშავე სინდისით და შებღალული სულით მიდის აქედან...
ეს სოფელი და მისი ხატება წარმავალია, ხოლო კეთილის მოქმედი სუფევს უკუნისამდე".