"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ჩვენი პასუხი ხარებაზე
იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.
უფალი ყოველ ჩვენგანს უხმობს, მაგრამ ჩვენ მას სხვადასხვაგვარად ვეპასუხებით.
ვისაც საკუთარი თავი მიაჩნია ღმერთად, მისთვის ჭეშმარიტი ღმერთი საძულველი მეტოქეა და რაც უფრო ნამდვილია იგი, მით უფრო მეტად სურს მისი ჯვარზე გაკვრა; ზოგისთვის სულერთია - არც უღმერთობით შავდება რამე და მორწმუნეობასაც არა უშავს რა, ცხოვრებას რწმენის გარეშეც ახერხებს, მაგრამ შეუძლია, ირწმუნოს კიდევაც, ოღონდ იმ პირობით, თუ მსხვერპლის გაღება არ მოუხდება; ზოგს ღვთისმოყვარე სული აქვს, მაგრამ გონება თავისკენ ექაჩება, ასეთი ადამიანი ეჭვებითაა სავსე, უამრავ კითხვას სვამს, ათასჯერ აწონ-დაწონის, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩასდევს, მაგრამ როცა ამ გზის ჭეშმარიტებაში დარწმუნდება, მიიღებს და მის თანახმად იცხოვრებს; ზოგმა კი ჯერ არაფერი იცის ღმერთზე, მის სულს მოწყენა დაუფლებია, მაგრამ როგორც კი ღვთის სიტყვას მოისმენს, მყისვე მიხვდება, რომ ეს ისაა, რაც აკლდა, ყველაფერს მიატოვებს და ქრისტეს გზას შეუდგება.
როგორ ვიქცევით, როცა ჩვენს კარზე ვიღაც ზარს რეკავს? ზოგიერთი მაშინვე სიხარულით აღებს კარს. ასეთი გულღიაობა სავსებით მისაღებია ზეციურ სამეფოში, ჩვენს გარყვნილ და სახედაკარგულ საზოგადოებაში კი სახიფათოა. სანამ კარს გააღებდე, უნდა იკითხო, ვინ დგას მის უკან.
ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. სულიწმიდის მადლით აღვსილ ადამიანს, რომლის გულშიც ღმერთს უკვე ყველა ვნებაზე გაუმარჯვია, შეუძლია, არაფერზე იზრუნოს, მხოლოდ გამუდმებით ილოცოს საკუთარი მორჩილების სიღრმიდან. როგორც წმინდა მამები წერენ, ეშმაკებს ასეთ ხალხთან მიახლოებისა ეშინიათ. ცოდვიან გულისთქმებს ისინი შორიდანვე გრძნობენ და განუსჯელად უკუაგდებენ. მაგრამ სულიერად ცოტა თუ აღმატებულა ასე. ამიტომაც ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ და სანამ კარს გავაღებდეთ, გავარკვიოთ, ვის სურს ჩვენს სახლში შემოსვლა. თუ მეგობრის ხმას გავიგონებთ, შეგვიძლია, თამამად მოვიპატიჟოთ, მაგრამ თუ ხმა უცნობისა იქნება, უნდა დავფიქრდეთ და ვინმე გამოცდილს რჩევაც ვთხოვოთ.
როცა საეჭვო გულისთქმა ჩვენს სულში შემოსვლას ცდილობს, რჩევისთვის მას უნდა მივმართოთ, ვისაც ძალუძს განსაჯოს, მივიღოთ ეს გონების სტუმარი თუ, მაცხოვრის შეწევნით, ზღურბლიდანვე უკან გავაბრუნოთ.
არცთუ იშვიათად კითხვაზე: "ვინ არის?" - ნაზი, სასიამოვნო ხმა გვეპასუხება, მის უკან კი თურმე მძარცველთა ბანდა დგას... ასეთ დროს სასწრაფოდ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, მაშინ კი, როცა საქმე გონების მძარცველებს ეხება, ერთიორად მეტი ვილოცოთ უფლის, ღვთისმშობლისა და წმინდანების მიმართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავუბათ მასლაათი ყაჩაღებს.
წმინდა მამათა წიგნებში ხშირად გვხვდება ასეთი კითხვა: "შემოვუშვათ გულში გულისთქმა, რათა შევებრძოლოთ, თუ არა?" პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: სულიერად ძლიერი მოღვაწისთვის სასარგებლოც კია, თუ გულში გულისთქმას შეუშვებს და შემდეგ დაამარცხებს, სუსტმა ქრისტიანმა კი ის ისე უნდა გააგდოს, რომ ყური არც კი მიუგდოს. მაგრამ ჩვენ დაუფიქრებლად ვუშვებთ სულში ყველა გულისთქმას; ზოგიერთს ბატონობის ნებას ვრთავთ, ზოგიერთს კი წინააღმდეგობას ვუწევთ და ვცდილობთ, ვძლიოთ, თუმცა ღვთის შეწევნას ამ დროს იშვიათად ვითხოვთ. აი, რარიგ საწყალობელ მდგომარეობაში ვართ და რა საძაგელ სამყოფელად გვიქცევია სულიწმიდის ტაძარი - საკუთარი სული.
ჩვენც ხომ ქრისტეს მხედრები ვართ, ნათლობისას ხომ შევფიცეთ, რომ საკუთარ ვნებებსა და დემონებს მორჩილებით, მოთმინებითა და ლოცვით შევებრძოლებოდით. ფიცი კი დავდეთ, მაგრამ იარაღი ნაწილობრივ დაბნეულობას, ნაწილობრივ ამპარტავნებას გადავაყოლეთ, ახლა კი, თუ არ შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ ის და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად აღვიჭურვოთ, საშინელი ტრიბუნალი გველის.
ზოგს ისე ენატრება ქმარი, რომ ძილსა და მოსვენებას კარგავს, ვერაფერი ანუგეშებს. საჭმელსაც კი მხოლოდ იმისთვის ჭამს, რომ მის დაბრუნებამდე გაძლოს. აი, სრულყოფილი სიყვარულის მაგალითი! მაგრამ ამგვარი სიყვარული ღვთით ბოძებული ნიჭია და ვერც შევძლებთ და არც უნდა ვცადოთ, ის ხელოვნურად აღვძრათ ჩვენს გულში.
მეორეთ ასე ძლიერ არ ენატრებათ მეუღლეები, თუმცა მათ კი არ ამუნათებენ ამის გამო, არამედ თავს იდანაშაულებენ, რომ საჭიროებისამებრ არ უყვართ, ცდილობენ, მოყვარულ ცოლებს მიბაძონ და თუ გულის კარნახით არა, ნებისყოფის მეშვეობით მაინც მოერიდონ ცრუ ნუგეშისმცემლებს, თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ ქმრის დაბრუნების შემდეგ აინაზღაურებენ დანაკლისს. მათი იმედი გამართლდება, ქმართან შეხვედრა სიხარულით იქნება აღსავსე. ეს იმ მოღვაწის სახეა, ვისაც სრულყოფილებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ამისკენ მიისწრაფვის.
არიან მესამენიც, რომელთაც ჯეროვნად არ უყვართ მეუღლეები და არც ნანობენ ამას. ისინი თავიანთი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, თუმცა აშკარა უკანონობას არ სჩადიან; მათთვის სულერთია, დაბრუნდება თუ არა ქმარი.
დაბოლოს, არიან ცოლებიც, რომელთაც ეშინიათ ქმართან შეხვედრის, რადგან იციან - როცა დაბრუნდება, აღკვეთს მათ მრუშ და ბოროტ ცხოვრებას და დასჯის კიდევაც ამის გამო. ეს ცრუ ცოლები დაკარგავენ ოჯახურ სითბოსა და სიხარულს. გულგრილობა და უზნეობა ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
ღვთის ჭეშმარიტად შეცნობა მხოლოდ სრული სიყვარულით მოცულ სულს შეუძლია. როცა ადამიანი ქრისტეს გზით, მისი მცნებების (რომლებიც სიცოცხლისთვის მოგვეცა და არა მოყვასის განსაკითხავად) აღსრულების გზით მიდის, როცა საკუთარ ნებას ღვთისას უმორჩილებს, წარემატება მორჩილებასა და სიყვარულში, მაშინ უფალი მას თავის საიდუმლოებებს უხსნის. რამდენადაც საკუთარ ამპარტავან გონებას დავძლევთ, იმდენადვე შევძლებთ ჭეშმარიტების შემეცნებას. ცოდნა, რომელსაც ღმერთი მისდამი ჩვენი სიყვარულის პასუხად გვაძლევს, კეთილი და ჭეშმარიტია, ხოლო სიყვარულის გარეშე შეძენილი - ცრუ და მავნე. ღმერთი ჭეშმარიტებაა და სიყვარული. შეუძლებელია, იყო ჭეშმარიტებაში და არ იყო სიყვარულში.
გულისთქმის მონანიება ყოველთვის უფრო იოლია, რადგან როცა ცოდვა სხეულით აღსრულდება, ხორცი თითქოს იმახსოვრებს მას და მის ამ მეხსიერებასთან ბრძოლა განუზომლად უფრო ძნელია, ვიდრე სულის ცოდვილ მეხსიერებასთან. ამიტომ წინათ ეკლესია მრუშებს ზიარებას რამდენიმე წლით უკრძალავდა (მონანიების შემდეგ!). ახლა ასეთი რამ იშვიათობაა, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ეკლესია უფრო ზერელედ ეკიდება მრუშობას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არაქრისტიანული გახდა და ზიარებისგან დიდი ხნით დაყენებამ შესაძლოა ადამიანის ხსნის გზაზე დადგომას კი არ შეუწყოს ხელი, არამედ ეკლესიის მიტოვებისკენაც კი უბიძგოს.
როცა უფლის მცნებები გვავიწყდება, ვნებას ვემონებით, ხოლო თუ ამასთან ერთად ჟურნალ-გაზეთებიდან და ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც დავიწყეთ მოქმედება, მათი მონებიც ვხდებით, ვინც ამ ინფორმაციას ამზადებს. ასე რომ, რაც მეტ ამგვარ ინფორმაციას ვიღებთ, მით მეტი შესაძლებლობაა თავისუფლების დაკარგვისა.
ნიკოლოზ ლანჩავამ