"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ასევე, იმის შესახებ, თუ როგორაა მოწყობილი სულიერი სამყარო, ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიცით: ზოგ რამეს თვითონვე ვწვდებით, ზოგს წიგნებიდან, მშობლებისგან, მოძღვრისგან ვიგებთ, და დაფარული ყოველთვის უსასრულოდ მეტია, ვიდრე განცხადებული, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერი გვაქვს მოცემული. შესაძლოა, ღვთის მცნებების ყველა დეტალი არ იყოს ჩვენთვის აშკარა და იოლად აღსაქმელი, მაგრამ თვით მცნებები ცნობილია, ამიტომ მათ თანახმად ცხოვრება და სულის ხსნა სავსებით შესაძლებელია.
ჩვენც ასევე ვცოდავთ, როცა საკუთარ ღირსებებსა და ვითომდა სათნოებებს აღვრიცხავთ.
თუკი წუთის წინ მშვიდად ვიყავი, ახლა კი ვინმეს მიმართ მრისხანება მომერია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბრაზის ამოხეთქვამდე ერთი წუთით ადრე წმინდა და ვნებებისგან თავისუფალი გახლდით და უეცრად გავხდი ცოდვილი; არა, ვნება ჩემში იყო, მაგრამ ფარულად, ღმერთმა კი, მოწყალების გამო, მისი გამოვლენა დაუშვა, რათა დამენახა და მის აღმოფხვრაზე მეზრუნა.
როცა ავად ვხდებით, ავადმყოფობის სიმპტომების მკურნალობას კი არ ვცდილობთ, არამედ თავად ავადმყოფობისა. ზუსტად ასევე უნდა მოვექცეთ სულიერ სნეულებას - ცოდვას. თუკი მას გულიდან აღმოვფხვრით, აღარც გარეგნული ცოდვით დავეცემით, ხოლო თუ მხოლოდ გარეგნულს გამოვასწორებთ, შინაგანი ბუნება ცოდვაში დარჩება, გვახსოვდეს, რომ განკითხვის დღე გველის, იქ კი თავის მოტყუება არაფრად გამოგვადგება.
სამაგიეროდ, როცა ადამიანი ღვთისკენ ნაბიჯის გადადგმას დააპირებს, როცა შეეცდება, ღვთის მცნებების თანახმად იცხოვროს, ეშმაკი მხოლოდ მაშინ იწყებს მასთან ბრძოლას... ეს, იცით, რას ჰგავს? ტყვე საკონცენტრაციო ბანაკში რომ იმყოფება - ჭამს თავის სალაფავს, საშინელ მიწურში ცხოვრობს, დღედაღამ მტრისთვის მუშაობს და ტანჯვა-წამებით სიკვდილს ელის. სანამ გაქცევას არ შეეცდება, განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს, უბრალოდ, თვალყურს ადევნებენ, მაგრამ თუ ტყვეობიდან თავის დახსნას, თავისუფლების მოპოვებას დააპირებს, სულ სხვა საქმეა!
"მივიდნენ მასთან მოწაფეები, - მოგვითხრობს სახარება, - სთხოვეს მას და უთხრეს: გაუშვი იგი, რადგან ღაღადებს და მოგვდევს ჩვენ" (მათე 15:23). ქრისტე კი, აი, რას ეუბნება ქანაანელ დედაკაცს: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო" (მათე 15:26). ამგვარად, წმინდანთა შეწევნის გამო უფალი ყურადღებას გვაქცევს და ეს, ამავე დროს, მხილებაცაა: ვიგებთ, რომ ძაღლები ვყოფილვართ და არა შვილები, თუმცა კი შვილებად ვართ შექმნილნი. მაგრამ თუ, ქანაანელი დედაკაცის მსგავსად, თავს დავიმდაბლებთ, ვაღიარებთ, რომ ეს მხილება მართებულია, ამასთანავე ღვთის მოწყალების რწმენას შევინარჩუნებთ და ლოცვას გავაგრძელებთ, იმასვე გავიგონებთ, რაც ქანაანელმა დედაკაცმა მოისმინა: "დიდია შენი რწმენა, მოგეგოს შენ, როგორც გინდა" (მათე 15:28).
ამგვარად, უფალმა პავლე მოციქულს უბრძანა, კი აღარ ელოცა უძლურების განსაშორებლად, არამედ დაეთმინა ის, რადგან ეს განსაცდელი მას დიდ გამოცხადებათა გამო შესაძლო გაამპარტავნებისგან დასაცავად მიეცა.
საკუთარი ძალების განცდა ამპარტავნების გამოვლინებაა, რაც ადამიანს კიდევ უფრო დიდი ამპარტავნებისკენ უბიძგებს, საკუთარი უძლურების განცდას კი, ღვთის ძალისა და მოწყალების განცდასთან ერთად, ადამიანი მორჩილებამდე მიჰყავს. ჩვენს თავს კი რაღაც უცნაური ხდება: არავითარი განსაკუთრებული ნიჭი არ გაგვაჩნია, მაგრამ არამცთუ საკუთარი მოკრძალებული შესაძლებლობებით ვამაყობთ, არამედ საკუთარი ნაკლოვანებებით, ცოდვებით და, ლამისაა, ამპარტავნებითაც კი. ამიტომ არ ვიქნებით მართალნი, თუ ღმერთს მწუხარებისგან, უძლურებისა და განსაცდელისგან გათავისუფლებას შევთხოვთ. თუკი წმინდა პავლე მოციქული მადლობდა უფალს მათ გამო, მით უმეტეს ჩვენ, ცოდვილებს, გვმართებს, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველგვარი უსიამოვნებისთვის, თუკი ის ჩვენს ხსნას ემსახურება.
ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის სამსალანარევი შარბათით ტკბობას მისცემია, ცოდვით დაცემით გამოწვეული მწუხარებისგან გამოსაფხიზლებლად მწარე სასმლის შესმა აუცილებელიც კია, რათა მისი მეშვეობით თავი დააღწიოს ცოდვას, სინანულით წამოდგეს ფეხზე და ყველაფრისთვის (ცოდვით დაცემისთვის) მადლობა შესწიროს ღმერთს.
როგორც "შელოცვილი" ცოლი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ქმრის გვერდზე ყოფნით ხარობდა, დღეს კი შიშითა და ძრწოლით ელის მის დაბრუნებას, ადამიანის სულიც, "გრძნეულებით შეკრული" ღვთის გადასაყვარებლად და ცოდვის შესაყვარებლად, ძრწოლით ელის იესო ქრისტეს მოსვლას.
სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, თავი უნდა დავაღწიოთ ეშმაკეულ შელოცვას ანუ შევინანოთ. ვევედროთ მაცხოვარს: "უფალო, ჩემი სული ავადაა, დაცემულია და ამიტომ არ მიყვარხარ, განმკურნე და ფეხზე დამაყენე, მომეცი ძალა, რომ მთელი გულით მიყვარდე". ჩვენი სულები კაცთმოყვარე ქრისტეს სასძლოებია, რომელსაც, რა თქმა უნდა, გაახარებს ჩვენი სურვილი, მასთან ერთად ვიყოთ, ოღონდ წინასწარ უნდა ვილოცოთ, რადგან ცათა სასუფევლის საქორწინო ზღურბლს "შელოცვილნი", ცოდვებით დამძიმებულნი, ვერ გადავაბიჯებთ; მათთან დაშორება მოგვიწევს, ეს კი არცთუ ისე იოლია. გვსურს, დავითმინოთ ტანჯვა მარადიული ნეტარებისთვის? თუ გვსურს, დავითმენთ და მარადიულ სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ; თუმცა, თუნდაც არ გვსურდეს, ტანჯვა მაინც მოგვიწევს, მარადიულ ნეტარებას კი ვერ ვეღირსებით. მკაცრადაა ნათქვამი? მაგრამ ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს გადაწყვეტილებაზე, დავუბრუნდეთ იესო ქრისტეს. რაც უფრო მტკიცე იქნება ეს გადაწყვეტილება, მით უფრო იოლი იქნება გზა.
ნიკოლოზ ლანჩავამ