- დღევანდელობამ დაამტკიცა, რომ სასულიერო წოდება ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მაგრამ ძალიან ცოტა ერის ადამიანი ჰბაძავს მას. რატომ არის ჭეშმარიტი ერისკაცების ნაკლებობა? და ვკითხულობთ შეშფოთებულნი - საიდან მოვიდა ეს ხალხი, სად გაიზარდა, ვინ გაზარდა, ვინ არიან მათი მშობლები. გამზრდელის თემაზე საუბრისგან საზოგადოება თავს იკავებს, მაგრამ თვითონ ოჯახები უნდა დაფიქრდნენ, ვინ შვეს, ვინ გაზარდეს, მათმა გაზრდილმა რა მოუტანა ქვეყანას. ამ გრძნობით და შეგნებით უნდა დავაფიქროთ შვილები და ჭეშმარიტ სინანულს აქედან მივიღებთ.
სულიერი მოძღვრები არაერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. სულიერად ნაკლული საზოგადოება გვყავს, ნაკლებად მოდიან ეკლესიაში. გარე სამყაროთი იმდენად ზიანდებიან, რომ ძალაც აღარ აქვთ ეკლესიამდე მოსვლისა. ჩვენი, სასულიერო პირების სიფხიზლე, ამ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობს, რადგანაც სიფხიზლე ოჯახებში დაიკარგა. ყველა მშობელს ფიზიკური არსებობისათვის ზრუნვაში მთავარი ავიწყდება - ახალგაზრდების სულიერება. მშობელს უნდა, თავისი შვილი არ ჩამორჩეს ყოველდღიურობას, თანამედროვეობას შეაგუოს, მაგრამ ეს ცალმხრივად ხდება. ძალიან ბევრმა არ იცის, მის შვილს რას მოუტანს ეს თანამედროვეობა. ყმაწვილს ყველანაირ მოდას ბავშვობიდან აგუებენ. დავიწყოთ ბიჭებისა და გოგონების დღევანდელი ჩაცმულობით. აქედანვე ჩანს, ფხიზლად არის თუ არა მშობელი. ბავშვი დაბადებიდანვე ეჩვევა სიშიშვლეს, თანამედროვე ჩაცმას და უკვე ზრდასრული ვერ ხვდება, რით არის ეს ცუდი. არაერთ გოგონას უთქვამს, სამოსი არ არის დამაბრკოლებელიო. შეიძლება ჩაცმულობა უმანკოებას, წესიერებას და პატიოსნებას არ ვნებს, მაგრამ სწრაფვა, შვილი თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ხშირად ცუდად მთავრდება. ახალგაზრდას პრეტენზია უჩნდება ცხოვრების წესისასდმი და მშობლები კარგავენ სადავეებს. ეს კი უმართავობას იწვევს. ძალიან ბევრი უმართავი ახალგაზრდა ვერ არის ინტელექტუალი და საზოგადოების ღირსეული წევრი. ისინი დიდხანს მისდევენ უზნეო ცხოვრების წესს, ათენებენ დისკოთეკებში და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, როცა უკვე მშობელი ხვდება, რომ შეცდა, ხშირად სასულიერო პირებს გვთხოვენ, თავიანთ შვილებთან დამრიგებლური ურთიერთობა გვქონდეს, მოვთოკოთ ისინი, სწორი რჩევა მივცეთ, მაგრამ ბავშვი აშკარად ერთაზროვნად მსჯელობს, ფიქრობს, რომ როგორც მშობელი, მღვდელიც ვერ გაუგებს მას. რადგან ასე უნდა ცხოვრება, ასე მიეჩვია, უჭირს მისი დათმობა, რადგან ასეთი მეგობრები ჰყავს. ფიქრობს, რომ ჩვენ რასაც ვეუბნებით, უკვე წარსულის აზრებია და არ ვართ თანამედროვენი.
აქედან გამომდინარე, თავად თემის - მღვიძარების, სიფხიზლის, გაფრთხილების საკითხები ხშირად იკარგება ხოლმე. მართლმადიდებელი ერი, ქვეყანა და ქართველობა, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგანაც ბევრი ერი უკვე გადაშენების პირას არის. განვითარებული ქვეყნებიც ღელავენ, - თეთრი რასა შეიძლება გადაშენდეს, რადგან ძალიან ცუდად ცხოვრობსო. ახალგაზრდობის წლებს არ უფრთხილდებიან ყმაწვილები და როცა დგება მათი მოვალეობის აღსრულების დრო, ხდება მათ აზროვნებაში ცვლილებები, ისინი უკვე აღარ არიან რეპროდუქტიულები. ისმის კითხვა, - თეთრი რასა იქნება თუ არა საერთოდ უმრავლესობაში, დარჩება თუ არა დედამიწაზე? ძალიან შემაშფოთებელია ამაზე ფიქრი; და თუ ჩვენც ამ კუთხით გავაგრძელებთ დემოკრატობანას, ვგულისხმობ ახალგაზრდების ნებისმიერ არჩევანს, რომ ყველაფერი მათთვის დაშვებულია, მაშინ ჩვენი ერი მალე კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. ამის გამოსწორება შეიძლება, თუ დავუბრუნდებით ეროვნულ საწყისს.
მახსოვს ერთი ადამიანის მონაყოლი: მშობლებს არ შეეძლოთ ეკლესიაში მსახურებაზე დასწრება. მამა შვილებს ჩაისვამდა მანქანაში, მიიყვანდა ტაძრის კარებთან და ბავშვები წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მსახურების მერე შინ მოჰყავდა. ერთხელაც, შვილმა ჰკითხა: მამა, თუ კარგია ტაძარში სიარული, თავად რატომ არ დადიხარო.Aდღეს მშობლების პასიურობა, ეკლესიისგან განზე დგომა, მოძღვრებთან ორთიერთობის უქონლობა მათთვის დიდად საზიანოა. ჩვენ შვილებისთვის მათ სასარგებლო რჩევებს ვაძლევთ - თუ როგორ უნდა მიუდგე საკუთარ შვილს, როგორ აპატიო, როგორ გაზარდო, როგორ იმეგობრო მასთან. ისტერიკა არ არის მღვიძარება და სიფხიზლე, ისტერიკა არის ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს. ეკლესიას აქვს ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება ახალგაზრდებთან, ნებისმიერ თაობასთან. ამ გამოცდილებით ადამიანები მეგობრები ხდებიან როგორც უფალში, ისე მშობლებთან, ყოველ კაცთან. ეკლესია სთხოვს მშობლებს, იყვნენ ხიდი შვილებსა და ეკლესიას შორის. თუ მშობლებსაც ექნებათ ურთიერთობა ეკლესიასთან, მოძღვრებთან, ისინი გვიკარნახებენ, გვანახვებენ გზას, როგორ მივუდგეთ მათ შვილებს, დღევანდელ ახალგაზრდობას.
მეგობრობას - ერისა და ბერისას, განსაკუთრებით დღეს, ალტერნატივა არა აქვს.
მღვდელი გავხდი ბაკურიანში. ახალგაზრდაც ვიყავი. მე მრევლმა, მათთან მეგობრობამ გამზარდა. ვცდილობ, ყველასთან ვიმეგობრო.Aურთიერთობებში გროვდება გამოცდილება. ბაკურიანისა და ბორჯომის ეპარქიაში ძალიან დიდი პატივისცემა არის მოძღვარსა და მრევლს შორის... მადლობა ღმერთს, რომ გადაუჭრელი და მიუღწეველი საკითხები თითქმის არ არსებობს.
ბერ-მონაზვნებში ბოროტის ბრძოლა აზრებით, ქცევებით თუ ხიბლით ყოველთვის ხდებოდა. ბოროტი სასტიკია და მას შეუძლია მორწმუნე აცდუნოს. ძალიან ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბოროტის მზაკვრული ცდუნებები.
ბერმონაზვნობა განსხვავებული ცხოვრებაა. მონასტრული ცხოვრება თავიდანვე უნდა დაინახო. ადამიანი არ უნდა იყოს ამპარტავანი, ამაყი და კარიერისტი. შეუთავსებელია ერთმანეთთან კარიერა და ბერმონაზვნობა. ხასიათით შეიძლება ადამიანი იყოს მრისხანე, ფიცხი, თუმცა ბერმონაზვნობა მაინც ახერხებს თავისი ჯვრის ტვირთვას, სწავლობს მიმტევებლობას, თავმდაბლობას, სიყვარულს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ბერმონაზვნები.
ჩვენ, მამები, ყოველთვის ვქადაგებთ ამბიონიდან, მადლობა უფალს, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჟურნალის მეშვეობით საჯაროდ მივმართო ჩვენს საყვარელ ადამიანებს.
ღმერთმა დაგლოცოთ.