მამა ანდრიამ თავისი ჩანაწერებიდან თითქოს საკუთარი სულის ამოძახილი დაგვიტოვა. ოჯახის წევრებმა მისი ნაფიქრალი სიცოცხლეშივე წიგნად აკინძეს და "სიკეთის საგალობელი" უწოდეს. რამდენიმე მათგანს თქვენც გაგაცნობთ.
დავბადებულვარ სვანეთში 1994 წლის 23 თებერვალს. იმ დროს ომი ახალი დამთავრებული იყო. ეს იყო ომი ერის ერთმანეთისგან დაშორების, გაცალკევებისა და საქართველოს ერთიანობის განადგურების ომი.
ამ ომში იბრძოდა ჩემი ბიძა - პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა. ახოვანი იყო, ამაყი, თავდაჯერებული, ებრძოდა უსამართლობას. სწორედ მასზე ითქმოდა: "სული მისი ღმერთს ემსახურება, სხეული კი მამულს იაცავსო".
1993 წლის 23 სექტემბერს, ბოლო შემოტევის დროს, სოხუმი უკვე აფხაზებს ეჭირათ. ნუგზარმა გასცა ბრძანება, რომ მისი მებრძოლები გამოსულიყვნენ წინა ხაზიდან, რადგან ხედავდა, რომ სასტიკსა და უთანასწორო ბრძოლაში ამაოდ იღვრებოდა მათი სისხლი. საქმეს გულით ვეღარ შველოდა ბიძაჩემი. თვითონ ჩამჯდარა ტანკში, გაურღვევია მტრის ხაზი, შევარდნილა მოწინააღმდეგეთა ბანაკში...
23 სექტემბრის შემდეგ გაქრა მისი კვალი, გაქრა, როგორც კაშკაშა მზის ბუდრუგუნა სხივების მიერ აწურული ჯანღი ქრება ხოლმე ცის წიაღში, დაიკარგა ბიძაჩემი, დაიკარგა ისე, როგორც შემოდგომის სურნელისაგან დამთვრალი ქარი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
მე კი ბიძის სახელი დამარქვეს მის პატივსაცემად. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, ღირსეული ადამიანის სახელი ღირსეულად ვატარო.
12 წელი გავიდა მას შემდეგ, ჩემი დაბადების დღე კი, სევდის მიუხედავად, მხიარულებით გამოირჩევა.
როცა მზე შეუმჩნევლად ამოვა და დნობას დაუწყებს თოვლს, შორეული ღიმილით მილოცავს დაბადების დღეს ორთქლით დამთვრალი ნაძვი, თბილად მელამუნება და მილოცავს სუსხიანი ზამთარი. ქარიც დაკოჟრილი ხელებით მესათუთება და ღიმილით გაჟღენთილი მზერით თვალს არ მაშორებს.
მუდამ მხიარულებაა ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი ოჯახი ბედნიერია, უდიდესი სევდის მიუხედავად. ისინი ჩემში ალბათ ბიძის სიცოცხლის გაგრძელებას ხედავენ.
ენას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ქართველი ვაზს, მიწას, მამულს და სარწმუნოებას უფრთხილდება.
ღვთივკურთხეულ ქართულ ენას ლაზარეს ეძახიან. იოანე-ზოსიმეს გაგებით: ქართული ენა ლაზარეა, ყველა ენათა შორის პირველია, მთავარი ენაა...
ვინც მშობლიურ ენას ივიწყებს, ძალიან საცოდავია, რადგანაც ის, ვინც დაივიწყებს ენას, დაივიწყებს ყველაზე ძვირფასს: მამულსა და სარწმუნოებას.
ყველას მოვალეობა არის, რომ გაუფრთხილდეს, არ დაივიწყოს თავისი მშობლიური ენა.
"საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!"
- მე ყველაზე ლამაზი ვარ, ზამთარ-ზაფხულ მწვანე წიწვები მამშვენებს, თქვენ კი შემოდგომა ფოთლებს გართმევთ, ხოლო ზამთარი ყინულის ლოლოებში გახვევთ, - დაცინვით ეუბნებოდა ამპარტავანი ფიჭვი ხეებს.
აი, მწუხრი დადგა. ნამგალა მთვარე ამოციაგდა და მინდორ-ველი თითბრისფრად შემოსა. შემდეგ ცისკრის ვარსკვლავი, მთიები, ამოკაშკაშდა თავის ძმობილ ვარსკვლავებთან ერთად და მათ ციმციმი დაიწყეს.
თავმომწონე ფიჭვი თვლემს და საშინელ სიზმარს ხედავს, თითქოს მას ძირში ჭრიან. ფიჭვმა თავის მეგობრებს მუდარა დაუწყო, - მიშველეთო. ხეები საშინელ საფიქრალში ჩაცვივდნენ და ჩურჩული დაიწყეს. იქვე წყარო ტაატით მინარნარებდა და სევდიან მელოდიას უკრავდა.
ამ დროს მზე ამობრწყინდა, მან თავისი სხივებით ღრუბელს ფთილა მოსწყვიტა და ფიჭვმა მოინანია, ამპარტავნება მიატოვა და თავის მეგობრებს შეურიგდა.
დედა ისეთი წმინდა არსებაა, როგორიც სათუთი ია. ის, რაც არ უნდა მრისხანე იყოს, შინაგანად კეთილი, ფაქიზი ადამიანი იქნება. ქართველი დედა სულგამზიანებული, კდემამოსილი და კეთილია. მისი სიფაქიზის მიუხედავად, იგი მამაცი გახლავთ. ჩემი აზრით, ქართველმა დედებმაც შეიტანეს უდიდესი წვლილი იმაში, რომ საქართველომ აქამდე მოაღწია. ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ესეოდა მტარვალი მტერი. ისინი მანდილოსნებსაც არ ინდობდნენ, რადგანაც ვერაგმა მოწინააღმდეგემ იცოდა, თუ ქართველ მანდილოსანს არ მოკლავდა, მაშინ ქართველი დედა გასაოცრად გმირ ჭაბუკს აღზრდიდა, რომელსაც შთააგონებდა სამშობლოს სიყვარულს, მის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლით დაცვას. ქართველი გმირი დედები წარბშეუხრელად სწირავდნენ თავიანთ შვილებს სამშობლოს.
დედის ხელები ხომ ხორცშესხმული სინაზეა. ჩვენ, ბავშვებს, უდარდელად გვძინავს ამ ხელებში. არაფერია დედის სიყვარულზე წმინდა და უანგრო!
ჩემი დედის გული მოკამკამე, მოლიცლიცე ზღვა არის სიყვარულისა და სიკეთისა.
"ძალიან ხშირად ხდებოდა ცუდად. კიდევ რით უძლებდა, არ ვიცი. ნამდვილადFღვთის წყალობით. არ ვიცი, რას ელოდება უფალი და როდის გაიყვანს. რაღაც ხდება, მაგრამ, აბა, ჩვენ, ცოდვილმა მოკვდავებმა, რა ვიცით. ეს მხოლოდ უფალმა იცის. რა დამრჩენია, ველოდები, როდის რა მოხდება. ზოგჯერ ძალიან ძლიერად ვარ, ღვთის წყალობით. მახსენდება, ბერის დედა რომ ვარ და არ მეკადრება, ასე იოლად დავნებდე, ჩემი დატანჯული შვილი მაძლიერებს კიდევ. დღეს ფეხები უფრო შეშუპებული აქვს, ვიდრე გუშინ. ლაპარაკიც უფრო უჭირს. მამა შალვას (შენგელია) მივწერე, - ცუდად არის-მეთქი. მოვიდა. მადლობა უფალს! ძალიან უჭირს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ღვთის წყალობით ეზიარა. მამა შალვა შეწუხებული უყურებდა, თამარი ტიროდა. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ჯვარს აკოცა, ხელში რომ აქვს ჩაბღაუჭებული ბოლო იმედად, თავის დასაღწევად და მერე ხელზეც აკოცა. აბა, შენ იცი, გაძლიერდი, უფალს ნუ სთხოვ მალე გაყვანას. მან უკეთ იცის, როდის... შენ უბრალოდ იფიქრე მასზეო. უგალობეს საგალობლები და წავიდნენ. ჩაწყნარდა და ჩაეძინა...
მამა ანდრიას დედამ, ქალბატონმა მილედი (თინათინ) ჩხვიმიანმა ბევრი რამ გაიხსენა. ბევრი კიდევ გასახსენებელი აქვს.
- ტაძარში ერთად მივედით, ერთად ჩავაბარეთ აღსარება, ერთად ვეზიარეთ, ერთი მოძღვარი გვყავდა, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ნიკოლოზი. მამა ანდრიას ქართულის მასწავლებლის მოძღვარი იყო მამა ნიკოლოზი და მან გვირჩია მივსულიყავით მის მოძღვართან. მაიკომ მიგვიყვანა ასევე ინგილსურის მასწავლებელთან - მარინა გიორგობიანთან.
სკვნილებს ქსოვდა, ონკოლოგიურ საავადმყოფოში დღესაც წევს პატარა პაატა და იმან ასწავლა. ყოველ დილას, სკვნილი რომ უნდა მოექსოვა, სიხარულით ახელთა თვალს. მეც მასწავლა ქსოვა, თან ლოცვას მაკითხებდა, მერე სკვნილებს ვქსოვდით. ვინც მის სანახავად მოდიოდა, სკვნილებს ჩუქნიდა და ყველას დიდი მორიდებით სთხოვდა, ერთ ბურთულაზე მომიხსენიეთო.
ლოცულობდა ხმამაღლა. ერთ დღეს ძალიან გულით სთხოვა უფალს შენდობა, რომ მისგან ბოძებული ტალანტი მეტად არ გაამრავლა. ძალიან აწუხებდა განკითხვის ცოდვა და მეც მიშლიდა სხვების განკითხვას. მეუბნებოდა, - დე, ნურავის განიკითხავო. ძალიან ეცოდებოდა ადამიანები, - არ იციან, რა არის ცოდვაო. ყველასთვის ლოცულობდა, ძალიან პატარა ლოცულობდა მსოფლიოსთვის.

მე ის მაწუხებს, რომ მამა ანდრია ხორციელად არ არის ჩემს გვერდით, თორემ სულიერად სულ ჩემთანაა. მარტყოფის მონასტერში რომ დაასაფლავებდნენ, ეს წინასწარ იცოდა. ჩემი სული უფალს ეკუთვნის, სხეული კი მარტყოფის მონასტერსო, - მეუბნებოდა. როგორც კი გარდავიცვლები, მაშინვე დაიწყე ფსალმუნების კითხვა, შექმენი ჯგუფები, რათა ბევრმა მომიხსენიოს და თქვენი ლოცვებით შემეწიოთო. მადლობა ღმერთს, ორმოცი დღის შემდეგ თუ დავიმკვიდრე ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ, მერე რამდენს ვილოცებ, იციო? ანდრია პირველწოდებულის ხატი მისმა სულიერმა ძმამ, ვლადიმერმა დაწერა და მოუბრძანა. მეორე ხატიც დავაწერინეთ სხვა ხატმწერს. მერე ეს ხატები გავამრავლეთ, მის სურათებსაც ვჩუქნიდი მნახველებს. თვითონ მთხოვა, - დედა სურათებს და ხატებს უკან დავაწეროთ, უფალმა შეგვიწყალოს და დაგვიფაროს, მომიხსენიეთ ცოდვილი ბერი ანდრია.
მამა შალვამ მოგვცა კურთხევა, რომ მამა ანდრიას ოთახის კარზე გაგვეკეთებინა წარწერა - "უფალო, შეგვიწყალენ" სამჯერ თქვით და ისე შემოდითო.
მე მთხოვა, - როგორც კი გარდავიცვლები, დაიჩოქე, ღვთისმშობელს ხელებაწეულმა მადლობა გადაუხადე, წუთისოფლიდან რომ გამიყვანაო. გარდაცვალებამდე მთხოვა, ბერად აღკვეცის ჯვარი მომეციო. გარდაცვალების შემდეგაც ჯვარი ხელიდან არ გაუშვია. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მამა ანდრიას სურდა...
ძალიან დიდი მადლობა უფალს, რომ ასეთი შვილი მაჩუქა. ის ხომ უფლის შექმნილი იყო. მეუბნებოდა ხოლმე, - დედა, ბერი შვიდ თაობას აცხოვნებსო. 17 წელიწადში ძალიან ბევრი სიყვარული დაგვანახა. ამბობდა ხოლმე, თუ ერთი ადამიანი მაინც ღვთის გზისკენ შემოვაბრუნე და დავაყენე, მადლობა ღმერთსო.
ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს მიწიერ ტანჯვაში გამოწრთობილი, ჩვენი სიყვარულით დამაშვრალი, წმინდა სამების მადიდებელი, დედა ღვთისმშობლის მფარველობის იმედით აღვსილი ბერი ანდრიას სული.
საოცარი იყო კვირა დღე ტაძარში. ჩუმად იდგა ღვთისმშობლის ხატის წინ, კუთხეში. მახსოვს, სულ ვეძებდი დედამისთან ერთად, ვერც კი შეამჩნევდით, რომ იდგა.
წმინდანთა ცხოვრება ისე იზიდავდა, თანაუგრძნობდა, ესმოდა მათი, უხაროდა, თან სტკიოდა მათი წამება, მათი ღვაწლი. ბედნიერი იყო, რომ მათ შეძლეს უფალთან მიახლოება.
ვიდრე ავადმყოფობის ამბავს გავიგებდი, საოცარი მქადაგებელი გახდა. დაუჯერებელია. თითქოს ეჩქარებოდა უფალთან შეხვედრა. რა არის იმაზე მეტი ბედნიერება, უფალი შენს გვერდით რომ გაივლისო, - ამბობდა ხოლმე. ახლა იქ, უფლის სავანეში განისვენებს მისი ლამაზი სული. მახარებს, რომ ის ბედნიერია, იმ წმინდანთა გვერდითაა, რომელთა შეხვედრასაც ნატრობდა.
იმ ქვეყნად შეხვედრის იმედით ვცხოვრობ, არა მარტო მე, არამედ ყველა მისი მეგობარი.
ნოემბრის იმ სუსხიან დღეს, როცა პირველად მოვიდა ჩემთან, ჩემს სახლში მარადიული გაზაფხული მობრძანდა.
ნათლია - ქეთევან ბურჯალიანი:
- ჩვენი ურთიერთობა არ იყო ჩვეულებრივი. ის იყო განსაკუთრებული, ამაღლებული და დიდი სიყვარულით სავსე. მამა ანდრია ძალიან თავმდაბალი იყო. ჩემზე ბევრად, ბევრად მეტი იცოდა უფალზე და ყველაზე დიდი მორწმუნე გახლდათ.
მამა ანდრიას სევდიან და ანთებულ თვალებში ვხედავდი უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ადამიანების მიმართ. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ბერად აღიკვეცებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო სასწაული და განსხვავებული თავისი კაცთმოყვარეობით და სიყვარულით. მას, როგორც უდიდეს ადამიანს, აღვიქვამდი და პატივს მივაგებდი. მადლობელი ვარ უფლისა, რომ მერგო წყალობა, მისი ნათლია ვყოფილიყავი.
მარტყოფის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა შალვა (შენგელია):
- მამა ანდრიასთან ერთი წლის ურთიერთობა მაკავშირებდა. მივდიოდი მასთან, აღსარებას მაბარებდა, ეზიარებოდა. უკვე მძიმედ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მომწონდა მისი სიმამაცე. ტკივილებს გაბედულად, ვაჟკაცურად იტანდა. ვეუბნებოდი, - ბერად აღკვეცის შემდეგ მოგემატება სულიერი ძალები, უფრო გაძლიერდები-მეთქი, ბერი მოწამეა და მისი ეს მდგომარეობაა მოწამეობა, ბერობის საფეხურებს გადიხარ-მეთქი. უხაროდა, ამას რომ ვეუბნებოდი. ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება არ სურდა - ცოდვა არისო. ძალიან მოწიწებით იყო ყველაფრის მიმართ. ღვთის მოშიშიც იყო. მადლობელი ვარ ღვთისა, რომ შემეწია და ჩემი ხელით აღიკვეცა მამა ანდრია. დღემდე მიხარია, ბერად რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. მადლობელი ვარ ღვთის და მამა ანდრიასი. მამა ანდრიამ იცოდა, რომ ღმერთთან მიდიოდა. ყოველთვის ვეუბნებოდი, ელოცა და მხნედ ყოფილიყო, ასეთი ტანჯვით და წამებით ღმერთთან მივიდოდა. თითქოს სიკვდილის არ ეშინოდა, სიხარულით ისიც მითხრა, წმინდა ანტონ მარტომყოფელის საფლავის გვერდით დავიკრძალებიო. მჯერა, მამა ანდრიას სული ნათელში განისვენებს.