- მონასტერში მოსვლამდე ქარელის ტაძრის მრევლი ვიყავი. მრევლის წევრებს ისეთი დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა, ერთი მათგანიც რომ არ მოსულიყო წირვაზე, მაშინვე მოვიკითხავდით. რამდენიმე სულიერმა დამ გადავწყვიტეთ მონასტრული ცხოვრების დაწყება. ყინწვისში დედათა მონასტერი დავაფუძნეთ, - მიამბობს, - ექვსნი ვიყავით. ორი წელი ვიმსახურეთ ამ დიდებულ ადგილას. შემდეგ სამნი გადაგვიყვანეს სურამის ამაღლების ტაძრის გვერდით, სადაც დავაფუძნეთ დედათა მონასტერი. შვიდი წელი გავატარე სურამში. მას შემდეგ სამწევრისში ვარ. თავიდან ბოდბის მონასტერში ვიყავი. მაშინ წინამძღვარი იყო დედა ნანა, ახლა სქემიღუმენია იოანა. მისი კურთხევით ბოდბეში ჩავედი. დარჩენას არ ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი საქმე ჰქონდათ, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა. მონასტრის პირველ სართულზე ხელოვნების მუზეუმი იყო და მისი დაცლა თანამშრომლებს არ უნდოდათ. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მონასტერში მთავარია სიყვარულით, უდრტვინველად შევასრულოთ მორჩილება, რასაც უფალი იწირავს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეუფე, წინამძღვარი და მოძღვარი გვყავს.
ჩემს ცხოვრებაში უფლის ნებით გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც მიბიძგა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება. ახლა ის დედა ევბულია გახლავთ. სამთავროს მონასტერსაც ვესტუმრე. პირველი მონაზვნები იყვნენ დედა ქეთევანი, დედა სიდონია და დედა ნანა. როდესაც ბოდბის დედათა მონასტერი ამოქმედდა, დედა ნანა უწმინდესმა იქ გაუშვა წინამძღვრად, დედა ქეთევანი სამთავროში დარჩა, დედა სიდონია კი თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში განამწესეს.
როცა გახსნეს ბოდბის მონასტერი, უწმინდესთან ერთად მეც მომიწია იქ ჩასვლამ. მონასტრის გახსნაზე პატრიარქმა გვითხრა, - აქ რომ მოდიხართ, ბევრი უნდა დარჩეთ მონასტერშიო. ერთი კვირა დავყავი ბოდბეში და უფრო გამიღვივდა მონასტრული ცხოვრების სურვილი. სხვა საფიქრალი აღარაფერი მქონდა. დედა ღვთისმშობელს ვევედრებოდი, ღირსი გავმხდარიყავი მონასტერში წასვლისა.
ჩვენს ეპარქიაში მეუფე იობის ჩამობრძანების შემდეგ ეკლესია-მონასტრების ამოქმედება დაიწყო.
ძალიან რომ შემაწუხა მონასტერში წასვლის სურვილმა, მეუფეს ვუთხარი, - თუ შეიძლება, ქმრიანი ქალი მონასტერში წავიდეს-მეთქი. თანხმობა მომცა. ვმადლობდი უფალს, რომ ღვთის გზაზე დამაყენა.
სამწევრისში სამი წელია ვმსახურობ. მეუფე იობმა მაკურთხა აქ წამოსასვლელად. უძლურების გამო წინამძღვრის მორჩილებას, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვასრულებ, მაგრამ რაც შემიძლია, არ ვიზოგავ თავს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
ორი წელია, დიდ სქემაში შემმოსეს. დიდი სქემა ანგელოზის სქემაა. მე რა ღირსი ვარ ანგელოზის სქემაში აღკვეცისა, ალბათ ეს ყველაფერი უფლის ნებაა. ღმერთს ვთხოვ, დედა ღვთისმშობელს, მთავარანგელოზებს ვევედრები, რომ ეს სქემა ღირსეულად მატარებინონ.
დიდ სქემაში მყოფთ ძირითადად ლოცვა გვევალება. ვინც არ უნდა გვთხოვოს, ყველასთვის უნდა ვილოცოთ. მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლა და განსაცდელის დათმენაა. აქ რომ მომიყვანა უფალმა, ეს დიდი მადლია. ამას თუ მოვესწრებოდი, არ მეგონა. ყველაფერი ღვთის ნებაა. შემინდოს უფალმა, მთელი სულით მასთან ვარ.
ერის ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ მორჩილება, არა მარტო მოძღვრისა, არამედ მეუღლისა, ოჯახის უფროსისა. მთავარია სულით არ დაეცე. თუ დაეცემი, მაშინვე უნდა ადგე და დაუფიქრდე შენს საქციელს - ეს რატომ მოხდა. ყოველივე უნდა აიტანო, რადგან შენს გამოსასწორებლად ხდება. რა უფლება გვაქვს, მაცხოვარს ვუსაყვედუროთ და ვსვამდეთ კითხვას - რატომ?
მამა გაბრიელს ხშირად ვნახულობდი. ერთხელ კაკალი დავბერტყე და მამა გაბრიელს მივართვი. ამას, ხომ იცი, რა უნდაო. ვაიმე, მამაო, არ ვიცი-მეთქი. ცხელი პურიო. წავედი, მივუტანე კიდეც თბილი პური.
ვისურვებდი, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს ჩვენს ხალხში. თუ სიყვარული იქნება, ყველაფერი დალაგდება. დიდხანს იცოცხლოს ჩვენმა უწმინდესმა. ჩვენს მეუფეს ვუსურვებდი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. ღმერთმა წინსვლა მისცეს ჩვენს იღუმენიას, დედა ალექსანდრას, ღმერთმა შეაძლებინოს მძიმე ჯვრის ტარება.
დალოცვილი ყოფილიყავით.