ძალიან უყვარდა ბავშვები. მცხეთის, ნატახტრის, წილკნის ეკლესიათა მოსალოცად მიჰყავდა პატარები, ლოცვებს ასწავლიდა, ხატებს ჩუქნიდა. ავადმყოფი ბავშვები მის ნახვას ითხოვდნენ, მისი ალერსი სწყუროდათ. ის უგრილებდათ მხურვალე შუბლს...
უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი - მამის ომში დაღუპვის ცნობა რომ მიიღო ოჯახმა, 5 წლისა იყო, უფროსი და - 10-ის, ხოლო უმცროსი, მაყვალა, - ორისაც არა...
დედა წვრილშვილიან ქვრივს მისთხოვდა, უფროსი და მამიდამ იშვილა, უმცროსები საბავშვო სახლში მიიყვანეს... მალე მთიული გოგონა სამეგრელოში მოხვდა მარტოხელა მოხუცის დამლაპარაკებლად. მაყვალას ასავალ-დასავალი გაქრა...
დამლაპარაკებელი კი არა, ოჯახის მარჩენალი შეიქნა პატარა გოგო, სკოლაში ანბანის სწავლა მოასწრო და მერე სადილ-ვახშამს და ბაღ-ბოსტანს შეეჭიდა...

მერე იმერეთის სოფელში მოხვდა, იქიდან - დედაქალაქში.
მიუსაფარი და მარტოსული დედაეკლესიამ შეიფარა.
წილკნის ეპისკოპოსმა და მაშინ სასულიერო აკადემიის რექტორმა, მეუფე ზოსიმემ უმალ შეამჩნია კეთილმორწმუნე. საქმე გაუჩინა - სასწავლებლის დასუფთავება დაავალა.
"ეს უბრალო, არაფრით გამორჩეული პატარა ქალი საკვირველად ერთგული იყო, - წერს მეუფე ზოსიმე თავის წიგნში "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის", - საქმის მოთავების შემდეგაც არ მიდიოდა სასწავლებლიდან, ვიდრე იქ ვეგულებოდი. ცდილობდა, ახლოს ყოფილიყო, რომ ჩემთვის შრომა-გარჯა ცოტათი შეემსუბუქებინა, ხოლო უსიამოვნებების ჟამს ხიფათი აერიდებინა. მალე მივხვდი, ღვთისმშობლისგან იყო გამოგზავნილი და უნდა მოვფრთხილებოდი... როცა მონაზვნობის სურვილი შევამჩნიე, აღვკვეცე და სახელად ბარბალე ვუწოდე..."
ბოლო ხანს სენმა დარია ხელი, საოცრად გამჭვირვალე გახდაო, - ამბობდა მეუფე ზოსიმე.
განვიდა ამ ქვეყნით სიყვარულით გარემოსილი.
უფალმა კეთილად მიაგოს მის სულს ღვაწლისთვის...