26.08.2021
"ეჰ, ნეტავი იმ დროს... მე მაშინ ქრისტეს ვსწავლობდი", - უთქვამს მამა გაბრიელს, როცა თავის გარდასულ ცხოვრებას იხსენებდა.
მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, - ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო. მაშინაც კი, სიცოცხლის ბოლოს, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით შეევედრა: "დედაო ღმრთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები, დაიფარე შენი წილხვდომილი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადაარჩინე".