წმინდა სოფრონი, ახტალელი ეპისკოპოსი (+1803) ხს.08(21) სექტემბერს
21.09.2019
21 სექტემბერს (ახალი სტილით) ხსენებაა წმინდა სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის. წმინდა სოფრონი პონტოს დასავლეთით 1738 წელს, მღვდლის ოჯახში იშვა. ქრისტეს სიყვარულით მშობლიური სახლი დაუტევა და სუმელას სახელგანთქმულ სავანეს შეერთო,
სამი წლის შემდეგ კი - ტრაპიზონის მახლობლად, ბაზელონის სავანეში შემონაზვნდა.
1776 წელს, უკვე მღვდელმონაზონი საქართველოში, ახტალის მაღაროებთან გადავიდა, სადაც მრავალი ბერძენი მუშაობდა.
წმინდანის მამობრივმა სიყვარულმა, წმინდა ღვაწლმა და გულმოწყალებამ მრავალი გული მოინადირა, მოკლე ხანში კი ადგილობრივი მმართველის ძალისხმევით და იქაურ ქრისტიანთა დაჟინებული თხოვნით, მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოფრონი საეპისკოპოსო პატივით შეიმოსა.
აქ ნეტარმა მამამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა და მოშურნედ შეუდგა სამღვდელმთავრო ღვაწლს.სწორედ იმ დროს იქაურობას დაღესტნელები დაესხნენ, მოსახლეობა დაარბიეს და გაძარცვეს, შემდეგ - მონასტერში წირვისას შეიჭრნენ, იქ მყოფ მორწმუნეთა დიდი ნაწილი სიცოცხლეს გამოასალმეს, წმინდა სოფრონი და რამდენიმე ქრისტიანი კი - კავკასიის სხვადასხვა ქალაქში მონებად გაყიდეს.
ნეტარი მამა ტყვეობიდან რომელიღაც კათოლიკე ქალბატონმა გამოიხსნა, როგორღაც ტრაპიზონს ჩააღწია, სადაც გარდაცვლილი მღვდელმთავრის ნაცვლად მიტროპოლიტად დაასხეს ხელი.
მაგრამ რამდენადაც ამ ფაქტმა გარკვეული უთანხმოება გამოიწვია, წმინდა მამას კი ყველაზე მეტად მყუდროება იზიდავდა, იქაურობა დაუტევა და კვლავ იმ სავანეს დაუბრუნდა, საიდანაც მონაზვნური ცხოვრება დაიწყო.
მისმა წმინდა ცხოვრებამ და სიქველემ იქაური იღუმენი, - იერემია, შურით განაწყო და იქამდე დევნა, სანამ სავანე არ დაატოვებინა.
მცირე ხანში იღუმენს ღვთის რისხვა ეწია: - ფსიქიკურად დასნეულდა და წმინდა მამის დაბრუნებას არაერთგზის ეცადა, თუმცა, ამაოდ. ორი წლის შემდგომ კი ცერებრალური დამბლით გარდაიცვალა.
წმინდა სოფრონი 1803 წელს მიიცვალა. როდესაც მისი სამარე გახსნეს, იქაურობა საოცარმა კეთილსურნელებამ აღავსო.
წმინდა სოფრონის მეოხებით მრავალმა მიიღო სიმრთელე.